- შემოქმედებაში ახალი არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ პირველკურსელთათვის გამართულ კონცერტებში ვმონაწილეობ, გამოვდივარ სხვადასხვა კერძო კონცერტზე, ''თბილისობის'' დღესასწაულის აღსანიშნავად
- რაც შეეხება რუბრიკის თემას, ფულსა და მფლანგველობას...
- ძალიან მიყვარს ფულის ხარჯვა და დაგროვების საკითხში მოვიკოჭლებ, მაგრამ თუ ვიცი, თანხა მისაცემი მაქვს ან რაიმე კონკრეტულისთვის მაქვს გამიზნული, ხელფასის აღებისთანავე ვდებ, რომ არ დამეხარჯოს. თუმცა მთლად ისეთი ჭკვიანიც ვერ ვარ, ყულაბაში ან რომელიმე ბანკის ანგარიშზე რომ ვაგროვებდე თანხას. როგორც კი მცირე დროს ვნახულობ, მაღაზიებში დავრბივარ, რაც მომწონს, იმაზე უარს ვერ ვამბობ, მიყვარს მეგობრებისთვის საჩუქრების შეძენა.
- რაში შეგიძლია ბოლო კაპიკების გადახდა?
- თუ ბოლო კაპიკებამდე ვარ მისული, ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, ამ მდგომარეობამე არ მივიდე.
- პირადად შენი ფინანსებით რაიმე სერიოზული შეგიძენია?
- კი, სახლში რემონტი ჩემი ფინანსებით გავაკეთე, მართალია, დანაზოგი არ მქონდა და ერთიანად არ მედო საჭირო თანხა, მაგრამ, როგორც კი ფული შემომდიოდა, მაშინვე ამ საქმეს ვახარჯავდი. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ დედა მეხმარებოდა, მაგრამ ძირითადი ნაწილი ჩემი გაკეთებულია.
- გაიხსენე შენი პირველი ჰონორარი..
- ჯერ კიდევ ქუთაისში ვცხოვრობდი, VIII-IX კლასში ვიქნებოდი, სტუდიაში ვმღეროდი, სადაც პედაგოგმა ჩემზე პატარა ბავშვები ვოკალში სამეცადინოდ ჩამაბარა, ამაში კი 70-80 ლარს მიხდიდა, იმ დროისთვის ისე ცოტა არ იყო ეს ფული, როგორც ახლა, მერვეკლასელი ბავშვისთვის ნამდვილად სასიამოვნო იყო, მით უმეტეს, რომ ეს ჩემი შრომით მოპოვებული პირველი ხელფასი გახლდათ. თუკი კარგ ანაზღაურებას გავიხსენებთ, ალექსანდრე ბასილაიას კვინტეტში მქონდა საკმაოდ სოლიდური ანაზღაურება, რომელსაც არაეროვნულ ვალუტაში ვიღებდი, ჩემი იმდროინდელი ხელფასი იმდენად კარგი იყო, რომ ზოგს ის თანხა ახლაც სანატრელი აქვს.
- ფინანსური კრიზისი გქონია?
- (ფიქრობს) შორეულ წარსულში, ყველას უჭირდა, მაგრამ როგორც სხვების, ასევე ჩემი მშობლები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი გვქონოდა, რაც გვჭირდებოდა.
- გიმუშავია სადმე მხოლოდ ანაზღაურების გამო?
- არა, ჯერჯერობით სადაც მიმუშავია, არც ერთი სამსახურის მიმართ არ ვყოფილვარ გულგრილი, თუმცა მხოლოდ ანაზღაურების გამო რომ მომიწიოს მუშაობამ, იმდენად პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ, რომ ჩემი საქმისთვის ბოლომდე დავიხარჯები.
- ანაზღაურება ალბათ მნიშვნელოვანია მაინც.
- ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. თუ ის საქმე ჩემს იმიჯს, ჩემს კარიერულ წინსვლას ეხება, მაშინ ანაზღაურებას გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.
- ბანკებთან კრედიტის თვალსაზრისით კონტაქტობ?
- ძალიან არ მიყვარს ვალი, ყოველთვის ვნერვიულობ, როცა სესხი მაქვს, ყველაზე ბოლო ვარიანტში მივმართავ ხოლმე ბანკს, აქამდე არ დამჭირვებია ბანკიდან სესხის გამოტანა და იმედია, მომავალშიც ასე იქნება. ჩემი და ბანკის ურთიერთობა მხოლოდ ჩარიცხვებით, ხელფასის განაღდებით ან გადასახადების გადახდით შემოიფარგლება და მივიჩნევ, რომ ბანკში მომუშავე ადამიანები განსაკუთრებული ნიჭით არიან დაჯილდოებულნი, რადგან ესაა სფერო, სადაც მე ვერაფერს ვიგებ. ყველა მისვლისას ვაქებ ოპერატორებს, ისინი მეუბნებიან, რომ ამ საქმეს რაიმე განსაკუთრებული ნიჭი არ სჭირდება, თუმცა ვერ მაჯერებენ.
რაც შეეხება ფულის გასესხებას, საშინელებაა, როდესაც მეგობარს სჭირდება, შენ გაქვს და არ ეხმარები. მყავს ერთი-ორი ისეთი მეგობარი, რომელმაც არ იცის თქმა და არც გასესხება უყვართ მაინცდამაინც, ამ დროს ძალიან ვბრაზდები, მე კი თქმაც არ მჭირდება, ისე შემიძლია, ადამიანს დახმარების ხელი გავუწოდო.
- ადამიანებს ბევრი ფული ცვლითო, ამბობენ, შენ თუ ეთანხმები ამ აზრს?
- ფულს მოაქვს ცვალებადობა, მაგრამ თუ ჯანსაღად და მყარი ფსიქიკით მიუდგები, მაშინ ბევრ ფულს მეტი კეთილი საქმის გასაკეთებლად გამოიყენებ და ამ თვალსაზრისით შეიცვლები, გააკეთებ უფრო მეტ სიკეთეს.
- სალომე, იღბლიანი ხარ, მოგიგია ფული?
- მიმაჩნია, რომ იღბლიანი ვარ, ერთი-ორჯერ მეგობრებს, ყველას ერთად მოგვინდა ლოტოს ყიდვა და მხოლოდ მე მოვიგე, ტირში და ასეთ გასართობებშიც მიმართლებს, თუმცა დიდად აზარტული არ ვარ.
- გარდა იმისა, რომ გადაცემა ''ბრავოში'' მოიგე მანქანა, სხვა დროს თუ გაგმართლებია ამ მხრივ?
- კი, სერიოზული მოგება იყო 10 000 დოლარი ერთ-ერთი ბანკისგან, ასევე მოგზაურობა პარიზში, სიმღერების ჩაწერა რადიო ''ფორტუნასგან'' და კიდევ ბევრი კარგი პრიზი...
- მოგების თვალსაზრისით აშკარად გიმართლებს, მაგრამ პოვნაშიც ასეთივე იღბლიანი ხარ?
- არა, ერთხელ მე და ჩემმა მეგობარმა ფილარმონიასთან ვიპოვეთ ფული, ეს იყო და ეს... ძირითადად მანქანით ვმოძრაობ და ამიტომ იშვიათად ვხვდები ასეთ სიტუაციაში. ისე, ძირითადად ჩემი უახლოესი დაქალის, ტატა ხვედელიანის სამოსში ვპოულობ ხოლმე ფულს, თუ ისე მოხდა, რომ სამოსი ვათხოვე, დაბრუნების შემდეგ არ არსებობს, ჯიბიდან როგორც ხურდები, ასევე ოცლარიანებიც არ ამოვკრიბო, შემდეგ კი დიდ მადლობას ვუთვლი.
- ე.ი. მისთვის სამოსის თხოვება სარფიანია..
- კი, კი, თუ ტატა რამეს მთხოვს, აუცილებლად ვაძლევ ხოლმე (იღიმის).
- საფულეს თუ აქვს შენთვის განსაკუთრებული დატვირთვა?
- ზოგადად, საფულეები მიყვარს, მაგრამ ყოველთვე არ ვცვლი, საფულეს ჩანთის მიხედვით ვირჩევ, პატარა ჩანთის ტარების შემთხვევაში, ეს ნივთიც პატარა უნდა იყოს.
- მარტო ცხოვრობ, ფინანსური თვალსაზრისით ოჯახის უზრუნველყოფა ხომ არ გიჭირს?
- ჯერჯერობით არა, ზამთარი წინაა და ვნახოთ, როგორ გამწყვეტს წელში გადასახადები. ამჯერად შუქზე საკმაოდ მცირე გადასახადი მომდის, რადგან სახლში დიდ დროს არ ვატარებ, გაზი კი ჯერჯერობით არ შემოუყვანიათ და შესაბამისად, არც ვიხდი.
- ე.წ. ეკონომიური ადამიანების რიცხვს თუ მიეკუთვნები?
- ხომ გაგიგიათ, ძუნწი ორმაგად იხდისო?!.. მთავარია, სულელური ეკონომია არ გააკეთო, არსებობენ ოჯახები და წინდახედული ადამიანები, რომლებიც თვიდან თვემდე საზღვრავენ შემოსავალს, მე კი რამდენიც მაქვს, იმდენს ვხარჯავ. ბევრს დავხარჯავდი, მქონდეს ნეტავ... რაც მჭირდება, ის მაქვს, ზედმეტი არა.
- საჩუქარი, რომელიც ყველაზე ღირებული ყოფილა მათ შორის, რაც მიგიღია..
- საჩუქრებს ფასის მიხედვით არ ვსაზღვრავ, სამახსოვრო ნივთი სასიამოვნოა მაშინ, როცა ის გულით არის ნაჩუქარი და ისაა, რაც გჭირდებოდა ან გინდოდა. დედაჩემი მეხუმრება ხოლმე, დაკუჭული ფურცელი რომ გაჩუქონ, ისიც გახარებს, ისეთ ემოციას გამოხატავო.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















