10 ოქტომბერი, 2013
თიკა მახალდიანს მომღერალი ქმარი არ უნდა
სულ ამბობს ხოლმე, თიკამ მიმიყვანა ''ჯეოსტარზეო'' . არ უნდოდა მონაწილეობა. ახლა სულ მეუბნება, შენი წყალობით მოვხვდი ამ პროექტში და დიდი მადლობაო თიკა მახალდიანს, ისევე, როგორც ბევრ სხვა მომღერალს, გული სწყდება, რომ საქართველოში ბოლო დროს სიმღერა არავის სჭირდება. კონცერტები თითქმის აღარ იმართება და მომღერლებს საქმე თითქმის აღარ აქვთ. ისევე, როგორც ბევრი სხვა მომღერალი, თიკაც ფიქრობს საქართველოდან წასვლაზე. თუ არაფერი შეიცვლება, ალბათ თიკასნაირად ბევრი მომღერალი დაიწყებს ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრს.

ვინ ''აჩმორებდა'' ბავშვობაში

- ხუთი თვისა პუტკუნა ყოფილხარ.
- (იცინის) სურათზე მართლა ძალიან პუტკუნა ვჩანვარ. ასეთი მსუქანიც არ ვიყავი.
- გარეგნულად ვის ჰგავხარ?
- როგორც ამბობენ, ბავშვობაში დედას ვგავდი. დიდობაში მამას დავემსგავსე.
Rating
- მშობლები როგორ დაოჯახდნენ?
- მამამ დედა მოიტაცა, ახლა ეს ამბავი ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ მაშინ, როგორც ჩანს, მოდაში იყო. მამას დედა ერთი ნახვით შეუყვარდა. ამიტომ მეც მჯერა, რომ არსებობს ერთი ნახვით შეყვარება.
- სად გაიტაცა დედა?
- რაჭაში. ეს მამას მშობლიური კუთხეა. ორივენი სტუდენტები იყვნენ, დედა ოცი წლის იყო, მამა - ოცდასამის. დედა პროფესიით ბიოლოგია, მამა - ინჟინერი. სხვადასხვა ადგილას სწავლობდნენ, ერთმანეთი საერთო მეგობრისგან გაიცნეს.
- გვარის გამო სვანი მეგონე, შენ კი თურმე რაჭველი ყოფილხარ.
- ყველას სვანი ვგონივარ და არც არის გასაკვირი, რადგან წარმოშობით სვანური გვარია. მახალდიანები შვიდი საუკუნის წინ რაჭაში, ამბროლაურის რაიონში ჩამოსახლდნენ, ამიტომ უკვე რაჭველად მივიჩნევი. რაჭაში დასასვენებლად ყოველ ზაფხულს მივდივარ. მიყვარს ჩემი სოფელი, რაჭა ძალიან ლამაზია.
- მომდევნო ფოტოზე, როგორც ვხვდები, ოჯახის ყველა წევრი ხართ.
- ერთი დედმამიშვილი მყავს, გიორგი. სურათი თბილისში ერთ-ერთი სეირნობის დროს გვაქვს გადაღებული.
Rating
- 1989 წელს ხარ დაბადებული. ალბათ, ბავშვობა მაინცდამაინც კარგად არ გახსენდება.
- პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, დედასთან ერთად პურის რიგში ვიდექი. უშუქობა რომ იყო და გაზი არ გვქონდა, კარგად მახსოვს. მახსოვს, სინათლის მოსვლას როგორ ველოდებოდი და რომ მოვიდოდა, მთელ კორპუსში ისმოდა, ''ურააა'' . ლამპის შუქზე ვმეცადინეობდი. საშინელება იყო, მაგრამ არა უშავს, ალბათ ეს ყველაფერი უნდა გამოიარო.
- მომდევნო ფოტო სადაა გადაღებული?
- ვაკის პარკში. ფოტოზე ალბათ ორი წლის ვარ. დედა მიყვება ხოლმე, ცხრა აპრილს არეულობა რომ მოხდა, პირველად იმ დღეს გამიღიმეო. შენმა ღიმილმა ყველაფერი დამავიწყა, რასაც ტელევიზორში აჩვენებდნენო.
Rating
- ძმა რას საქმიანობს?
- გიორგი თვრამეტი წლისაა. წელს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა. მამის კვალს გაჰყვა. საინჟინროზე სწავლობს. ძალიან კარგი ბიჭია, წესიერი.
- ასე ახლა ამბობ და საინტერესოა, ბავშვობაშიც იმავე აზრის იყავი მასზე?
- ბავშვობაში ძალიან ცელქი იყო. რომ იტყვიან, ნამდვილი მაწაკი ბავშვი. სულ მეჩხუბებოდა და მირტყამდა. მასზე ექვსი წლით ვარ დიდი. ''მაჩმორებდა'' ხოლმე. ახლა რომ ვეუბნები, ასე იყო-მეთქი, არ სჯერა. ახლა აბსოლუტურად შეცვლილია. წყნარი და დინჯია. ფოტო გიორგისთან ერთად ზღვაზე დასვენების დროსაა გადაღებული. ყოველ წელს ჯერ რაჭაში მივდიოდით და შემდეგ ზღვაზე ვისვენებდით.


''კარგად ვმღეროდი და იმიტომ მიწერდნენ ნიშანს, ნანუკა ლამაზი იყო''

- მომდევნო ფოტოზე შენს კლასელებთან ერთად ხარ. ტელეწამყვანი ნანუკა გოგიჩაიშვილი შენი კლასელი ყოფილა.
- პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდით და პირველივე კლასიდან მე და ნანუკა ერთ კლასში ვიყავით. სურათზე ნანუკა ჩემგან ხელმარჯვნივ დგას. დღემდე თითქმის ყოველდღე ერთად ვართ. სკოლის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება. კარგი სკოლა იყო და კარგი მეგობრები მყავდა. ახლა უფრო ვაფასებთ იმ პერიოდს, როცა სკოლაში დავდიოდით.
Rating
- შენ უფრო კარგად სწავლობდი თუ ნანუკა?
- ერთნაირად ვსწავლობდით. ბოლო კლასებში უფრო გავზარმაცდით. მაშინ სწავლა მოდაში არ იყო. ოთხოსნები ვიყავით. უფრო ჰუმანიტარულ საგნებს ვსწავლობდით. ვერ ვიგებდით, რა ხდებოდა მათემატიკაში, გეომეტრიასა და ფიზიკაში. მე კარგად ვმღეროდი და იმიტომ მიწერდნენ ნიშანს, ნანუკა ლამაზი იყო და იმიტომ (იცინის). ცოტა გადავაჭარბე, მთლად ასე არ იყო.
მომდევნო ფოტოზე ''ჯეოსტარელ'' ნათია დუმბაძესთან ერთად ვარ. ჩვენ ერთად დავდიოდით სტუდია ''მიმღერე რამეში'' . მაშინ მე რვა წლის ვიყავი, ნათია - ათის და შეიძლება ითქვას, ჩვენც ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ნათიას ბავშვის ნათლია ვარ. ''ჯეოსტარში'' პირველი მე მივედი, 2007 წელს. მერე სალომე ბაკურაძემ მიიღო მონაწილეობა. მერე ნათია დუმბაძემ სცადა ბედი. მე და სალომე ბაკურაძე დაქალები ვართ და ძალით მივიყვანე კასტინგებზე. სულ ამბობს ხოლმე, თიკამ მიმიყვანა ''ჯეოსტარზეო'' . არ უნდოდა მონაწილეობა. ახლა სულ მეუბნება, შენი წყალობით მოვხვდი ამ პროექტში და დიდი მადლობაო.
Rating
- პირველად როდის აღმოაჩინეს, რომ კარგად მღეროდი?
- როგორც მიყვებიან, თვეების ვყოფილვარ, ბებია რომ მაძინებდა და მიმღეროდა, რამდენჯერმე ავყევი თურმე. ბებიას მაშინვე აუტეხია ერთი ამბავი, ბავშვი მღერისო. შემდეგ ორი წლის რომ ვიყავი, კონცერტი ჩავატარე სახლში. ვიდეოზე გვაქვს გადაღებული და ახლაც ხშირად ვუყურებ. ვმღეროდი და ლექსებს ვკითხულობდი. ოთხი წლის რომ ვიყავი, შურა ჯანელიძესთან მიმიყვანეს პიონერთა სასახლეში. პირველად სცენაზე ოთხი წლისა გამოვედი და მახსოვს, ვიტირე კიდეც.
- ბავშვობაში ბევრი ფოტო გაქვს გადაღებული, სადაც სხვადასხვა პერსონაჟს ასახიერებ. როგორც ჩანს, მსახიობობაზეც ოცნებობდი.
- მსახიობობა ყოველთვის მინდოდა. ანასტასია ვირსალაძის სახელობის სკოლაში ვსწავლობდი თეატრალურის განხრით. სკოლაში ძალიან ბევრი სპექტაკლი იდგმებოდა. ყოველთვის ვმონაწილეობდი და მსახიობობა ყოველთვის მომწონდა. პეპის როლიც მაქვს ნათამაშები. სურათი პეპის როლის შესრულებისას მაქვს გადაღებული.
- ბევრი მთავარი როლი გითამაშია. მთავარ როლებს კი, როგორც წესი, ტყუილად არავის აძლევენ. ე.ი. ხედავდნენ შენში მსახიობის მონაცემებს.
- საკუთარი თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ როგორც ამბობდნენ, მსახიობობა გამომდიოდა და ძალიან მინდოდა, მომღერლობასთან ერთად მსახიობიც ვყოფილიყავი. ვაბარებდი კიდეც თეატრალურში სამსახიობო ფაკულტეტზე, მაგრამ რატომღაც გამოცდაზე აღარ მივედი და ჩაიშალა ჩემი მსახიობობა.
Rating
- გამოცდაზე რატომ აღარ მიხვედი? ბოლო მომენტში უკან რატომ დაიხიე?
- რატომღაც შემეშინდა. გავიგე, რომ იმ წელს მარტო ხუთი გოგო უნდა მიეღოთ და მე ვინ ამიყვანს-მეთქი, ვიფიქრე.
- სწავლის გაგრძელება სად გადაწყვიტე?
- კერძო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, თუმცა ჟურნალისტობა ჯერჯერობით არ მინდა. ძალიან კარგი ლექტორები მყავდა. სტუდენტობა კარგად მახსენდება და სხვათა შორის, კარგი სტუდენტი ვიყავი.

''ჩემი აზრით, ძალიან პატარა ვარ პოლიტიკისთვის''

- მომდევნო სურათი ''ჯეოსტარის'' პერიოდში გაქვს გადაღებული. როგორც ვხვდები, ამგვარ პროექტში გამარჯვებაზე მეტად იმ შანსის გამოყენებაა მნიშვნელოვანი, რომელსაც მსგავსი გადაცემა აძლევს მომღერალს.
- მე და სალომე ბაკურაძე ''ნუცას სკოლიდან'' , ფაქტობრივად, 2003 წლიდან ვმეგობრობთ. თითქმის ყოველდღე ერთად ვართ. მგონი, ჩემს ალბომში ყველაზე ბევრი სალომესთან ერთად გადაღებული ფოტოა. მართლა არაა Mმთავარი გამარჯვება. მთავარია, მაყურებელს თავი დაამახსოვრო და მსმენელს თავი შეაყვარო. გამარჯვებული თუ გახდები ძალიან კარგია, მაგრამ არც ის არაა ტრაგედია, ბოლო ტურამდე თუ ვერ გახვედი.
- 2007 წლიდან ბევრი დრო გავიდა. სხვა კონკურსში მონაწილეობაზე აღარ გიფიქრია?
- ძალიან კარგია კონკურსებში მონაწილეობა. ადამიანს ეძლევა იმის საშუალება, რომ თავისი თავი გამოავლინოს. მაგრამ როცა ორი კაცი მაინც გიცნობს, აღარაა საჭირო კიდევ ერთხელ ბედის ცდა. შეიძლება ვცდები. კონკურსს მაინც სხვანაირი ფორიაქი აქვს, რომელიც ცოტათი მომენატრა კიდეც, მაგრამ საქართველოში კონკურსში მონაწილეობას აღარ მივიღებ.
- რას ფიქრობ იმასთან დაკავშირებით, როცა მომღერლები ამა თუ იმ პარტიას უჭერენ მხარს?
- ჩემი აზრით, ხელოვნება და პოლიტიკა ერთმანეთთან კავშირში არ უნდა იყოს. მე ვარ ხელოვანი და თუ დამიძახებ კონცერტზე, მოვალ და ვიმღერებ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აკეთებს ამ კონცერტს. სამწუხაროდ, საქართველოში სხვანაირად ხდება. ხელოვანი არ უნდა იჭყლიტებოდეს პოლიტიკაში. რამდენჯერმე მეც მივიღე მსგავს კონცერტში მონაწილეობა. ვინც მირეკავდა, მივდიოდი და ვმღეროდი. ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.
Rating
- როგორც ვხვდები, შეიძლება არ გქონოდა კონკრეტული პოლიტიკოსის მიმართ სიმპათიები, მაგრამ მის მხარდამჭერ კონცერტზე გამოდიოდი.
- ჩემი აზრით, ძალიან პატარა ვარ იმისთვის, რომ პოლიტიკაში ჩავერიო. გავარკვიო, ვინ ვინაა. ვერც ვერკვევი პოლიტიკაში და არც მინდა, რომ გავერკვე.
- ბოლოს პირად ცხოვრებაზე მინდა გკითხო.
- პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება, რომც ხდებოდეს, არ მინდა საჯაროდ ამ თემაზე ლაპარაკი. არ მომწონს, ''ფეისბუქზე'' რომ წერენ, შეყვარებული და ბედნიერი ვარო. მოწონება და ფლირტი არის, მაგრამ სერიოზული არაფერი ხდება.
Rating
- როგორ მეორე ნახევარზე ოცნებობ? უნდა მღეროდეს და ცეკვავდეს?
- მომღერალი და მოცეკვავე ბიჭები არ მომწონს.
- რატომ?
- ჩემი ქმარი მომღერალი ან მოცეკვავე რომ იყოს, არ მინდა. სიმართლე გითხრათ, ჩამოყალიბებული არ მაქვს, როგორი ტიპი უნდა მომწონდეს. გარეგნობას ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
- მომღერალი ბიჭები რატომ არ მოგწონს? ერთი და იმავე პროფესიის ადამიანები ხომ უფრო კარგად გაუგებთ ერთმანეთს.
- ჩემი აზრით, პირიქით მოხდება.
- გაქვს ამის გამოცდილება?
- გამოცდილება შეიძლება მქონდეს კიდეც, მაგრამ ასეთ დასკვნას მთლიანად ჩემგან გამომდინარე არ ვაკეთებ. რთულია, ორი ერთი და იმავე პროფესიის ადამიანი ერთად ცხოვრობდეს, ხან მე უნდა დავდიოდე კონცერტზე ან გასტროლზე და ხან - ის. თან ხელოვანი ადამიანები, ხომ იცით, რომ რთულები არიან და ორი რთული ადამიანი ერთად ძალიან ძნელი იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი რჩეული რა პროფესიის იქნება, მთავარია, კარგი ტიპი იყოს.
- და მთავარია, შენი ნამღერი მოსწონდეს?
- აბა, რა, უნდა მოსწონდეს. მგონი, ახლა ისეთი ბიჭები აღარც არიან, რომ სიმღერა აგიკრძალონ. ამაზე ლაპარაკი, მგონი, ზედმეტია.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
maia
მეშლება ალბათ? ეს გოგო ხომ იყო გათხოვილი? მე ის ორსულიც მახსოვს, თუ არ ვცდები საქართველო-სააომხეთის ერთობლივ პროექტზე (მუსიკალურ) ორსული მღეროდა, თუ არა? არადა, მგონი ნამდვილად თიკა იყო, კი.
15:53 / 15-10-2013
გამოხმაურება / 0 /
სიბასჰვილი დალი
ტიკა გვიკვარხარ და გვეამაკები
09:08 / 11-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS