- დანიილ, ''ელიტ მოდელ ლუქის'' ისტორიაში პირველი მამაკაცი ხარ, რომელიც მსოფლიო კონკურსზე საქართველოდან მიემგზავრება, რას გრძნობ?
- არც კი ვიცი, როგორ გითხრათ... ჯერ ისიც კი არ მეგონა, საქართველოში თუ გავიმარჯვებდი, ძალიან გამიხარდა და იმედი მაქვს მსოფლიოზეც მივაღწევ წარმატებას და არ შევარცხვენ ჩვენ სამშობლოს.
- როგორ აღმოჩნდი ამ კონკურსზე?
- სააგენტოდან გამიშვეს ქასტინგზე.

- უკვე ცნობილია ვინ მოიყრის თავს კონკურსზე, ვინ მიგაჩნია მთავარ კონკურენტად?
- ყველა ძლიერ კონკურენტად მიმაჩნია იმიტომ რომ ამ კონკურსზე ყოველთვის მაგარი ბიჭები ხვდებიან, თუმცა ვთვლი, რომ განსაკუთრებით დიდი პერსპექტივა აქვს ნორვეგიელ მონაწილეს.
- ოჯახის წევრები და მეგობრები როგორ შეხვდნენ ამ ფაქტს? გვერდში გიდგანან?
- კი, ყველას მაგრად გაუხარდა. ოჯახის წევრები არ ელოდნენ, მეგობრებს კი ჯეროდათ რომ მოვიგებდი.
- შენს გამარჯვებას ხალხის ნაწილისგან აგრესია და არაადეკვატური რეაქცია მოჰყვა, რადგან ზოლტარიოვი ხარ, დედის და მამის მხრიდან უცხოელი, ამ ფაქტს როგორ შეაფასებ?
- ხო, ნაწილს მაგრად არ გაუსწორდა ჩემი გამარჯვება, იმასაც ამბობდნენ სომეხმა რატომ უნდა მოიგოს საქართველოშიო. რა სომეხი?! უბრალოდ რუსი ვარ ეროვნებით, საქართველოს მოქალაქე ვარ და საქართველოში ვცხოვრობ 20 წელიწადია. ძალიან გამიკვირდა ასეთი რეაქცია.
- როგორც ვიცი, ბათუმში საზღვაო აკადემიაში სწავლობ, როგორ ახერხებ მოდელის კარიერასთან სწავლისა და კალათბურთის შეთავსებას?
- კალათბურთს დიდი ხანია შევეშვი, რაც შეეხება სწავლას, ეგ ჩემს პროფესიასთან ოდნავ რთული შესათავსებელია, მაგრამ როგორღაც ვახერხებ.
- ხშირად ხარ არაფხიზელ მდგომარეობაში, შენს კარიერას არ უშლის ხელს ეს ფაქტი?
- (იცინის)არა არ უშლის. ისე რატომ უნდა შეუშალოს?! ჩემს სფეროში მხოლოდ გარეგნობაა საჭირო და ასეა თუ ისე, გარეგნობას თქვენც ხედავთ, როგორიც მაქვს.
- მარიტა როხვაძესთან რა ურთიერთობა გაქვს? ერთმანეთი "ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯიას" ღონისძიებაზე გაიცანით?
- (იცინის) მაშინ გავიცანით ერთმანეთი, ჩვენ უბრალოდ კარგი მეგობრები ვართ.
- ამბობენ, რომ სხვა ბიჭი მოსწონს და შენ ცალმხრივად ხარ შეყვარებული, ანუ ამ ინფორმაციას უარყოფ?
- კი უარვყოფ.
- რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში კონკურსში მონაწილეობის შემდეგ?
- ყველაფერი, თუმცა მე როგორიც ვარ ისეთი დავრჩი, თავში არ ამვარდნია, უბრალოდ გავიჩინე ბევრი ახალი მეგობარი, ხალხიც მცნობს ქუჩაში და მინდა, რომ საქართველოში უკეთ გამიცნონ, ამიტომ სულმოუთმენლად ველოდები ფინალს. რატომღაც მჯერა, რომ წარმატებას მივაღწევ.
- გამარჯვების შემთხვევაში რას გეგმავ? როგორი წარმოგიდგენია შენი მომავალი?
- მოგების შემთხვევაში აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვლება.
მარიამ კაკაურიძე
