"„შეიძლება ცოტა არადამაჯერებლადაც ჟღერდეს, მაგრამ სოფლად ცხოვრება ყოველთვის მინდოდა. ბიჭები, რომლებიც მიყვარდებოდნენ, ან მოხეტიალეები იყვნენ, ან - რეგიონში დაბადებულები და გაზრდილები. ამას წინათ გავაცნობიერე, რომ ჩემი პროფესიული ინტერესებიც, სწორედ, ამ თემებს უტრიალებდა - რომანტიზმი ლიტერატურაში, სენტიმენტალური რომანი, ბუკოლიკური და პასტორალური პოეზია, ღვინის ჟურნალისტიკა...
თბილისელი ვარ, ჩემი ბებიები
მიუხედავად ამისა, არასდროს მქონია განცდა, რომ „ნაღდი“ თბილისელი ვიყავი. არც იმ „ურთიერთობის“ ნაწილი ვყოფილვარ, რომლის მთავარი ფასეულობა სოციალური მიკუთვნებულობაა და არა - პიროვნული ღირსებები. არც ბებია-ბაბუები და არც ჩემი მშობლები ზრუნავდნენ, რომ ჩემი მთავარი იმუნიტეტი, სწორედ, ეს სოციალური გარსი - „ურთიერთობა“ და „პატრონობა“ ყოფილიყო, ალბათ, ამიტომ არ გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება მარტვილში საცხოვრებლად გადასვლაზე, როცა ამისი საჭიროება დადგა.
ჩემს ქმარს მარტვილში საოცარი მეგრული ოდა ჰქონდა, რომელიც მისმა დიდმა ბაბუამ და ბებიამ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ააშენეს. ოდაში ყოველ ზაფხულს ორიოდე კვირით ჩავდიოდით დასასვენებლად და ვნატრობდით იქ ცხოვრებაზე. დიდი ხნის მანძილზე ეს სურვილი ოცნებად რჩებოდა, სანამ დაცული ტერიტორიების სააგენტომ მარტვილის კანიონის ადმინისტრაცია არ შექმნა და ხელმძღვანელობა ზაზას - ჩემს მეუღლეს შესთავაზა.
გადაწყვეტილების მიღებაზე დიდხანს არ გვიჭოჭმანია. გვქონდა ახალი გარემოს გაცნობის, ახლის შექმნის დიდი ვნება. გარდა ამისა, ვფიქრობდით, რომ სოფლად ცხოვრება ბავშვებისთვისაც უკეთესი იქნებოდა - დიდი ეზო, ნაკლები ტექნიკა, სუფთა ჰაერი და ჯანსაღი კვება. განათლების ხარისხით მუნიციპალური ცენტრების - ოზურგეთის, მარტვილის, სენაკის, ქუთაისის, თელავის და სხვ. - სკოლები თბილისის ზოგადი განათლების სასწავლებლებს ნამდვილად არ ჩამოუვარდება. ამის დასტური ერთიანი ეროვნული გამოცდებიცაა. როგორც წესი, უმაღლეს ქულებს ბავშვები, სწორედ, რეგიონებიდან იღებენ ხოლმე.
საერთოდ, არაფერია იმაში უცნაური და საგმირო, თუკი ადამიანი / ოჯახი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ქალაქში იცხოვრებს. ასე ხდება ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, სადაც მხარეებს (land) ჰყავთ სხვადასხვა ხელისუფლება, აქვთ დამოუკიდებელი კანონები და ძალიან განსხვავებული კულტურული და სოციალური გარემო. საქსონიიდან ბავარიაში საცხოვრებლად გადასვლისას მოზარდს ხვდება სრულიად სხვა ეროვნული სასწავლო გეგმა, საგნობრივი სტანდარტები და სახელმძღვანელო მასალა. წარმოიდგინეთ, ეს რამხელა სირთულეებთანაა დაკავშირებული... მიუხედავად ამისა, ადამიანები იცვლიან საცხოვრებელ ადგილს ახალი სამსახურებრივი შეთავაზებების, ახალი ბიზნესის წამოწყების და სხვა გამოწვევების შესაბამისად. გარემოს ცვლა ეხმარება, ერთი მხრივ, ინდივიდს, დაძლიოს სოციალური და კულტურული სტერილურობა, იყოს მოქნილი სხვადასხვა გამოწვევების მიმართ. მეორე მხრივ, სახელმწიფოს, რომლის სხვადასხვა რეგიონზეც დადებითად აისახება იდეების გაცვლა-გამოცვლა, ახალი რესურსების შემოდინება.
ასე ხდებოდა საქართველოში მე-19 საუკუნის მიწურულს და მე-20-ს დასაწყისში. კულტურული პროცესები თბილისში რეგიონიდან გადასხმული სისხლით პულსირებდა, სოფლის მეურნეობის „ჭაპანს“ კი დასავლეთში განათლებამიღებული სწავლული მეურნეები სწევდნენ.
საქმე
ახალ გარემოში ცხოვრება არ არის ადვილი. თან მიგყვება შემოქმედებითი განწყობა და დიდი ენთუზიაზმი, მეორე მხრივ, ძველ გარემოში ტოვებ სიმბოლურ კაპიტალს. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. თბილისში პროფესიულ წრეებში ასე თუ ისე დამკვიდრებული ახალგაზრდა მეცნიერის, ლიტერატურის კრიტიკოსის სახელი ცოლის სტატუსმა ჩაანაცვლა. ისეთი კეთილშობილი და ღირსეული ადამიანის ცოლობა, როგორიც ჩემი ქმარია, ცხადია, ჩემი ერთ-ერთი საპატიო სტატუსია, თუმცა, არა - ერთადერთი. ამას ემატებოდა ის გარემოება, რომ ჩემს დისტანციურ სამუშაოს სახლიდან ვასრულებდი, რაც ხშირად, ოჯახური საქმეების ხარჯზე, მეორეხარისხოვანი ხდებოდა. გარშემო არ მყავდნენ მშობლები, ბავშვობის მეგობრები, ნათესავები, არ ვიცოდი მეგრული და არც გარემოს ვიცნობდი კარგად. მეუღლეც - ერთადერთი მეგობარი და მახლობელი, თავისი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირად გვიან მოდიოდა. იყო პერიოდები, როცა ვგრძნობდი, რომ ეს გარემოებები ჩამყლაპავდა, თუ არ მოვიკრებდი ძალას და გავაკეთებდი რაიმეს, მნიშვნელოვანსა და სასარგებლოს.
მეგობრებს, ახლობლებს ძალიან აკვირვებდათ ჩემი გადაწყვეტილება. ბევრი თვლიდა, რომ ავჩქარდი. საქმე ისაა, რომ მარტვილში გადასვლასთან ერთად მომიხდა ლიტერატურის ინსტიტუტის დატოვება, სადაც ათი წლის მანძილზე ვმუშაობდი. ამას დაერთო ისიც, რომ სწორედ წასვლის წინა დღეებში ერთ-ერთ საერთაშორისო პროგრამასთან ძალიან საინტერესო ფუნქციით თანამშრომლობა შემომთავაზეს. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილების შეცვლაზე არ მიფიქრია. ღრმად მწამდა, რომ ეს „პროექტი“ გაამართლებდა.
ღვინის წარმოება მანამდე დავიწყე, ვიდრე თბილისს დავტოვებდით, 2015 წელს. აქედან იწყება საოჯახო მარნის - „ოდას“ ისტორია. 2016 წელს გავაშენე ვენახი და მას მერე, რაც მარტვილში დავსახლდით, ღვინის ტურიზმზე ფიქრიც არ გვასვენებდა.
პირველ წელს პროგრამაში - „აწარმოე საქართველოსთვის“ დაფინანსებაზე უარი მივიღე მაშინ, როცა ველოდი, რომ სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს სახელმწიფო უდაოდ წაახალისებდა. ისე მოხდა, რომ ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოვეხმაურე, ჩემი სტატუსი ბუნებრივი მეღვინეობის ქომაგებმა - თბილისის ღვინის ერთ-ერთი საუკეთესო ბარის მფლობელებმა ნახეს და დახმარება შემოგვთავაზეს. იმდენად მოტივირებულები ვიყავით, თავპატიჟი არ დაგვიწყია და მადლიერებით მივიღეთ ამ საოცარი ადამიანებისგან მხარდაჭერის შემოთავაზება. მათი გვერდში დგომით, დღეს საოჯახო რესტორანი „ოდა“ უკვე არსებობს და ასეთ მოკლე დროში ბევრ სტუმარს გააცნო მეგრული მევენახეობა-მეღვინეობა და აქაური დიდი გასტრონომიული კულტურა.
მეგობრების დახმარებით ჩვენ შესახებ ბევრმა შეიტყო საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. სულ 3 თვეა, რაც ტურისტებს ვმასპინძლობთ და უკვე 300-ზე მეტი სტუმარი გვყავდა. პირველივე სეზონზე ეს ციფრი საოჯახო რესტორნისთვის საკმაოდ დიდი მიღწევაა. ბევრი პროფესიონალი ესტუმრა „ოდას“ - ღვინის მწერლები, სომელიეები, მეღვინეები, ღვინის მარკეტინგის ექსპერტები. როგორ შეიძლება, არ იამაყო, როცა ასეთი გამოცდილების ადამიანები სოციალურ ქსელში შენი მარნისა და ვენახების ფოტოებს აქვეყნებენ და წერენ, რომ საქართველოს მეღვინეობის მომავალი ეს არის, რომ შენი თეთრი ოჯალეში მათი ფავორიტი ღვინოების სამეულშია, სადილი „ოდაში“ კი პირველ ადგილზეა იმ მაღალი კლასის სადილებს შორის, რაც მოწვეულმა ექსპერტებმა საქართველოში გამოსცადეს.
თუმცა სიამაყის ეს განცდა ვერ უტოლდება იმ შეგრძნებას, როცა შენს ქვეყანაში გამოცდილებების მაძიებელ სტუმარს თვალებში სიხარულის სხივი უკრთის და ორივე ხვდებით, რომ ბუნებრივმა ღვინომ, ვენახმა, საუკუნის წინ დიდი ბაბუის მიერ აშენებულმა ოდამ, მდინარემ, რომელიც ეზოს ბოლოში ჩანჩქერით სრულდება, ნამიანმა ბალახმა, რომელზეც ფეხშიშველმა გაიარ-გამოიარა, გულთბილმა და ლაღმა საუბრებმა დაგამეგობრათ.
ჩემთვის პატივია, ასე წარვუდგინო ჩემი ქვეყანა და ქართული ღვინო სტუმრებს, რომლებსაც თვალს სჭრით პლასტმასის ხინკლების, ბრჭყვიალა ხანჯლებისა და ულვაშებიანი კაცის პროფილიანი ბოთლების კიტჩი.
საოჯახო მეღვინეობა
რთულ ამოცანას შევეჭიდე - საოჯახო მეღვინეობის ხელმძღვანელობა. ვერ ვიტყვი, რომ თავიდანვე გაცნობიერებული არ მქონდა მოსალოდნელი გამოწვევები. მეღვინეობაცა და ოჯახიც მყარად დაეშენება პატრიარქალურ ღირებულებრივ სტრუქტურას და ქალებმა რაც უნდა ვსხლათ და ვაცალოთ ნამხრევი ამ სტერეოტიპს, სათითაოდ თავს ვევლოთ ვაზს, როგორც შვილს, მაინც გამოჩნდებიან ზომაზე მეტად გაბრაზებული სახის მამაკაცები, რომლებიც იტყვიან, რომ ჩვენი სახელი მხოლოდ ეგზოტიკური ბრენდირებისთვისაა საჭირო, ნამდვილ საქმეს კი კაცები აკეთებენ.
ალბათ ამიტომ, ყოველ ჯერზე, იქნება ეს ახალი ვენახის გაშენება, თუ ყურძნისგან კლერტის გაცლა, დამხმარეებს ვუხსნი, რომ საქმიანობაში მეც თავისუფლად ჩავებმები, არც მეთაკილება და არც მეზარება. მათ კი უკვირთ თბილისში გაზრდილი, დედისერთა, წიგნის ჭია გოგოს ფიზიკური შრომა და ყოველ ჯერზე სწამთ, რომ ოდესმე დავნებდები.
ერთ ოჯახში ორი - ქმრისა და ცოლის - მარანი ბევრს აკვირვებს. მართლაც ჩვენ სრულიად თვითმყოფადი ისტორიები, გამოცდილებები და საწარმოო პოლიტიკა გვაქვს. ზაზამ ეს საქმე ჯერ კიდევ 2012 წელს წამოიწყო თავის მეგობრებთან ერთად, მე - სულ რაღაც ორი წელია. უდაოდ დამაბნეველი მოდელია - ქმრის წინაპრების კარმიდამოში ცოლი აშენებს მარანს და უძღვება მეღვინეობას. ჩვენი უცხოელი სტუმრებისთვის სერიოზული მიზეზია, ჩათვალონ, რომ საქართველოში ყველა მეორე ქმარი ასეთ რისკიან გადაწყვეტილებაზე მიდის.
ჩემი მარანი ვაზის იშვიათი ჯიშების მოსავლებისგან შეზღუდული რაოდენობით აწარმოებს ექსპერიმენტულ, ბუნებრივ ღვინოებს. პირველი ორი მოსავლის ღვინო მხოლოდ 200-250 ბოთლის ოდენობით ჩამოვასხი და მოულოდნელად ორი საექსპორტო ბაზრიდან - აშშ-დან და პოლონეთიდან მივიღე შეკვეთა. მოხდა ისე, რომ მოთხოვნის მხოლოდ მესამედის დაკმაყოფილება შევძელი წარმოების მცირე მასშტაბებიდან გამომდინარე. ასე რომ, წელს სან ფრანცისკოს ღვინის რამდენიმე ბუტიკურ ბარში „ოდას“ ვარდისფერი ორბელური ოჯალეში გამოჩნდება. 2017 წლის რთველზე კი წარმოებას ოდნავ გავაფართოებ როგორც მოცულობითი, ისე - ჯიშური დივერსიფიკაციის თვალსაზრისით.
ჩემი მთავარი ინტერესები მაინც მეგრული და აფხაზური ვაზის დავიწყებული ჯიშების გარშემო ტრიალებს. შარშანდელ ვენახში უკვე გავაშენე ერთი იშვიათი მეგრული ჯიში - ჭვიტილური. გაისად ეზოში მცირე საკოლექციო ვენახი მექნება ახალი ძველი ჯიშებით - კოლოშით, დუდღუშით, ლაკაიაჟითა და აშუგაჟით. ამ ჯიშების კალმები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მეურნეობიდან წელს საჩუქრად მივიღე.
ვფიქრობ, ყველამ უნდა მისცეს თავის იდეებს გასაქანი. იმ იდეებს, რომლებიც ბედნიერებას მოუტანს. ასე მესმის ახალი აღთქმის ტალანტების იგავი - სასურველი სამუშაოს, ან სამსახურებრივი პოზიციის მოლოდინში იმედგაცრუებულებს ქმედების უნარი არ უნდა წაგვერთვას და შევძლოთ, თავად შევქმნათ შესაძლებლობა, გარემო და ჩვენი საქმე.“"