- თბილისში ახლახან დავბრუნდი. ბოლო თვეებში აქტიურად ვმუშაობდი ბელგიასა და ესპანეთში. შემოდგომამდე საქართველოში ვიქნები, შემდეგ კი ბარსელონაში გავემგზავრები.
- ევროპაში რას საქმიანობ?
- იტალიაში აგენტი მყავს, რომელიც
- თემა რა არის?
- პროსტიტუცია. სიუჟეტი რეალურ ამბავზეა აგებული. იტალიელ რეჟისორთან ჩემი დაკავშირება შემთხვევით მოხდა. იმ პერიოდში მეგობარ ნატალია სიმონოვასთან ერთად ვმუშაობდი. მას სჭირდებოდა ქალის მონოლოგი. ჩემი რომანიდან ფრაგმენტი იტალიურად ვუთარგმნე და მივეცი. მოეწონა, მერე მთლიანი ტექსტით დაინტერესდა, ძალიან მოიხიბლა და რეჟისორს დაუკავშირდა. ასე შედგა თეატრთან ჩემი თანამშრომლობა. ეს არის სპექტაკლი, რომელსაც ოქტომბრის შუა რიცხვებში, საქართველოში მუსიკისა და დრამის თეატრში ვითამაშებთ. პროექტი კულტურის სამინისტროსა და იტალიის საელჩოს პატრონაჟით ხორციელდება. რეჟისორი იტალიელია, სპექტაკლში თავადაც ვთამაშობ და მუსიკისა და დრამის მსახიობებიც გვიერთდებიან. სპექტაკლი იტალიურ ენაზე იქნება.
- შენს როლზე მიამბე.
- სპექტაკლში ვთამაშობ კასაბლანკელ ბიჭს, რომელიც ფრანგისა და არაბის ნაჯვარია. პროფესიით მხატვარია. ჩადის ევროპაში, რომ საკუთარი ნამუშევრები გაყიდოს და კარიერა აიწყოს. საბოლოო ჯამში, იმედი უცრუვდება და გამოსავალს რომ ვერ პოულობს, სექსმუშაკად იწყებს მუშაობას: დადის ასაკოვან ქალებთან გამოძახებაზე. ტრაგიკული პერსონაჟია.
- რთული სათამაშოა?
- სათამაშო ენაა რთული. ვლაპარაკობ იტალიურად, არაბულ-ფრანგული აქცენტით. გარდა ამისა, ეს სპექტაკლი ექსპერიმენტულ ჟანრშია გაკეთებული, წინ წამოწეულია ქორეოგრაფია, რაც მსახიობის პლასტიკას მოითხოვს. რთული სცენოგრაფიაა. ეს არის ამბავი იმედგაცრუებაზე, დაკარგულ ადამიანებზე, რომლებმაც მიუხედავად ყველაფრისა, გადაწყვიტეს, ცხოვრება გაეგრძელებინათ. პროსტიტუციასთან ერთად, თავს იჩენს შიდსის პრობლემა. ეს სპექტაკლი სტიგმაზეც არის. დასნებოვნებული ადამიანები თავს საზოგადოებისგან გარიყულად გრძნობენ. რეალურად კი, მათი ამბავი ბევრმა არც იცის. სპექტაკლის სახელწოდებაა "ღამე მშვიდობისა, ლილი მარლენ".
- მარლენი ვინ არის?
- მარლენი იმ ქალის ფსევდონიმია, რომელიც სტრიპტიზ-კლუბში ცეკვავს.
- ამ როლს ქართველი მსახიობი შეასრულებს?
- არა, ამ პერსონაჟს რუსი მსახიობი, ნატალია სიმონოვა განასახიერებს.
- პროვოკაციული სპექტაკლი ჩანს. როგორ მიიღო ის ევროპელმა მაყურებელმა?
- გეთანხმები, ცოტათი პროვოკაციულია, ტექსტებიც ძალიან პირდაპირი და "მჭრელია". ამ ყოფისთვის დამახასიათებელი ყოველდღიურობა სცენაზე შეულამაზებლად არის გადმოტანილი. იქ სპექტაკლი მოეწონათ.
- ქართველი მაყურებლისგან რას ელი?
- ქართველი მაყურებელი ძალიან კრიტიკულია. ცოტათი დაძაბული ვარ. ვნერვიულობ, ქართულ სცენაზე (თუ არ ჩავთვლით კინოსა და ტელევიზიას, პოეზიის ან მუსიკალურ საღამოებს) მაყურებლის წინაშე ამ ფორმით არასდროს წარვმდგარვარ.
- მეორე პროექტი რომელია?
- ესეც საერთაშორისო პროექტია, "8 სეანსი" ჰქვია. პროექტის ავტორი მეც ვარ. მასზე არგენტინელ დრამატურგთან ერთად ვიმუშავე. ეს პროექტი ექვს ენაზეა ნათარგმნი და 2016, 2017, 2018 წლებში მოხდება მისი ჩვენება მსოფლიოს რვა ქვეყანაში (საქართველო, იტალია, საფრანგეთი, ბელგია, ესპანეთი, გერმანია, ბრაზილია, პორტუგალია). თემა ადამიანის უფლებები და ტერორიზმია. ამ შემთხვევაში, არა მხოლოდ ფიზიკური ტერორიზმი, ის ფსიქოლოგიური ტერორიც იგულისხმება, რომელიც XXI საუკუნეში ადამიანებზე ხორციელდება.
- ხშირ შემთხვევაში, მსხვერპლი ამას ვერც აცნობიერებს.
- აი, ზუსტად ამაზეა. მოქმედება ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრში ხდება. რვა გმირი თავის ამბავს გვიამბობს. თან, ვიდეოფირებს ვიყენებთ: ეს არის კინო თეატრში, ანუ მოქმედების ნაწილი თამაშდება სცენაზე, ნაწილი წინასწარ იქნება გადაღებული.
- რომელ თეატრში ითამაშებთ?
- ეს სპექტაკლი გარკვეულწილად, სტერეოტიპების მსხვრევაზეა. ამიტომ, შეგნებულად მივიღე გადაწყვეტილება, გამოვსულიყავი თეატრალური სივრციდან და ჩვენება ალტერნატიულ სივრცეში მომხდარიყო. ასეთი ალტერნატიული სივრცე არის ნინოშვილის ქუჩაზე, ყოფილი ფაბრიკის ტერიტორიაზე, სადაც ძალიან მალე კულტურული ცენტრი იხსნება.
- რეჟისორი ვინ იქნება?
- გურამ მაჩხანაშვილი. იხილეთ სრულად