12 სექტემბერი, 2013
ქართულ-აფხაზური ტკივილი და ემიგრანტის თვალით დანახული ''ახალი'' სოხუმი
აფხაზებთან ურთიერთობისას ომის თემას არ ვეხები. მათ ასეა თუ ისე გაიმარჯვეს, თავის რაღაც მიზანს მიაღწიეს და ახლა რომ მოუსმინოთ, ცდილობენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ააშენონ იური ვეკუა ერთ-ერთია იმ ემიგრანტებიდან, რომლებიც უკვე მრავალი წელია საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ. ჰოლანდიაში ყვავილების კონცერნში ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობს. იქ ცხოვრება არ უჭირს, მაგრამ საქართველოში ბევრი რამ დატოვა. დედა სოხუმელი ჰყავს და ბავშვობა იქ გაატარა. განსაკუთრებულად ახსოვს მაშინდელი სოხუმი და ამით ერთხელ აფხაზებიც გააოცა. ალბათ როგორც ყველა ემიგრანტთან ხდება, ჩვენც სამშობლო
დან გადახვეწის ტკივილსა და იქაურ ყოფაზე უნდა გვესაუბრა, მაგრამ საქართველოში რამდენიმე დღით დაბრუნებულ რესპონდენტთან სასაუბრო თემად მხოლოდ აფხაზეთი ავირჩიეთ, რადგან დღეს არსებული მდგომარეობა განსაკუთრებულად სტკივა.

- თბილისში დავიბადე... სკოლა ზუგდიდში დავამთავრე. შემდეგ თბილისის უნივერსიტეტში ვსწავლობდი და გარკვეული წლების განმავლობაში თბილისის საგადასახადო პოლიციაში ვმუშაობდი. დედა სოხუმელი მყავს. მთელი ბავშვობა იქ გავატარე. რა დამავიწყებს, ყაზბეგის ქუჩაზე ვცხოვრობდით. ორი თვის წინ აფხაზ მეგობრებს შევხვდი და ისეთი რაღაცები გავახსენე მაშინდელი სოხუმიდან, გაოცებულები დარჩნენ. მახსოვს, სად იდგა ბურახის ჯიხური. ბოტანიკურ ბაღში მარცხნივ ბამბუკის ალეა იწყებოდა და ისიც მახსოვს, მეოთხე შესახვევში რა ფერის ყუთი იდგა. ძალიან კარგად შემხვდნენ აფხაზები. მართალია, უარყოფენ ჩვენს გენეტიკურ ნათესაობას, მაგრამ ნამდვილად მონათესავე ერები ვართ. ბევრი საერთო სიტყვა გვაქვს და სოხუმამდე ტოპონიმიკა ბევრ ადგილას მეგრულია.
- რამდენი წლის იყავით, ომი რომ დაიწყო?
- 15 წლის, მაშინ ზუგდიდში გახლდით და სამხედრო კოლონა რომ დაიძრა, საკუთარი თვალით ვუყურებდი. სოხუმში ცხოვრობდნენ ბებია, ბიძა, ბიცოლა და დეიდაშვილი, რომელიც თბილისიდან სტუმრად იყო ჩასული. რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ გამოდიოდნენ. შემდეგ ვერტმფრენით გამოაღწიეს. ბებია ბოლომდე სოხუმში დარჩა, 20 სექტემბერს დატოვა ქალაქი. მახსოვს, სოხუმში ჩვენი სახლის წინ ცხოვრობდა აფხაზი პოეტესა ეთერ სამხარაძე-ჯღამაძე. 1986 წელს ამ ქალბატონის 60 წლის საიუბილეო საღამო სოხუმში აღნიშნეს, სადაც სიტყვით გამოვიდა აფხაზი მწერალი ბაგრატ შინკუბა. საიუბილეო ბანკეტის შემდეგ სამგზავრო კატერით გუდაუთაში გავემგზავრეთ, ბრწყინვალე შეხვედრა შედგა ადგილობრივ თეატრში. მაშინ ვერავინ წარმოვიდგენდით, რომ სულ რაღაც შვიდი წლის შემდეგ ასეთი ტრაგიკული მოვლენები დატრიალდებოდა ამ ლამაზ ადგილას. სამწუხაროდ, ომის შემდეგ ქალბატონი ეთერი ტრაგიკულად დაიღუპა სოხუმში.
- აფხაზეთში მცხოვრებ მეგობრებთან არ გაქვთ კონტაქტი?
- არანაირი. უმეტესობამ ომის დროს ქალაქი დატოვა. თითქმის ყველა რუსეთში ცხოვრობს. არასოდეს დამავიწყდება აფხაზური კულტურა. ძალიან ჰგავს მეგრულს, მაგრამ განსაკუთრებულად მისაბაძია უფროსის პატივისცემა. ომის დროს ბევრი ქართველი გადაარჩინეს აფხაზებმა. ეს იყო ძმათამკვლელი, პროვოკაციული ომი, რომელიც იმდროინდელმა საქართველოს კრიმინალურმა ხელისუფლებამ წამოიწყო, რა თქმა უნდა, გარკვეული ძალების დავალებით.
- ბევრი გაგვიგია აფხაზეთის ომის სისასტიკეზე.
- ეს იყო იმისთვის დადგმული პროვოკაცია, რომ რაც შეიძლება მეტად დაეშორებინათ ქართველები და აფხაზები ერთმანეთისგან და ეს დავალება კარგად შესრულდა. სისასტიკე იყო ქართული მხრიდანაც, მაგრამ გვარებს ვერ დავასახელებ, ამის მტკიცებულება არ მაქვს. 1992 წლის 14 აგვისტო რომ გათენდა და საჯარისო კოლონა ენგურს გაღმა გადავიდა, პირწმინდად ყველას ძარცვა დაიწყეს. საშინელი რამ მოხდა, რასაც არავინ ელოდა.
- ომის შემდეგ, როდესაც კავშირები გაწყდა, პირველად როდის გქონდათ იქ ჩასვლის მცდელობა?
- კონტაქტის მცდელობა ყოველთვის მქონდა, ვერ ვიტყვი, რომ აფხაზი გვეძებდა ჩვენ. გასაკვირია, ოცი წელი გავიდა და ერთი ადამიანი მაინც გინახავთ ამ ომისთვის დასჯილი? გენოციდი იქნა ჩადენილი როგორც აფხაზი, ასევე ქართველი ერის წინააღმდეგ და არც ერთი მხრიდან არავინ დასჯილა.
- თქვენ რა მცდელობა გქონდათ აფხაზებთან ურთიერთობის აღდგენის და რას მიაღწიეთ?
- აფხაზები ძალიან ნაწყენი არიან ქართველებზე. ქართული მხრიდან არავინ დასჯილა, არც იქიდან. ერთსა და იმავეს ვლაპარაკობთ და ჩიხში ვართ შესული. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ოცი წლის განმავლობაში გაიზარდა თაობა, რომლისთვისაც საქართველო ძალიან ''შორს'' არის. აფხაზებთან ურთიერთობისას ომის თემას არ ვეხები. მათ ასეა თუ ისე გაიმარჯვეს, თავის რაღაც მიზანს მიაღწიეს და ახლა რომ მოუსმინოთ, ცდილობენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ააშენონ. რამდენად გამოუვათ და როგორ, ეს სხვა თემაა.
- რა გარდატეხა შეიტანა ამ ურთიერთობებში აგვისტოს ომმა?
- კატასტროფული შედეგი მოჰყვა. ამან აჩვენა, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება, საქართველოში ისეთი უკონტროლო პიროვნება მოვიდეს ქვეყნის სათავეში, რომ ომი წამოიწყოს. ვერ ვიტყვი, რომ სააკაშვილმა ერთპიროვნულად მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტია, რომ ნდობის ფაქტორი დაინგრა. მახსოვს, აფხაზები მეუბნებოდნენ, როგორ არ გვითხარი, ომი რომ იწყებოდაო. გამიკვირდა, მე საიდან ვიცოდი-მეთქი. ქართულ მხარეს ყოველთვის ავიწყდება, რომ კავკასიაში იარაღით საკითხის გადაწყვეტა არასოდეს მოხდება.
- რას გიყვებიან ახლანდელ აფხაზეთზე?
- ამბობენ, რომ ნორმალურად ცხოვრობენ, წინ მიდიან, აქვთ რაღაც მიღწევები. პრობლემებიც, როგორც ყველგან.
- რას გულისხმობენ მიღწევებში, ჩვენ ვხედავთ ფოტოებს, სადაც შენობები კიდევ აღსადგენია და ძალიან ბევრი დანგრეული სახლია. ბევრი წელი გავიდა და შეეძლოთ, ინფრასტრუქტურა მაინც აღედგინათ...
- რაღაცები აღადგინეს. კერძო ბიზნესი შევიდა რუსეთიდან და თურქეთიდან. ჩემი სახლიც დანგრეულია სოხუმში, მაგრამ სახლს ვინ აღადგენს. ბევრი შემთხვევაა, რომ იქაურ სახლებს აფხაზები ინახავენ.
- თქვენ არ გქონიათ ჩასვლის მცდელობა?
- როგორ არა და ჩავალ კიდეც სოხუმში. სპეციალური ვიზა სჭირდება, რასაც მოვაგვარებ. მაგრამ აფხაზები მირჩევენ, რომ ფსოუდან ჩავიდე და არა ენგურიდან. რადგან ენგურის საზღვარი საღამოს იკეტება და იქ რუსის ჯარი დგას. ჩემი ინფორმაციით, ქართველები ჩადიან, აქეთაც ჩამოდიან აფხაზები. მკურნალობენ ზუგდიდში, თბილისში.
- აგრესია არ იგრძნობა მათ მიმართ?
- აგრესიული პიროვნება ყოველთვის მოიძებნება, მაგრამ საერთო ჯამში არა. უფრო სწყინთ ჩვენი საქციელი, რომ ამ ოცი წლის განმავლობაში მათ რეალური ვერაფერი შევთავაზეთ.
- ბოლო წლებში აფხაზეთზე რამდენიმე სიმღერა დაიწერა, ამაზე რა რეაქცია ჰქონდათ?
- რა თქმა უნდა, უარყოფითი. წარმოიდგინეთ, კლიპი გადაიღეს, ''გამარჯობა აფხაზეთო შენი, მივდივარ სოხუმში'' და ერთი აფხაზი არ დგას, რომელიც გხვდება. სად მივდივართ, ვისთან მივდივართ? ვინც ეს კლიპი გააკეთა და შემდგომ ამ ხალხს ორდენები დაურიგა, ალბათ მრჩეველი არ ჰყავდა. რას ნიშნავს, გამარჯობა აფხაზეთო შენი და მე ჩამოვდივარ, უნდა დავლიო ფსოუს წყალი. რატომ არ სვამ ენგურის წყალს, ან რიონის? ფსოუს წყლის დალევა აგრესიას გამოხატავს. ის კლიპი კარგად მახსოვს, ნინი ბადურაშვილი მღერის, კლიპში ვერტმფრენი დაფრინავს და ჯარისკაცები დარბიან. წარმოიდგინეთ, აფხაზი ვარ და თქვენ ფსოუს წყალი უნდა დალიოთ. ამისთვის ჯარისკაცებით და ვერტმფრენით მოდიხართ? ეს რას ნიშნავს - უნდა მოვიდე, ომი მოგიგო, დაგხვრიტო, დავლიო ფსოუს წყალი და წავიდე უკან? 1992 წელს გია ყარყარაშვილი ჩაბრძანდა აფხაზეთში და ფსოუს წყალი დალია. მაშინ გაგრის მხედრიონის უფროსი ფირცხელანი დახვდა. სოხუმიდან ადამია ჩავიდა და ბორის კაკუბავაც იქ იყო. ტელევიზიით აჩვენეს, როგორ სვამდა ყარყარაშვილი ფსოუს წყალს. ამას რა ამბებიც მოჰყვა, კარგად მოგეხსენებათ.
- ახალი ხელისუფლების პირობებში რა ნაბიჯებს ხედავთ ამ ურთიერთობების აღსადგენად?
- ბევრი პოზიტიური ნაბიჯი აქვთ გადადგმული, მაგრამ სამწუხაროა, რომ პირდაპირი დიალოგი ვერ დაიწყო. ჩემი მხრიდან მინდა გულისტკივილი გამოვთქვა, რომ ახალი მთავრობის კონფლიქტების სამინისტროდან ვერავის დავუკავშირდი. ერთი დღე ვრეკავ, ორი დღე და მეც ხომ საქმეები მაქვს?! ამაში მათ ხელფასს უხდიან და ეს არის მათი მოვალეობა, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ.
- აფხაზეთში იძულებით გადაადგილებული ადამიანების დაბრუნება როგორ წარმოგიდგენიათ?
- როგორც დღევანდელ სიტუაციაში ქართულ მხარეს მიაჩნია, იმ სახით დაბრუნება ვერ მოხერხდება. ალბათ რაღაც გარდატეხა უნდა მოხდეს. ხომ ხედავთ, დღეს რა რთული ვითარებაა ეკლესიებს შორის. სხვათა შორის, გალის რაიონის ხარჯზე ქართველების (მეგრელების) პროცენტულობა აფხაზეთში არც ისე ცოტაა. ძალიან ცოტა რუსი ცხოვრობს აფხაზეთში. ბევრმა დატოვა და ზოგიც თბილისში ჩამოვიდა ომის შემდეგ, რადგან შერეული ოჯახები ჰქონდათ. ბოლო მონაცემებს თუ გადახედავთ, რუსები რიცხოვნობით მეოთხე თუ მეხუთე ადგილზე არიან აფხაზეთში.
- რუსეთი რას სთავაზობს საქართველოზე უკეთესს აფხაზებს?
- მე მგონი, თავადაც არ იციან. გარედან ასე ჩანს, რომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს, მხარი დაუჭიროს აფხაზეთის დამოუკიდებლობას საერთაშორისო ასპარეზზე. შიგნით რა ხდება, არავინ იცის. საზოგადოებრივი აზრი აფხაზეთში ორად იყოფა, ზოგისთვის აქვს მნიშვნელობა, აღიარებენ თუ არა, ზოგს საერთოდ არ აინტერესებს, ვანუატუ აღიარებს თუ არა. წეღან ვსაუბრობდი აფხაზებთან დიალოგის დაწყებაზე. სხვანაირად არ შეიძლება. რამდენიმე ხნის წინ ყოფილ იუგოსლავიაში გახლდით და ბოსნიიდან ხორვატიაში გადავედი. არანაირი პრობლემა არ შემქმნია. სერბები ჩადიან ხორვატიაში და პირიქით. ჩვენ ვერ ჩავდივართ სოხუმში და ისინი აქეთ ვერ ჩამოდიან. ეს უნდა შეიცვალოს, 21-ე საუკუნეში მიმოსვლა არ უნდა იყოს პრობლემა.
- რისი იმედი გაქვთ ახალი ხელისუფლების პირობებში?
- დღევანდელმა მთავრობამ აფხაზებს რაღაც უნდა შესთავაზოს. ხომ შეიძლება, რაიმეზე იყოს საერთო შეხედულება. მაგალითად, გარდაიცვალა ადამიანი და ნათესავი ჩავიდეს გასვენებაში, აქეთაც ჩამოვიდნენ. ან ქორწილში. ურთიერთობა თუ არ დაიწყო, სხვანაირად არ შეიძლება. აფხაზური მხარე თუ არ დგამს ნაბიჯს, ქართულმა გადადგას და მერე აფხაზურიც იმავეს შეეცდება. მეზობლები ვართ, რაც უნდა იყოს. ორი თვის წინ აფხაზი ისტორიკოსის ტარას შამბას ინტერვიუ მოვისმინე. მან თქვა, რომ აფხაზები და ქართველები ერთი სივრციდან არიან გამოსულები, მოძმე ერები ვართ, მაგრამ ძმები თავ- თავის სახლში უნდა ცხოვრობდნენო. გასაგებია მისი პოზიცია, მაგრამ რაც საერთო გვაქვს, იქიდან უნდა დავიწყოთ მუშაობა, მხოლოდ ასე შეიძლება რაღაცას მივაღწიოთ.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS