02 ივნისი, 2016
"წამოჯდომა არ შემიძლია, ფეხზე გავლას 5-7 თვეში შევძლებ" - რას ყვება "კომედი შოუს" მსახიობი მძიმე ავარიის შემდეგ
"კომედი შოუს" მსახიობი გიორგი გოცირიძე 27 აპრილს ღამით, დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე მძიმე ავარიაში მოჰყვა. მსახიობი უმძიმესი მდგომარეობით ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს, სადაც 9 დღე უმძიმესი მდგომარეობით, რეანიმაციაში იყო უგონოდ. თუმცა, საბედნიეროდ, მეათე დღეს გონს მოვიდა და ნელ-ნელა, მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. რამდენიმე დღის წინ კი, სახლშიც გამოწერეს. გიორგის შინ ვესტუმრეთ და ამ უბედური შემთხვევის შესახებ მას და მის დას ვესაუბრეთ.

გიორგი გოცირიძე: ყველაფერი 27 აპრილს მოხდა. იმ დღის მხოლოდ ნახევარი მახსოვს. ოთხშაბათი იყო, სამსახურში
ჩაწერა მორჩა და წამოვედი. ავარია დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომივიდა, დაახლოებით საღამოს 11-12 საათზე. იქ მეგობრებთან ერთად კარაოკე ბარში ვიყავი. მაგრამ, საერთოდ არ მახსოვს, არც იქ მისვლის და არც წამოსვლის მომენტი. სრულიად ფხიზელი ვიყავი, მაგრამ ავარიამდე რამდენიმე საათი და ავარიის მომენტი, მეხსიერებიდან წაშლილი მაქვს. არც მომდევნო 10 დღე მახსოვს, რადგან უგონოდ ვიყავი.

ანი გოცირიძე: პირველი ოპერაცია თითქმის 5 საათი მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში არაფერი უთქვამთ. ოპერაციის შემდეგ ექიმი 15 წუთი გვიხსნიდა სათითაო ორგანოზე, რა სჭირდა. გულმკერდის ფიცრის გარდა, ყველაფერი ჩამოთვალა და გვითხრა, რომ ყველა ორგანო დაზიანებული ჰქონდა. ისეთი მდგომარეობა იყო, თვითონ ექიმიც ნერვიულობისგან ცახცახებდა.

- ავარიის მომენტს იხსენებდა განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე, რომელიც ამ ფაქტს შეესწრო და ძალიან მძიმედ აღწერდა მომხდარს.

გიორგი: კი, მეც წავიკითხე მისი მონათხრობი და ჩემი მეგობრებიც მეუბნებიან, რომ მართლა ძალიან მძიმე შემთხვევა იყო. თუმცა, მითხრეს, რომ მანქანის დაჯახების შემდეგ, თავიდან გონზე ვიყავი. თურმე, შარვალს ვისწორებდი და ვამბობდი, ფეხები მტკივა-მეთქი, თან, წამოდგომას ვცდილობდი. მაგრამ, ყველა მეუბნებოდა, არ ადგეო.

- შენი მეგობრებიც შეესწრნენ ავარიას?
- ბარში ჩემი ძმაკაცები იყვნენ. როგორც ისინი მიყვებიან, მე წამოსვლა დავაპირე და გარეთ გამოვედი. ამ დროს ერთ-ერთ მათგანს ჩემგან მისვლია შეტყობინება. გარეთ გამოსულა და დაუძახია: ეს ესემესი ახლა მომწერე თუ დაგვიანებით მომივიდაო. მითქვამს, რომ გვიან მიუვიდა. ზუსტად ამ საუბრის მომენტში გადავდიოდი ქუჩაზე და ამ დროს დამეჯახა მანქანა. თუმცა, ზუსტად რა ადგილას ვიყავი - ქუჩამდე თუ უკვე მეორე მხარეს, ეგ არ ვიცი. მეგობარს ყველაფერი დაუნახავს და ისიც შოკში ყოფილა.

- მითხრეს: ორი მანქანა ერთმანეთს ეჯიბრებოდა და მათგან ერთ-ერთი დაეჯახაო.
- არა მგონია, რომ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რადგან დაბალი სიჩქარით დავეჯახეო - მძღოლს უთქვამს და გამომძიებელმაც ასე მითხრა. რა ვიცი, ვნახოთ, ყველაფერს დაადგენენ. ამბობენ, რომ 60-70 სიჩქარით დამეჯახა, მაგრამ ორტონიანი მანქანა რომ ამ სიჩქარით დაგეჯახება... რა დღეში ჩამაგდო, თქვენც ხედავთ. მეგობრები მოსულან, მინისტრის მრჩეველიც, იქ მყოფი ადამიანები: ნაცნობი თუ უცნობი, არც ის წასულა, ვინც დამეჯახა. სასწრაფოც გამოიძახეს და კიდევ კარგი, საავადმყოფოსთან ახლოს მოხდა ეს ყველაფერი, თორემ შეიძლება, ვეღარ გადავერჩინე ექიმებს.

- გონს როდის მოხვედი, მოვლენები როდიდან გახსოვს?
- პირველი, რაც მახსოვს, ის არის, რომ თვალი გავახილე რეანიმაციაში და ნათესავი ექიმი დავინახე. ხელი დავუქნიე, მოდი-მეთქი და ვთხოვე, ჩემი და და შეყვარებული ენახვებინათ. მერე ვთქვი, არა შეყვარებული არ მოიყვანოთ, არ მინდა, ასეთ მდგომარეობაში მნახოს-მეთქი. მაგრამ 5 წუთში გადავიფიქრე და ისევ ვთხოვე, მოეყვანათ. როცა ექიმმა მითხრა, 10 დღეა, აქ ხარო, არ დავიჯერე და ჩხუბი დავიწყე. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS