17 სექტემბერი, 2013
როგორ აფასებენ ცნობილი სახეები ციხის კადრებს მათი გავრცელებიდან ერთი წლის შემდეგ
ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები ''ნაციონალური მოძრაობის'' მისამართით. მაშინ გაჩნდა ახალი რევოლუციური ფრაზები: ''გლდანტანამო'' , ''ცოცხების რევოლუცია'' , ''სისტემა უნდა დაინგრეს'' 18 სექტემბერს ერთი წელი ხდება იმ მძიმე დღიდან, რომელმაც ქართული პოლიტიკური ცხოვრება ერთიანად შეცვალა. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ტელევიზიით ციხეში პატიმრების წამების საზარელი კადრები გავრცელდა.

საღამოს ვიდეოების სერია არ წყდებოდა და ტელევიზიები ერთიმეორის მიყოლებით გვაჩვენებდნენ, რა ხდებოდა რეალურად ციხეებში.

იმ ღამეს მთელმა საქართველომ გაათენა. ადამიანების დიდი ნაწილი ქუჩაში გამოვიდა. ზოგი მათგანი გლდანის ციხესთან მივიდა. პატიმრების
ოჯახის წევრები საკუთარი შვილების, მეუღლეების, მამების ნახვას ითხოვდნენ.

ბოლოს კი ყველა ერთად ფილარმონიასთან შეიკრიბა, სადაც მიუზიკლ ''ვერის უბნის მელოდიებზე'' დასასწრებად პრეზიდენტი იმყოფებოდა. მიუზიკლი ჩაიშალა და ქუჩები უამრავმა ადამიანმა მოიცვა.

ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები ''ნაციონალური მოძრაობის'' მისამართით. მაშინ გაჩნდა ახალი რევოლუციური ფრაზები: ''გლდანტანამო'' , ''ცოცხების რევოლუცია'' , ''სისტემა უნდა დაინგრეს'' ... ''ნაციონალური მოძრაობის'' მხარდამჭერების გარდა, დაბნეულები ჩანდნენ მათი დეპუტატებიც. ამ მძიმე თემაზე კომენტარის გაკეთებას ყველა თავს არიდებდა.
Rating
დღეს ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ადამიანიც კი ვერ უარყოფს, რომ ციხის კადრების გავრცელებამ ''ქართული ოცნების'' მხარდამჭერთა რაოდენობა გაზარდა.

ხალხი არსებული ხელისუფლების შესაცვლელად ყველაფერზე თანახმა იყო. არჩევნებზე წავიდნენ ისეთი ამომრჩევლებიც, რომელთაც პოლიტიკა არასოდეს აინტერესებდა და იმ დრომდე არც საარჩევნო ყუთთან მისულან.

მალე გამარჯვების ეიფორიამ გადაიარა, პატიმრების წამებაში დადანაშაულებული ციხის თანამშრომლების ნაწილი დააკავეს, ზოგი უკვე გარეთ არის, ზოგიც ჯერ კიდევ იძებნება. ამბობენ, რომ მწამებლების გარკვეული ნაწილი დღემდე რჩება პენიტენციურ სისტემაში, მაგრამ პატიმრებს ძველებურად აღარ ექცევიან.

სწორედ ამ კადრებმა განაპირობა არჩევნების შემდეგ ''ქართული ოცნების'' მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი ამინისტია. პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რამდენიმე ათასი პატიმარი გარეთ გამოვიდა.

18 სექტემბერს გავრცელებულმა კადრებმა ერთი ისეთი ადამიანი გახადა პოპულარული, რომელმაც წამების კადრების ნაწილი საკუთარი ხელით გადაიღო და შემდეგ სისტემიდან გამოიტანა. გავრცელებასა და საზღვარგარეთ გადატანაში ჟურნალისტ ირმა ინაშვილის გარდა, მას კიდევ რამდენიმე ადამიანი დაეხმარა. ლადო ბედუკაძე დღეს ზოგისთვის გმირია, ზოგისთვის - ანტიგმირი და მწამებელი...

ვიდეოების გავრცელებიდან რამდენიმე დღეში შოკიდან გამოსული ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა კადრების ნამდვილობა ეჭვქვეშ დააყენეს. გაჩნდა ვერსიები, რომ წამების კადრების ნაწილი სპეციალურად ''ქართული ოცნების'' დაკვეთით დაიდგა.

დღემდე არჩევენ ცოცხის სცენის სინამდვილეს, თუმცა ხალხის დიდ ნაწილს ეს უკვე აღარ აინტერესებს. მათი აზრით, სისტემა დანგრეულია და ახლა ახალი მთავრობისგან დაპირებების შესრულებას ელიან.

რა გავლენა მოახდინა ქვეყანაზე გასული წლის 18-მა სექტემბერმა, აზრი საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს, ჟურნალისტ გიორგი ქორქიას და მუსიკოს ზაზა ხუციშვილს ვკითხეთ.

გიორგი ქორქია:
- მაგ კადრებით შეიცვალა ქვეყანაში ხელისუფლება. ეგ იყო თავი და თავი, რაც შემდეგ არჩევნებზე მოხდა. არ ვიცი, ახლა ციხეებში რა ხდება, ღმერთმა არც გამაგებინოს, ეჭვი მეპარება, რომ სისტემაში რამე შეცვლილიყო.
სამწუხაროდ, პატიმრებს ყოველთვის აწამებდნენ და ორჯერ სამწუხაროა, რომ ყოველთვის ასე იქნება. ცოცხი უკანალში, არ ვიცი, საშინელებაა, მაგრამ ცემა-ტყეპა ალბათ სულ იქნებოდა და იქნება კიდეც. ხანდახან თვალს მოვკრავ ინფორმაციას ნაწამებ პატიმარზე. ახლაც არის ასეთი ფაქტები.
- როგორ ფიქრობთ, რატომ არ იძიებენ კადრების სინამდვილეს?
- არ ვიცი, არ იძიებენ? ეგეც არ ვიცი. თითქოს მაშინ რამდენიმე ექსპერტი გამოვიდა და თქვა, რომ დადგმული იყო და პირიქით. თუ არ იძიებენ, ეს კიდევ იმის უბედურებაა, ვისაც ეხება და არ იძიებს. ფაქტია, რომ მაგის მერეც კარგისკენ არაფერი შეცვლილა.
- გიორგი, იმ მძიმე დღეებში მუსიკოსების ნაწილმა სიმღერა ჩაწერა სახელწოდებით - ''სისტემა უნდა დაინგრეს'' . როგორ ფიქრობთ, დაინგრა სისტემა?
- ჩემი აზრით, სისტემა არ უნდა დაინგრეს, უნდა შეიცვალოს. რასაც ვუყურებ, სისტემის გარდა, ყველაფერი დაინგრა. რაც შეეხება მუსიკოსებს, ბევრი იყო მანდ ჩემი მეგობარი, მაგრამ შეიძლება, ბევრის აზრი არ გავიზიარო რაღაც-რაღაცებში. არ ვიცი, რამდენად დაინგრა სისტემა, ვერაფერს ვხედავ დანგრეულს. რაღაც დონეზე შეიძლება, გაუარესდა კიდეც. თუნდაც ქუჩაში პოლიციელების ქცევა რომ ავიღოთ, პატრულს არ ვგულისხმობ.
- ცნობილ რეიდებზე ლაპარაკობთ?
- რეიდები და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ''ოპერები'' , რომლებიც აღარ იყვნენ და ახლა ისევ არიან.
- პირადად თქვენ ან თქვენი მეგობრები თუ გაუჩერებიხართ?
- დიახ, ქუჩაში ძაღლს ვასეირნებდი და გამაჩერეს. საბუთი მომთხოვეს, რის პასუხადაც იქით მოვთხოვე საბუთი. ჯიბიდან რაღაც ამოიღო და დამანახვა. რის შემდეგაც მოვთხოვე, რომ ეჩვენებინა საბუთი - ვინ იყო, სახელი და გვარი... მერე ვუთხარი, საერთოდ პატრულს დავურეკოთ და მე ჩემს საბუთს გაჩვენებ და შენ შენი მაჩვენე-მეთქი. შევახსენე, რომ პატრულს გულზე კამერა აქვს დამაგრებული და ეს ყველაფერი დაფიქსირდებოდა. ალბათ სახეზე მიცნეს. წავიდნენ... არც ვიცი, იყვნენ თუ არა პოლიციელები, ან რა უნდოდათ. ჩემს რამდენიმე მეგობარსაც ჰქონდა შემთხვევა, რომ ქუჩაში გააჩერეს, მაგრამ რომ წაეყვანათ და გაესინჯათ, ასეთი არ გამიგია. გამაჩერონ და ნარკოლოგიურში წამიყვანონ შემოწმებაზე, მამოწმონ, რამდენიც უნდათ. ვერაფერს იპოვიან ღვინისა და ლუდის გარდა (იცინის).

Rating
ზაზა ხუციშვილი:
- არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ციხის კადრებმა გადაწყვიტა არჩევნების ბედი, თუმცა მცირე კორექცია შეიტანა. ''ნაციონალური მოძრაობის'' დამარცხება ისედაც გარდაუვალი იყო. რა ხმებიც აიღეს, ისიც დაშინებისა და მცირე რესურსის ხარჯზე. სამწუხაროა, რომ ''ნაციონალურ მოძრაობაში'' სინანულის გრძნობას ვერ ვხედავ. ისევ იტყუებიან, რომ ვითომ ეს ერთი შემთხვევა იყო. ამას რომ სისტემური სახე ჰქონდა, როგორც ციხეში, ასევე გარეთ, ყველამ კარგად ვიცით.
- რაიმე ინფორმაციას თუ ფლობთ დღეს ციხეში არსებულ სიტუაციაზე?
- ერთ დღეს ყველაფრის შეცვლა გამორიცხულია. შეიძლება, რაღაც ძალადობის მომენტები იყოს, მაგრამ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანზე რომ მიზანმიმართული ძალადობა ხორციელდებოდეს, ასეთი რამ არ ხდება. ციხეში, ძირითადად, დამნაშავეები სხედან, მათ ცოტა განსხვავებული ფსიქიკა აქვთ და ძალადობისკენ არიან მიდრეკილები. შიგნით თუ დისციპლინა არ იქნება, შეიძლება, ერთმანეთის მიმართ ძალადობის სურვილი გაუჩნდეთ. არ ვიცი, ახლა რა სიტუაციაა, მაგრამ უკეთესი მდგომარეობა რომ იქნება, დარწმუნებული ვარ.
- თქვენ არ შეგპარვიათ ეჭვი ციხის კადრების სინამდვილეში?
- ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ყველა კადრი დადგმულია თუ არა. ქვეყანაში რა ტენდენციაც იყო, კარგად ვხედავდით. ძალადობა ციხის გარეთ არ ხდებოდა? უამრავი შემთხვევა ვიცი, როცა განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის გამო ადამიანი მიტინგიდან გაიტაცეს და ცემით მოკლეს. ეს იყო სისტემა, რომელიც დაინგრა. რომელი კადრი იყო დადგმული და რომელი ნამდვილი, არ ვიცი. შეიძლება, რომელიმე დადგმული იყო და გამოიყენეს კიდეც მათ საწინააღმდეგოდ. როგორი სისტემაც თვითონ ჰქონდათ ''ნაციონალებს'' , რომ ათასგვარ ტყუილს იგონებდნენ და სამი ტელევიზიით ახვევდნენ საზოგადოებას თავზე... თუ ვინმემ დაუდგა, გამოდის, რომ მათივე მეთოდით ებრძოლა. არ ვიცი, ექსპერტი არ ვარ.
- სისტემა დაინგრა და დღეს უკეთეს ქვეყანაში ვცხოვრობთ?
- ბოლომდე ვერ დაინგრა, მაგრამ სასამართლოს, ბიზნესს დადებითი ტენდენცია ეტყობა. ახლა მორიგი ტყუილის ტალღას აგორებენ ''ნაციონალები'', რომ ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება. მთელი ბიზნესი ხელში ჰქონდა ''ნაციონალურ მოძრაობას''. შეიძლება, არის ბიზნესში გარკვეული შეფერხება, მაგრამ დროებითია, დარწმუნებული ვარ, 3-5 თვეში ყველაფერი დალაგდება.

მოამზადა ნინო გიგიშვილმა
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
კიკი
იმ ქვეყანაში, სადაც ვინმე ირმა ინაშვილზე ლაპარაკობს ერი, სადაც მომღერალი პოლიტიკას განიხილავს და სადაც ამბობეს 1 წლის შემდეგ, მდგომარეობა გამოსწორდაო, მართალაც ფურთხის ღირსია!!!
12:52 / 18-09-2013
გამოხმაურება / 0 /
რუსკა
ვეთანხმები ზაზას, ყველაფერი დალაგდება ეს უსასრულო კოჰაბიტაცია როცა დამთავრდება, ნამდვილად აღარ მაქვს იმის შიში, რომ წინა კაცთმოძულე და ურწმუნო მთავრობის ხელში ერთ დღეს შეიძლება გამღვიძებოდა და ქართველი არ მრქვეოდა. მადლობა ღმერთს პატრიარქის გაღიმებულ სახეს, რომ ვხედავ და არა 9 წლიან ნაღვლიან სახეს და შიშნარევ თვალებს. ხოლო რაც შეეხება ქორქიას ის ისეთ ტელევიზიაში მუშაობს, რომ მანდ ისევ წინა მთავრობაა და რა საკვირველია ასეთი ინტერვიუ, აცალეთ ცოტაც და აზრს მალე შეიცვლის და არა მარტო ის არამედ ბევრი ისევ ძველებურად მოაზროვნე.
12:48 / 18-09-2013
გამოხმაურება / 0 /
სულხანი
მე ვეთანხმები გიორგი ქორქიას, პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ცხოვრება რომ გაუარესდა, კარგად ვხედავ. ხალხი გაბრიყვდა, რაც სამწუხაროა. ირმა ინაშვილს უბრალოდ ქალს და ადამიანსაც კი ვერ უწოდებ, ისეთი დონეა.
12:36 / 18-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ირინა
ზაზას ვეთანხმები.ყველამ ვიცოდით რაც ხდებოდა.პატიმრებს კი არა ჩვეულებრივ მოქალაქეებს ასახიჩრებდნენ იმიტომ,რომ ქონება აეხიათ.ის შეიცვალა,რომ შენი აზრის გამოთქმისთვის არავინ მოგიღებს ბოლოს,ბიუჯეტის შესავსებად არ მოგიგზავნიან არავის და სპეციალურად არ დაგიჭერენ.აღარ მიდის მხოლოდ იმაზე მუშაობა როგორმე დაგიჭირონ და მთელი ცხოვრების ნაოფლარი წაგართვან.ჯერჯერობით.რწმენით და იმედით,დემოკრატია ერთ წელში არ აშენებულა.
12:31 / 18-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატა
რა თქმა უნდა მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდა, მაგრამ მე ვისურვებდი ახალი ხელისუფლებისგან, ნაკლებ პარტიულ კინკლაობას და მეტ პროფესიონალიზმს. ივანიშვილის გასვლას პოლიტიკიდან ასევე არ მივესლმები.
12:29 / 18-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მე
არ ვეთანხმები ზაზას..დიდი დრო გავიდა საიმისოდ,რომ რაღAც შედეგი დაგვენახა..და დავინახეთ კიდეც: დანგრეული ეკონომიკა,გაზრდილი კრიმინალი,ნეოპოტიზმი,საგარეო პოლიტიკის სრული კრახი,რუსეთთან "ურთიერთობის დალაგების" საბაბით თავის დახრა,რომელიც,კარგად მოგეხსენებათ და ბოლო დღეების მოვლენებიც ადასტურებს,რომ ისევ და ისევ მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს და საერთოდ,დილეტანტი მთავრობა,არაინფორმირებული (ან ინფორმაციის უგულვებელმყოფელი)პრემიერი,რომელიც საერთოდ არ ინტერესდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით და საკუთარი უსაფრთხოების მიზნით,სასახლიდან თითქმის არ გამოდის.მოკლედ,ქაოსი და ბანანის რესპუბლიკა!
11:50 / 18-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიკო
აბსოლუტურად ვეთანხმები ზაზას, დიახაც რომ ყველაფერი დალაგდება. უფალმა გადმოგვხედა და ის კაცთმოძულე მთავრობა მოგვაშორა. ბატონ მამიას კი ვურჩევ მანაც თავის საქმე აკეთოს
11:22 / 18-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მამია შაუთიძე
"3-5 თვეში ყველაფერი დალაგდება" ამბობს ზაზა. შენს პირს შაქარი, მაგრამ გეტყობა არ ხარ გათვითცნობიერებული ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, რომელიც 3-5 თვეში ვერანაირად დალაგდება, არარაფერს ვამბობ სხვა დარგებზე. მითუმეთეს, რომ პრემიერმა უკვე გააკეთა განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, რაც კიდევ უფრო შორს გადაწევს ე.წ. "დალაგების" პროცესს. ზაზას კი ურჩევდი თავისი საქმე აკეთოს, რაც ზალიან კარგად გამოსდის.
10:04 / 18-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS