10 სექტემბერი, 2016
ერეკლე გეწაძე მამა გახდება: სტრესი, გამოცდილება და პირველი ნაბიჯები "სერიოზულ" მუსიკაში
თეატრალების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. ის ზურა გეწაძისა და ნანუკა ლითანიშვილის ოთხი შვილიდან უფროსია. მსახიობი ერეკლე გეწაძე მუსიკისა და დრამისა და თუმანიშვილის თეატრების სპექტაკლებში მონაწილეობს. გადაღებულია რამდენიმე სერიალში: "შუა ქალაქი", "ფსიქოპატთა თამაშები", "ქერჩი" და ა.შ. "X ფაქტორის" გასულ სეზონს ის და რუსკა მაყაშვილი უძღვებოდნენ. ერეკლე მუსიკითაც სერიოზულადაა გატაცებული და პირველი ნაბიჯებიც გადადგა.
ოქტომბერში ერეკლე მამა გახდება. ის პირად ცხოვრებაზე არასოდეს საუბრობს. ასე იყო დაოჯახებამდე და მას შემდეგაც. მხოლოდ იმას ამბობს, რომ მეუღლე, მარიამ ბოლქვაძე ხელოვნებათმცოდნეა.
მას ხშირად ნახავთ თეატრში, როცა მისი ქმარი, დედამთილი და მამამთილი დგანან სცენაზე.

- "დორიან გრეის პორტრეტი" პირველი სპექტაკლია, რომელშიც თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუსიკისა და დრამის თეატრში ვითამაშე. ორი წელი რეპერტუარში იყო, ახლა მესამე წელი დაიწყო, არ ვიცი, კვლავ წარმოვადგენთ თუ არა. რაც შეეხება თუმანიშვილის თეატრს, ვმონაწილეობ სპექტაკლში - "ჩემი პატარა ქალაქი", რომელიც თუმანიშვილის დროს დაიდგა და შემდეგ აღადგინეს. ამ სპექტაკლს ორი შემადგენლობა ჰყავს, მე და ვანო დუგლაძე ერთმანეთის დუბლები ვართ. ეს სპექტაკლი აუცილებლად იქნება წელს და მომდევნო სეზონზეც, რადგან "ჩემს პატარა ქალაქზე" ყოველთვის სრული ანშლაგია. ასეთი რამ პირველად ვნახე. მაყურებელი არა მხოლოდ არსებულ და ჩადგმულ სკამებზე ზის, არამედ - იატაკზე ან ფეხზე მდგომი, 3 საათის განმავლობაში ადევნებს თვალს სპექტაკლს. გადაძეძგილ დარბაზში ყველა ასაკის მაყურებელია და მართლაც საოცარი სანახავია.
- წამყვანის ამპლუაში ყოფნამ პირველად მოგიწია. პირდაპირი ეთერი სხვაა და სპექტაკლში თამაშისგან ბევრად განსხვავებულია, სირთულეებს ხომ არ წააწყდი?
- სიმართლე გითხრათ, ცოტა შემეშინდა, რადგან ამ სფეროში და ტელევიზიაში გამოცდილება არ მქონდა. როცა წამყვანად დამამტკიცეს, წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მექნა. გადაცემის ხელმძღვანელობას, რეჟისორსა და პროდიუსერებს ბრმად მივყვებოდი. ვცდილობდი, ერთი-ერთში გამემეორებინა ის, რასაც მეუბნებოდნენ. ძალიან რთული იყო პირველი პირდაპირი ეთერი. წამის მეასედში ვიგრძენი, რომ უზარმაზარი დარბაზის გარდა, 5 თუ 7 კამერის მიღმა არა მარტო საქართველო, არამედ საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტებიც მიყურებდნენ. ეს რომ გავაცნობიერე, მართლა დიდი სტრესი იყო. თუმცა, პროფესიული თვალსაზრისით მსგავსი გამოცდილება არასოდეს მიმიღია. ამ პროექტის შემდეგ, როცა თეატრის სცენაზე დადგომა მომიხდა, სრულიად თავისუფალი ვიყავი. ყურადღება არ მეფანტებოდა, არც მაყურებლისკენ გამირბოდა თვალი. პირიქით, თეატრში უფრო მეტად გავიხსენი, თავისუფალი და ლაღი გავხდი, ვიდრე მანამდე ვიყავი. რაც შეცდომაც უნდა დავუშვა, უკვე ვიცი, რომ ყველა სიტუაციიდან გამოვძვრები.

- რამდენიმე თვის წინ გქონდა კიდევ ერთი სიახლე: სერიალში - "ქერჩი" გადაგიღეს, რომელიც საკმაოდ რეზონანსული გამოდგა. ესეც შენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, ალბათ.
- ლევან დაბრუნდაშვილს მანამდეც ვიცნობდი. "ტიფლისი" ეთერში რომ გადიოდა, ლევანს ვუთხარი, რომ ეს სერიალი მომწონდა და მასში მონაწილეობა მსურდა. მოგვიანებით, "ქერჩზე" უამრავი სტუდენტი და მსახიობი გაისინჯა. კასტინგზე მეც მივედი. ათამდე მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი შეირჩა, რომელთა შორის ერთ-ერთი ვიყავი. უნდა განმესახიერებინა იმ პერიოდის თბილისის კარგი ოჯახის შვილი, რომლის მამა "წითლებთან" იყო შეკრული. ჩემი პერსონაჟი პატრიოტული იდეოლოგიის მატარებელი იყო და ომში იმ იდეით წავიდა, რომ საქართველო არის მთავარი და არა - სტალინი, საბჭოთა კავშირი და რუსეთი. მე და ეს პერსონაჟი რაღაცებით ვგავართ ერთმანეთს. მეც ცოტა მაღიზიანებს რუსული პროპაგანდა, სიმღერები, თუნდაც რუსული კომპანიის ტაქსების შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ, ეს პროექტი ვერ დასრულდა და მაყურებელმა ვერ ნახა, რა განვითარება ჰქონდა ჩემს პერსონაჟს.

- მაყურებელმა მხოლოდ პირველი სეზონი ნახა თუმცა, ორი იგეგმებოდა, ხომ?
- დიახ, "ქერჩი" უნდა ყოფილიყო ორი სეზონი ან მეტი. პირადად მე, ორი სეზონის სცენარი ვიცოდი. ძალიან საინტერესო განვითარება ჰქონდა ყველა პერსონაჟს და მთელ ამბავს, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო გადაღებები შეჩერდა და საბოლოოდ, დღეს არც ლევანია თბილისში და არც სერიალის გადაღებები გრძელდება. გაურკვეველ დრომდეა შეჩერებული.
იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS