მუსიკოსი ზაზა მარჯანიშვილი ამერიკაში ყოფნის პერიოდში ცდილობდა, ყველა ბინაში, სადაც ცხოვრობდა, ჰქონოდა
შეხვედრისას იმ კედლის ფოტოს გვაჩვენებს, რომელზეც სათავეში ვაჟა-ფშაველაა. იქვე არიან სხვებიც: გოდერძი ჩოხელი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გურამ რჩეულიშვილი, გურამ დოჩანაშვილი, ზურა ყიფშიძე, ნინო ანანიაშვილი, გალაკტიონი, სოფიკო ჭიაურელი, გია ყანჩელი, ტიციანი, თემურ ჩხეიძე, რეზო ესაძე, დათო ტურაშვილი, ფიროსმანი, ავთო ვარაზი, რობერტ სტურუა... ამბობს, რომ ამ ადამიანთა გვერდით დღეს ჯემალ ქარჩხაძის ფოტოსაც დაკიდებდა. მას პირადადაც იცნობდა და 60-იან წლებში მწერლისგან საჩუქრად წიგნიც აქვს მიღებული...
- ბავშვობაში არის გამორჩეულად ერთი ადამიანი მაინც, ვინც მიგვითითებს, რა ვიკითხოთ.
- ჩემთვის ასეთი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გია ჭანტურია იყო. ის ჩემი დეიდაშვილი გახლდათ, 9 წლით ჩემზე უფროსი. ''ლურსმანას თავგადასავალი'' , ''ბიბლიური თქმულებები'' და სხვა ყველაფერი მისი რჩევით წავიკითხე. წიგნებს ნელ-ნელა მაწვდიდა.
- დამოუკიდებლად წაკითხულ პირველ წიგნად ბევრი ''ტომ სოიერის თავგადასავალს'' მისახელებს. თქვენიც ეს იყო?
- არ ვიცი, მაგრამ ის მახსოვს, რომ ამ წიგნის კითხვა მეზარებოდა. რთულად იკითხებოდა ჩემთვის. შეიძლება იმიტომ, რომ თარგმანი იყო რთული. თან, იმდენად შორს იყო ამერიკული ფსიქიკა ჩვენგან, მით უფრო, ჩემი ბავშვობის დროს, რომელიც 70-იან წლებს მოიცავს, რომ, ფაქტობრივად, წიგნის ემოციურ მომენტებს ვერ ვიგებდი. ამერიკაში რომ წავედი, იქ კიდევ უფრო მეტად დავინახე, როგორი რადიკალური სხვაობაა ჩვენ შორის. მაგალითად, ჩემს ბავშვობაში უხერხული იყო, ვინმესთვის დაგერეკა და გეთქვა, რომ მასთან სტუმრად მისვლას აპირებდი, რადგან ის უნდა გაქცეულიყო ბაზარში, დაეკლა ქათამი და ამიტომ, ეს რომ აგვეცილებინა, პირდაპირ მივდიოდით მასთან. ეს ამერიკელისთვის აბსოლუტურად მიუღებელი საქციელია, სტუმრობას თუ აპირებ, უნდა დაურეკო და ჰკითხო, სცალია თუ არა მას შენთვის. ეს შეიძლება, ძალიან ბანალური შედარებაა, მაგრამ სხვაობა ბევრ რამეში მაქვს დაჭერილი. აქედან გამომდინარე, ზოგადად საზღვარგარეთული ლიტერატურის კითხვისას, თუ სათავგადასავლო ჟანრი არ არის, ან ისეთი მარტივი სიუჟეტი არ აქვს როგორიც ვთქვათ, პრინცმა პრინცი გადაარჩინაა, მაშინ ბევრ რამეს ვერ გაიგებ. უმჯობესია, შენც იმავე საზოგადოების წევრი იყო, რომელიც წიგნშია აღწერილი. მუსიკოსი ვარ და ცოტა თემიდან გადავუხვევ. ძალიან მიკვირს ქართველების, რომლებსაც უყვართ ბობ დილანი. როგორ შეიძლება, ბობ დილანი გიყვარდეს და არ ცხოვრობდე ამერიკაში?! ბობ დილანი სოციალური მოვლენაა და არა მუსიკოსი. ის პოეტია და საოცარი ლექსები, რომლითაც ის ბობ დილანი გახდა, დაიწერა იმ სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ამერიკამ გასულის საუკუნის 60-70-იან წლებში გადაიტანა. ფაქტობრივად, ის იყო თავისი ქვეყნის ცოცხალი მემატიანე, რაც ჩვენ არ გადაგვიტანია და ის ჩვენთვის გაუგებარიც უნდა იყოს.
- პროფესიიდან გამომდინარე, ალბათ ბევრი მუსიკოსის ბიოგრაფიას ეცნობოდით...
- დიახ. ჩემი აზრით, დიდი ადამიანების ბიოგრაფიები ადამიანთა გაზრდის ერთ-ერთი ფორმაა. ასეთი წიგნები ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა. ასე რომ, კი, მართალი ბრძანდებით, მსგავსი ლიტერატურა ბევრი წამიკითხავს, მაგრამ არა მხოლოდ მუსიკოსების.
- წიგნის ჩუქების ტრადიცია თუ გაქვთ?
- არა. ვერ ვიტან წიგნის ჩუქებას, რადგან მენანება. მაქვს რამდენიმე ერთნაირი ან სხვადასხვა გამოცემის ერთი წიგნი, მაგრამ რისი ძუნწიც ვარ, ეს წიგნებია. შემიძლია, მეგობარს დისკი ვაჩუქო, ძველი ფირფიტა, რამე მუსიკალური ნივთი, მაგრამ წიგნის ჩუქება არ მინდა. თუ ვაჩუქებ, მერე ვნანობ (იღიმის).
- ავტორთა ნაჩუქარი წიგნებიდან რომელია თქვენთვის გამორჩეულად ძვირფასი?
- ყველა. ჩემს კომპოზიციებს შვილებს ვეძახი. ასეთივე პრინციპით ვუყურებ მწერლების მიერ ნაჩუქარ წიგნებს, განცდა მაქვს, თითქოს შვილი მაჩუქეს.
- დამისახელეთ თქვენი საყვარელი პერსონაჟები ლიტერატურიდან...
- ასეთი ძალიან ბევრია. მაგალითად, გურამ დოჩანაშვილის ''კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა'' . ინტერვიუერი როცა ეკითხება, თქვენი საყვარელი წიგნები დამისახელეთო, ვასილ კეჟერაძე მიუბრუნდება თავის თანაშემწე კლიმს და საათს ეკითხება. ის პასუხობს, სამს ჩარექი უკლიაო. ფოტოგრაფი ინტერვიუერს ეტყვის, დღეს ვეღარ მოვასწრებთ ჩამოთვლასო. მეც დაახლოებით ასეთ სიტუაციაში ვარ ახლა და ალბათ, ჯობს, თავი შევიკავო (იღიმის).
- შეგიძლიათ დამისახელოთ ავტორი, რომელიც ბოლო პერიოდში თქვენთვის აღმოჩენა გახდა?
- აღმოჩენა ''დიდი'' სიტყვაა და არ მინდა, ამ მხრივ მივუდგე. თუმცა, არ ვიტყვი, რომ ასეთი ავტორები არ არსებობენ, უბრალოდ, შესაძლოა, მე ვერ შევხვდი მათ ჩემი მოუცლელობის, საქართველოში არყოფნისა და სამუშაო გრაფიკის გამო. ამერიკაში ცხოვრების ისეთი ტემპი მქონდა, რომ ზოგჯერ რამდენიმე თვის განმავლობაში დღეში 18-20 საათს ვმუშაობდი. ამის შემდეგ რთულია წამოწვე და წიგნი გადაშალო. როგორც კი ვწვებოდი, მაშინვე მეძინებოდა. ამ შეკითხვასთან დაკავშირებით ერთ შემთხვევას გავიხსენებ: კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესთან ახლოს, დავესწარი კარლოს კასტანედას ძალიან საინტერესო ლექციას. იმ დღის შემდეგ ის მალე გარდაიცვალა. მსოფლიო დონის ფილოსოფოსს რომ მოვესწარი, ძალიან სასიამოვნო ფაქტია.
- კასტანედა თავის ნაწარმოებებზე საუბრობდა?
- არა, სულიერებასა და განზოგადებულ თემებზე. ღია ცის ქვეშ დაახლოებით 20 ათასი კაცი მაინც იქნებოდა შეკრებილი და მის საუბარს ისმენდა. ის შეკითხვებსაც პასუხობდა. ეს შემთხვევა დაახლოებით იგივეა, როგორც ვიღაცისთვის ''ბითლზის'' კონცერტზე დასწრება.
- პრესაში დაბეჭდილ მცირე მოთხრობებს თუ კითხულობთ, ან რომანებს, რომლებიც ყოველთვე გაგრძელებებით, ჟურნალებში ქვეყნდება?
- უწინ ძალიან მიყვარდა ''ცისკარი'' , ''მნათობი'' და სხვა ჟურნალები. მარიკუნას, ჩემს მეუღლეს (მარინა სალუქვაძე,- ავტ), წყნეთში საოცარი სახლი აქვს, რომელიც 50-იან წლებშია აშენებული. ერთ-ერთ ასვლაზე იქ 200-მდე ''ცისკარის'' ნომერს შემთხვევით წავაწყდი და ძალიან გამიხარდა. თან, იმ ჟურნალებს საოცარი სუნი ჰქონდა. მარიკუნას ოჯახმა ''ცისკრის'' ნომრები ზაფხულში წასაკითხად აიტანა და ვფიქრობ, სწორადაც გააკეთეს, რადგან მშვენიერი საკითხავია და ვისიამოვნე. საერთოდ, წიგნის სუნი ძალიან მიყვარს.
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















