12 ოქტომბერი, 2013
ბასა ხარაზმა ზაფხული ირანში გაატარა
მგონია, რომ 17 მაისის აქციამ მაინც ბევრი რამ შეცვალა. მადლობა ღმერთს, რომ ხალხი მიხვდა, მსახიობობა პროფესიაა და თუკი იმასაც მიხვდებიან, რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს, უფრო კარგი იქნება. იყო აგრესია, რაღაც შემთხვევები, მაგრამ ენა გრძელია და მას ვერ დააბამ. ზოგჯერ ჩურჩული მაინც არის, ეს ხომ ის არისო ბასა ხარაზი „ჩემი ცოლის დაქალებში“ თორნიკეს როლს ასრულებს, ცინიკოსი მომრიგებელი, ასე ახასიათებს თავის გმირს. წინა სეზონისგან განსხვავებით, თავად ბასაც გრძნობს და აშკარაა, რომ გეის როლის შემსრულებლის მიმართ საზოგადოებას
უკვე ნაკლები აგრესია აქვს. ის კი არადა, ბასას ფანებიც კი გამოუჩნდნენ. სანამ სერიალის გადაღებები განახლდებოდა, თვე-ნახევრის განმავლობაში მსახიობებს შვებულება ჰქონდათ. სწორედ ამ დღეებით ისარგებლა ბასამ და, არც მეტი, არც ნაკლები, ირანში ამოყო თავი...

- წონაში დაკლება რატომ გადაწყვიტე? საკუთარი თავისთვის თუ ეკრანზე რომ ჩანხარ, იმიტომ?
- პირველ რიგში, ჩემთვის დავიკელი, მერე სერიალისთვის, მერე საქმისთვის და ა.შ. მოკლედ, ყველაფრისთვის. ბასას დიეტა დავარ-ქვი. ორი დღე მიირთმევთ, ერთი დღე - არა. უნდა გამორიცხოთ ყოველგვარი პური, მაკარონი, ნამცხვრები, ცომეული და შაქარი. დანარჩენი ზომიერების ფარგლებში მიირთვით, შეგიძლია, ისაუზმოთ, ისადილოთ და ივახშმოთ მსუბუქად. მე უკვე დღის რეჟიმში გადამივიდა. დამირღვევია კიდეც დიეტა, მაგრამ დაკლების პროცესი მაინც მიდის. მესამე დღეს ვსვამ კოქტეილს - დაიმახსოვრეთ, ორი ლიტრი ანადუღარი წყალი, ორი სუფრის კოვზი ყავა, ამდენივე თაფლი, არაყი და ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. შუალედებში შეგიძლიათ დალიოთ უშაქრო ყავა და მწვანე ჩაი.
- მესამე დღეს არაფერს მიირთმევ?
- ამის გარდა არაფერს. ამ დიეტას კარდიოდიეტა ჰქვია. ჩემს მეგობარს გული აწუხებდა და დასჭირდა, მე ამ დიეტას ჩემი რაღაცებიც დავამატე. 40 კილომდე დავიკელი. ახლა 76 კილოგრამს ვიწონი (იღიმის). მთლიანად ვიყავი გასუქებული და მთლიანად დავიკელი. მქონდა მომატება-კლების პერიოდები, მაგრამ ბოლო დროს ძალიან მოვიმატე. ეკრანზე რომ ჩანხარ, ეს ერთია, მაგრამ სარკეში რომ იყურები და შენი თავი არ მოგწონს, ეს კიდევ სხვა საკითხია. დიეტის დაცვის დროს მთავარია ფსიქოლოგიურად მომზადება. როცა შენს თავს ეტყვი, რომ შეძლებ, ნამდვილად შეძლებ. დღემდე ასე ვცხოვრობ, მარტის ბოლოს დავიწყე ეს დიეტა და მას შემდეგ ვიცავ. ძალიან ბევრ ჩემს მეგობარს გავუზიარე „ფეისბუქის“ საშუალებით და ბევრმა ისარგებლა.
- თავიც გადაგიპარსავს და ბლანჟეც აღარ გქონდა პირველ სერიებში. ასევე თავზე ბუდას ტატუ გაქვს.
- ეს მუდმივი ტატუა. ამაზე ბევრი ლაპარაკი ალბათ არ ღირს, მივხვდი, რომ ბუდა ჩემია. ამით დაიწყო, მაგრამ ვაპირებ, ტატუები სხეულის სხვა ნაწილებზეც გავიკეთო. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, გამეკეთებინა თუ არა ეს ტატუ. ეს ზუსტად ის არის, რაც ყოველთვის მინდოდა და დიდხანს ვფიქრობდი, საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ხომ ნამდვილად ეს გინდა-მეთქი. ეს ტატუ ორი კვირის წინ გავიკეთე. სხვათა შორის, არანაირად არ ყოფილა მტკივნეული. ალბათ, იმის გამო, რომ ძალიან მომზადებული ვიყავი. ეს ნახატი, ბუდას ერთ-ერთი გამოსახულება, მე თვითონ ავარჩიე. რაც შეეხება თავის გადაპარსვას, ხშირად მნახავთ გადაპარსულს.
- მაყურებელმა ეს იმიჯი რამდენად კარგად მიიღო?
- ალბათ, კარგად მიიღო. ბლანჟეს ძირითადად ვერ ველევი ხოლმე. სხვა იმიჯში ისიც იგულისხმება, რომ ჩაცმის სტილიც შევიცვალე, პიჯაკი მოვირგე. მითხრეს, გიხდებაო. თუმცა ჩაცმის ასეთი სტილი ჩემგან შორს არის, ხომ ხედავ, როგორ დავდივარ (იღიმის).
- ასეთს გცნობენ ქუჩაში?
- თავი რომ გადავიპარსე, ვერ მცნობდნენ, ახლა ისევ დაიწყეს ცნობა.
- სერიალში შვებულებიდან დაბრუნება როგორი იყო?
- ძალიან მომენატრა. საკმაოდ საინტერესო ზაფხული მქონდა. ივლისის შუა რიცხვებში დასრულდა სერიალის გადაღებები და მსახიობებმა თვე-ნახევარი დავისვენეთ. ძალიან კარგი კოლექტივი გვყავს და ოჯახივით ვართ, ამიტომაც მართლა მომენატრნენ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დატვირთული ზაფხული მქონდა - ივლისში ირანში წავედი დასასვენებლად.
- ირანში?
- ჰო, ასე მოხდა (იცინის). ძალიან მომინდა, რომ მენახა ეს ქვეყანა. უცებ მომივიდა თავში აზრად. საქართველოს მოქალაქეებს ირანში გასამგზავრებლად ვიზა არ სჭირდებათ. ზაფხულში ხომ არის ორი არჩევანი, სად უნდა წახვიდე და-სასვენებლად - ბათუმში ან სადმე მთაში, მთა არ მიყვარს, ბათუმში იმ პერიოდში წასვლას ვერ ვახერხებდი და ინტერნეტს ჩავუჯექი. აღმოვაჩინე, რომ ირანში არსებობს ასეთი კუნძული, კიში. აზიური სამყაროსთვის კარგ დასასვენებელ ადგილად მიიჩნევა. იქ ბევრ ევროპელსაც ნახავთ. მართლა მომიარა თავში, ზუსტად ნახევარ საათში ავდექი, ჩავალაგე ბარგი და წითელ ხიდზე გადავედი, ბაქოდან კი თეირანში გადავფრინდი. თეირანში ჩასულს კიდევ ერთმა რეისმა მომიწია და აღმოვჩნდი ზემოხსენებულ კუნძულზე, 65 გრადუს სიცხეში. წარმოუდგენლად ცხელოდა, არანორმალურად. მეგონა, ზღვაში გავგრილდებოდი, მაგრამ წყალი თუხთუხებდა, თუმცა ულამაზესი, ფირუზისფერი წყალი იყო. ტურისტები იყვნენ, თუმცა რუსებს არ აქვთ აკლებული, რა თქმა უნდა, ამერიკელებსაც ვერ ნახავთ. ასე ამაყად არასდროს მიგრძნია თავი, მეკითხებოდნენ, სადაური ხარო და ვპასუხობდი, გურჯისტანიდან ვარ-მეთქი. მერე იწყებოდა ძალიან თბილი დამოკიდებულება. თეირანი ულამაზესი ქალაქია, ჩემთვის ყავისფერია, ყველა ქალაქს ასე ფერებად აღვიქვამ. მაგალითად, თბილისი ნაცრისფერია, ჩვენს ქალაქში მწვანესაც კი ნაცრისფერი დასდევს. თეირანი კი მუქი ქვიშისფერია, თავისებური არქტიტექტურა აქვს. თავისი კალენდარი აქვთ, უცნაურად ცხოვრობენ. ხალხი ძალიან ლამაზი და კეთილმოსურნეა. ძალიან ბევრმა იცის რუსულიც და ინგლისურიც. ბანდარაბასშიც გახლდით, შირაზშიც და თეირანშიც, სამი კვირა გავატარე ირანში. საკმაოდ იაფიც დამიჯდა, თუმცა ბაქოდან წასვლა ბევრად იაფია, თბილისიდან გადაფრენა ძვირი ღირს. ამ ზაფხულით ძალიან კმაყოფილი დავრჩი, საქართველოში რომ დავბრუნდი, მერე მეგობრებთან ერთად ბათუმში გამგზავრებაც მოვახერხე. ძალას, რომელიც მაქვს, ახლა სერიალისკენ მივმართავ, მუსიკასაც ვერასდროს შეველევი, ასევე მაქვს თეატრსა და კინოსთან დაკავშირებული გეგმები, თუმცა ამაზე ჯერ არ ვილაპარაკებ.
- სერიალში შენი გმირისგან რაიმე სიურპრიზებს უნდა ველოდოთ?
- ვიცი, რომ საკმაოდ კარგად განვითარდება სიუჟეტი. ჩემი გმირი, ახლა რომ ვუკვირდები, არის მედიატორ-მომრიგებელ-მოსამართლე ორ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებს შორის. ერთი შეხედვით ცინიკოსია, მაგრამ სიტუაციას აბალანსებს. ოფისის სამივე გოგო შეგიძლია სამ მხარედ წარმოიდგინო, უცებ ზის თორნიკე იოსელიანი, რომელიც ამ სამ გოგონას თავისებურად კრავს. სინამდვილეში ეს ცინიზმი სულაც არ არის. საკმაოდ ღრმა გმირია.
- შენი გმირის მიმართ, მგონი, აგრესიამ გაიარა. მახსოვს, წინა ინტერვიუში გვითხარი, რომ შენი გმირის გამო ქუჩაში რაღაცები მოგაძახეს.
- მგონია, რომ 17 მაისის აქციამ მაინც ბევრი რამ შეცვალა. მადლობა ღმერთს, რომ ხალხი მიხვდა, მსახიობობა პროფესიაა და თუკი იმასაც მიხვდებიან, რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს, უფრო კარგი იქნება. იყო აგრესია, რაღაც შემთხვევები, მაგრამ ენა გრძელია და მას ვერ დააბამ. ზოგჯერ ჩურჩული მაინც არის, ეს ხომ ის არისო (იღიმის), მაგრამ ამას წინათ მეგობართან ერთად კლუბიდან გამოვედი. ტაქსით დავტოვე ჩემი მეგობარი, რაღაც დამავიწყდა და ტაქსიდან გადმოსვლამ მომიწია. რამდენიმე ტიპი იდგა იქვე, ტაქსი უნდოდათ და უკაცრავად, დაკავებულია-მეთქი. დამაწიეს შემდეგი სიტყვები, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ეს იცი, ვინ არის, ჩვენი ძმააო, ძალიან კარგი ტონით თქვეს. ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, აგერ, ფანებიც გყოლიაო (იღიმის). ძალიან გამიხარდა ეს ამბავი.

ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS