14 სექტემბერი, 2013
რა წვლილი მიუძღვის გურამ დოჩანაშვილს გოდერძი შარაშიას დაოჯახებაში
მდენად ჭკვიანია, რომ წიგნში არ გასწავლის, როგორ უნდა დაიწყო ბიზნესი, უბრალოდ, ამბად გიყვება თავის ცხოვრებას. საინტერესო ფაქტია, რომ მან ერთ-ერთი მორიგი გაკოტრების შემდეგ ქველმოქმედებას მიჰყო ხელი და ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი მესიჯია „კითხვა ადრეულ ასაკში დავიწყე და ძალიან მიყვარდა. ცოდნას კლასგარეშე საკითხავით ვიღრმავებდი, რაშიც დედა მიწყობდა ხელს. მას მუდმივი კონტაქტი ჰქონდა ბიბლიოთეკასთან, მეგობრობდა ბიბლიოთეკარებთან და შესაბამისად, ეს ჩემთვის იმის პირობა იყო, რომ ყოველთვის მქონოდა ის წიგნები, რაც მსურდა, თუმცა ყოფილა შემთხვევები, რომ ეს პრივილეგია ცუდად
გამომიყენებია და ის წიგნი წამიკითხავს, რაც ბავშვობის ასაკისთვის შეუფერებელი იყო. მაგალითად, VIII კლასში წავიკითხე „ბალთაზარ კოსა“ , მხოლოდ იმიტომ, რომ ყური მოვკარი ორი უფროსი ასაკის ადამიანის დიალოგს ამ წიგნის შესახებ. წლების შემდეგ მივხვდი, რომ წიგნი, სადაც მსგავსი სცენებია აღწერილი, სკოლის მოსწავლემ არ უნდა წაიკითხოს, მაგრამ როგორც გითხარით, ეს ჩუმად გავაკეთე, რადგან ხელი მიმიწვდებოდა,“ - ამბობს ჟურნალისტი გოდერძი შარაშია.
კითხვას ბავშვობიდან შეეჩვია და ასევე ზრდიან ის და მისი მეუღლე ცირა 10 წლის შვილს - ანდრიას. მის ბინაში საოჯახო ბიბლიოთეკა შეიძლება პირობითად სამ ნაწილად დავყოთ: პირველ თაროზე განლაგებულია მისი მეუღლის სამედიცინო ლიტერატურა, მეორე ნაწილი გოდერძის ინტერესების სფეროა და იმავდროულად მისი მეორე ნახევრისაც, რადგან დიასახლისიც ხშირად მიმართავს ამ წიგნებს, ხოლო მესამე ნაწილი საბავშვო წიგნებია, რომლებსაც პატარა ანდრია ყოველდღიურად უთმობს გარკვეულ დროს...
„ეს ერთ-ერთი იმათგანია , რომელიც უნდა გქონდეს წაკითხული“

- არსებობს ასაკობრივი ლიტერატურა და წიგნები, რომელებიც უნდა გქონდეს წაკითხული. პირადად მე ზოგიერთი საბავშვო ნაწარმოები თავის დროზე არ წავიკითხე და შემდეგ გავეცანი. მაგალითად, ასეთია „დაჩის ზღაპრები“ . ახლახან ჩემმა შვილმა წაიკითხა ეს წიგნი და ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც უნდა გქონდეს წაკითხული. დღეს ქუჩაში ვინც უნდა გააჩერო, ნაკითხი თუ უწიგნური, ყველას გაუგია, რომ არსებობს წიგნი „მარტოობის ასი წელიწადი“ . ის მოდური წიგნების რიცხვშია, არა იმიტომ, რომ ვინმეს აინტერესებს, არამედ იმიტომ, რომ ვიღაცამ წაიკითხა და მასაც უნდა ჰქონდეს წაკითხული.
- ეს კარგია თუ ცუდი, ანუ მოდის გამო წიგნების კითხვა?
- წიგნის კითხვა არასოდეს არის ცუდი, რაც მეტს წაიკითხავ, უკეთესია, მაგრამ რატომ უნდა წავიკითხოთ „მარტოობის ასი წელიწადი“ ასჯერ, როცა შეიძლება წავიკითხოთ იმავე მწერლის რაიმე სხვა, მაგალითად „წითური“ , რაც არანაკლებ საინტერესოა. მოდური წიგნები მეც მაქვს წაკითხული. ერთხელ ზღვაზე წასვლამდე მაღაზიაში ყურბან საიდის „ალი და ნინოს“ მხოლოდ ერთი ეგზემპლარი დაგვხვდა, ამიტომ მე და ჩემი მეუღლე ამ წიგნის თავებს რიგრიგობით ვკითხულობდით. დღეს ასევე მოდურია ფამუქი. თუ მისი წიგნი არ წაგიკითხავს, ბევრისთვის იმას ნიშნავს, რომ არაფერი წაგიკითხავს. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ავტორი მოდაშია.
- ფამუქი წაიკითხეთ?
- წელს ზღვაზე წასვლამდე წასაღებად წიგნები შევარჩიე და მათი დასახელება „ფეისბუქზე“ სტატუსად გამოვაქვეყნე. ეს იყო ფამუქის „მე მქვია წითელი“ და აკუტაგავას „ჯოჯოხეთის სურათები“ . აკუტაგავაზე არაფერი, მაგრამ ბევრმა მირჩია, რომ ფამუქი ზღვაზე არ წამეკითხა, რადგან დამამძიმებდა. მეგობრებს დავუჯერე და წიგნი ჩანთიდან ამოვიღე. ახლა ვაპირებ მის წაკითხვას. რაც შეეხება აკუტაგავას, წავიღე და საკმაოდ მძიმე წასაკითხი აღმოჩნდა.
- წლების განმავლობაში საყვარელი ლიტერატურული ჟანრი თუ ჩამოგიყალიბდათ?
- ვერ გამოვარჩევ. ყველაფერს ვკითხულობ, რაც ხელში მომხვდება. აკუტაგავამდე წავიკითხე ინდოელი მწერალი თაგორი და დონალდ ტრამპის „იაზროვე ჩემპიონივით“ . ტრამპი ბიზნესმენია და არა მწერალი, მაგრამ მაინტერესებდა, როგორ დაიწყო ბიზნესი, როგორ გაკოტრდა რამდენჯერმე და საერთოდ, რას წერდა. ის იმდენად ჭკვიანია, რომ წიგნში არ გასწავლის, როგორ უნდა დაიწყო ბიზნესი, უბრალოდ, ამბად გიყვება თავის ცხოვრებას. საინტერესო ფაქტია, რომ მან ერთ-ერთი მორიგი გაკოტრების შემდეგ ქველმოქმედებას მიჰყო ხელი და ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი მესიჯია.
- დღეს ვინ ზრუნავს თქვენი საოჯახო ბიბლიოთეკის გამდიდრებაზე და თუ გახსოვთ თქვენი შემოსავლით შეძენილი პირველი წიგნი...
- პირველი ხელფასით არაფერი მიყიდია. ქაშუეთის ეკლესიის წინ გაჭირვებულებს დავურიგე. მაშინ „პირველ არხზე“ ვმუშაობდი, გადაცემაზე „ქვიშის საათი“ . მართალია, არ მახსოვს, რა წიგნი ვიყიდე პირველად, მაგრამ წლების განმავლობაში წიგნებს სულ ვყიდულობ. მერიდება, ამას რომ ვამბობ და არ მინდა იფიქროთ, რომ ჩემს ნაკითხობას ვუსვამ ხაზს, ბევრ ჩემზე გაცილებით ნაკითხ ადამიანს ვიცნობ. წლების განმავლობაში და ახლაც, როცა სიუჟეტს ვწერ, ან გადაცემაზე ვმუშაობ, მუდმივად ვფიქრობ იმაზე, რომ ეკრანს მიღმა ჩემზე განათლებული, წიგნიერი და ნიჭიერი ადამიანი ზის და ჩემს შემოქმედებას უყურებს. წიგნი რომ გაქვს წაკითხული, ამაში საყოყლოჩინო და სატრაბახო არაფერია, უბრალოდ, კითხვა აუცილებელია, თორემ საზოგადოებაში დაიჩაგრები. მე თუ მკითხავთ და არჩევანზე მიდგება საქმე, ამის მიხედვით ვირჩევ მეგობრებს. ძალიან ბევრი წიგნიერი მეგობარი შეიძლება დავასახელო: ლევან თაქთაქიშვილი, ბუბა კუდავა, გიორგი კალანდია... ისინი ჩემზე ბევრად განათლებულები არიან და მათგან ბევრს ვსწავლობ.
- პროფესიიდან გამომდინარე, თანამედროვე ქართველ ავტორებთან შეხვედრაც გიწევთ. მათგან რამდენიმე თქვენთვის საინტერესო გამოვარჩიოთ...
- ბევრ თანამედროვე ქართველ მწერალს ვკითხულობ, ბიბლიოთეკაშიც მაქვს. გამორჩევისას შეიძლება ვინმეს ეწყინოს, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ აკა მორჩილაძე ძალიან მიყვარს. მისი რამდენიმე ნაწარმოები ჩემთვის ცოტა რთული წასაკითხია, მაგრამ შეიძლება სხვისთვის ასე არ იყოს. დათო ტურაშვილი კარგი მთხრობელია, კარგადაც წერს. მიყვარს ასევე დეფის შემოქმედება. ვმეგობრობ მასთან. ვფიქრობ, მისი პოეზია შოუა და განსხვავებულია. თანამედროვე ავტორებიდან კიდევ ბევრის დასახელება შემიძლია, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოვარჩიო გურამ დოჩანაშვილი. მისი თითქმის ყველა ნაწარმოები წაკითხული მაქვს. ამასთან დაკავშირებით შემიძლია ერთ ამბავს მოგიყვეთ: შეყვარებული რომ ვიყავი, მე და ჩემი დღევანდელი მეუღლე ხან კინოში დავდიოდით, ხან თეატრში და საღამოს, სახლში რომ მივაცილებდი და მეც შინ ვბრუნდებოდი, გვიან საღამოს ტელეფონით ვურეკავდი - მოთხრობებს ვუკითხავდი. განსაკუთრებული დიდი დოზით შევთავაზე დოჩანაშვილი. ჩვენი ამგვარი ურთიერთობა შვიდი თვე გრძელდებოდა და მთელი ის პერიოდი უმეტესწილად დოჩანაშვილს ვკითხულობდი. გამორჩეულად მიყვარდა ერთი - „მუსიკოსი“ , რომელიც ტუჩის გარმონზე უკრავდა და ამას მეზობლები აპროტესტებდნენ. ერთხელ მეგობრებთან ერთად დაბადების დღეზე ვიყავი, სადაც ერთ-ერთს ტუჩის გარმონი ჰქონდა. სმენა მაქვს და ამ ინსტრუმენტზე რამდენიმე ნოტის შესრულება ვისწავლე. ერთი სული მქონდა, სახლში მივსულიყავი, რომ ცირას ტუჩის გარმონზე მოთხრობის წაკითხვა ეთხოვა. და ასე რომ მოხდა, წაკითხვის მაგივრად ტუჩის გარმონზე დავუკარი და ამან წინ წამწია (იღიმის). ასე დამეხმარა დოჩანაშვილი. მას დიდი წვლილი მოუძღვის ჩემი ოჯახის შექმნაში.
- ბოლოს ვის რა წიგნი აჩუქეთ და თავად რა გაჩუქეს?
- მიჩუქებია, თუმცა წიგნებს ნაკლებად ვჩუქნი ვინმეს. ალბათ იმიტომ, რომ ამ კუთხით ცოტა ძუნწი ვარ. მირჩევნია, ჩემს ბიბლიოთეკაში მქონდეს, ვიდრე სხვას ვაჩუქო (იღიმის). მე კი არაერთი წიგნი მიმიღია საჩუქრად და ძალიან მიხარია ხოლმე. ახლახან ჩემმა მეუღლემ ჩვენი ბიბლიოთეკისთვის ბევრი წიგნი შეიძინა, ფასდაკლება იყო და ამით ვისარგებლეთ.
- არის თუ არა წიგნი, რომელსაც პერიოდულად უბრუნდებით?
- არა, უბრალოდ, შეიძლება წიგნი ორჯერ-სამჯერ წავიკითხო. მაგალითად, „მარტოობის ასი წელი“ და „დათა თუთაშხია“ ორ-ორჯერ მაქვს წაკითხული. დოჩანაშვილის გარდა, გამიჭირდება გამორჩეულად დავასახელო რომელიმე ავტორი და ვთქვა, რომ მისი ყველა ნაწარმოები წაკითხული მაქვს. მიყვარს გურამ ფანჯიკიძე, ლევან სანიკიძე. მათი შემოქმედების კითხვა ჩემთვის პროგრამულიც იყო. ლევან სანიკიძესთან დაკავშირებით ერთ ისტორიას გიამბობთ: უმაღლესში მიღების დროს, ისტორიის გამოცდაზე გამომცდელთა შორის ლევან სანიკიძე იჯდა. მე მას ვერ ვცნობდი. მან ძალიან ბევრი კითხვა დამისვა. რაც შეიძლებოდა აბიტურიენტს სცოდნოდა, ვიცოდი და იმაზე მეტიც, ამიტომ აბსოლუტურად ყველა კითხვაზე ვუპასუხე. ბოლოს დაინტერესდა, ისტორიული ჟანრის ლიტერატურას თუ ვკითხულობდი. როცა დავეთანხმე, ამის შემდეგ ჩამოთვლა მთხოვა. რამდენიმე ავტორი რომ დავუსახელე, ასეთი შეკითხვა დამისვა: „გურამ ფანჯიკიძე უფრო მოგწონს თუ ლევან სანიკიძე?“ როგორ გითხრათ, უბრალოდ, გურამ ფანჯიკიძის უფრო მეტი რამ მაქვს წაკითხული-მეთქი. ჩამომათვლევინა და მეც დავასახელე წიგნები. ბოლოს მეუბნება, გურამის ნაცვლად ლევან სანიკიძე რატომ არ დაასახელეო. ქართული მენტალობიდან გამომდინარე, ბევრი მხოლოდ სანიკიძეს დაასახელებდა და ამიტომ აბსოლუტურად ობიეტურად დამისვა ეს შეკითხვა. მე კი გულუბრყვილოდ ვუპასუხე, რა ვიცი, განსაკუთრებულად არ გამომირჩევია, უბრალოდ, ფანჯიკიძის მეტი მაქვს წაკითხული და ეს გითხარით-მეთქი. დამიწერა 9-იანი. სკამიდან რაღაცნაირად წამოვდექი. ეტყობა, სახეზე შემატყო, რომ ნიშანი არ მომეწონა და შემაჩერა. ჩემი უკმაყოფილო გამომე-ტყველებით დაინტერესდა. ყველა კითხვას ამომწურავად ვუპასუხე და ათიანს ველოდი-მეთქი, - არ დამიმალავს. მითხრა, ახლა შენ რომ აუდიტორიიდან გახვალ და იტყვი, ათიანი მივიღე, ხომ იფიქრებენ, ამ ბავშვმა ისეთი რა იცოდა, რომ ლევან სანიკიძემ ათიანი დაუწერაო. გავოცდი და დავიბენი, ვაიმე, არ მინდა, გამანებეთ თავი-მეთქი (იღიმის). ლევან სანიკიძისგან 9-იანიც მეყოფოდა. ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და ბუნებრივია, კარგი მწერალიც. გამოცდების შემდეგ ლევან სანიკიძის რამდენიმე ნაწარმოები ხე-ლახლა წავიკითხე. საერთოდ, მიმაჩნია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ავტორს იცნობ. ნაცნობობის შემდეგ მისი შემოქმედებით Yსხვაგვარად ინტერესდები...

ანა კალანდაძე
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS