თამარ ჩიჯავაძე შოთა ნიშნიანიძის მეუღლეა, რომელიც ქმრის გვერდით 43 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. სწორედ მან გამოგვატარა პოეტისა და თავისი, ასევე ერთობლივი ცხოვრების გზა...
ალბათ შეუდარებელი შეგრძნებაა, როდესაც შენთვის საყვარელი ადამიანი ლექსს გიძღვნის და
თამარ ჩიჯავაძე შოთა ნიშნიანიძის მეუღლეა, რომელიც ქმრის გვერდით 43 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. სწორედ მან გამოგვატარა პოეტისა და თავისი, ასევე ერთობლივი ცხოვრების გზა...
ორი დედა
შოთა ნიშნიანიძე თბილისში, პლეხანოვზე, ''დინამოს'' სტადიონთან ახლოს დაიბადა და იქვე იზრდებოდა. მამა - სამხედრო მოსამსახურე, ხოლო დედა დიასახლისი იყო. 5 წლისას მამა გარდაეცვალა და ქალი სამ ვაჟიშვილთან: შოთასთან, გოგისა და ოთართან ერთად დარჩა. ძალიან უჭირდათ. ქალს შვილების აღზრდაში უფროსი და ეხმარებოდა.
ბოლოს შოთა იშვილა კიდეც და თავისთან გადაიყვანა. დედობილი დიასახლისი გახლდათ, ხოლო მამობილი - თბილისში რესტორნის მფლობელი. მომავალ პოეტს, ფაქტობრივად, ორი დედა ჰყავდა და ორივეს ''დედას'' ეძახდა.
გამზრდელები გვარად მამაგეიშვილები იყვნენ. შოთა ამ გვარზე მაშინ გადავიდა, როცა სკოლაში მეცხრე კლასში სწავლობდა. მისი ლექსები პირველად რომ დაიბეჭდა, მაინც თავის ნამდვილ გვარს აწერდა. ნიშნიანიძის გვარი კი მაშინ აღიდგინა, როცა უკვე მეუღლეც ჰყავდა და შვილიც...
ცელქი ბავშვი ყოფილა. გამორჩეულად უყვარდა ქართული და ისტორია. ჭიდაობას თავი მას შემდეგ დაანება, რაც მხარი დაიზიანა. ფეხბურთიც უყვარდა და თავადაც მისდევდა. ერთ-ერთ გუნდში თავდაცვაში თამაშობდა და მეტსახელად ''ჟელეზნაია სტენკას'' ეძახდნენ. 37-ე სკოლაში სწავლობდა და იქ სხვა ბავშვებს შორის შოთას ფოტოც იყო დაფაზე გამოკრული.
პოეტური ნათლობა
მისი პირველი სტრიქონები არასოდეს დაბეჭდილა. სკოლის პერიოდში მეგობრების თხოვნით მათ სასიყვარულო ლექსებს უწერდა, რომ იმ სტრიქონებით თავი შეყვარებულებისათვის მოეწონებინათ. ბარათაშვილის იუბილესთან დაკავშირებით, პედაგოგმა ბავშვებს ლექსები დააწერინა.
მათგან რამდენიმე ამოარჩია და მათ შორის იყო მორის ფოცხიშვილისა და შოთა ნიშნიანიძის ლექსები. ისინი მასწავლებელმა, ცნობილმა ლიტერატორმა იოსებ ჭალელიშვილმა ერთ-ერთ გაზეთში დასაბეჭდად წაიღო, მაგრამ უშედეგოდ - ამ მხრივ მაშინ არც ერთს გაუმართლა.
იმ დროისთვის შოთას დედობილთან მოსკოველი ბიძაშვილი ცხოვრობდა. მას ლიტერატურულ წრეებში ბევრი ნაცნობი ჰყავდა. ერთხელაც იოსებ ნონეშვილს შოთას ლექსები წააკითხა და მანაც ისინი ''ახალგაზრდა კომუნისტის'' რედაქციაში მიიტანა. ორი პატარა ლექსი გაზეთში დაიბეჭდა. შემდეგ იყო ''ლიტერატურული გაზეთი'' და მილოცვები, ასე დაიწყო და გაგრძელდა პოეტის შემოქმედებითი გზა...
გაცნობა
ეს ის პერიოდი იყო, როცა ქალები და ვაჟები ცალ-ცალკე სწავლობდნენ. ერთმანეთს ოლიმპიადაზე კლუბში შეხვდნენ. შოთა მეთერთმეტე კლასში სწავლობდა, თამარი მეათე კლასის მოსწავლე იყო. ''ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია, უბრალოდ, გავიცანით. მახსოვს, რომ შემოვიდა, ძალიან დიდი ბიჭი იყო, გავიფიქრე კიდეც, ეს რა დიდი კაცია-მეთქი. მე კი ძალიან პატარა ვიყავი და მოგვიანებით შოთა ამბობდა, მეგონა, ეს ბავშვი ვიღაცის მეზობელია და კლუბში კონცერტზე წამოიყვანაო.
შემდეგ საახალწლოდ შევხვდით. აი, სწორედ მაშინ დავილაპარაკეთ, მაგრამ რა თემაზე, არ მახსოვს, ჩვეულებრივად... მესამედ უკვე თავის მეგობარს გამოატანა პატარა რვეული, რომელშიც ლექსები ეწერა. ზოგს, ახალს, მე მიძღვნიდა, ზოგიერთი კი ჩემ გაცნობამდე ჰქონდა დაწერილი'' .
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ხვდებიან და იწყებენ ერთად ''სიარულს'' . იმხანად ეს ფრაზა ყველა შეყვარებულისთვის იყო ცნობილი და უბრალო შეხვედრებსა და სეირნობას გულისხმობდა, ავლა-ჩავლა მელიქიშვილზე რუსთაველის მიმართულებით და პირიქით. თუ ფული გამოჩნდებოდა, კინოთეატრშიც შეივლიდნენ. შეხვედრის ადგილი იყო საჯარო ბიბლიოთეკაც... მერე სტუდენტი გოგონა ტრამვაიში ჯდებოდა და შინ მიდიოდა. სტუდენტობა დასრულდა, მაგრამ ისინი მაინც არ იყვნენ ერთად. ელოდნენ, მატერიალურად გამართულიყვნენ და ისე შეექმნათ ოჯახი...
ოცწლიანი მოლოდინი.
თამარ ჩიჯავაძე 5 წლის იყო, როცა მამა 1937 წლის რეპრესიების დროს დააპატიმრეს და მხოლოდ 20 წლის შემდეგ შეძლო, საკუთარ ოჯახს დაბრუნებოდა. ცოლ-ქმარს გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული. თამარის დედა წლების განმავლობაში სკოლის დირექტორი გახლდათ, მაგრამ ქმრის დაპატიმრების შემდეგ გაათავისუფლეს და დამლაგებლად დაიწყო მუშაობა. სამ შვილს გაჭირვებით ზრდიდა.
ბალნეოლოგიურ კურორტზე დასალაგებლად დილით ადრე მიდიოდა. მაშინ ბავშვები ჯერ კიდევ არ იყვნენ ლოგინიდან წამომდგარნი და სახლში რომ ბრუნდებოდა, შვილები უკვე დაძინებული ხვდებოდნენ. სამივე წარჩინებით სწავლობდა. თამარმა სკოლა მედალზე დაასრულა, უგამოცდოდ მოეწყო და უნივერსიტეტში სტიპენდიანტი გახდა. თანხას დედას აძლევდა, რომ როგორღაც გვერდით დასდგომოდა და დახმარებოდა.
მამას გერმანელებთან კავშირში დასდეს ბრალი. მას წელიწადში მხოლოდ ერთი წერილის მოწერის უფლება ჰქონდა და მხოლოდ ამ გზით შეეძლოთ ახლობლებს, ოჯახის უფროსის მდგომარეობის შესახებ შეეტყოთ.
''25 წლის ვიყავი, მამა სახლში რომ დაბრუნდა. ის ჩემთვის უცხო ადამიანი იყო. თავდაპირველად შეგუება ძალიან გამიჭირდა. მისი სახე თითქმის დავიწყებული მქონდა... თუმცა მამა მაშინვე დავუძახეთ'' ...
ერთხელ შოთა ჩიჯავაძეების ოჯახში მივიდა სალაპარაკოდ, მაგრამ რამდენჯერაც რამის თქმა დააპირა, თამარმა იმდენჯერ გააჩერა. მანამდე უმცროს დას ძმა მიუხვდა, რა გრძნობა იყო მასა და შოთას შორის, მაგრამ თამარი არც ძმას გაენდო. ბოლოს თავად თქვა ოჯახში, რომ გათხოვებას აპირებდა.
ცოტა ხანში ჩიჯავაძეებთან პატარა სუფრა გაიშალა. შოთა დეიდასა და ბიძასთან ერთად ესტუმრა. ქორწილი არ გადაუხდიათ. ხელის მოწერასაც მხოლოდ შოთას ერთ ძმა დაე სწრო და ახალდაქორწინებულები თავთავიანთ სახლებში წავიდნენ. მხოლოდ ათი დღის შემდეგ შეძლეს ბორჯომში გამგზავრება.
შოთას პირველი წიგნის ჰონორარი ჰქონდა აღებული, ცოლს საათი უყიდა საჩუქრად, თავადაც რაღაც ნივთები შეიძინა და დანარჩენი ფული ''თაფლობის დღეს'' მოახმარა. ბორჯომიდან დაბრუნებულები კი შოთას პატარა ბინაში გადავიდნენ საცხოვრებლად. მოგვიანებით იმ ბინას პოეტმა სტრიქონებიც მიუძღვნა:
''ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს.
სამი ფანჯარა; მე, შენ და ბავშვი'' .
იმ ადგილს მაშინ მილიციის ქუჩა ერქვა, შემდეგ - ნაკაშიძის, ახლა კი შოთა ნიშნიანიძის სახელს ატარებს...
ფილოლოგების ოჯახი
ფილოლოგების ოჯახში დიასახლისი არ მუშაობდა. სტაბილური შემოსავალი არასოდეს ჰქონიათ, ჰონორარიდან ჰონორარამდე ცხოვრობდნენ. დაოჯახებიდან ერთ წელიწადში ნათია შეეძინათ. ცოლის ორსულობის დროს შოთას ქვიშხეთში პოეტ აკაკი გეწაძის ექვსი თვის გოგონა ჰყავდა ნანახი და შვილი რომ შეეძინა, გაიკვირვა, გეწაძის ბავშვი რა დიდი გოგონა იყო და ეს რა პატარააო.
მანამდე ცოლი სამშობიაროში ღამით მიიყვანა. ექიმებმა უთხრეს, ჯერ არა და კიდევ რამდენიმე ხანი არაფერი იქნება, ალბათ ხვალ 12 საათამდე სიტუაცია არ შეიცვლებაო. შოთას არც დაუცდია, სახლში წავიდა და მეორე დღეს ''დათქმულ დროს'' მივიდა სამშობიაროში. რამდენიმე წუთის შემდეგ ნათიაც გაჩნდა...
ბავშვობაში ქალიშვილისთვის ლექსი არ დაუწერია. ეს მოგვიანებით გააკეთა, გარდაცვალებამდე ორი-სამი წლით ადრე... ნათიას ბავშვობის მონატრება
''წითელქუდას შიშო...
სევდა წიქარულო,
შენც, შენც გიმეტებენ
მგონი თებერვლები.
ჩემო ბუტიავ და ჩემო სიხარულო,
ახლა დიდი ხარ და ვეღარ გეფერები.
ის დრო უზრუნველი,
ედემს გადარგული,
სიზმარ-მონატრებად
ბევრჯერ გადმოფრინდა.
ის დრო სამოთხეა
ჩემთვის დაკარგული
და მე დევნილი ვარ
ალბათ სამოთხიდან.
ვეღარ დაბრუნდება ჟამი შორებელი,
მე კი სადარდელი
თმაშიც გამომაშლის.
ოი, როგორ მინდა ისე მოგეფერო,
ისე გეთამაშო, როგორც ბავშვობაში.
ვით პატარა გოგოს,
დღით რომ ჭირვეულობს,
ძილში მოგეპარო, მოგესიყვარულო'' .
ნათია სამი წლის იყო, როცა შოთა ნიშნიანიძეს პავლოვის ქუჩაზე მწერალთა კავშირმა ერთოთახიანი ბინა მისცა. რამდენიმე წელიწადში ოროთახიან ბინაში გადაინაცვლეს - პლეხანოვზე. ერთოთახიან ბინაში რომ ცხოვრობდა, რასაკვირველია, ვერავინ შეუქმნიდა სამუშაო კომფორტს, სიჩუმეში მუშაობის ფუფუნება ვერ ექნებოდა.
ცოლ-შვილს უფრთხილდებოდა და ღამით ფურცელზე ისე წერდა, რომ ნათურას არ ანთებდა. მთვარის შუქზე დაწერილ სტრიქონებს დილით თავადაც ძლივს არჩევდა. მეუღლეს ფანჯრიდან რამდენჯერმე შეუნიშნავს ქუჩაში ქმარი, რომელსაც ისეთი სახე ჰქონდა, რომ აშკარა იყო, გონებაში ახალ სტრიქონებს თხზავდა. სახლში ამობრუნებული გონებაში წამოტივტივებულ წინადადებებს ფურცელზე ინიშნავდა.
''უწესრიგო კაცი იყო იმ მხრივ, რომ საკუთარ ნაწერებს არ უვლიდა. მაგიდაზე მიმობნეული ჰქონდა ფურცლები. თუ დაულაგებდი, არ მოსწონდა. მხოლოდ იმის იმედი ჰქონდა, რომ მე არაფერს გადავყრიდი. ის კი არა, იატაკზე მიმობნეულ, დაჭმუჭნულ ფურცლებსაც კი არ ვყრიდი და ვინახავდი'' .
არ უნდა, თავის ქებასავით გამოუვიდეს, მაგრამ ეს ოჯახის წევრებმაც იციან და მეგობარ-ახლობლებმაც, რომ შოთა თავის მეუღლეს თავის ''პირველ რედაქტორს'' ეძახდა: ''ლექსებს წასაკითხად რომ მომაწოდებდა, მეტყოდა ხოლმე, რაც არ მოგეწონება, დაუნდობლად წაშალეო...
თან დააყოლებდა, იცოდე, ფრთხილად იყავი, რამდენ სტრიქონსაც წაშლი, იმდენ მანეთს დაკარგავო. ეს იმიტომ, რომ მაშინ პოეტებს ჰონორარს სტრიქონების მიხედვით უხდიდნენ... დღეს ჩემს ამ საქციელს ვნანობ. ნეტა არ გადამეშალა, არ გადამეყარა და მოგვიანებით წიგნად შემეკრა სახელწოდებით ''დაწუნებული სტრიქონები'' .
მეუღლის აზრით ყოველთვის ინტერესდებოდა და შეფასებას სთხოვდა. ისიც კომპლიმენტებს არ იშურებდა და ეუბნებოდა, ხუთიანს გიწერო.
''ყველაზე მეტად მისი ლექსებიდან ''თევდორე'' მიყვარდა, ასევე ''როცა მე გარდავიცვალე'' , ''ამირანის ნათლობა'' , ''ხარი...''
წიგნად გამოსულ თავის კრებულებს ყოველთვის კითხულობდა. ერთ-ერთ ეგზემპლარს თავისთვის იტოვებდა და იქ ''მუშაობდა'' , აღნიშნავდა, რა მოსწონდა და რა - არა.
მის საყვარელ პოეტებს შორის იყვნენ: შოთა რუსთაველი, დავით გურამიშვილი, ვაჟა-ფშაველა და ნიკოლოზ ბარათაშვილი.
''ახლა მის ლექსებს სულ უფრო ნაკლებად ვკითხულობ. თუმცა არა მხოლოდ მათ, არამედ სხვა პოეტებსა და პროზაიკოსებსაც, მირჩევნია, ჟურნალ-გაზეთები ვიკითხო'' ... - მეუბნება ქალბატონი თამარი და მჩუქნის შოთა ნიშნიანიძის კრებულს, რომელშიც 100 ლექსია შესული.
43 წელიწადი ერთად
პოეტი საავადმყოფოში რომ მოხვდა, იქიდან ცოცხალი აღარ გამოუყვანიათ. ფეხბურთის დიდი თაყვანისმცემელი თავის პალატაშიც კი ფეხბურთის მატჩებს ადევნებდა თვალს და შეხვედრებს არ ტოვებდა. როცა დაავადება გამწვავდა, საყვარელი სპორტის სახეობის თვალის დევნებაც არ სურდა.
სიმსივნე... ავთვისებიანი... დაავადებამ მალე განიცადა პროგრესი. სახლი და საწოლი მომენატრაო, - ერთხელ თქვა და მართლაც გადაწყვიტეს, დროებით მაინც წაეყვანათ შინ, მაგრამ ვეღარ მოახერხეს. ერთ დღესაც გულმა უმტყუნა და...
დიაგნოზი ივნისში შეიტყვეს და სამ თვეში პოეტი უკვე ცოცხალი აღარ იყო. ცოლ-ქმარი 1956-დან1999 წლამდე ცხოვრობდა ერთად, ანუ 43 წელი, მაგრამ მაინც ასე ამბობდნენ, ნახევარი საუკუნეა ერთად ვართო. სამწუხაროდ, მათი სიტყვები არ გამართლდა და ვერც ჯვრის დაწერა მოახერხეს ''დაშორებამდე'' .
შოთა ნიშნიანიძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















