18 ოქტომბერი, 2013
ქეთი ხიტირმა მანქანა კრედიტით იყიდა
ვცდილობდი, კარგად მესწავლა, რათა მათ ჩემს სწავლაში გადასახადი არ გადაეხადათ და მინდა ვთქვა, რომ ეს მოვახერხე – ჩემს მშობლებს ჩემს განათლებაში ფული არ გადაუხდიათ მსახიობი ქეთი ხიტირი ''სერიალ ჩემი ცოლის დაქალებში'' მთავარი გმირის, დათოს ძმაკაცის, სანდრიკას ცოლს თამაშობს. ქეთი ახალი სეზონის პირველივე სერიაში გამოჩნდა და როგორც ჩვენმა რესპონდენტმა გვითხრა, კვლავ შევხვდებით ეკრანებზე. მსახიობთან საუბარი შემოქმედებით დავიწყეთ, რის შემდეგაც ჩვენი რუბრიკის თემაზე - ფულზე გადავინაცვლეთ.

- როგორც ნახეთ, ახალ სეზონშიც შემოიყვანეს ჩემი გმირი, რამდენადაც ვიცი, განვითარება
ექნება და კიდევ გადამიღებენ. გარდა ამისა, მარიამ ალექსიძე ჯანსუღ კახიძის მოტივებზე აკეთებს ქორეოგრაფიულ სპექტაკლს და იქ ვარ დაკავებული. წესით, ნოემბერში უნდა წარვდგეთ მაყურებლის წინაშე. თეატრალური ფესტივალის ფარგლებშიც ვითამაშე სპექტაკლი, თეატრში სხვა ახალი ჯერჯერობით არაფერი იგეგმება.
- ქეთი, რამდენად მხარჯველი ხარ?
- მხარჯველიც ვარ და მფლანგველიც, ყველაზე მეტად ფული მაინც ტანსაცმელში მეხარჯება. საყიდლებზე სიარული მარტოს მიყვარს, როცა ფული არ მაქვს, არ მეზარება და მაშინაც დავბოდიალებ მაღაზიებში. ყოველთვის ვიცი რა მინდა, თუმცა ისეც ყოფილა, როცა რაღაც მიყიდია, მაგრამ მერე არ ჩამიცვამს.
- თუ ყოფილა შემთხვევა, როცა მაღაზიიდან რაიმე ნისიად წამოგიღია?
- კი, როგორ არა, თუმცა ამ ბოლო დროს მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. არის ბუტიკები, საიდანაც მატყობინებენ ახალი კოლექციისა თუ ფასდაკლებების შესახებ და მეც მათი ხშირი კლიენტი ვარ.
- ფულის შეგროვება თუ შეგიძლია?
- არა, არაფრით. მანქანის ყიდვა მინდოდა, ერთადერთხელ შევეცადე ფულის დაგროვებას, მაგრამ არ გამომივიდა. ბოლოს მაინც სესხი გამოვიტანე და ისე ვიყიდე.
- ბანკის მოწესრიგებულ კლიენტად მიიჩნევი?
- რა ვიცი, აქამდე ცუდი მომხმარებელი ვიყავი, არ ვიხდიდი დროულად, მაგრამ ამ ბოლო დროს გამოვსწორდი.
- ადვილად შეგიძლია ფულის სესხება-გასესხება?
- კი, დამყოლი ვარ მაგ საკითხში, ჩემთვის ერთგულ ადამიანს ფული თუ სჭირდება, ულაპარაკოდ ვაძლევ.
- საკუთარი შემოსავლით ყველაზე ღირებული რა შეგიძენია?
- საოჯახო ნივთები, რომლის შეძენაც ყოველთვის მხიბლავდა და მხიბლავს.
- პროდუქტების ყიდვა, ბაზარში სიარული, შევაჭრება თუ გეხერხება?
- კი, როგორ არა, საჭმლის კეთებაც ვიცი და კარგი პროდუქტების მოტანაც. შევაჭრებაც მეხერხება, ტვინს ვუჭამ ხოლმე გამყიდველებს.
- რაც შეეხება აზარტს, ხარ აზარტული, ლატარიას თამაშობ?
- ლატარიას არასდროს ვყიდულობ, მაგრამ აზარტული ვარ თუნდაც ჯოკერის თამაშის დროს, კაზინოში კი არასდროს დავდივარ.
- ოდესმე ფული გიპოვია?
- კი, ერთხელ 10 ლარი ვიპოვე და ძალიან ბედნიერი ვიყავი.
- ახლა რომ დიდი თანხა გქონდეს, რაში დახარჯავდი?
- მოგზაურობაში, ტოკიოში წავიდოდი.
- საჩუქარი, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა...
- ერთხელ მეექვსე სართულზე, აივანზე ყვავილები დამახვედრეს და ეს განსაკუთრებულად დამამახსოვრდა. თაყვანისმცემლები თეატრში ხშირად მიტოვებენ სუვენირებსა და წერილებს.
- შენი პირველი ჰონორარი...
- ინსტიტუტის პერიოდში ''რუსთავი 2'' -ში ჩავწერე ტიხარი თუ გავახმოვანე რაღაც და გადამიხადეს 10 დოლარი, რითაც ძალიან ბედნიერი ვიყავი..
- გარდა მსახიობობისა, სხვა განხრით თუ გიმუშავია?
- მოგეხსენებათ, სამოდელო კარიერა არ მაქვს, მაგრამ მონაწილეობა მიმიღია მეგობრების ჩვენებებში.
- საქმის შემოთავაზების შემთხვევაში ანაზღაურებას რა დატვირთვა აქვს?
- რასაკვირველია, ეს საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ადრე ამ კითხვის დასმა მერიდებოდა, ახლა და ახლა ვსწავლობ, რომ უნდა დავსვა ეს შეკითხვა, რადგან ანაზღაურების გარეშე მუშაობას აზრი არ აქვს, თუ საქმეს შენი ძალიან ახლობლის ან მეგობრისთვის არ აკეთებ.
- ფინანსური კრიზისის დროს დასახმარებლად ვის მიმართავ?
- მამას, მამა და დედა არიან ჩემი დამხმარეები ამ საკითხში. როდესაც ქვეყანას ძალიან უჭირდა და ყველასთვის კრიზისული პერიოდი იყო, მაშინ პატარა ვიყავი; ჩემი მშობლები მუშაობდნენ, მე კი ჩემი მხრიდან ვცდილობდი, კარგად მესწავლა, რათა მათ ჩემს სწავლაში გადასახადი არ გადაეხადათ და მინდა ვთქვა, რომ ეს მოვახერხე – ჩემს მშობლებს ჩემს განათლებაში ფული არ გადაუხდიათ. ინსტიტუტშიც უფასო განყოფილებაზე მოვხვდი, ეს იყო ის, რითაც იმ მომენტში მათთვის მძიმე ტვირთის შემსუბუქება შემეძლო.
- რაც შეეხება საფულეს, რა დატვირთვას ანიჭებ მას, გარდა იმისა, რომ მასში ფულს ინახავ?
- ფულის გარდა იქ სურათიც მიდევს, ჩემი მეგობრის წერილიც, რომელსაც გარკვეული დატვირთვა აქვს ჩემთვის...

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS