ლიკა ბავშვობიდან მუსიკით იყო გატაცებული, თუმცა მისი გარეგნობის წყალობით შეუმჩნეველი არც რეჟისორებს დარჩათ და 12 წლის ასაკში პირველ ფილმში გადაიღეს.
ის რეჟისორმა ლიანა ელიავამ აღმოაჩინა, პატარა გოგონამ პირველად სწორედ მის ფილმში ითამაშა და სწორედ აქედან დაიწყო მისი კარიერაც.
ლიანა ელიავა ფინეთში ცხოვრობს, თბილისში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და
- ცენტრალურ ტელევიზიაში ვმუშაობდი და ვიღებდი ფილმს „ჯადოსნური კოსტუმი“, სადაც სამ პერსონაჟს ერთი კოსტიუმი და საკუთარი ისტორიები ჰქონდათ. ერთ-ერთის შეყვარებულს თამაშობდა ლიკა ქავჟარაძე. როცა კასტინგზე მოვიდა და კარი შემოაღო, მისმა სილამაზემ ყველა გააოგნა. 12 თუ 13 წლის იყო, დედა ახლდა გადაღებებზე. მიუხედავად იმისა, რომ პატარა იყო, როგორც კი დადგა კამერის წინ, ყველა დავალებას კარგად გაართვა თავი. მუსიკალურ შვიდწლედში სწავლობდა, საოცრად უკრავდა ფორტეპიანოზე და ფილმში ეს კადრებიც ცავსვით. ისეთი აღფრთოვანებულები ვიყავით მისი გარეგნობით, ყველას ვაჩვენებდით ამ მშვენიერ და ნიჭიერ გოგონას. ასე იპოვა თენგიზ აბულაძემაც და გადაიღო „ნატვრის ხე“-ში მარიტას როლზე.
- როგორი ბავშვი იყო?
- მორიდებული ბავშვი იყო. უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ მისგან ვერასდროს იგრძნობდი, რომ ამას განსაკუთრებულად აღიქვამდა. დედ-მამა დაშორებულები იყვნენ, ლიკას დედა ცნობილი ოჯახის შვილი გახლდათ, ფალავანდიშვილის ქალი, რომელიც მთელ თავის დროს და ენერგიას საკუთარ შვილში დებდა, მას არსად უშვებდა მარტო. ჩვენი ურთიერთობა გადაღებების შემდეგაც გაგრძელდა, დედის გარდაცვალება მძიმედ გადაიტანა და ამის შემდეგ დაიწყო ხატვა. გული მწყდება, ქართულმა კინომ ასეთი ლამაზი ქალი ვერ გამოიყენა, ეს კი იმის ბრალია, რომ ჩვენი კინო-ინდუსტია რაღაც წრის გარშემო ტრიალებს და ბევრი ნიჭიერი ადამიანი იჩაგრება უსამართლოდ. „ჯადოსნური კოსტუმის“ შემდეგ, ლიკა კიდევ ერთ ფილმში გადავიღე.
ეს იყო ფილმი „უფლის ანგელოზები“, სადაც ია ფარულავასთან და სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად თამაშობდა. ფილმი 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ მოგვითხრობს, ლიკა თამაშობდა იმ ახალგაზრდა გოგონას, რომელიც 9 აპრილს რუსთაველზე შეყვარებულთან ერთად იყო და გარდაიცვალა.
დოკუმენტური დატვირთვაც ჰქონდა ამ ფილმს, ისეთი კადრები შევიდა მასში, მაგრამ რატომღაც არავინ აღარ დამიფინანსა და „უფლის ანგელოზები“ ეკრანზე ვერ გამოვიდა. როდესაც ფილმს ვიღებდით, იქ იყო ერთი კადრი სადაც ია და ლიკა რუსთაველზე მოდიან, სხვებთან ერთად. უნდა გენახათ ხალხის რეაქცია, მათი გამოჩენით აღფრთოვანებულები იყვნენ და მესმოდა, როგორ ეუბნებოდნენ ერთმანეთს, ნახე ლიკა მოდის, ნახე ია, რა ლამაზები არიანო.
- ბოლოს როდის ნახეთ ლიკა ქავჟარაძე?
- ბოლოს რამდენიმე წლის წინ შემხვდა. ვაკეში ერთ-ერთ მაღაზიაში, პროდუქტებს ათვალიერებდა. მთელი ცხოვრება გამხდარი და სიფრიფანა გოგო მახსოვს, ამიტომ თავიდან ვერ ვიცანი, მაგრამ გამოველაპარაკე. გაეხარდა, ქალბატონო ლიანა, თქვენ გადამიღეთ პირველ ფილმში და გამეხარდა შეხვედრაო. არ დამავიწყდება ეს შეხვედრა, მისი სილამაზე ჩამქრალი იყო და ძალიან დამწყდა გული.