უალტერნატივო პროფესია თუ სამხედრო კარიერა?!
46 წლის წინ თბილისში უზნაძის, ყოფილი კამოს ქუჩაზე მდებარე სამშობიაროში დაიბადა. სანამ სკოლაში სიარულს დაიწყებდა, დიდუბეში წერეთლის ქუჩაზე ცხოვრობდნენ, შემდეგ გაფართოების მიზნით იქვე გადავიდნენ - სოხუმის ქუჩაზე.
მშობლები - გიორგი ტატიშვილი და ზეინაბ ზალდასტანიშვილი მსახიობები გახლდნენ და მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდნენ. მათ შორის ათი წელი იყო ასაკობრივი სხვაობა. დიმიტრი ძალიან დიდ დროს ატარებდა თეატრში და თავადაც სხვა პროფესიაზე არასოდეს უფიქრია. მამამისს სურდა, შვილს შედარებით სტაბილური და „დალაგებული“ საქმე აერჩია, ვთქვათ, როგორიც იყო იურისტის პროფესია. ეუბნებოდა, დაკვირვებული ხარ და გამომძიებელი გამოდიო, მაგრამ ეს თავად არ ისურვა. ჰქონდა სხვა არჩევანიც. სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყოფნისას, ერთი წლის შემდეგ, სამხედრო კარიერის მოწყობა შესთავაზეს, სამხედრო სასწავლებელში უგამოცდოდ მიიღებდნენ, ორი წლის შემდეგ ლეიტენანტი გახდებოდა და საბჭოთა კავშირის არმიის ოფიცერიც, მაგრამ უარი თქვა. დღეს მიიჩნევს, რომ არა მსახიობი, სამხედრო იქნებოდა.
„მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული პროფესიაა კაცისთვის. იმაზე კარგი რა უნდა გააკეთო, რომ სამშობლო დაიცვა?! მაგრამ მაშინ საბჭოთა კავშირის პერიოდი იყო, კერძოდ, 1986 წელი და იმ დროს ძალიან ცოტა თუ იფიქრებდა, რომ ოთხ წელიწადში მოხდებოდა ის, რაც მოხდა... ამიტომ საბჭოთა ჯარში ოფიცრობა დიდად არ მიტაცებდა. მაშინ 19 წლის ვიყავი. ფიზიკურად ნორმალურად მომზადებული. ახლა ვარ გამხდარი, თორემ მაშინ უფრო ჯანზე ვიყავი, როგორც იტყვიან, და კარგ სპორტულ ფორმაშიც. თუმცა არც ახლა ვუჩივი ჩემს ფიზიკურ კონდიციებს, ალბათ ასაკის შესატყვისი არის“ ... - ნახევრად ხუმრობითა და ღიმილით ამბობს და ბავშვობის გახსენებაზე ვინაცვლებთ.
ნაბოლარა ოჯახში
12 წლის იყო, როცა დედა დაეღუპა. ამან, რასაკვირველია, დაღი დაასვა მასაც და მის ოჯახსაც. ძალიან ღიზიანდებოდა, როცა ამის გამო ვიღაცას ეცოდებოდა. არც ის სიამოვნებდა, როცა მშობელთან დაკავშირებულ კომპლიმენტებს ამბობდნენ და დედის შესახებ რაღაც ამბების გახსენებას იწყებდნენ. დედმამიშვილი ერთი ჰყავს, უფროსი და - სოფიკო. მამის მხრიდან კი-დევ ჰყავს ერთი და - მაია, ისიც მასზე რამდენიმე წლითაა დიდი. მაია მისი კოლეგაა, ანუ მსახიობი, ხოლო სოფიკო ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია.
დედის გარდაცვალების შემდეგ რამდე ნიმე წლის განმავლობაში ბებიასთან, ანუ დედის დედასთან ცხოვრობდა. დღესაც არ სურს, ხალხს შეეცოდოს, მაგრამ დალხენილი ბავშვობა რომ არ ჰქონდა, ეს ფაქტია. თან დედის გარდაცვალებას რამდენიმე წელიწადში მეორე ტრაგედია მოჰყვა და ამაზეც ოდნავ მოგვიანებით გეტყვით.
სკოლაში ჩვეულებრივი მოსწავლე იყო. სწავლა იმ დონეზე ეზარებოდა, როგორც სხვა ბიჭებს. შატალოზეც დადიოდა, თამა-შობდა ფეხბურთსა და კალათბურთს, მაგრამ სულ იცოდა, რომ მსახიობი გახდებოდა. სკოლის დამამთავრებელი გამოცდები ჩააბარა, უმაღლესში ჩასაბარებლად სულ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი. სკოლის ბანკეტი ჰქონდათ და მესამე დღეს მამა გარდაიცვალა. ორივე მშობლის გარეშე დარჩა, ორ ივლისს მამა დაკრძალა და ხუთში თეატრალურ ინსტიტუტში მისაღები გამოცდების პირველ ტურზე მივიდა. არ ღელავდა, მეტიც, არ ადარდებდა, რა მოხდებოდა, ანუ ინსტიტუტში ჩაბარების თანდაყოლილი ღელვა, როგორც აბიტურიენტთა უდიდეს ნაწილს, მას არ უგრძნია.
„...ჩემთვის სულერთი იყო, რა მოხდებოდა, ინსტიტუტში მოვხვდებოდი თუ ვერ მოვხვდებოდი. კარგად არც კი მახსოვს ის პერიოდი. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, ვერ მივხვდი, რატომ მექცეოდა ასე სასტიკად განგება... თუმცა, ყოველთვის მჯეროდა, რომ რაღაც უკეთესი წინ მელოდა. გამოუსწორებელი ოპტიმისტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ახლაც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მომავალში უფრო ბევრი კარგი რამ მოხდება, ვიდრე დღეს. ეს შეგრძნება სულ მქონდა, ეს ჩემთვის არავის უსწავლებია. კი, ადამიანური უბედურებაა, რომ დედა ახალგაზრდა გარდაიცვალა, შემდეგ მამაც, მაგრამ გონებაში არასოდეს დამიშვია, რომ ამით ჩემი ცხოვრება მთავრდებოდა“ ...
როგორც წესი, ნაბოლარა შვილს ოჯახი ანებივრებს, მაგრამ მის შემთხვევაში ასე ვერ მოხდა. დიმიტრი რომ გაჩნდა, მამამისი 46 წლის იყო, გარდაცვალებისას კი 62-ის. დედა 46 წლის გახლდათ, როცა ხუთწლიანი ავადმყოფობის შედეგად ხელიდან გამოეცალათ. „დედას სიმსივნე ჰქონდა და რამდენიმე წელი მკურნალობდა. ძალიან გაწვალდა. ახლა რომ ვფიქრობ, ჩემხელა იყო, როცა გარდაიცვალა... მე კიდევ მგონია, რომ ისევ პატარა ბიჭი ვარ, არადა, ჭაღარა შემერია, წვერი რომ მოვუშვა ხომ საერთოდ, თითქმის სულ თეთრი ვარ“ ...
თეატრალურიდან-თეატრამდე და „მისი“ ავტორიტეტები
თეატრალურ ინსტიტუტში უცხო გარემო არ დახვედრია. იმ წელს მიშა თუმანიშვილმა ორ ადამიანს დაუწერა ოთხიანი და ერთ-ერთი დიმა იყო. პირველ ტურზე რომ გავიდა, ცხადია, პირადი ტრაგედიის გამო არც ემღერებოდა და არც ეცეკვებოდა, შესაბამისად, როცა ჰკითხეს, რას გვიმღერებო, არაფერსო - უპასუხა. ხომ უნდა გაეგოთ, სმენა ჰქონდა თუ არა და ამიტომ მაინც წავიდა დათმობაზე, „ჟუჟუნა წვიმას“ წამღერებამ მოუწია. ამის გამო, ცოტა არ იყოს, გაღიზიანდა, მაგრამ ასე მეორე ტურში გადანაცვლება შეძლო. მომდევნო გამოცდაზე ეტიუდიც შეასრულა, მესამე ტურში აღმოჩნდა და საბოლოოდ დიდი მაესტროს სიმპათიაც დაიმსახურა. განსაკუთრებული ბედნიერების განცდა არ დაუფლებია იმის გამო, რომ სტუდენტი გახდა, თითქოს ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო.
კოლეგები საკმაოდ მოწესრიგებულ პიროვნებად მიიჩნევენ და არამხოლოდ ისინი. ამას შემდეგნაირად ხსნის: „პროფესიაში მოწესრიგებული ვარ, რადგან ასე რომ არ იყოს, ჯერ ერთი - საკუთარ თავს ვავნებ, როგორც მინიმუმ და მეორე - იმ შედეგს ვერ მივიღებ, რაც მინდა. რეპეტიციაზეც დროზე უნდა მიხვიდე, კონცენტრირებულად იმუშაო და ასევე უნდა იქცეოდე გადაღებებზე“ . ეს მისი პლუსია და ახლა ველოდები, რას მეტყვის მინუსებზე. ალბათ ბევრი მინუსი მაქვსო, ამბობს, მაგრამ არ აკონკრეტებს.
ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადამიანებისგან კერპების შექმნა არ უყვარს, თუმცა ცხოვრებაში რამდენიმე ავტორიტეტი ჰყავს. მამამისს შინ ილია ჭავჭავაძის ფოტო ეკიდა. გიორგი ტატიშვილს მიაჩნდა, რომ ბოლო საუკუნეების განმავლობაში ის ყვე-ლაზე დიდი ქართველი იყო. იმ დროს ილია ჯერ კიდევ არ იყო წმინდანად შერაცხილი და როცა ქართულმა ეკლესიამ ის წმინდანად აღიარა, კიდევ ერთხელ დარწმუნდა მამას სწორ ხედვასა და სიტყვების სიმართლეში.
„ძალიან ცოტა ავტორიტეტი მყავს, - ამბობს და ჩამოთვლას იწყებს: - „მამაჩემი ჩემთვის ავტორიტეტია. მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანია ცოცხალი აღარ არის. ძალიან დიდი ავტორიტეტია ჩემთვის მიხეილ თუმანიშვილი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. 17 წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა, მაგრამ შემდეგ წლებში მისი სიტყვები და გადადგმული ნაბიჯები ხშირად გამხსენებია და ჭკუას ვსწავლობდი. ბატონ მიშასთანაც იგივე დამემართა, მაშინ მისი ნათქვამის ნახევარსაც კი არ ვაქცევდი ყურადღებას, მეტიც, სისულელედაც კი მიმაჩნდა, მაგრამ მერე და მერე მივხვდი, რომ თურმე ძალიან ჭკვიანურ და ბრძნულ სიტყვებს გვეუბნებოდა არა მარტო პროფესიისათვის, არამედ ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბებისთვისაც... ეს ორი გითხარით და ახლა მესამე. ოღონდ არ გაგეცინოთ. ჩემთვის დიდი ავტორიტეტია პოლ მაკარტნი. ავხსნი... შინ ფირსა კრავი გვქონდა და მამაჩემი ხშირად ისმენდა კლასიკურ მუსიკას. მას ძალიან უყვარდა ოპერა. მეც მიყვარს, განსაკუთრებით ვერდი, ჩაიკოვსკი... მიყვარდა ქართული ფოლკლორიც. ჩემი მუსიკალური გემოვნება ამ გენიალური მუსიკის ფონზე და თანხლებით ყალიბდებოდა, მაგრამ „ბითლზი“ რომ მოვისმინე, არ ვიცი და ვერ ავხსნი, ჩემში რა მოხდა, ეს იყო „ჩემი მუსიკა“ , თითქოს „სახლში“ ვიგრძენი თავი. რატომ მაკარტნი და არა ლენონი? „ბითლზის“ მუსიკა მომწონდა, მაგრამ როცა ამ ჯგუფზე უფრო მეტი ინფორმაცია მივიღეთ, გამოვქექეთ და გამოვჩხრიკეთ, აღმოჩნდა, რომ ის მუსიკა, რომელიც მომწონდა, მაკარტნის ეკუთვნოდა. ის „ბითლზის“ დაშლის შემდეგაც ძალიან ნაყოფიერი იყო და დღემდე ასეა. მაკარტნი ბევრ ჟანრში მუშაობს, მრავალპლანიანი კაცი და ვფიქრობ, უნიკალური ადამიანია. ზოდიაქოები რომ შემოვიდა მოდაში, გავიგე, რომ მაკარტნის ზოდიაქო ტყუპებია. ჩემიც... მაინცდამაინც არ მჯერა ამ ყველაფრის, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მაინც მესიამოვნა“ .
90-იანი წლები...
...მხოლოდ თეატრის ხელფასით ოჯახს ვერ არჩენდა. იმ დროს მხარში მეუღლე ედგა, მაია ცხვედიანი, პროფესიით ფილოლოგი. მას მოსწავლეები ჰყავდა და რაღაცნაირად ახერხებდნენ ოჯახის გაძღოლას. 24 წელია ერთად არიან. ახლა ნინო სკოლაში ასწავლის. 23 წლისანი არიან ტყუპი - ქეთი და ანა. მათ მსახიობობა არ ისურვეს, ერთი იურისტია და მეორემ ბიზნესის სფეროში მოღვაწეობა არჩია.
90-იან წლებში და არც სხვა დროს პროფესიის შეცვლაზე არ უფიქრია. თუმცა ერთი რამ გადაწყვეტილი ჰქონდა, 35 წლამდე, როგორც მსახიობმა თუ ვერაფერს მივაღწიე, მაშინ ამ პროფესიიდან წავალო. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. „ჩემი კარიერა ნელ-ნელა შენდებოდა და ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიე იმას, რასაც მივაღწიე... ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როცა გრძნობ, დიდი ტომრის მოკიდება და ტარება შეგიძლია, მაგრამ ამ დროს მხოლოდ ასანთის კოლოფის ტარებას განდობენ. რთულად აღსაქმელია, როცა შენ გვერდით ვიღაც იღებს ისეთ როლს, რომელსაც შენ უკეთესად ითამაშებდი. შეიძლება, ეს სუბიექტური აზრია, მაგრამ შენ ფიქრობ, რომ ობიექტური ხარ. როდემდე? ჩემი ჯერი როდის დადგება?! როდის შემამჩნევენ?! - ვიცი, ეს შეგრძნება რა არის და ძალიან ცუდი განცდაა. ერთი რამ ვიცოდი, რაღაც მკარნახობდა, რომ, როგორც მსახიობი, სულ ფორმაში უნდა ვყოფილიყავი. საბედნიეროდ, 35 წლამდე და ცოტა უფრო ადრეც, რაღაც-რაღაცები „მოიჩხრიკა“ და დავიწყე ამ პროფესიით რეალური ცხოვრება. შედარებით ნორმალური როლები „გამეჩითა“ , როლები, რომლებიც ჩემს შინაგან მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდა“ ...
პირველად თეატრში ერთ სპექტაკლში მთავარი როლი ითამაშა, თუმცა მასაში ყოფნის გამოცდილებაც აქვს და იცის, რას გრძნობს მსახიობი ამ დროს. ამბობს, რომ მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი იყო მარჯანიშვილის თეატრში თემურ ჩხეიძის სპექტაკლში „მარადი ქმარი“ . ამ დადგმაში ის მიშა გომიაშვილისა და ნოდარ მგალობლიშვილის პარტნიორი გახდა. პატარა როლი კი იყო, მაგრამ ამ პერსონაჟზე მუშაობისას და სცენაზე ყოველი გამოჩენისას, როგორც მსახიობმა, „გული მოიფხანა“ ...
მარჯანიშვილის თეატრის გარდა, რუსთაველზე თეატრალურ სარდაფში ანშლაგით მიდიოდა სპექტაკლი „ეტ სეტერა“ . აი, მაშინ საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მსახიობობა არ არის ტანჯვა და მხოლოდ რეპეტიციიდან რეპეტიციაზე სირბილი.
ტელევიზია
„რუსთავი 2“ -ში ფილმების გახმოვანებაზე კასტინგი რომ იყო გამოცხადებული, ირაკლი ჩოლოყაშვილმა შეატყობინა. სინჯებზე წავიდა და ბედი სცადა. დაახლოებით 6-7 თვეში დაურეკეს და პირველი ფილმიც გაახმოვანა. მას შემდეგ 12 წელი გავიდა...
ამდენივე წელია გვესმის, რომ კევინ კოსტნერი, კლინტ ისტვუდი და კიდევ ბევრი ჰოლივუდის მსახიობი მისი ხმით მეტყველებს. სერიალი „ექიმი ჰაუსი“ არ დაგვავიწყდეს და მთავარი როლის შემსრულებელი ჰიუ ლორი. „სხვათა შორის, ბევრი საერთო გვაქვს მე და ამ კაცს... - მეუბნება ღიმილით, - „ძალიან მუსიკალური ადამიანია, თავისი ბენდი ჰყავს. ბევრს მუშაობს, ჩემსავით. ეტყობა, ამ პერსონაჟს რაღაცით ვგავარ, ბევრ გარეგნულ მსგავსებასაც ვხედავ. ხმებით განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ მეუბნებიან, მის პერსონაჟს შენი ხმა ძალიან უხდებაო. მაგრამ დავიჯერო, ასეთი ცუდი კაცი ვარ?! უფრო სწორად, არ ვარ ექიმი ჰაუსივით ცინიკოსი. ადრე კი ვიყავი, მაგრამ ახლა აღარ“ ... რასაკვირველია, დაკონკრეტებას ვთხოვ და ისიც განმარტავს: „ადრე ძალიან ცინიკური ვიყავი, ყველას, ყველაფრის და საკუთარი თავის მიმართ. ამას საკმაოდ მჭახედ გამოვხატავდი და ამ ყველაფერმა ცხოვრებაში სიკეთე არ მომიტანა (იცინის). ხუმრობა უმეტესობას არ ესმოდა, ბევრს სწყინდა. თავს ვიმართლებდი, მარტო სხვას ხომ არა, საკუთარ თავსაც დავცინი-მეთქი, მაგრამ ეს არ მამართლებდა. ახლა მაგიტომაც აღარ ვარ ცინიკოსი, დავჭკვიანდი“ . „ანუ საკუთარი თავის კონტროლი ისწავლეთ?“ - ვეკითხები.
- „მეტ-ნაკლებად, ჰო, და აღარ არის დრო“ ?!
დღეს...
დარბაზში მაყურებლისა და ეკრანს მიღმა მსხდომთა წინაშე დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს. თაყვანისმცემლები თეატრთან ხშირად დახვედრიან. ზოგი რაღაცებსაც ჩუქნის. მაგალითად, ვისკის. „თუმცა იშვიათად“ , - სიცილით ამბობს. „ვისკი გიყვართ?! - ვეძიები. „დიახ, კარგი, შოტლანდიური ვისკი მიყვარს“ . ადამიანები სითბოთი ხვდებიან და ამით განებივრებული, ყველას მადლობას უხდის.
გადაცემის წამყვანის ამპლუაში ახლა პირველად არის. ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გამო დათანხმდა. კამერის შიში სერიალ „ქაღალდის ტყვიის“ გადაღებების შემდეგ დაძლია. საბოლოოდ დაუმეგობრდა და მას მერე კამერის აღარ ერიდება.
დაბოლოს, ვთხოვ, რამდენიმე სიტყვაში ჩაატიოს და შეაფასოს დღემდე გამოვლილი გზა. მცირე ჩაფიქრების შემდეგ მპასუხობს: „რთული, მაგრამ არა ტრაგიკული. გამიმართლა, რომ ბევრი საინტერესო ადამიანის გვერდით მომიწია ყოფნამ. ერთ-ერთი იყო მიხეილ კაზაკოვი. დინებას მივდევდი, მოშვებული ვიყავი და მან თითქოს გამომაფხიზლდა. „თოლიაზე“ რომ ვმუშაობდით, მასთან ორი თვე გავატარე. მიშა კაზაკოვმა თითქოს შემომილაწუნა, მისგან ბევრი რამ მივიღე როგორც მსახიობმა. ჩემი ცხოვრება სავსეა აღმოჩენებით... და შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა. ანუ ობლის კვერი ცხვა, ცხვა და გამოცხვაო, ჩემზეა ნათქვამი. არ მინდა, ვინმეს ეწყინოს რასაც ვიტყვი, მაგრამ საშუალო არასოდეს მაკმაყოფილებს და მეც ყოველთვის ვიცოდი, რომ საშუალო დონის არ ვიქნებოდი. სხვას არასოდეს ვთხოვ იმას, რასაც თავად არ ვაკეთებ. მაღალი სტანდარტი მაქვს ჩემთვის და თუკი იმ სტანდარტს ვერ შევესაბამები, საკუთარი თავის უკმაყოფილო ვარ. თუმცა ისიც ვიცი, რომ ამაზე მეტის გაკეთებაც შემიძლია“ ...
ანა კალანდაძე
ჟურნალი „რეიტინგი“




















