- ბავშვობაში საკმაოდ დიდხანს ვკითხულობდი ქართულ ხალხურ ზღაპრებს. პირველი სერიოზული წიგნი ''სამი მუშკეტერი'' წავიკითხე. ჩემს თაობას განსხვავებული ბავშვობა გვქონდა, ეს იყო წლები, როდესაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. მახსოვს, როგორ ვაგროვებდი ბეტეერის ტყვიებს. საბურთალო ცოტა თავისებური უბანი იყო, ერთი სახლიდან მეორეში ხოცავდნენ ხალხს. გუშინდელი დღესავით მახსოვს, როგორ ჩაქრა თბილისში სინათლე. იმ პერიოდში წიგნებს ლამპის შუქზე ვკითხულობდი. ''სამი მუშკეტერის'' შემდეგ ძირითადად იმ წიგნებს ვკითხულობდი, რაც საოჯახო ბიბლიოთეკაში გვქონდა. ჟიულ ვერნის, ჯეიმს ფენიმორ კუპერის რომანები, ასევე ''მაუგლი'' , რომელსაც დღე და ღამე ვკითხულობდი. ქართველებიდან ნოდარ დუმბაძეს ვკითხულობდი. ბავშვობაში არ წამიკითხავს ''გრაფი მონტე კრისტო'' და დღემდე მივიჩნევ, რომ ეს არის ჩემი ბავშვობის დანაკლისი. მოგვიანებით რომ ვკითხულობდი, ვგრძნობდი, რომ მე და ეს წიგნი ძალიან შევიყვარებდით ერთმანეთს, მაგრამ უკვე იმ ასაკში ვიყავი, რომ შეუძლებელი იყო, ის რაღაცები გულწრფელად მყვარებოდა.
ჩვენს თაობაში იყო წიგნები, რომლებიც დღევანდელ ბავშვებს არც გაუგიათ, მოკვდებიან სიცილით. წაკითხული მაქვს, ''როგორ იწრთობოდა ფოლადი'' , ''მარტოხელა ბიზონის შეცდომა'' , ''მეწამული ღრუბლების ქვეყანა'' ... იყო წიგნები, რომლებიც კატეგორიულად არ მიყვარდა, მაგალითად ''სპარტაკი'' . არ მიყვარდა ილია ჭავჭავაძე და დღემდე მომყვება კრიტიკული დამოკიდებულება მისი შემოქმედების მიმართ. დღემდე მიმაჩნია, რომ მისი პროზა არც ისე მაღალი დონის არის, თუმცა ქართული, რომელიც იცოდა ილია ჭავჭავაძემ, რაღაც მომენტებში შეიძლება, სულხან-საბა ორბელიანზე წინ იდგეს. მჯერა, რომ მისნაირად მხოლოდ იაკობ ხუცესს შეეძლო წერა, ქართული სიტყვის მისებური დიდოსტატი კი შემდეგ ალბათ აღარც გვყოლია, როგორ ვთქვა, მეტისმეტად მადლიანი ქართული იცოდა. ძალიან მიყვარდა აკაკი წერეთელი. ის უნიკალური პოეტია, რომელიც იმიტომ დაიჩაგრა, რომ ქართველებს გვიყვარს.
- ბანალური კითხვაა, მაგრამ წიგნი თუ მოგიპარავთ?
- დიახ, თუმცა ერთხელ არ მოვიპარე და დღემდე ვნანობ. ეს იყო ფრანგული პიესების კრებული. შემეძლო მომეპარა, მაგრამ არ გავაკეთე. ერთ-ერთ ბიბლიოთეკას დიუმას ცენტრმა ფრანგული ლიტერატურა გაუგზავნა და მე მათ კატალოგიზაციაში ვეხმარებოდი. მაშინ მქონდა შანსი, მაგრამ ვერ ვიკისრე. მოპარულ წიგნებზე გამახსენდა, მეც მპარავენ. ჩემმა ერთმა ნაცნობმა გურამ დოჩანაშვილის ''სამოსელი პირველი'' მომპარა, რაც ძალიან გამიხარდა. ამ მომენტშიც ჩემი ერთი სტუდენტი ცდილობს, ერთი წიგნი მომპაროს, მაგრამ ვერ ეღირსება (იღიმება). ეს წიგნია ჯემალ აჯიაშვილის თარგმნილი ''შუა საუკუნეების ებრაული პოეზია'' .
- მეოცე საუკუნის ბოლო პერიოდის ქართველ მწერლებიდან ვინ მოგწონთ განსაკუთრებულად.
- ძალიან მიყვარს გურამ დოჩანაშვილი, ოღონდ ყველა ტექსტი არა. მისი ''ავტობიოგრაფია'' არაჩვეულებრივია, როგორც ლიტერატურულად, ასევე ამბების მხრივ. დოკუმენტური ამბები აქვს საოცრად მოყოლილი. ჯემალ ქარჩხაძის ''ზებულონი'' ადრეულ ასაკში უწყვეტად წავიკითხე. ვაფასებ, მისი მნიშვნელობაც მესმის, მაგრამ იგი არ გახლავთ ჩემი მწერალი. ძალიან მიყვარდა ლევან გოთუა, რომელსაც რატომღაც დღეს გვერდიდან უყურებენ. ძალიან მიყვარდა უნიკალური ბელეტრისტი ნიკა აგიაშვილი, რომელსაც დაწერილი აქვს ''სერვანტესის ცხოვრება" ქართულად. რაც ყველაზე საინტერესოა, პირველად ეს წიგნი გამოვიდა გაგანია მეორე მსოფლიო ომის დროს. ან თვითონ აგიაშვილს როგორ ეცალა სერვანტესის საწერად, ან ვინ გადაიხადა ფული, რომ წიგნად გამოსულიყო, ჩემთვის ეს დღემდე საინტერესოა. ჭაბუა ამირეჯიბზე არც ვილაპარაკებ. არ მეგულება მამაკაცი, ვისაც ''დათა თუთახშია'' არ ჰქონდეს წაკითხული.
- ზღაპრებიდან პირდაპირ ''სამ მუშკეტერზე'' გადახვედით, ''ტომ სოიერის თავგადასავალი'' , ''პეპი გრძელი წინდა'' როდის წაიკითხეთ?
- პეპი არ წამიკითხავს, ტომ სოიერი წავიკითხე, მაგრამ როდის - არ მახსოვს. სოფელში ვკითხულობდი ზაფხულში. ასევე ართურ კონან დოილის ''დაკარგული ქვეყანა'' , რომელიც ბევრმა არ იცის და კონსტანტინე გამსახურდიას მეუღლის თარგმანია. წლების შემდეგ წილად მხვდა ბედნიერება, ამ რომანის გაგრძელება მეთარგმნა და ეს იყო ჩემი პირველი წიგნი. ბავშვობაში სოფელში ვკითხულობდი ''კალე ბლუმკვისტის თავგადასავალს'' ... დღემდე სოფელში რომ ჩავდივარ, არ არსებობს, ეს სასაცილოყდიანი წიგნი რომ არ გადმოვიღო და არ გადავხედო. იქ წავიკითხე ''შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი'' , ოღონდ მანამდე მომიყვნენ (იღიმის).
- 21-ე საუკუნის თანამედროვე მწერლებზე მინდა გკითხოთ აზრი...
- აქაც ორი თაობაა, ერთი 30-ის ქვემოთ და მეორე - ზემოთ. უფროს თაობაზე საუბრისას ორიგინალური ვერ ვიქნები და აკა მორჩილაძეს გამოვყოფ, ოღონდ იმ რომანებით არა, ყველა რომ ლაპარაკობს. ყველაზე მეტად მიყვარს მისი რომანი ''ძველი გულებისა და ხმლებისა'' , ვაფასებ მადათოვის ტრილოგიას, ''ობოლეც'' ძალიან მომეწონა და მიყვარს აკას მოთხრობები. ''მოგზაურობა კახეთში 1855 წელს'' სრული შედევრია. ვერც კი წარმომიდგენია, თანამედროვე ქართული პროზა ამაზე ზევით როგორ უნდა წავიდეს. ძალიან მიყვარს არჩილ ქიქოძე... როგორც მისი ესეისტიკა, ასევე მოთხრობები, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის. თანამედროვე ქართულ პროზაში ყველაზე მეტად აჩიკოს ვგულშემატკივრობ. ქართულ ლიტერატურას კიდევ ერთხელ აქვს შანსი, გვყავდეს არაჩვეულებრივი ხელის მქონე მწერალი.
- დეფი, დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე...
- ისინი არ არიან ჩემი საყვარელი მწერლები. დათო ტურაშვილს სიამოვნებით ვკითხულობ, ოღონდ მის ბელეტრისტულ ტექსტებს. განსაკუთრებით მიყვარს მისი ერთ-ერთი მოთხრობა ხანჯალზე, რომელიც წლების წინ სხვადასხვა ავტორის მოთხრობების კრებულში შევიდა. ბავშვობაში წავიკითხე და ჩემთვის ეს იყო სხვა მდგომარეობა. დათო არ არის ჩემი საყვარელი მწერალი, მაგრამ მას ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ.
- წიგნი, რომელმაც იმედი გაგიცრუათ.
- მილან კუნდერას ''ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე'' . ეს იყო ჩემი ბოლო ყველაზე დიდი იმედგაცრუება. ძალიან მიყვარს ფილმი, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც პირველად ფილმი ვნახე. ეს წიგნი გახდა ჩემი მცირე პიროვნული ტრაგედია. წინასწარი მოლოდინი მქონდა, რომ მთელი წიგნი სათაურის შესაბამისი იქნებოდა. ჩემს სტუდენტებს ყოველთვის ვეუბნები, მიუხედავად იმისა, კარგია თუ ცუდი, აუცილებლად იქნება წიგნი, რომელსაც თქვენ დაკარგავთ, სამწუხაროდ, ეს რომანი ჩემთვის დაკარგულია.
- რატომღაც მგონია, რომ მოდური ფამუქი არ გეყვარებათ.
- კატეგორიულად არ მიყვარს და ძალიან ხშირად ჩემს მეგობრებთან მქონია ამაზე ლიტერატურული კამათი. ჩემს არგუმენტებში მთავარი სისუსტე ის არის, რომ არ წამიკითხავს მისი წიგნებიდან ''მე წითელი მქვია'' . ფამუქი, როგორც მწერალი, არ მიყვარს, მე სხვა ლიტერატურა მიყვარს. განსაკუთრებულად მიყვარს მერი შელის ''ფრანკენშტაინი'' , ჰერმან მელვილის ''მობი დიკი'' , ძალიან მიყვარს უილიამ ფოლკნერის რომანები, განსაკუთრებით ''აგვისტოს ნათელი'' . ძალიან მიყვარს ბორხესი, კასარესი, კორტასარი, ლიოსა. არც ისე ძალიან მიყვარს მარკესი. ძალიან მიყვარს უმბერტო ეკო. ესპანური ლიტერატურა, მიგელ დელიბესი, ხუან გოიტისოლო, ანა მარია მატუტე. მე მიყვარს ბორხესი და მჯერა, რომ ყველაზე კარგი წიგნი შეიძლება, რვაგვერდიანი იყოს. თუკი თანამედროვე მწერლებზე მიდგება საქმე, ფრანგი ავტორია, ლორან გოდე, მისი ''სკორტების მზე'' ჩემთვის ბოლო პერიოდის ყველაზე საყვარელი წიგნია.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''