- ''მწვანე ოთახთან'' ერთად ჩაწერილი სიმღერა ზაფხულის ჰიტად იქცა. ბევრს უცხოური სიმღერაც ეგონა, სანამ კლიპს ნახავდა.
- ძალიან უცებ მოხდა ეს ყველაფერი. არსებობს ასეთი დიჯეი, შტიმჰოლტი. ელექტრონულ მუსიკაში მუშაობს, თავის მუსიკას წერს. მას ჰქონდა პროექტი, მის დაწერილ ელექტრონულ მუსიკას, სეტებს ვადებდი ვოკალს. ეს პროექტი შარშანდელია. წინა წელს ''ელექტრონავტებზე'' შევასრულეთ. შემდეგ წელს ბერლინში გავემგზავრე ერთი კვირით და იქ კარგად გავერკვიე ელექტრონულ მუსიკაში, რომელიც კარგად არ ვიცოდი. როცა ბერლინიდან ჩამოვედი, ძალიან ბევრი მუსიკალური ფრაზა, ტექსტი მიტრიალებდა თავში და მზად ვიყავი, ნებისმიერ პროექტში მიმეღო მონაწილეობა. ისეთი მელოდიები მქონდა, რომელიც არა მხოლოდ ჩემს ჟანრს მოუხდებოდა. რამდენიმე ''ლაივი'' გავაკეთე ამ ბიჭთან ერთად, რამდენიმე ჩავწერეთ კიდეც. როცა ის მოისურვებს, ერთმანეთს ვუკავშირდებით და ვმუშაობთ ხოლმე. რაც მომადგებოდა ენაზე, ყველაფერს ვმღეროდი ექსპრომტად. იმ ფრაზას, რომელიც შემდეგ სიმღერად გადაიქცა, ყველგან ვმღეროდი. სალომე კორკოტაშვილს ლაივი ჰქონდა და ხმას აყენებდნენ. ''მწვანე ოთახის'' ბექა ჯაფარიძეც იქ იყო და ამ ხმის დაყენების დროს გავერთეთ კარგად, თან ეს მელოდია წავიმღერე, რომელიც ბექას ძალიან მოეწონა. გარკვეული პერიოდის მერე მითხრეს, რომ ამ სიმღერის ჩაწერა უნდოდათ სარეკლამო კლიპისთვის. ძალიან გამიხარდა, რადგან გული მწყდება, რომ ის, რაც ძალიან მომწონს და მიყვარს, დამალულია და ვერავინ ისმენს.
- გრძნობდი, რომ წარმატებული სიმღერა იქნებოდა?
- ვიცოდი, რადგან სტუდიაში უბრალოდ, ისე არასდროს შევდივარ, ვიმღერე, გამოვედი და წავედი. წარმატების იმედი ყოველთვის მაქვს. ასევე მაქვს ბუნებრივი ემოცია, რაც ბევრს აკლია დღეს...
- ამ სიმღერის კლიპის შესახებ ამბობდნენ, რომ გეების კლიპია. ამაზე რა შეგიძლია თქვა?
- (იღიმება) ამას ალბათ იმიტომ ამბობდნენ, რომ ფერადი ტანსაცმელი გვაცვია, ზაფხულის ფერებში და რაღაც გვიხარია. თან, ბიძები ვართ. სასაცილოა ასეთი კომენტარები. მაინცდამაინც შავებში უნდა ვყოფილიყავით ჩაცმულები და ''გროზნი'' სახეები უნდა გვქონოდა?!.
- ინგლისური ტექსტიც დაიწუნა ზოგმა...
- ასე იყო, მაგრამ გეტყვით, რა მოხდა. ტექსტი სწორად ჩავწერე და ინგლისურიც კარგად ვიცი. უბრალოდ, შემდეგ, სიმღერის დამუშავებისას, ხმის რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ ის შ-ები და ს-ები, რაც ტექსტში იყო, არ უნდა ყოფილიყო და დაახშო, შესაბამისად, გამოვიდა გრამატიკულად არასწორი. ვიღაცებმა ეგრევე დაწერეს, როგორ შეიძლებაო. ვინც მიცნობს და იცის, რას ვაკეთებ და როგორ, მას არ გაჰკვირვებია. ზოგ დინამიკებში ისმის ისე, როგორც უნდა ისმოდეს, ზოგან - არა. გული დამწყდა, მიქსინგი ჩემი თანხლებით რომ გაკეთებულიყო, ამას ავირიდებდი, თუმცა პრობლემა ესეც არ არის. სხვათა შორის, ყველას დადებითი ემოციები აქვს ამ სიმღერასთან დაკავშირებით, მზე, ზღვა, სადღაც წასვლა...
- შენ თქვი, რომ გაქვს ემოციები, რაც ბევრს აკლია. თავს შოუბიზნესის წევრად მიიჩნევ?
- თუკი რაღაც არ არსებობს, იმის წევრად როგორ უნდა მივიჩნიო თავი?!. უბრალოდ, ვარ მუსიკოსი. ვისაც მოსწონს, მოდის და მისმენს. აქ არც მენეჯერი არსებობს, არც პროდიუსერი, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი წინაა.
- და ვის აკლია გულწრფელობა და ემოცია?
- ძალიან ბევრს. ვინც ნიჭიერია და იცის, სიმღერაში რა ჩადოს, ისე აკეთებს, როგორც საჭიროა. დანარჩენი ყალბია. გაჩითავენ ქავერს, იმას თარგმნიან და მღერიან. ძირითადად ამაზე იყო აწყობილი ქართული შოუბიზნესი. ვინმე თუ რამეს წერდა, ძირითადად, თითიდან იყო გამოწოვილი. შემოქმედებითი კრიზისი მეც მქონია, მაგრამ ბევრი რამ შეიძლება იქცეს შთაგონების წყაროდ, რადგან ირგვლივ ბევრი კარგი და ლამაზი რამ ხდება. მუსიკოსი უნდა იყოს ემოციური, მგრძნობიარე...
- რაიმე არის, რაც მოგწონს დღევანდელ სცენაზე?
- სალომე კორკოტაშვილის პროექტი ''სალიო'', რომელიც ძალიან წარმატებულია. პრობლემად მიიჩნევენ იმას, რომ ინგლისურად მღერის. ნიუ-ორლეანში გამოვიდა ჯაზფესტივალზე და იქ ქართული ნამღერი მართლა არ აინტერესებთ. ჩინურად რომ იმღეროს ვიღაცამ ნიუ-ორლეანში, დააინტერესებთ? არავინ დამიმტკიცოს, რომ ყველას აინტერესებს უცხოეთში ქართული სიმღერა. თუკი პრეტენზია გაქვს, რომ საზღვრებს გარეთ ვინმე დააინტერესო, უნდა იმღერო მათ ენაზე. თან, მეორე ვერსია ის არის, როგორც გრძნობ, ისე უნდა გადმოსცე. მე ინგლისურ ენაზე ვგრძნობ ამ ყველაფერს და ასე ვხედავ. არის ქართულენოვანი ვერსიები, რაც ყალბია. ქართულად თუ შემისრულებია სიმღერა, ყველას აჯობა, ''ჩვენ ერთი გუნდი ვართ'', ''ფიფქები'', რომელიც ''რაც ყველაზე ძალიან გიყვარს'' საუნდთრექია.
ისევ კითხვას რომ დავუბრუნდეთ, სალომე კორკოტაშვილს ძალიან კარგად ვიცნობ ბავშვობიდან და პირველი, რაც მასში მომეწონა, კეთილი, თბილი ხმა იყო. მას დიდი პოტენციალი აქვს და თანამედროვე პოპში დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია. სხვებზე კი ვერ ვილაპარაკებ, რადგან ისინი რომ არ მომწონს, იმის ბრალია, რომ ვიღაც ტიპებმა რაღაცები ჩააწერინეს. აი, მაგალითად, ''ჯეოსტარელები'' რომ არიან - რაღაცები ჩაწერეს, ატრიალეს, ატრიალეს, მაგრამ ვინმეს ახსოვს დღეს? თავისი რომ არ ჰქონდათ და ვიღაცების მითითებებს ასრულებდნენ, იმის ბრალია. ეს შოუპროგრამები სისულელეა. მოიგებ, გაჩუქებენ მანქანას და მერე რა? ცოლს მოიყვან, შვილები გაგიჩნდება და ოდესღაც გაგახსენდება, რომ კონკურსი მოიგე. ყველაფერი უნდა გადადო, სტიმული გქონდეს, ცხოვრებაში ბევრი უსამართლობა შეგხვდება, რასაც უნდა გაუძლო და შენი გააკეთო, ბოლომდე მიიყვანო.
- დღეს ძალიან პოპულარულია ე.წ. ''ფანოღები'', სუფრული მუსიკა.
- ეს ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა გამძაფრდა. ეს ალბათ რადიოების ბრალია. ერთუჯრედიანმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ხალხს მოსწონს და დაიწყეს ამისი კეთება. მძღოლები და მთელი რაიონები ამას უსმენს და ამაზე მუშაობენ. რა ვქნათ?!.
- ბევრმა ცნობილმა მომღერალმა ამ ჟანრის სიმღერა ჩაწერა.
- მაგალითად, ქრისტინე იმედაძემ ჩაწერა ''წითელი ბასანოჩკები''. იმ დღეს ტაქსით ვმგზავრობდი და შემთხვევით მოვისმინე. მიდის რიტმი, პოპშია გაკეთებული, მაგრამ რა ''წითელი ბასანოჩკები'', ხალხო, ხომ არ გაგიჟდით?!. რაიმე ისეთი გააკეთე, რომ ხალხს შენი ნახვა მოუნდეს სცენაზე. როგორი გაბრაზებული ვარ (იცინის)?!.
- გარანტირებული პოპულარობის მისაღებად თავად არ ჩაწერდი ასეთ სიმღერას?
- საქართველოში აღარ მჭირდება პოპულარობა. ამ ბოლო სიმღერას ასი ათასამდე ნახვა აქვს. ამ სიმღერას ყველა კატეგორიის ადამიანი უსმენს და ვინც მუსიკაში ერკვევა, ყველას მოსწონს. ტაშფანდურა სიმღერები ჩემთვის მიუღებელია. მე, შეიძლება, ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა ავიღო და ვიმღერო, ან 90-იანი წლების რომელიმე ალტერნატიული ქართული ჯგუფის სიმღერის ახალი ვერსია გავაკეთო, რაც მეც მაინტერესებს, მაგრამ ჯოჯოხეთი და რესტორანი არ შემიძლია!..
- ახალ ჯგუფზეც გკითხავ. რა ჰქვია და რა გეგმები გაქვთ?
- The Jet Bird. ორი წლის წინ ''სტრინგი'' დაიშალა. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, უბრალოდ, ჩვენი იდეები აღარ დაემთხვა ერთმანეთს. მე ჩემით დავიწყე რაღაცების კეთება. ველოდებოდი და ვგრძნობდი, რომ მოხდებოდა რაღაც ახალი, რადგან მანამდე ჩიხში ვიყავი. ძალიან გაიწელა ეს პერიოდი, დაახლოებით ერთი წელი არაფერს ვაკეთებდი გარდა იმისა, რომ ვეძებდი მუსიკოსებს, გვჭირდებოდა დრამერი და ბასისტი. რაღაცები არ გამოვიდა, ბევრს არ ეცალა, ზოგმა რა მოიგონა, ზოგმა - რა, ''სტრინგის'' დაშლით ძალიან აღშფოთებული იყვნენ. ასეთი რაღაცები არ მომწონს. წელს ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს, რადგან გადავწყვიტე, რომ დრამზე თავად დავმჯდარიყავი და თან მემღერა. გიტარაზე კი ჩემი მამიდაშვილი თორნიკე უკრავს. საერთოდ, დრამერს რომ ვეუბნები, ასე და ასე დაუკარი-მეთქი, არ უნდა მოსმენა, არადა, მე უკეთ ვიცი ხოლმე. ეს იმას ჰგავს, ვიღაც რომ საძინებელში შემოგივარდეს და გითხრას, ბავშვი ასე გააკეთეო (იცინის). მიყვარს ასეთი შედარებები. ასეთივე გამაღიზიანებელი იქნება, მუსიკის შექმნის პროცესში რომ ვინმე ჩაერიოს. მოკლედ, ახლა ეს პრობლემა მოიხსნა, რადგან თავად დავჯექი დრამზე. დაკვრა არ ვიცოდი, მაინც თავდაჯერებულად დავჯექი. აქციაზე ''არა ოკუპაციას'' დავუკარით, ორგანიზატორებს ეგონათ, რომ აკუსტიკურად დავუკრავდით და რომ ვუთხარი, დრამზე ვუკრავ-მეთქი, ხომ არ გაგიჟდიო, მიპასუხა. დადგა ჩვენი გამოსვლის დროც და ისეთი ეფექტი ჰქონდა, რომ გადავწყვიტეთ, სულ ასე გამოვსულიყავით.
- ბოლო ცხრა წლის განმავლობაში სულ იყო ლაპარაკი, რომ მთავრობა აფინანსებდა შოუბიზნესის წარმომადგენლებს, იყო კონცერტები. შენ რამდენად იყავი დაკავებული?
- ''სტრინგი'' არსებობდა და კონცერტებზე გვეძახდნენ. კი იყო კონცერტები, მაგრამ ამ ყველაფერს რაღაცები აკლდა. კონკრეტულად ხელს არავის ჰკიდებდნენ და არ ინტერესდებოდნენ ადამიანების მონაცემებით. ჯაზში, კლასიკურ მუსიკაში რამდენიმე ადამიანს მიხედეს, მაგალითად, ბექა გოჩიაშვილს, ძალიან მიხარია, რომ აღმოაჩინეს და გზა გაუხსნეს. ეს ძალიან კარგია. კიდევ არის რამდენიმე ადამიანი, მაგრამ პოპში არავის ეხმარებოდნენ. მე მათ ვგულისხმობ, ვისაც შეეძლოთ კარგი მუსიკის კეთება ამ ჟანრში და ამ მუსიკის გაყიდვა.
- რატომ, სოფო ნიჟარაძე, ნინი ბადურაშვილი და კიდევ სხვა უამრავი მომღერლის ჩამოთვლა შეიძლება.
- კარგი, გეხვეწებით, რა... სოფო ნიჟარაძე გაყიდული ალბომებით ქვეყნის ბიუჯეტს ავსებდა? მე იმას ვგულიხსმობ, რომ მაგალითად, როგორც ''U2''-მ გაუთქვა სახელი ირლანდიას. ათას ჯოჯოხეთში ნამყოფი ქვეყანა ვართ, ომგადატანილი, საჭირო იყო ვიღაც ან ვიღაცები, ჯგუფი, რომელიც საქართველოს სახელს ქვეყნის გარეთ გაიტანდა. ნინიც კარგი გოგოა, სოფოც, კარგადაც მღერიან, მაგრამ ადამიანს უნდა ჰქონდეს ''ერთი ადგილი'', რომ გაარღვიოს საზღვრები და ხალხს ყბები დააგდებინოს, ასეთი რამ კი არ ჰქონიათ.
- შენ გაქვს?
- მე?!. ვფიქრობ, რომ მაქვს. უბრალოდ, სცადოს ვინმემ, გარისკოს და არ ინანებს. მე ცარიელი არ ვარ და ვიცი, შიგნით რა მაქვს და რა მამოძრავებს.
- თაყვანისმცემელი გოგონები გყავს?
- როგორები არიან, როგორ გამოიყურებიან თაყვანისმცემელი გოგონები? მე ვიცი, რომ პლაკატებით სახლთან დგანან, გიჟები და მანიაკები არიან. ასეთები არ მყავს.
- გოგოს, რომელიც შეგიყვარდება, შენი მუსიკა უნდა მოსწონდეს?
- რა თქმა უნდა. თუ ჩემი მუსიკა არ მოსწონს, ე.ი. მე არ მოვწონვარ. მუსიკას იმიტომ არ ვწერ, რომ ვიღაც გოგონას ან ბიჭს მოვეწონო. ვწერ გულიდან და ვასრულებ ასევე. ვინმეს თუ მოეწონება და ბედნიერი იქნება, ყოველთვის გამიხარდება (იღიმის).
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''




















