მერი ხარხელაური: 35 წლის განმავლობაში მარტო ვარჩენდი ოჯახს.
– მართალია, რომ თემურ წიკლაური თქვენი ძმაა?
– ვიდრე თემურის შესახებ მოგიყვებით, მანამდე ჩემს მშობლებზე მინდა გიამბოთ. მამა რევოლუციონერი იყო. დედა ულამაზესი მყავდა.
ორივე პატარაობისას დაობლდა, მამას ბიცოლა ზრდიდა, დედა კი დასთან და სიძესთან ერთად ცხოვრობდა. დეიდაჩემის ქმარმა, იძულებული გახადა დედაჩემი, ოჯახი დაეტოვებინა და ამიტომ გაჰყვა მამაჩემს ცოლად, ისე არ უყვარდა. თავიდან არც სახლი ჰქონდათ და არც ვინმესთან მისასვლელი, მიწის სახლში ცხოვრობდნენ. იმ დროს ბევრს ჰქონდა მსგავსი ორმო – მიწას დიდზე ამოთხრიდნენ, წითელი ქვიშით შელესავდნენ და თავზე ჩალას აფარებდნენ. როდესაც ომი და არეულობა დაიწყო, მამა რევოლუციონერთა რიგებში ჩაირიცხა, რაც დედას არ მოსწონდა. ამ და სხვა რეალური მიზეზების გამო, დედამ მამა სახლიდან გააგდო. მაშინ უკვე ოთხი შვილი ვყავდით: სამი გოგო და ერთი ბიჭი. ერთ წელს დიდი უბედურება დატრიალდა ჩვენს ოჯახში – ჩემი და და ძმა ერთდროულად გარდაიცვალნენ.
ყველაზე პატარა ვიყავი დედმამიშვილებში. დედა დღედაღამ მუშაობდა, ამიტომ სულ მარტო მიწევდა სახლში დარჩენა. ღამით შიშისგან კატას ვეხუტებოდი და ისე ვიძინებდი. სამი წლის შემდეგ, მეგობრის რჩევით, მამაჩემმა მეორე ცოლი მოიყვანა – დარეჯანი, რომელიც თემურ წიკლაურის დედა იყო. მე და თემური მამით ერთნი ვართ, დედა კი სხვადასხვა გვყავს.
– როდის გაიცანით დედმამიშვილებმა ერთმანეთი?
– ბავშვობაში მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მყავდა ორი ძმა და ერთი და.
მამას ვნახულობდით იშვიათად და, მის შვილებს, რომლებიც ჩვენგან შორს ცხოვრობდნენ, საიდან ვნახავდით? ალექსიმ, მამაჩემმა, სპორტის ყველა სახეობა იცოდა. შემდეგ პარტიულ სკოლაში გაუშვეს და იქ წერა-კითხვაც ისწავლა. ძალიან კარგი მხედარი იყო. თემური ძალიან ჰგავს მამას ფიზიკურად. ჩვენი გვარი ხერხეულიძეა, შემდეგ გადააკეთეს ხარხელაურად. როგორც თავიდან გითხარით, მამას სულ ოთხი ცოლი ჰყავდა. დედაჩემის შემდეგ – დარეჯანი, მერე – რუსი ანია და, ბოლოს – სომეხი თამარი. ახლა გიამბობთ, როგორ მოიყვანა თემურის დედა ცოლად: მამამ მეგობრის რჩევა გაითვალისწინა და ამ კაცს წაჰყვა სოფელ ორბეთში, თეთრი წყაროს რაიონში. იქ ცხოვრობდა სამი და, რომლებსაც ოჯახში უფროსი მხოლოდ დედა ჰყავდათ, კაცი არავინ იყო მათთან – ალბათ, ომში დაეღუპათ. ჩემი დედინაცვალი, დარეჯანი, ყველაზე პატარა და ძალიან ლამაზი ყოფილა. ის მოუტყუებიათ, რომ მამას არ ჰყავდა ცოლი-შვილი და ცეკას წევრი იყო. მოკლედ, სასიდედროს მოსწონებია ალექსი და თავისი შვილიც მიუთხოვებია. სამი შვილი ეყოლათ, თემური ყველაზე პატარაა დედმამიშვილებში.
მალევე დაიწყო ომი. მამა არ მიჰყავდათ – ენები იცი და აქ გვჭირდებიო, ეუბნებოდნენ, მაგრამ მას არ უნდოდა დარჩენა და იმდენი გააკეთა, რომ მაინც წავიდა საბრძოლველად. ვიდრე ფრონტზე წავიდოდა, ჩვენს სახლში მოვიდა, მეთამაშა. წასვლისას, მანქანაზე რომ ავიდა, ქუდი გადმომიგდო. მივირბინე, ავიღე ეს ქუდი და გულში ჩავიხუტე – ეს მომენტი დაუვიწყარია ჩემს მეხსიერებაში. თემურის დედა, სამ შვილთან ერთად, მარტო დარჩა. წლები გადიოდა, მამა კი არ ჩანდა.
რამდენჯერმე წერილიც მოვიდა, რომ უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული, შემდეგ ისიც გვითხრეს, დაიღუპაო. მარტოხელა ქალს რა უნდა ექნა, ბავშვები ხომ უნდა გაეზარდა? ამიტომ, მეორედ გათხოვდა, ქურთს გაჰყვა. ეს ქურთი მამას ახლობელი იყო, კარგად იცნობდა. დარეჯანს მასთან კიდევ ორი შვილი ეყოლა. ეს კაცი ზრდიდა ბავშვებს და, არ ვიცი, თემურს ახსოვს თუ არა მამა, მაგრამ, სკოლაში რომ შევიდა, ქურთის გვარი ჰქონდა, შემდეგ დედის გვარზე გადავიდა და წიკლაური გახდა. ჩვენს გვარს იმიტომ ვერ ატარებდა, რომ დარეჯანი და ალექსი ოფიციალურად არ იყვნენ დაქორწინებულები. იხილეთ სრულად