02 ოქტომბერი, 2013
ამერიკელის თვალით დანახული პანკისი, აფხაზეთი და... სტალინი
ერთწლიანი აქ ცხოვრების შემდეგ მივხვდი, რომ თუნდაც არცთუ სახარბიელო ეკონომიკურ გარემოში ცხოვრება ურჩევნიათ მაინც, ოღონდ თავიანთ სამშობლოში იყვნენ ახალგაზრდა ამერიკელი მიჩ ბელკინი საქართველოში წელიწადზე მეტია ცხოვრობს და მუშაობს. საქართველოს ბევრი კუთხე აქვს შემოვლილი, მათ შორის, ნამყოფია აფხაზეთში, როგორც ტურისტი და იქ საინტერესო ამბებიც გადახდა. მიჩი თავად ძალიან საინტერესო პიროვნებაა და მისი თვალით დანახული ბევრი რამ ჩვენს ქვეყანაში ჩვენთვის ნაკლებად შესამჩნევია. სხვათა შორის, ჩვენი რესპონდენტი სტალინის შესახებ მეტად საგულისხმო პროექტს ამზადებს, რის შესახებაც სიამოვნებით გვესაუბრა...

-
რატომ საქართველო?..
- უესლიანის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ერთმა პროფესორმა მკითხა, თუ მოვისურვებდი საქართველოში გამომგზავრებას. ვკითხე, ატლანტაში-მეთქი და არაო, მიპასუხა (იღიმის). არასამთავრობო ორგანიზაცია ''რადარამის'' პროექტებზე მუშაობა შემომთავაზეს. ზემოხსენებული ორგანიზაციის საქმიანობა წიგნების გამოცემას უკავშირდება. მაგალითად, ვთარგმნით ლიტერატურას, ოღონდ არამხატვრულს, რომელიც მსოფლიოში ბესტსელერებად მიიჩნევა და შემდეგ საქართველოს მასშტაბით მათ გავრცელებას ვუწყობთ ხელს, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად, რათა ყველა მსურველმა შეძლოს შეძენა.
საქართველოში სამუშაოდ ჩამოსვლა ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა, თუმცა უნდა ვთქვა, რომ რა წარმოდგენაც აქ გამომგზავრებამდე მქონდა, ქვეყანაში ჩამოსვლისა და გარემოს უკეთ გაცნობის შემდეგ სრულიად შემეცვალა. უკვე ერთი წელი და ორი თვეა აქ ვცხოვრობ და ძალიან შემიყვარდა ეს ქვეყანა, რომელიც მართლაც ძალიან სტუმართმოყვარე ადგილია. მძულს სიტყვა უცხოელი, რადგან საქართველოში თავს უცხოდ არ ვგრძნობ!..
როდესაც საქართველოში გამომგზავრება გადავწყვიტე და ამის შესახებ ოჯახსა და მეგობრებს ვუთხარი, მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომელ ქვეყანაში მოვდიოდი საცხოვრებლად. ბებიაჩემი ფიქრობდა, რომ საქართველო რუსეთის ნაწილია, ამიტომაც მთხოვა, თბილი ტანსაცმელი წამომეღო, იქ ძალიან ეციებაო (იცინის). ერთადერთი, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოზე იციან, 2008 წლის ომია. ზოგადად კი საკმაოდ მწირი ინფორმაცია აქვთ საქართველოს შესახებ. ბებიამ ისიც დამარიგა, თუკი მაინც გადავწყვეტდი გამგზავრებას, არავითარ შემთხვევაში არ შემერთო ქართველი ცოლი, ნერვიულობდა, საქართველო ჩვენგან ძალიან შორს არისო (იცინის).

ფეხით შემოვლილი საქართველოს კუთხეები და მოგზაურობა აფხაზეთში

საქართველო ეთნიკურად, რელიგიურად ძალიან მრავალფეროვანი ქვეყანაა. არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ დედაქალაქშიც არის დიდი განსხვავებები, მაგალითად, მთაწმინდელს, ვაკელს, ვერელსა და სხვა უბნის მოსახლეებს შორის. ბევრი ადამიანი, ვინც თბილისში ცხოვრობს, ზოგჯერ ივიწყებს, რომ მის ქვეყანაში ასეთი მრავალფეროვნებაა. ყველა დადის აჭარაში, თუმცა სხვა კუთხეებიც არანაკლებ საინტერესოა. როდესაც ყველა მეკითხება, განსაკუთრებით ტაქსისტები, რატომ ჩამოვედი საქართველოში და რატომ ვსწავლობ ქართულ ენას, როდესაც აქედან ყველას ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლა უნდა, ჩემი პასუხი ასეთია - ქართველებს ძალიან უყვართ საქართველო, ''მე პატარა ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი'' , ამას ყველაზე კარგად გამოხატავს. ერთწლიანი აქ ცხოვრების შემდეგ მივხვდი, რომ თუნდაც არცთუ სახარბიელო ეკონომიკურ გარემოში ცხოვრება ურჩევნიათ მაინც, ოღონდ თავიანთ სამშობლოში იყვნენ. ეს კი ჩემთვის თავისთავად ძალიან საინტერესოა...

პანკისში ჩემს რამდენიმე ასევე უცხოელ მეგობართან ერთად წავედი, ერთ შვედთან, ერთ ამერიკელთან და ერთ აფხა ზეთში დაბადებულ მეგობართან ერთად, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიზარდა. პანკისში გამგზავრება ერთმა ჩემმა მეგობარმა გადამაწყვეტინა. როდესაც ვთქვი, პანკისში მივდივარ-მეთქი, თბილისში ყველამ მითხრა, იქ რა გინდა, ძალიან სახიფათო ადგილიაო. სიმართლე კი ისაა, რომ პანკისი ძალიან მშვიდი ადგილია, რამდენიმე სოფლით. ჩასვლისთანავე დავიწყეთ სასტუმროს ძებნა. მანქანით გახლდით და სადაც ხალხი იდგა, იქ გავაჩერეთ, რომ მათთვის გვეკითხა. ისე, რომ არც კი უკითხავს, ერთ-ერთმა იქ მდგომმა მანქანის კარი გამოაღო, ჩაჯდა და დაიწყო ჩვენება, რა გზით უნდა მივსულიყავით სასტუმრომდე (იცინის). ისინი ქართველები არიან და ქართველებივით თავაზიანი და სტუმართმოყვარეები. გაგვაკვირვა სახლების შიგნით სისუფთავემ, მოვლილმა ეზოებმა, ლეღვის ხეებმა... სახლში ფეხსაცმელს იხდი და ისე შედიხარ. ძალიან კეთილშობილი და მეგობრული ხალხი დაგვხვდა... შემდეგ ცხენებით გავისეირნეთ. ჩვენი გიდი ქისტი გახლდათ, მთელი ამ ხნის განმავლობაში არაბული მუსიკის მსგავსს უსმენდა, მგონი, ლოცვები იყო და თან გვიყვებოდა თავისი ოჯახის შესახებ. გვითხრა, ვისურვებდი, უფრო ადრე დავოჯახებულიყავიო. 25 წლის ყოფილა, ცოლი რომ შეურთავს. შემდეგ ჩვენმა გიდმა ისიც მითხრა, კარგი ქისტი გოგონა უნდა იპოვო და ცოლად შეირთოო, რაზეც ვუპასუხე, ეს ბებიაჩემს არ მოეწონება-მეთქი (იცინის).
არანაკლებ საინტერესო იყო აფხაზეთში მოგზაურობა, სადაც ჩემს ბიძაშვილ გოგონასთან ერთად ჩავედი. ის საფრანგეთში, პარიზში ცხოვრობს, თბილისში ჩამოვიდა და შემდეგ აქედან ერთად გავემგზავრეთ, თუმცა პრობლემური გახლდათ ვიზის აღების საკითხი. ვინაიდან აფხაზეთს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს, ბევრი რამ ოფიციალურად ვერ გვარდება, ამიტომაც იმეილი მომცეს, რომელზეც გავაგზავნე ვიზის მოთხოვნა, როგორც ტურისტმა. რამდენიმე დღეში მომივიდა შეტყობინება, რომელიც ამოვბეჭდე, სწორედ ეს დოკუმენტი უნდა წარმედგინა ენგურზე. მე რუსული საერთოდ არ ვიცი, არც ჩემმა ბიძაშვილმა. როდესაც ადგილზე მივედით, არასდროს მინახავს, ადამიანები ამდენ ხანს დაკვირვებოდნენ ჩემს პასპორტს, როგორც ეს იქ გააკეთეს. ქართველ საზღვრის დამცველებს პასპორტი არ შეუმოწმებიათ, რადგან ისინი არ მიიჩნევენ, რომ შენ სხვა ქვეყანაში გადადიხარ. ქართული მხრიდან იქ არც სამხედრო აქტივობა შეინიშნება, რასაც ვერ ვიტყვით მეორე მხარეზე, სადაც რუსები და აფხაზები დგანან და პასპორტებს ამოწმებენ... მოკლედ, პასპორტში დიდხანს ყურების შემდეგ, როგორც იქნა, გაგვიშვეს. ჩემმა ბიძაშვილმა, რომელიც ასეთ სიტუაციებში არცთუ ჭკვიანურად იქცევა ხოლმე, ამოიღო მობილური და დაიწყო საზღვრის გადაღება. გამოცვივდნენ სამხედროები, ჩამოგვართვეს პასპორტები, ჩემი ბიძაშვილის მობილური. იქ მას ძალიან ბევრი პირადი ფოტო ჰქონდა, რომელთა ჩვენებაც არავისთვის უნდოდა, მაგრამ იქ მაინც ნახეს (იღიმის). ბოლოს ნახევარ საათში გაგვიშვეს.
აფხაზეთში ძალიან ლამაზი ბუნებაა, შენობები თავიდან არის აგებული რუსული ფულით, მაგრამ ერთი რამ თვალში საცემია - ჩამქრალი ადგილია, რომელიც არ სუნთქავს და არ ვითარდება. ძალიან ცოტა ახალგაზრდაა, ბევრი მათგანი რუსეთშია წასული ბედის საძიებლად. იქ ჭამა ძალიან ძვირი ღირს. სამ ადამიანზე სადილობა საშუალო დონის რესტორანში 60 დოლარი დაგვიჯდა. საბჭოთა სიტუაციაა. ვერ ისარგებლებ ბანკომატებით. იქ მხოლოდ რუსული ბანკია. ჩვენ სასტუმრო ''სოხუმში'' გავჩერდით, სადაც მფლობელი გახლდათ აშკარად ყოფილი ''კაგებეს'' აგენტი, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია (იღიმის). ძალიან ზრდილობიანად გვექცეოდა. მგონი, რუსი იყო. სერიოზული ადამიანი ჩანდა. გვითხრა, აფხაზეთის პრეზიდენტს შეგახვედრებდით, მაგრამ ახლა აქ არ არისო. მასთან რაღაც საქმიანი ურთიერთობები ჰქონია... ჩვენ ძალიან ცოტა ადამიანთან მოგვიწია ურთიერთობამ, რადგან ძირითადად ინგლისური არ იცოდნენ. როცა იქ მცხოვრებლებს გაესაუბრებით, ერთ რამეს მიხვდებით: მათთვის ომი თითქოს ერთი თვეა, რაც დამთავრდა, ისე ლაპარაკობენ ომზე, როგორც ახლახან დამთავრებულზე... მიუხედავად ყველა პრობლემისა, ხალხი იქაც ძალიან სტუმართმოყვარე და კეთილშობილია, ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში.

პროექტი ''სტალინი''

2013 წლის ივნისში დაიწყო პროექტი ''სტალინი'' . ძალიან დიდხანს ვფიქრობდი სტალინის იმ ძეგლების შესახებ, რომლებსაც ბოლო პერიოდია დგამენ და იღებენ საქართველოში. აქ არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სტალინი საშინელი პიროვნება იყო, მეორე ნაწილს თუ შეეკითხებით, მათგან ძალიან სასიამოვნო რაღაცებს მოისმენთ მის შესახებ. გერმანიაში ჰიტლერის შესახებ ასეთ განსხვავებულ მოსაზრებებს ვერ მოისმენთ, როგორსაც სტალინზე - საქართველოში.
პროექტის იდეაა, შვილიშვილები დასხდნენ თავიანთ ბაბუებსა და ბებიებთან ერთად და დაუსვან წინასწარ მომზადებული შეკითხვები, მაგალითად, სად იყვნენ იმ დღეს, როდესაც სტალინი გარდაიცვალა და რა ადგილს მიაკუთვნებენ მას ისტორიაში.
არის სპეციალური საიტი, სადაც ამ ინტერვიუების აუდიოვერსიები განთავსდება და ასევე თარგმანებიც სხვადასხვა ენაზე. ვფიქრობ, ორი თაობის მონაწილეობით ამგვარ ინტერვიუს საქართველოს საზღვრებს გარეთ სიამოვნებით მოისმენენ, რადგან საინტერესოა, რას ფიქრობენ სტალინის შესახებ მისი თანამემამულეები, რომლებიც მის გარდაცვალებას მოესწრნენ. ეს პროექტი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში უნდა გაკეთებულიყო, რადგან სტალინი ქართველი იყო და თანაც, აქ არ არსებობს საერთო აზრი ამ ადამიანის შესახებ... ამჟამად ათი ინტერვიუ გვაქვს. გვინდა, ამ პროექტში სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთონ.
უკვე ჩაწერილი ინტერვიუებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპიზოდი უკავშირდება ქალბატონს, რომელიც მოსკოვში სწავლობდა, როდესაც სტალინი გარდაიცვალა. ის ჰყვება, როგორ ცდილობდა შეეღწია სტალინის პანაშვიდზე და როცა ეს მოახერხა, დაინახა, როგორ გამოდიოდა შენობიდან ლავრენტი ბერია. ქალბატონის გასაკვირად, მას სახეზე ღიმილი ჰქონდა აღბეჭდილი... როგორც ჩვენი ინტერვიუერი ამბობს, მთელი ცხოვრება დაამახსოვრდა ეს ღიმილი. ეს ეპიზოდი ჩემთვის პერსონალურად ძალიან სანტერესო აღმოჩნდა...

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
კაკო
საინტერესოა რას ეძახიან "საბჭოტა სიტუაციაა"?საბჭოტა დროს აფხაზეტი/და არა მარტო იქაურობა/ყვაოდა,ტურისტომანია იყო,ხალხს ეზოებში ეძინა ოღონდაც ზღვაზე ყოფილიყვნენ.ბევრს ემახსოვრება ეს "საბჭოტა სიტუაცია" საკმაოდ ლამაზ მოგონებად რომ დაგვრჩა.
04:51 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ამ ჩვენს სტუმარსაც ძალიან მოსწონებია ჩვენი ლამაზი ქვეყანა და ემანდ სიძეობაც არ დაგვიპიროს. ამ ლიტერატურის გავრცელების საბაბით შემოდიან და მერე კაცმა არ იცის სინამდვილეში რას ზვერავენ.გვაკვირდებიან ისე თითქოს საექსპერიმენტო კურდღლები ვიყოთ.
15:13 / 03-10-2013
გამოხმაურება / 0 /
marina
აგენტი...
11:00 / 03-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS