27 სექტემბერი, 2016
"როცა ვახარებ ფერად ყვავილებს, ეს ჩემი ლოცვაა" - ნათია ფანჯიკიძის ყვავილებით სავსე აივანი, რომლებსაც თავად უვლის და ამრავლებს
"შინს" ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ ულამაზეს აივანზე უმასპინძლა და მისი ყვავილებით გატაცების შესახებ გვესაუბრა. სახლში ისეთივე თბილი, სასიამოვნო და ლამაზი გარემოა შექმნილი, როგორიც მისი დიასახლისია. აივანი, ფანჯრის რაფები, ოთახები ათასფერად მოღიმარი და თვალწარმტაცი ყვავილებითაა დაფარული. ქალბატონი ნათია თითოეულ მცენარეს თუ ყვავილს მისი ცხოვრების ნაწილად აღიქვამს და აღნიშნავს, რომ ეს ფერადოვანი გარემო სიხარულს და ბედნიერებას ანიჭებს.

- ბავშვობიდან ბაბუას გავლენა იყო ბუნებასთან ჰარმონიის განცდა. ბაბუა, ვანო ფანჯიკიძე იყო თბილისში ცნობილი პედაგოგი, რომელიც 60 წლიდან გავიდა პენსიაში და
მთლიანად ჩაეფლო თავის საყვარელ სამყაროში - მგალობელი ფრინველების მოვლა, გამრავლება, აკვარიუმები, ძაღლი, მცენარეების დამყნობა, დარგვა... წიგნიც კი აქვს დაწერილი მგალობელი ფრინველების მოვლის წესებზე. მას ესმოდა ყველა სულდგმულის ენა. ის იყო ზღაპრის გმირივით საოცარი ბაბუა, რომელმაც ყველაზე მეტი როლი შეასრულა ჩემი სულის ფორმირებაში. ახლა გავიაზრე, რომ უნებლიედ მისი ზოგიერთი ქცევის კოპირებასაც ვახდენ; მეც მასავით 60 წლის ვაპირებ გავიდე პენსიაში, თუმცა მისგან განსხვავებით, მინდა გადავსახლდე რაჭაში. ბაბუა დიდი ხნის გარდაცვლილია, მაგრამ მისი დარგული ხეივნის ვარდი დღესაც ცოცხლობს რაჭაში. ერთი ამონაყარი წელს წამოვიღე. აივანზე მინდა ქოთანში გავახარო.

მეორე მხრივ, განცდა მაქვს, რომ ყვავილები, მცენარეები და პატარა ჩიტები სამოთხის ბაღის ნარჩენებია დედამიწაზე, ალბათ იქიდან გამოვიყოლეთ სამახსოვროდ და სულ მგონია, რომ მცენარეები ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დასტურია ღვთის არსებობის. როცა ვახარებ ფერად ყვავილებს, ეს ჩემი ლოცვაა, ღვთის სადიდებელი.

ყვავილები ჩემს ყველაზე საუკეთესო ფიქრებს ჰგვანან და მათსავით სურნელოვანი არიან. მათ აღვიქვამ, როგორც ჩემთან მთლიანებს. სილამაზე ცხადია, ანტიდეპრესანტია. ფერებს კი თავისი ენერგია აქვს, რომელიც ადამიანის არაცნობიერში ტვირთავს განწყობას, ასტიმულირებს ფსიქიკას. ამ ფერადოვნებას მოაქვს სიხარულის, ყველაზე ფაქიზი გრძნობების დაცულობის გრძნობა.

- ბევრი მოყვარული მეყვავილე ამბობს, რომ მცენარეებს ადამიანის ესმით. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
- ეს უბრალოდ, მარტივად ასეა: ყვავილი ხომ ცოცხალია? ის სუნთქავს, ის გხედავს და გისმენს. ყვავილებს უყვართ კარგი მუსიკის მოსმენა, ამიტომ ხშირად მათ ბრაზილიური ბოსანოვას ფონზე ვრწყავ ხოლმე. ბოსანოვასი იმიტომ, რომ კომფორტული, საცეკვაო მუსიკაა, არც გადაჭარბებული გრძნობა და არც აგრესიული ნოტებია ამ მუსიკაში. მეც ცეკვა-ცეკვით დავატარებ ექვსლიტრიან სარწყავს წინ და უკან.

- როდის დაიწყეთ ყვავილების გახარება?
- პირველი ყვავილი ბავშვობაში მქონდა. მომთაბარე ცხოვრების გამო სხვადასხვა ადგილას მიწევდა მცენარეების დატოვება. ნიუ-იორკიდან ჩამოვსახლდი 2010 წელს, ამდენად, ჩემი ამჟამინდელი სახლის ბაღი დაიბადა ამავე წელიწადს. იხილეთ სრულად + ფოტოგალერეა
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS