საღამოს ვიდეოების სერია არ წყდებოდა და ტელევიზიები ერთიმეორის მიყოლებით გვაჩვენებდნენ, რა ხდებოდა რეალურად ციხეებში.
იმ ღამეს მთელმა საქართველომ გაათენა. ადამიანების დიდი ნაწილი ქუჩაში გამოვიდა. ზოგი მათგანი გლდანის ციხესთან მივიდა. პატიმრების
ბოლოს კი ყველა ერთად ფილარმონიასთან შეიკრიბა, სადაც მიუზიკლ ''ვერის უბნის მელოდიებზე'' დასასწრებად პრეზიდენტი იმყოფებოდა. მიუზიკლი ჩაიშალა და ქუჩები უამრავმა ადამიანმა მოიცვა.
ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები ''ნაციონალური მოძრაობის'' მისამართით. მაშინ გაჩნდა ახალი რევოლუციური ფრაზები: ''გლდანტანამო'' , ''ცოცხების რევოლუცია'' , ''სისტემა უნდა დაინგრეს'' ... ''ნაციონალური მოძრაობის'' მხარდამჭერების გარდა, დაბნეულები ჩანდნენ მათი დეპუტატებიც. ამ მძიმე თემაზე კომენტარის გაკეთებას ყველა თავს არიდებდა.

დღეს ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ადამიანიც კი ვერ უარყოფს, რომ ციხის კადრების გავრცელებამ ''ქართული ოცნების'' მხარდამჭერთა რაოდენობა გაზარდა.
ხალხი არსებული ხელისუფლების შესაცვლელად ყველაფერზე თანახმა იყო. არჩევნებზე წავიდნენ ისეთი ამომრჩევლებიც, რომელთაც პოლიტიკა არასოდეს აინტერესებდა და იმ დრომდე არც საარჩევნო ყუთთან მისულან.
მალე გამარჯვების ეიფორიამ გადაიარა, პატიმრების წამებაში დადანაშაულებული ციხის თანამშრომლების ნაწილი დააკავეს, ზოგი უკვე გარეთ არის, ზოგიც ჯერ კიდევ იძებნება. ამბობენ, რომ მწამებლების გარკვეული ნაწილი დღემდე რჩება პენიტენციურ სისტემაში, მაგრამ პატიმრებს ძველებურად აღარ ექცევიან.
სწორედ ამ კადრებმა განაპირობა არჩევნების შემდეგ ''ქართული ოცნების'' მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი ამინისტია. პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რამდენიმე ათასი პატიმარი გარეთ გამოვიდა.
18 სექტემბერს გავრცელებულმა კადრებმა ერთი ისეთი ადამიანი გახადა პოპულარული, რომელმაც წამების კადრების ნაწილი საკუთარი ხელით გადაიღო და შემდეგ სისტემიდან გამოიტანა. გავრცელებასა და საზღვარგარეთ გადატანაში ჟურნალისტ ირმა ინაშვილის გარდა, მას კიდევ რამდენიმე ადამიანი დაეხმარა. ლადო ბედუკაძე დღეს ზოგისთვის გმირია, ზოგისთვის - ანტიგმირი და მწამებელი...
ვიდეოების გავრცელებიდან რამდენიმე დღეში შოკიდან გამოსული ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა კადრების ნამდვილობა ეჭვქვეშ დააყენეს. გაჩნდა ვერსიები, რომ წამების კადრების ნაწილი სპეციალურად ''ქართული ოცნების'' დაკვეთით დაიდგა.
დღემდე არჩევენ ცოცხის სცენის სინამდვილეს, თუმცა ხალხის დიდ ნაწილს ეს უკვე აღარ აინტერესებს. მათი აზრით, სისტემა დანგრეულია და ახლა ახალი მთავრობისგან დაპირებების შესრულებას ელიან.
რა გავლენა მოახდინა ქვეყანაზე გასული წლის 18-მა სექტემბერმა, აზრი საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს, ჟურნალისტ გიორგი ქორქიას და მუსიკოს ზაზა ხუციშვილს ვკითხეთ.
გიორგი ქორქია:
- მაგ კადრებით შეიცვალა ქვეყანაში ხელისუფლება. ეგ იყო თავი და თავი, რაც შემდეგ არჩევნებზე მოხდა. არ ვიცი, ახლა ციხეებში რა ხდება, ღმერთმა არც გამაგებინოს, ეჭვი მეპარება, რომ სისტემაში რამე შეცვლილიყო.
სამწუხაროდ, პატიმრებს ყოველთვის აწამებდნენ და ორჯერ სამწუხაროა, რომ ყოველთვის ასე იქნება. ცოცხი უკანალში, არ ვიცი, საშინელებაა, მაგრამ ცემა-ტყეპა ალბათ სულ იქნებოდა და იქნება კიდეც. ხანდახან თვალს მოვკრავ ინფორმაციას ნაწამებ პატიმარზე. ახლაც არის ასეთი ფაქტები.
- როგორ ფიქრობთ, რატომ არ იძიებენ კადრების სინამდვილეს?
- არ ვიცი, არ იძიებენ? ეგეც არ ვიცი. თითქოს მაშინ რამდენიმე ექსპერტი გამოვიდა და თქვა, რომ დადგმული იყო და პირიქით. თუ არ იძიებენ, ეს კიდევ იმის უბედურებაა, ვისაც ეხება და არ იძიებს. ფაქტია, რომ მაგის მერეც კარგისკენ არაფერი შეცვლილა.
- გიორგი, იმ მძიმე დღეებში მუსიკოსების ნაწილმა სიმღერა ჩაწერა სახელწოდებით - ''სისტემა უნდა დაინგრეს'' . როგორ ფიქრობთ, დაინგრა სისტემა?
- ჩემი აზრით, სისტემა არ უნდა დაინგრეს, უნდა შეიცვალოს. რასაც ვუყურებ, სისტემის გარდა, ყველაფერი დაინგრა. რაც შეეხება მუსიკოსებს, ბევრი იყო მანდ ჩემი მეგობარი, მაგრამ შეიძლება, ბევრის აზრი არ გავიზიარო რაღაც-რაღაცებში. არ ვიცი, რამდენად დაინგრა სისტემა, ვერაფერს ვხედავ დანგრეულს. რაღაც დონეზე შეიძლება, გაუარესდა კიდეც. თუნდაც ქუჩაში პოლიციელების ქცევა რომ ავიღოთ, პატრულს არ ვგულისხმობ.
- ცნობილ რეიდებზე ლაპარაკობთ?
- რეიდები და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ''ოპერები'' , რომლებიც აღარ იყვნენ და ახლა ისევ არიან.
- პირადად თქვენ ან თქვენი მეგობრები თუ გაუჩერებიხართ?
- დიახ, ქუჩაში ძაღლს ვასეირნებდი და გამაჩერეს. საბუთი მომთხოვეს, რის პასუხადაც იქით მოვთხოვე საბუთი. ჯიბიდან რაღაც ამოიღო და დამანახვა. რის შემდეგაც მოვთხოვე, რომ ეჩვენებინა საბუთი - ვინ იყო, სახელი და გვარი... მერე ვუთხარი, საერთოდ პატრულს დავურეკოთ და მე ჩემს საბუთს გაჩვენებ და შენ შენი მაჩვენე-მეთქი. შევახსენე, რომ პატრულს გულზე კამერა აქვს დამაგრებული და ეს ყველაფერი დაფიქსირდებოდა. ალბათ სახეზე მიცნეს. წავიდნენ... არც ვიცი, იყვნენ თუ არა პოლიციელები, ან რა უნდოდათ. ჩემს რამდენიმე მეგობარსაც ჰქონდა შემთხვევა, რომ ქუჩაში გააჩერეს, მაგრამ რომ წაეყვანათ და გაესინჯათ, ასეთი არ გამიგია. გამაჩერონ და ნარკოლოგიურში წამიყვანონ შემოწმებაზე, მამოწმონ, რამდენიც უნდათ. ვერაფერს იპოვიან ღვინისა და ლუდის გარდა (იცინის).

ზაზა ხუციშვილი:
- არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ციხის კადრებმა გადაწყვიტა არჩევნების ბედი, თუმცა მცირე კორექცია შეიტანა. ''ნაციონალური მოძრაობის'' დამარცხება ისედაც გარდაუვალი იყო. რა ხმებიც აიღეს, ისიც დაშინებისა და მცირე რესურსის ხარჯზე. სამწუხაროა, რომ ''ნაციონალურ მოძრაობაში'' სინანულის გრძნობას ვერ ვხედავ. ისევ იტყუებიან, რომ ვითომ ეს ერთი შემთხვევა იყო. ამას რომ სისტემური სახე ჰქონდა, როგორც ციხეში, ასევე გარეთ, ყველამ კარგად ვიცით.
- რაიმე ინფორმაციას თუ ფლობთ დღეს ციხეში არსებულ სიტუაციაზე?
- ერთ დღეს ყველაფრის შეცვლა გამორიცხულია. შეიძლება, რაღაც ძალადობის მომენტები იყოს, მაგრამ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანზე რომ მიზანმიმართული ძალადობა ხორციელდებოდეს, ასეთი რამ არ ხდება. ციხეში, ძირითადად, დამნაშავეები სხედან, მათ ცოტა განსხვავებული ფსიქიკა აქვთ და ძალადობისკენ არიან მიდრეკილები. შიგნით თუ დისციპლინა არ იქნება, შეიძლება, ერთმანეთის მიმართ ძალადობის სურვილი გაუჩნდეთ. არ ვიცი, ახლა რა სიტუაციაა, მაგრამ უკეთესი მდგომარეობა რომ იქნება, დარწმუნებული ვარ.
- თქვენ არ შეგპარვიათ ეჭვი ციხის კადრების სინამდვილეში?
- ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ყველა კადრი დადგმულია თუ არა. ქვეყანაში რა ტენდენციაც იყო, კარგად ვხედავდით. ძალადობა ციხის გარეთ არ ხდებოდა? უამრავი შემთხვევა ვიცი, როცა განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის გამო ადამიანი მიტინგიდან გაიტაცეს და ცემით მოკლეს. ეს იყო სისტემა, რომელიც დაინგრა. რომელი კადრი იყო დადგმული და რომელი ნამდვილი, არ ვიცი. შეიძლება, რომელიმე დადგმული იყო და გამოიყენეს კიდეც მათ საწინააღმდეგოდ. როგორი სისტემაც თვითონ ჰქონდათ ''ნაციონალებს'' , რომ ათასგვარ ტყუილს იგონებდნენ და სამი ტელევიზიით ახვევდნენ საზოგადოებას თავზე... თუ ვინმემ დაუდგა, გამოდის, რომ მათივე მეთოდით ებრძოლა. არ ვიცი, ექსპერტი არ ვარ.
- სისტემა დაინგრა და დღეს უკეთეს ქვეყანაში ვცხოვრობთ?
- ბოლომდე ვერ დაინგრა, მაგრამ სასამართლოს, ბიზნესს დადებითი ტენდენცია ეტყობა. ახლა მორიგი ტყუილის ტალღას აგორებენ ''ნაციონალები'', რომ ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება. მთელი ბიზნესი ხელში ჰქონდა ''ნაციონალურ მოძრაობას''. შეიძლება, არის ბიზნესში გარკვეული შეფერხება, მაგრამ დროებითია, დარწმუნებული ვარ, 3-5 თვეში ყველაფერი დალაგდება.
მოამზადა ნინო გიგიშვილმა
ჟურნალი ''რეიტინგი''




















