12 სექტემბერი, 2013
''ვეთაყვანებით დავით აღმაშენებელს , მაგრამ ლაშა-გიორგი უფრო მოგვწონს''
სწორედ ამის ეშინოდათ ყველაზე მეტად ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას და მათი შიში გამართლდა. მათ სცოდნიათ ქართველი კაცის ბუნება ''ვხატავ... ძალიან ბევრს ვმუშაობ. ზაფხული ჩემთვის ძალიან პროდუქტიულია, რადგან ამ დროს წასვლა არ მიყვარს, ვზივარ და ვხატავ. მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში გავდივარ ქალაქგარეთ'' , - ამბობს ჩვენთან სატელეფონო საუბარში სამხატვრო აკადემიის ყოფილი რექტორი გია ბუღაძე. ამჟამად 17 გმირის ისტორიაზე მუშაობს, რომლებიც 2006 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაეცნენ. ''ამ სურათს ჩემთვის ვხატავ
, ჯერჯერობით არ დამისრულებია'' , - ამბობს მხატვარი. პოლიტიკაზე საუბარი არ სურდა, მაგრამ ამ თემას მაინც ვერ ავუარეთ გვერდი...

- ვერ გეტყვით, რომ წინა ხელისუფლების დროს რაიმე განსაკუთრებული ხდებოდა ქვეყანაში... თუკი ჩვენს ახლანდელ სიტუაციას შევაფასებთ, ყველაზე მეტად ერთი რამ მხვდება თვალში, სამოქალაქო კულტურის თვალსაზრისით უმძიმესი მდგომარეობაა. ვითარების გამოსწორებაში სახელმწიფომაც უნდა მიიღოს მონაწილეობა და ჩვენმა საზოგადოებამაც, თუკი ამას საზოგადოება ჰქვია...
- მაშ, რა ჰქვია?..
- ეს არ არის საზოგადოება, ეს ხალხია. ამდენი აგრესია ჩვენი უკულტურობიდან მოდის. დღეს ხალხი აგრესიულია ყველასა და ყველაფრის მიმართ. ეს ეხებათ პოლიტიკოსებს, ხელოვანებს, უბრალო ადამიანებს, რომლებიც კამათიდან მაშინვე ძველბიჭურ საუბარზე გადადიან. ასევე, ძალიან მხვდება თვალში სამოქალაქო უგემოვნობა... დიდი ხანია არ მიმგზავრია, რადგან ზაფხულობით ქალაქიდან გასვლა არ მიყვარს. უმეტესად სახლში ვზივარ და ვმუშაობ, მაგრამ ამას წინათ ბათუმში მომიწია წასვლამ, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიწვევით ლექციები წავიკითხე, სწორედ თანამედროვე კულტურის შესახებ და იქიდან სამარშრუტო ტაქსით დავბრუნდი. მთელი გზა, ბათუმიდან თბილისამდე, საშინლად დაბალი დონის რუსული სიმღერები იყო ჩართული. მორიდებით ვთქვი, იქნებ, რამე სხვა ჩართოთ, თუნდაც გაპოპურებული ქართული ფოლკლორი, რომელიც დღეს ასე მოდაშია-მეთქი. მივხვდი, აზრი არ ჰქონდა. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ტაქსიში გადავჯექი და იქაც იგივე ჩამირთეს, საზიზღარი, რუსული მუსიკა და მაშინ კი აღვშფოთდი. როგორ შეიძლება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, მაღაზიაში, ყველგან რუსული მუსიკა ჟღერდეს...
მე რუსული მუსიკის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თავადაც ვუსმენ ჩაიკოვსკისა და შოსტაკოვიჩს, მაგრამ ის, რასაც ჩვენთან უსმენენ, საშინელებაა. არ მინდა, ვიღაცამ ცუდად გამიგოს, ამიტომაც განვმარტავ, რომ მათ კულტურას დიდ პატივს ვცემ, განსაკუთრებით მწერლობასა და მხატვრობას, რომელიც მართლაც დიდია თავისი ღირებულებით, მაგრამ ეს საზიზღარი, დაბალი დონის ესტრადა ხალხში, მასაში შედის... ჩემ გარშემო ყველას, ტაქსის მძღოლი იქნება თუ სხვა პროფესიის ადამიანი, ვეკითხები, რატომ უსმენ ამას-მეთქი, კარგად ისმინებაო, მპასუხობენ. ამ დროს ვეღარ ვითმენ და პირდაპირ მივახლი ხოლმე, ეს საშინელება შენში მონურ ფსიქოლოგიას ზრდის-მეთქი.
- რას გპასუხობენ?
- არაფერს, ზოგი მცნობს და არ მეკამათება. ზოგსაც ალბათ გიჟი ვგონივარ... თუ მაინცდამაინც დაბალი დონის მუსიკის მოთხოვნილება გაქვს, შენს ''ნაგავს'' მაინც მოუსმინე, ცოტა გვაქვს? რაღა იმას უსმენენ, რაც პირდაპირ კლავს ქართველობას... ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვამბობ, რომ ჩვენ ბევრი გვიკლია საზოგადოებამდე.
ამ ბოლო დროს ჩემი ხალხის საქციელს რომ ვუყურებ, სიტყვა ადამიანის თქმისგანაც ვიკავებ თავს... ხშირად ვეკითხები თავს, რა დაემართა მცხეთის ჯვრის, სვეტიცხოვლის, სამთავისის ამშენებელ ხალხს, სად წავიდა ის გენი და ჯიში, რომელიც უნიკალურ ფრესკებს ქმნიდა... რა ხდება, საიდან მოდის ასეთი მოზღვავებული უგემოვნობა?.. სხვებისგან განსხვავებით, რუსეთმა მენტალურად დაგვიპყრო. ვერა და ვერ დავაღწიეთ თავი მის მონობას... ეტყობა, დამპყრობლის მიმართ მონური ფსიქიკის მქონე ხალხად ჩამოვყალიბდით. ამიტომაც გვაჭრის ყოველ ათ წელიწადში ერთხელ ტერიტორიებს, ჩვენ კი მაინც მას შევცქერით, როგორც მხსნელს. ამის მერე რატომ გვიკვირს, რომ ხუთ დღეში დავმარცხდით და მთავარსარდალი უკან მორბოდა, როდესაც ხალხი შინაგანად არის დამარცხებული... ავღანეთი დღე-ნახევარში დაიპყრო რუსეთმა 80-იან წლებში, მაგრამ ვერ შეინარჩუნა, მენტალურად ვერ მოერივნენ და ვერ გატეხეს. ამის გაკეთება ვერც ამერიკამ შეძლო ავღანეთში. ჩვენ მათ ველურებს ვუწოდებთ, მაგრამ დღემდე ვერ გავთავისუფლდით რუსული მუსიკისგან, მათი ქალების ტყვეობისგან... პრინციპში, რუსი ქალი რატომ არ უნდა მოგწონდეს, რა დააშავა, მაგრამ საქმე ის არის, რომ მათი ყველაფერი მოგვწონს და ვემონებით. სწორედ ამის ეშინოდათ ყველაზე მეტად ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას და მათი შიში გამართლდა. მათ სცოდნიათ ქართველი კაცის ბუნება.
- სამოქალაქო კულტურის დაბალ დონეზე საუბრობდით. როგორ ფიქრობთ, რა არის ამ პრობლემის მიზეზი?
- მე მაქვს ბედნიერება და უბედურება, ხშირი და ახლო ურთიერთობა მქონდეს სტუდენტებთან. ''უბედურების'' ხსენებამ გაგაკვირვათ და აგიხსნით რატომ, ამას წინათ, 300-მდე სტუდენტი ხელოვნების მუზეუმში წავიყვანე. აღმოჩნდა, რომ მათგან იქ მხოლოდ ათი სტუდენტი იყო ნამყოფი და ისინიც სკოლიდან წაიყვანეს... ამით იმის თქმა მინდა, რომ მშობლებს არ აინტერესებთ შვილების განათლება. ახლანდელ მშობლებს მიაჩნიათ, რომ თუ მათ შვილს ინგლისური და კომპიუტერი ეცოდი ნება, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ქართველმა ბავშვმა უნდა იცოდეს და ნანახი უნდა ჰქონდეს ჩვენი დიდებული ანჩისხატის მაცხოვარი, ტიხრული მინანქარი, სვეტიცხოველი და იცოდეს მისი აშენების ისტორია. ამაზე კი მშობლებმა უნდა იზრუნონ, მაგრამ ახლანდელ ოჯახებში წიგნის კულტი არ არსებობს და ეს ნათლად ჩანს ყველაფერში. ჩვენ გაუნათლებელი და უწიგნური ნაცია ვართ და ეს ჩვენს ყოველდღიურობაში ჩანს.
- ძალიან გაბრაზებული ხართ, ბატონო გია...
- გაბრაზებული რომ არ ვიყო, ის იქნებოდა გასაკვირი. დღეს ყველაფერზე ლაპარაკობენ, ენერგეტიკაზე, ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობაზე, საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე, სამოქალაქო საზოგადოების განათლების დონის ამაღლებაზე კი არავინ საუბრობს...
- თუ ადამიანს უჭირს, მას წიგნის წაკითხვისა და სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილების სურვილი ნაკლებად აქვს.
- ვერ დაგეთანხმებით, აბა, ნახეთ ან ყური მიუგდეთ, როგორ არჩევენ დაბალი დონის სერიალებს... ნუ ცდილობთ მათ დაცვას, მე არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი ქვეყანა და ხალხი, რაც უნდა უწიგნური იყოს. უბრალოდ, სიმართლეს ვლაპარაკობ, რადგან ეს ვიღაცამ უნდა თქვას. ძალიან ზარმაცი ხალხი ვართ. ეს მონური ფსიქიკა კარგად გამოყენა რუსეთმა, ოღონდ კი დღეს კარგად ვიყოთ, დღევანდელი კვერცხი გვქონდეს, ხვალინდელ ქათამზე არ ვზრუნავთ. ასე იყო უახლოეს წარსულში და ასეა ახლაც. რუსეთსაც ისეთი საქართველო აწყობს, სადაც არავინ არაფერზე ფიქრობს. გადავხედოთ ისტორიას; ვეთაყვანებით დავით აღმაშენებელს, მაგრამ სინამდვილეში ლაშა-გიორგი უფრო მოგვწონს. დავით აღმაშენებელს ცხოვრების ძალიან მძიმე წესი ჰქონდა, დღე და ღამე მუშაობდა, წერდა და იბრძოდა. ''გალობანი სინანულისანი'' ჩვეულებრივად, დალხენილი ცხოვრების პირობებში ვერ დაიწერებოდა. ეს მისთვისაც ძალიან დიდი განძი იყო და მუდამ თან ჰქონდა. კი ბატონო, ყველა ვაღიარებთ, რომ დავით აღმაშენებელი განსაკუთრებული ფენომენია, მაგრამ ლაშა-გიორგისა და რუსუდანის ცხოვრების წესი უფრო ახლოს დგას ჩვენთან და უფრო მეტად მისაღებია. წარსულის მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ლაშა-გიორგიზე სიმართლე უნდა ვთქვა, ის ერთდროულად კარგი მებრძოლიც არის და ნარკომანიც და ამასთან ისიც შეუძლია, ახლობელს ცოლი წაჰგვაროს...
- სინამდვილეში ასეთები ვართ ქართველები?..
- დიახ, ასეა, მოდით, სენტიმენტების გარეშე ვთქვათ, მისი ცხოვრების წესი უფრო ''ჩვენია'' . რაღაცნაირად ''მხედრიონის'' ფსიქიკას მაგონებს... თქვენ სოციალურ ფონზე მკითხეთ, რის გამოც შეიძლება, ვიღაცას წიგნის წაკითხვის თავიც არ ჰქონდეს. იცით, მშობლებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. შეგიჩნევიათ, რომ ბაბუა-შვილიშვილის ან ბებია და შვილიშვილის საოცარი ურთიერთობა დაკარგულია?.. ბოლოს როდის ნახეთ, მოხუცი შვილიშვილს ძილის წინ ზღაპარს ან ისტორიულ ლეგენდას უყვებოდა?.. თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ ხალხს უჭირს და მშობლები საშოვარზე არიან გავარდნილი, ამის გაკეთებას რაღა უდგას წინ. ამასაც ფული უნდა? იქნებ, ''მოდიდან გადავიდა'' ? შეძლებულ ოჯახში დედა, უბრალოდ, თავს არ იწუხებს და შვილს ძიძას აზრდევინებს. როგორ შეიძლება, ამ შემთხვევაში მაღალ იდეალებზე ვისაუბროთ. ამაზე მეტად უჭირდათ შუა საუკუნეებში და მის შემდეგაც, მაგრამ დედები შვილებს ქართველებად და კულტურულ ადამიანებად ზრდიდნენ. როდესაც მამა შვილს არ უყვება, ვინ იყო დემეტრე თავდადებული, ეს ნიშნავს, რომ მათ შორის ქართულ ჯიშსა და ჯილაგზე საუბარი არასდროს ყოფილა. დედამ შვილს წიგნი უნდა წაუკითხოს, მუზეუმშიც უნდა წაიყვანოს, თუნდაც ძალით, მაგრამ მაინც, უნდა წაიყვანოს.
ვინმეს თუ ჰგონია, რომ ასეთი რამეები უკვე საჭირო აღარ არის და ინტერნეტი გადაგვარჩენს, ცდება. ჩვენ პატარა ერი ვართ და ჩვენი ტრადიციების მიმართ ერთგულებამ უნდა გადაგვარჩინოს. შუა საუკუნეებში ჩაკეტვას კი არ ვქადაგებ, უბრალოდ, თანამედროვეობის გადაჭარბებული აყოლა სიკეთეს არ მოგვიტანს. ყველაფერზე ძვირფასი და ღირებული, რაც კი გაგვაჩნია, ჩვენი წარსული და ტრადიციებია და ეს თუ დავკარგეთ, არაფერი დაგვრჩება. მძიმე სოციალური ფონი კი, რომელმაც თურმე განათლებაზე უარი გვათქმევინა, უფრო გაზვიადებულია, ვიდრე რეალური. ჩვენს ხალხს, სიზარმაცესთან ერთად, წუწუნი დასჩემდა, სიზარმაციდან გამომდინარე, ეზარებათ ხელის განძრევა, კითხვა, აზროვნება და წუწუნებენ.
ის ხალხი, ვინც შარშან ოქტომბრის არჩევნებში თავისი ქვეყნის ხელმძღვანელად დიდი ფული აირჩია, ახლა იმედგაცრუებულია და წუწუნებს, ვინაიდან ფულების ჩადებას ელოდნენ... თავად მიხვდებიან, ვისზეც ვსაუბრობ. ვწუხვარ, ბატონებო! როდესაც სიზარმაცეზე ვსაუბრობდით, მუშაობის კულტურა გამომრჩა, რომელიც დაკარგული გვაქვს. მე ხელოვნების სფეროში ვმუშაობ და ეკონომიკურ ანალიზსა და პროგნოზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ძალიან მარტივ რამეს გეტყვით, ამდენი ზარმაცის ქვეყანაში რამდენიმე ადამიანი ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობას ალბათ ვერ ააყვავებს. ამიტომაც არ მჯერა და არც არასდროს მჯეროდა იმის, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ერთ წელიწადში სხვა საქართველოში ვიცხოვრებდით. სხვა მხრივ კი, მართლაც რაღაცები შეიცვალა.
- კონკრეტულად?
- კარგია, რომ გავთავისუფლდით მოსმენებისა და წნეხისგან, თუმცა ბევრი პრობლემა გვაქვს. პოპულისტური ნაბიჯები ამ ხელისუფლებასაც ახასიათებს; თუნდაც წიგნების საკითხი, რითაც გამომცემლობებს დაარტყეს. ხალხის დიდი ნაწილი ამას დადებითად შეხვდა, მაგრამ აბა, ჰკითხეთ ავტორებსა და გამომცემლობებს, რა დღეში ჩაცვივდნენ?.. სერიოზული შეცდომა დაუშვეს უნივერსიტეტთან დაკავშირებითაც, რადგან ბოლონიის პროცესი არასწორად ესმით... და კიდევ, ამ ბოლო დროს, როგორც წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე ჩვეულებრივ ხალხსაც დასჩემდა დამნაშავის ძებნა მხოლოდ გარეთ და არა თავიანთ თავში. ყველა ამბობს, აი, ეს იმიტომ არ გამოვიდა, რომ ვიღაცამ შემიშალა ხელიო. არადა, ამ შემთხვევაში ხელის შემშლელი ფაქტორი არის როგორც გარემო პირობებში, ისე საკუთარ თავშიც. ისე კი, ერთი რამ მახარებს, ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც წინ მივდივართ, მაგალითად, წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს ყველამ იცოდა, ვინ გახდებოდა პრეზიდენტი, ახლა მეორე ტურს მაინც ველოდებით და ეს უკვე კარგია ჩვენთვის...

ლალი პაპასკირი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
იანა
მტკივნეული სიმართლე! სხვა კომენტარი არ მაქვს.
10:43 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლომო
კარგია! ბევრმა ცნობილმა და პატივსაცემმა ადამიანმა ხშირად უნდა წეროს ამ თემაზე.
10:23 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ეჰჰჰ
არ მევასება ეს ტიპი, მარა რაღაცაში მარტალს ბაზრობს... ჩვენი ბეზდელნიკები მაინც ა წაიკითხავენ და ვერ გაიგენ. ასე რომ ამ ნათქვამს აზრიც კი არ აქვს...
10:03 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გოჩა
შესანიშნავია.თუნდაც ის, რომ დედამ შვილს წიგნი უნდა წაუკითხოს. ასე აკეთებდნენ ჩემი მშობლები, ვიდრე თავად არ ვისწავლიდი კითხვას. რაოდენ საწყენია, რომ შეწყდა გია ბუღაძის ღამის საუბრები. ეს იყო უმაღლესი დონე ქართული ინტელეტუალიზმისა.
23:07 / 12-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS