21 სექტემბერი, 2013
ლადო კახაძეს მოდური წიგნები არ აინტერესებს
ოთარ მეღვინეთუხუცესი გენიალური კაცი იყო, ხოლო თენგიზ არჩვაძე ჩემთვის ის ნაპირია, რომლიდანაც ვერავინ გადამაგდებს და ზღვა ვერაფერს დაუშავებს „ჩვენს ოჯახში სიტყვა და ლიტერატურა დიდად პატივმიგებულია... პოეზია?! ჩვენს სახლში ლექსით ლაპარაკობდნენ“ ... - მითხრა ექიმ-გინეკოლოგმა ლადო კახაძემ, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალიზმთან ერთად, თბილისში ერთ-ერთ ერუდირებულ, ნაკითხ ადამიანად მიიჩნევა და ასევე ცნობილია მისი არაჩვეულებრივი თამადობა სუფრასთან. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია ლექსებს წერს და მესამე კრებულის გამოსაცემად ემზადება, პოეზიის წინაშე მაინც ქედმოხრილი საუბრობს და განმ
არტავს: „პოეტობაზე არავითარი პრეტენზია არ მაქვს, ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიტყვი! მხოლოდ იმას ვბედავ, რომ სიტყვებს ვალაგებ ჩემი სატკივრის შესაბამისად“.

მისთვის მარტივი არ იყო, ფურცლის წინაშე მარტო დარჩენა და არც ის, რომ იქ დაწერილი სტრიქონები ვინმესთვის ეჩვენებინა. ჯერ მხოლოდ დედასა და ბებიას აკითხებდა, შემდეგ სხვებსაც გაენდო. პირველ კრებული, „ფიქრები გაბზარული სარკის წინ“ , ავტორის
დაუკითხავად მისმა უმცროსმა ძმამ რეზო კახაძემ, გია ჭკუასელმა და გია კორკოტაშვილმა გამოსცეს.

მეორე წიგნს „გმადლობ, ბოდიში“ ერქვა, ხოლო მესამე, გამოსაცემად გამზადებული კრებულის სათაური უკვე შერჩეული აქვს: „სალამი იარაღო, ანუ ერთხელაც წამიკითხე“ ... რასაკვირველია, არ მინანია, რომ ლადო კახაძეს ლიტერატურასა და წიგნებზე სასაუბროდ ვესტუმრე. ქიმიკოსი დედისა და გერმანული ენის სპეციალისტი მამის ოჯახში გაიზარდა. ბაბუა ლიტერატურის კრიტიკოსი ჰყავდა და ხშირად ამბობდა ფრაზას - „ორი რამ ითხოვს მუდმივ განახლებას, კუჭი და ტვინი... კუჭს ზოგჯერ სალაფავითაც მოატყუებ, მაგრამ ტვინს სალაფავს ნუ აკადრებ“ . წლებია, მის რჩევას ითვალისწინებს, წიგნებს მოდის, ბუმის გამო არ კითხულობს და სწორედ ამიტომ,
თანამედროვე ავტორებს შორის მხოლოდ რამდენიმე ჰყავს გამორჩეული.

მიაჩნია, რომ იმ დიდი სახელებისა და ნაწარმოებების გვერდით ბევრი „ახლის“ დაყენება ცოტა უხერხულია. ქართულ პოეზიაში მისთვის ძვირფასი ავტორები არიან: გიორგი არაბული, ტარიელ ხარხელაური, თემურ ჩალაბაშვილი, ხოლო პროზაში - გურამ დოჩანაშვილი...
ლადო კახაძეს დღემდე ახსოვს დედისა და ბებიის ნამღერი „იავნანა“ , შემდეგ ზღაპრები, რომლებსაც გამუდმებით უკითხავდნენ. ზუსტად ვერ იხსენებს, მაგრამ ფიქრობს, რომ დამოუკიდებლად წაკითხული პირველი წიგნი „ტომ სოიერის თავგადასავალი“ იყო.

თავადაც ამ წიგნით დააწყებინა კითხვა თავის შვილიშვილებს, ნიკოლოზსა და ანდრიას. ახლა მას და მის მეუღლეს რიტუალად აქვთ
ქცეული, ყოველ საღამოს ბავშვებთან ერთად „ვეფხისტყაოსანი“ იკითხონ. ჯერ ის იწყებს, შემდეგ მეუღლე აგრძელებს, ბოლოს
კი - ნიკოლოზი და ანდრია. შვილიშვილებს სტროფებსა და თითოეულ სიტყვას განუმარტავს, უხსნის, შინაარსს აცნობს.
ზოგადად მიიჩნევს, რომ ძალდატანება ანბანთან ურთიერთობისას დაუშვებელია.

ამიტომ სურს, რომ დიდმა პოემამ ისინი არ დააშინოს და ჩაკეტოს და ამიტომ მათ მცირე ასაკშივე ამზადებს „ვეფხისტყაოსნის“ შესაცნობად... ბებიის, მერი ჯიჯიხიას წყალობით, სკოლაში შესვლამდე იცოდა წერა-კითხვა. ბაღში არ უვლია. სკოლის პედაგოგ ვარლამ თავაძეს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მისი ლიტერატურული გემოვნებისა და აზროვნების ჩამოყალიბებაში.

39-ე, ყოფილ მე-2 ვაჟთა სკოლაში სწავლობდა და ვარლამ თავაძე დირექტორი გახლდათ. ქართულ წერაში ერთადერთი ოთხიანი
მაშინ მიიღო, როცა დაწერა თემა: „ხევისბერის გასამართლება“ . ნიშანი იმიტომ არ დაუკლიათ, რომ გრამატიკული შეცდომები უპოვეს, არა, მისი თემა საყოველთაოდ დადგენილ „ნორმებს“ შეეწინააღმდეგა. გაიმართა პედსაბჭო და სკოლაში მშობლები დაიბარეს. გაკიცხვის
მიზეზი კი ის გახდა, რომ მან ონისე ვერ გაამტყუნა და დღესაც, 60 წლის ასაკში იმავეს ფიქრობს.

ეს კი ერთგვარად „სამედიცინო ენაზე“ აგვიხსნა. „შეყვარებული კაცი თავს ვერ აკონტროლებს. ძიძიას ამ ტრაგედიაში არავითარი წვლილი არ მიუძღვის. ონისეს ღალატის ტოლფასად შეუფასეს ვნების დაუმორჩილებლობა. ეს ძალიან რთული თემაა, ფართო მსჯელობის
საგანი, მაგრამ ერთს ვიტყვი: შეყვარებულ კაცს, ეიფორიაში რომ არის, თვითმფრინავის საჭესთან არ დასვამენ. თირკმელში კენჭის გავლის შეტევისას კაცს თოფს სასროლად არ დააჭერინებენ. სიყვარული კი დიდი კენჭი და დიდი ლახვარია ენდოკრინულ სისტემაში. ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა, არ არის მარტივად შესაფასებელ-აღსაქმელი“ ...

სუფრასთან, თამადობისას, რასაკვირველია, ლხინისა თუ ჭირის სუფრის გათვალისწინებით, სხვადასხვა ლექსს ირჩევს წასაკითხად. ყველაზე ხშირად მურმან ლებანიძესა და მუხრან მაჭავარიანს „მიმართავს“ . „დიდ სუფრას არ უხდება, მაგრამ პატარა სუფრაზე, ფაქტობრივად, არც ერთი სადღეგრძელო ლექსის გარეშე არ მიდის. მუხრანის სიტყვებს ხშირად ვამბობ: „ვიდრე ღმერთი შენთვის სიკვდილს გაიმეტებს, ხომ უნდა შეიქციო თავი რაიმეთი. ჰოდა, ან გამყიდე, ან ცოლი წამგვარე, ან დანა დამარტყი, ან... რაღაც ამგვარი, თვარა ხომ იცი ღმერთი რავარია! ვინ იცის, სიკვდილს როდის გაიმეტებს. რა გააძლებინებს ისე ადამიანს, თუ არ შეიქცია თავი რაიმეთი“ .

ჩვენი თავის შექცევის ფორმას გაუმარჯოს, სიცოცხლედ წოდებულს... - ეს არის, მთელი სადღეგრძელო, დამთავრდა!.. თავის შექცევის ფორმაა ჩვენი სამსახური, წერა, კითხვა... - ყველაფერი ეს სიცოცხლის ნაწილია“ . წიგნი, რომელსაც არაერთხელ დაბრუნებია „დათა თუთაშხიაა“ ; არც ამ წიგნის კითხვა ჰბეზრდება და არც ფილმის ყურება.

„...იმიტომ, რომ იქ ხან დათა ვარ და ხან მუშნი. სეგედის ადგილას თავი კი დამიყენებია, მაგრამ არ გამომსვლია... აი, დათა და მუშნი ძალიან ხშირად ვარ. თან, ორივე მსახიობს გადასარევად ვიცნობდი. ოთარ მეღვინეთუხუცესი გენიალური კაცი იყო, ხოლო თენგიზ არჩვაძე ჩემთვის ის ნაპირია, რომლიდანაც ვერავინ გადამაგდებს და ზღვა ვერაფერს დაუშავებს“ .
- და მაინც, უფრო რომელი ხართ?
- დღე ღამეს ხომ არ შეიძლება დასცილდეს ან ერთმანეთს შეეჯიბრონ?! ისინი ყოველთვის პროპორციაში არიან, ესეც ასეა... ასე რომ, ხან დათა ვარ და ხან მუშნი“ , - ღიმილით ამბობს და საოჯახო ბიბლიოთეკის მიმოხილვაზე გადავდივართ, რომელსაც დღეს მთელი მისი ოჯახი ახალ-ახალი გამოცემებით ამდიდრებს. მეუღლე, რუსუდან ორჯონიკიძე, ძირითადად საბავშვო და რელიგიურ ლიტერატურას იძენს შვილიშვილებისათვის, რომლებიც სტიქაროსნები არიან. თუმცა, ეს ისეთი პირადი თემაა, რომელზეც ლადო კახაძე საჯაროდ არ საუბრობს. ვფიქრობ, მართალიცაა, რადგან ეს ის კაცია, რომელსაც ბევრი სხვასავით არ სჩვევია საკუთარი რელიგიურობის აფიშირება...

ანა კალანდაძე
ჟურნალი რეიტინგი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ელიზბარ(ემზარ)გაბუნია
,,პოეზიას შეუძლია გადაარჩინოს უგუნური კაცობრიობა."-ეს ლადო კახაძის სიტყვებია. ლადო კახაძე ბუნებით თავდ პოეზიაა...
13:28 / 27-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანო
თქვენ ჩემი ქვეყნის ღონე ხართ ბატონო ლადო, ნიჭიერი და მხნე კაცი,ნიჭიერ კაცთა უყოლობა ქმნის ერს უღონოდ,ჯერ კიდევ ღონიერია ჩვენი ქვეყანა თქვენნაირების წყალობით,დიდი მადლობა თქვენ რომ არსებობთ.
17:20 / 01-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მადლიერი პაციენტი
დღეს ტუ საქარტველო არსებობს ტქვენნაირი ქარტველების მოტანილია ბ-ნო ლადო.კაცი რომელიც ტავის საქმეს აკეტებს სახლში ტუ სამსახურში ყოველტვის უფლის მადლს იმსახურებს და ბედნიერებას.საქარტველოს განატლება გადაარჩენს და ტქვენ ეს არასდროს გეშლებოდატ.ტქვენნაირები ბევრი რომ გვყავდეს დღეს უმეცარტა ხელში არ ვიქნებოდიტ და სატირლად არ გვექნებოდა საქმე,მაგრამ მოვა ის განატებაც და ტქვენი დიდი წვლილი იქნება ამაში რადგან ტქვენი ოჯახიდან გამოსულები ტქვენნაირი საამაყოები იქნებიან.
19:22 / 30-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ტბილისელი
ბ-ნი ლადოს ოჯახობა სხვანაირი არც შეიძლება რომ ყოფილიყო.კაცობა არ ისწავლება-ეს ოჯახიდან გენეტიკურად მოდის და იმრავლეტ,იხარეტ და ჩვენც გაგვახარეტ ტქვენი კარგად ყოფნიტ ბ-ნო ლადო,ნამდვილად საამაყო ტბილისელი და ქარტველი ბრძანდებიტ,მადლობა ამისტვის.
19:12 / 30-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ვისურვებდი ლადო კახაძის მსგავსი ბევრი ყოფილიყოს საქართველოში. ადამიანი. ამ სიტყვის სრული გაგებით. იცოცხლეთ და იდღეგრძელეთ ბატონო ლადო მრავალჟამიერ.
23:08 / 22-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS