09 მაისი, 2013
გოგა ხაინდრავა: ''ვიცი, ამის გამო ჩემზე იტყვიან, ხაინდრავა აგრესიულია და ადამიანები არ უყვარსო''
რატომღაც არ მახსოვს კულტურის მოღვაწეების შფოთვა, ლადო ვარძელაშვილი და გოკა გაბაშვილი რომ ჰყავდათ მინისტრად, რომელთაც ''თხა და გიგო'' არ ჰქონდათ წაკითხული, ან თუ ჰქონდათ წაკითხული, უკუღმა. ''ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ საზოგადოებას იმედი მიეცა, ამას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ... ახლა მნიშვნელოვანია, ქვეყანა როგორმე იმ ტოტალური აზროვნებიდან გამოვიდეს და თავისუფლად ფიქრი ისწავლოს. ამას დრო სჭირდება და ერთი ხელის მოსმით არ ხდება, ამიტომ არც იმის იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ერთბაშად შეიცვლება, თუმცა უნდა შეიცვალოს'', - ამბობს რეჟისორი გოგა ხაინდრავა.

-
როგორც იქნა, დავინახეთ და ხალხმა გაიაზრა, რომ სახელმწიფო არის ადამიანისთვის და არა ადამიანი სახელმწიფოსთვის. 70-წლიანი მონობის შემდეგ, მომდევნო ხელისუფლებებსაც, მათ შორის პირველ ხელისუფლებასაც, ისეთივე იდეოლოგია ჰქონდა, როგორიც კომუნისტებს, ტოტალურ მმართველობას ვგულისხმობ. იმ წლებში ადამიანი ჩაგრულის როლში იყო, სახელმწიფო კი - მონსტრის. ახლა თანდათან მივდივართ იმ პროცესისკენ, როდესაც ხელისუფლება ხალხის სამსახურში იქნება. ამას მაშინ მივხვდი, როდესაც ევროსაბჭოს ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლას ვუსმინე. ამ ადამიანს სახელმწიფოებრიობის განცდა აქვს. ერთადერთი, რაც ახლა ევროპას გვაშორებს, სიდუხჭირეა.
- წინ გვაქვს საპრეზიდენტო არჩევნები, რომელში მონაწილეობას გეგმავს ნინო ბურჯანაძე; ''ნაციონალური მოძრაობა'' რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს, არც კოალიციას ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი...
- წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ნინო ბურჯანაძეს გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვს. არც ''ნაციონალების'' მედროშე გიორგი ვაშაძეს აქვს რაიმე შანსი, რომელიც ვითომ ახალ პოლიტიკურ სახედ წარმოჩენას ცდილობს და არც ვანო მერაბიშვილს. საერთოდ გაუგებარია, რა სინდისით აყენებს კანდიდატურას გია ბარამიძე. მე ერთ-ერთი ვარ, რომელმაც მისი ''გმირობების'' შესახებაც კარგად ვიცი და ნებისმიერ დროს შემიძლია ავუხსნა, რატომ არ იმსახურებს საქართველოს პრეზიდენტობას... არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ უახლოეს მომავალში პროკურატურას მათ მიმართ კითხვები ექნება. ვინც უნდა წამოაყენონ ნაციონალებმა, ''ქართული ოცნების'' კანდიდატურა, ვინც უნდა იყოს ის, სრულიად უალტერნატივოა.
- ასეთი პოლიტიკური რეალობა, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელოა...
- ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ ეს ნორმალურია, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია დღევანდელი რეალობა. ერთპარტიული სისტემა დაუშვებელია, მით უმეტეს, როდესაც ქვეყანას ერთპიროვნული ლიდერი მართავს, მაგრამ იმედი მაქვს, ბიძინა ივანიშვილი ამას სათავისოდ არ გამოიყენებს, ის არ მიეკუთვნება ამ კატეგორიას. და კიდევ, იმის იმედიც მაქვს, რომ კოალიციის შიგნით სრულიად სხვადასხვა მსოფლმხედველობის სუბიექტები არიან გაერთიანებული, დადგება დრო და ისინი ერთმანეთთან პაექრობას დაიწყებენ.
- შეიძლება, დავითაშვილის აქტიურობა ამის დასაწყისად ჩაითვალოს?
- არა მგონია, დავითაშვილი სუბიექტი არ არის, ის ერთი მოთამაშეა, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებისთვის საჭირო ხდება. მის უკან არასდროს მდგარა რომელიმე პოლიტიკური პარტია და არც ახლა დგას. ასევე აბსურდია ვითომ ''ეროვნული ფორუმის'' ცალკე პოლიტიკურ სუბიექტად არსებობა. ვერ ვხვდები, სად და რა ფორმით არსებობს ''ფორუმის'' ვითომ გაერთიანება. უბრალოდ, მისი წარმოჩენა ხდებოდა იმ მასშტაბით, როგორიც არასდროს ყოფილა და ამან გარკვეული შთაბეჭდილება შექმნა. ნორმალური პოლიტიკური განვითარებისთვის აუცილებელია ორი-სამი პოლიტიკური პარტია, რომელიც ერთმანეთს გააკრიტიკებს. ბოლო დროს საინტერესო გახდა კახა კუკავას პოლიტიკური პერსონა, მან ნაძალადევში თვითმმართველობის არჩევნებში საკმაოდ ნორმალური შედეგი მიიღო. მე ვეთანხმები კახას, როდესაც სრულიად საფუძვლიანად ამბობს, პოლიტიკური ოპოზიცია ''ნაციონალური მოძრაობა'' არ არისო. ის ჯერჯერობით სუსტია, პირველ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ წარმატებისკენ სწორად მიიწევს. ''ნაციონალებს'' ერთადერთი სახელისუფლებო ბერკეტი შემორჩათ, რადგან რეგიონების გუბერნატორები ჯერ მათი თანაპარტიელები არიან, ''ნაციონალია'' ქალაქის მერი და მისი გავლენის ქვეშ არის უამრავი გამგეობა და საკრებულო. ისე კი, ''ნაციონალების'' ლიდერებსა და მათთან დაახლოებულ სხვა პირებზე გამოქვეყნებულმა მასალებმა დაგვანახვა, თუ როგორ, უკაცრავად ჟარგონისთვის, მაგრამ ''გულაობდნენ'' ბიუჯეტის ხარჯზე. ვიცი, ამის გამო ჩემზე იტყვიან, ხაინდრავა აგრესიულია და ადამიანები არ უყვარსო, მაგრამ მაინც ვიტყვი, იმ კადრების შემდეგ თავმოყვარე საზოგადოება და მასმედიაც მათ ოპოზიციად კი არ მოიხსენიებდა, უბრალოდ, დაივიწყებდა.
- გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, ერთ-ერთ მინისტრთან კითხვები არსებობსო, სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომა მოჰყვა... თქვენი აზრით, რა გახდა ამის მიზეზი და დანარჩენი მინისტრების მუშაობას როგორ შეაფასებდით?
- ჩვენ ძალიან დიდ დროს ვხარჯავთ პოლიტიკურ თემებზე მარჩიელობაზე; ვინ აითვალწუნა ბიძინა ივანიშვილმა და ვისი მოხსნა გადაწყვიტა... რაც მალე დავივიწყებთ მინისტრების გვარებს, უკეთესი იქნება ჩვენთვის. ისინიც უფრო ხარისხიანად იმუშავებენ და იქნებ, ჩვენც ვისწავლოთ ისე ცხოვრება, რომ ვიღაცების პირადი ამბები არ გვაინტერესებდეს...
- მინისტრის გადადგომა პირადი საქმე არ არის, ბატონო გოგა...
- კი ბატონო, მაგრამ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, იტალია იქნება თუ საფრანგეთი, ბელგია თუ პოლონეთი, მთელ ცხოვრებას ისე ატარებენ, არც კი იციან, რამდენი მინისტრი ჰყავდა ამა თუ იმ სფეროს...
- იქ არ არსებობს ის პრობლემები, რაც საქართველოში...
- მაინც რა პრობლემები გვაქვს ისეთი, მუდმივად მინისტრებზე რომ ვლაპარაკობთ?!. პირადად მე, სულ არ მაინტერესებს, რომელ მინისტრს მოხსნის ან დატოვებს ბიძინა ივანიშვილი, მთავარია, საქმე გაკეთდეს. რამე შეიცვალა წინა ხელისუფლების პირობებში ჩვენი პროტესტის მიუხედავად, როდესაც ამა თუ იმ სამინისტროსა და მისი ხელმძღვანელობის მუშაობა არ მოგვწონდა?.. რატომღაც არ მახსოვს კულტურის მოღვაწეების შფოთვა, ლადო ვარძელაშვილი და გოკა გაბაშვილი რომ ჰყავდათ მინისტრად, რომელთაც ''თხა და გიგო'' არ ჰქონდათ წაკითხული, ან თუ ჰქონდათ წაკითხული, უკუღმა. რურუა იყო კულტურის მინისტრი, რომელიც ქართული კულტურისგან ისე შორსაა, როგორც ცა და დედამიწა. გამახსენეთ ერთი აქცია მაინც, რომელიც კულტურის მოღვაწეებს გაუმართავთ, არ შეიძლება ნიკა რურუა კულტურის მინისტრი იყოსო, პირიქით, ისხდნენ და ფიქრობდნენ, როგორ შემძვრალიყვნენ მასთან...
- ეს ვის ეხება?
- ვინც შეძრომას აპირებდა... კულტურული ელიტის ნაწილი შეძვრა და მშვენივრადაც თანამშრომლობდა მათთან. გადახედეთ პრესას, ეს კორიფეები როგორ ოსტატურად იმართლებენ თავს ახლა, მთლად ისეც არ ვყოფილვარ ''ნაციონალებთან'' ჩახუტებული, 1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი შემოვხაზეო. იმას კი არ ნანობენ, კაციჭამიებს ვეგუებოდითო, ახალ ხელისუფლებასთან მისასვლელ გზებს ეძებენ. ეს მხოლოდ კულტურის სფეროს არ ეხება, ვერა ქობალია გვყავდა ეკონომიკის მინისტრად, მეპურე, ისიც კაცმა არ იცის, რა ხარისხის და რა ცოდნის, მაგრამ იგუა ქართულმა ეკონომიკურმა სივრცემ და ახლა ჰყვებიან ''დრამებს'', თუ როგორ აძრობდნენ რამდენიმე ფენა ტყავს. ბენდუქიძე გვყავდა ეკონომიკის მთავარ იდეოლოგად, რომელიც მოზარდების აზროვნებას აბინძურებდა თავისი საზიზღარი მრწამსით და ადამიანებისადმი დამოკიდებულებით. როგორ ეგუებიან დღემდე თბილისელები უგულავას დედაქალაქის მერად ყოფნას? გინახავთ ერთი აქცია, თუნდაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოწყობილი, უგულავა გადადგესო?.. მუდმივად გვესმოდა, შეშინებულია ხალხი და ქუჩაში გამოსვლას ვერ ბედავსო. ახლა ხომ აღარ არიან შეშინებული?.. უკაცრავად, მაგრამ ამას შიში კი არა, მონობა ჰქვია... ათასობით ადამიანი გამოვიდა 19 აპრილს პარლამენტის წინ, ამ რაოდენობას პირობითად ვამბობ, მაგრამ 5 კაციც რომ შეკრებილიყო, ეს ხალხი იმ ადგილას იდგა და ტაშს უკრავდა იმათ, ვინც შარშანწინ თავისუფლების მოედანზე ხალხი უმოწყალოდ ჩახოცა, წელს კი ეროვნული მოძრაობის ახალი ტალღის დაწყებას აანონსებენ.
- შესაძლოა, ''ნაციონალურმა მოძრაობამ'' ერთი აქამდე სრულიად უცნობი კანდიდატიც გამოაჩინოს...
- დიახ, ''ანჟელა'', იგივე ბატონი გიორგი მაზმანიანი. სწორედ მის გამო მოხდა მთავარი დაპირისპირება 19 აპრილს ''ნაციონალურ მოძრაობაში''. ვანო მერაბიშვილს უნდოდა, სააკაშვილისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა და პირდაპირ აქციაზე დაეანონსებინა, რომ ის იქნებოდა პრეზიდენტობის კანდიდატი, მაგრამ გაირკვა, რომ სააკაშვილს ამ პოსტზე ''ანჟელა'', იგივე გიორგი მაზმანიანი უნდოდა. რა მნიშვნელობა აქვს, როგორი პოლიტიკური წარსული აქვს ან აქვს თუ არა საერთოდ პოლიტიკური წარსული, მთავარია, სააკაშვილს ასე უნდა.
- მისი კანდიდატურა დღემდე აქტუალურია?
- დიახ, რატომაც არა? რა განსხვავებაა გია ბარამიძეს, ვანო მერაბიშვილსა და გიორგი მაზმანიანს შორის? მათ ერთნაირი მსოფლმხედველობა აქვთ, თუ იმ ორი კანდიდატურის წამოყენება შეიძლება, მაზმანიანმა რა დააშავა?..
- ბატონო გოგა, ვიცი, დასასრულს უახლოვდება დოკუმენტური ფილმის ''კართაგენი უნდა დაინგრეს'' გადაღება...
- დიახ, მინდა, მაყურებელმა ეს ფილმი 26 მაისს ტელეკომპანია ''მეცხრე არხზე'' ნახოს. ეს სიმბოლური იქნება. მერვე თვეა, ამ ფილმზე ვმუშაობთ. ტექნიკური საკითხებიღა დაგვრჩა მოსაგვარებელი, რომელსაც ყველაზე მეტი თანხა სჭირდება... სამწუხაროდ, დღეს საქართველოში დოკუმენტური ფილმის მნიშვნელობა არ ესმით, რადგან ის გროშები, რაც ფილმისთვის იყო გამოყოფილი, ჩემს ჯგუფს მხოლოდ ორი-სამი თვის განმავლობაში სჭირდებოდა. სამწუხაროა, რომ ადამიანს ან არ ესმის, ან არ უნდა გაიგოს ასეთი პერსონის მნიშვნელობა საქართველოს ცხოვრებაში. ბევრი რამ შევძელი, ბევრი - ვერა, რადგან ფინანსური პრობლემები შეგვექმნა.
- ვინ დააფინანსა ფილმის გადაღება?
- ტელეკომპანია ''მეცხრე არხმა'', მაგრამ ძალიან ვწუხვარ, რომ ადამიანებს არ ესმით, წუთნახევრიან სარეკლამო რგოლსა და საათნახევრიან დოკუმენტურ ფილმს, თანაც მერაბ კოსტავაზე, ერთი და იგივე თანხა არ ეყოფა... მერაბ კოსტავა საქართველოსთვის მოსეა, რომელმაც თავისი მართლაც რომ მოწამეობრივი ცხოვრებით ქართველი ერი დამოუკიდებლობამდე მიიყვანა, თავად კი ასეთ საქართველოში ცხოვრებას ვერ მოესწრო. მას დაბადებიდან თან სდევდა განსაცდელი. როდესაც დაიბადა, დედამისს ტუბერკულოზი ჰქონდა და შვილი მისგან მოშორებით იზრდებოდა. ისე რომ, დედა მოდიოდა და შვილს შორიდან უყურებდა... მე ვესაუბრე იმ ადამიანებს, რომლებიც მერაბის გატეხას ცდილობდნენ. მათ ეს დავალებული ჰქონდათ, მაგრამ ვერ შეძლეს. 60 წლის ვხდები მალე და არც მახსოვს, ბოლოს როდის ამიჩუყდა გული. ძალიან მაწუხებს, რომ საქართველო კარგად არ იცნობს მერაბს. მხოლოდ ზვიად გამსახურდიას თანამოაზრე ჰგონიათ და მორჩა. არადა, ისინი თანამებრძოლები იყვნენ და არა თანამოაზრეები, ასე რომ ყოფილიყო, მერაბი 11 წელი იხდიდა სასჯელს, ზვიად გამსახურდია კი მხოლოდ 11 თვე.
- ეს მათი ერთობლივი შეთანხმებით გადაწყდა...
- ვერ დაგეთანხმებით, ისინი სხვადასხვანაირად ხედავდნენ ცხოვრებას. მერაბი თავგანწირვის სიმბოლოა. საზოგადოებამ კი მისი განსაცდელი ზვიად გამსახურდიას მიაწერა.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნიკა
აუ რა აუტანელი ნარკუშაა.. ჰკითხეთ აბა რაზე დაგაკავა ოსეთში იქაურმა პოლიციამ და კოკოითს რომ მიჰგვარეს რა გეწყო ჯიბეებში-თქო.. ისიც ათქმევინეთ როგორ დაგიხსნა მერაბიშვილმა ოსეთიდან, რომ არ გაბაზრებულიყო ნაკომანი მინისტრის გამოაშკარავება? ჰმ..
20:46 / 10-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კობა
ყველაზე დიდი პრობლემა ხალხის უმუშევრობაა ბ-ნო გოგა,როგორც კი სამუშაო გაჩნდება არავის აღარ ეცლება არც პოლიტიკისტვის და არც მინისტრებისტვის.ტქვენ საბჭოტა ტაობა ხარტ და გემახსოვრებატ კარგად ვინც მუშაობდა იმას აღარ ეცალა გარე-გარე სირბილისატვის.ამიტომ უნდა გამოცხადდეს საყოველტაო ტოხობა და ყველა პრეზიდენტი ტუ დეპუტატი უნდა დასაქმდეს.პრეზიდენტმა და პრემიერმაც მაგალიტი უნდა მისცეს ხალხს.კ
19:04 / 10-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS