სირიასთან
- ირაკლი, იმ შემთხვევაში, თუ სირიაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რა საფრთხე ემუქრება საქართველოს?
- ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები ალბათ არ იქნება. თუ ამერიკამ გადაწყვიტა სირიის ხელისუფლების სტრატეგიული ობიექტებს დაარტყას, ეს მხოლოდ საჰაერო, წერტილოვანი დარტყმები იქნება. არა მგონია, ამერიკელებმა სახმელეთო დანაყოფები გაგზავნონ სირიის ტერიტორიაზე. სავარაუდოდ, ეს დაპირისპირება ისეთ მასშტაბურ სახეს არ მიიღებს, როგორც ერაყში მოხდა 1991 ან 2003 წელს.
- რა შეუშლის ხელს ამერიკას ამ გადაწყვეტილების მიღებაში?
- ის მძიმე გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში ჯერ ერაყში დაგროვდა და რასაც ახლა ავღანეთში იღებს... 90-იან წლებში შემუშავებული სამხედრო დოქტრინის მიხედვით, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ერთდროულად ორ ან რამდენიმე ადგილას მიმდინარე კონფლიქტში მონაწილეობის მიღება შეეძლო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ომები დედამიწის სხვადასხვა ადგილას იქნებოდა. ეს კი აშშ-ს ბიუჯეტზე მძიმედ აისახა. არმიაც გადაიღალა ამდენი ომებით და მოსახლეობის დიდი ნაწილიც ასეთ სამხედრო მოქმედებებს უკვე ისეთი ენთუზიაზმით აღარ ემხრობა, როგორიც ამერიკაში ''ტყუპების'' აფეთქების შემდეგ იყო... თუმცა შესაძლოა, ამერიკას სირიაში დივერსიული რაზმები უკვე შეგზავნილი ჰყავდეს.
- სპეციალისტები ამ ომს რუსეთ-ამერიკის ომს უწოდებენ, რომელიც გავლენის სფეროების გადანაწილებას ემსახურება...
- რა თქმა უნდა, პოლიტიკური ორთაბრძოლა მიმდინარეობს გავლენის სფეროების შენარჩუნებისთვის. შესაძლოა, არ გვინდა ამის აღიარება, მაგრამ ფაქტია, რომ პუტინის რეჟიმის გავლენა მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება. ამის საფუძველი ამერიკელებმა თავად მისცეს, როდესაც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია დაუსჯელი დატოვეს. მაშინ დასავლეთის ''შეშფოთებები'' დაA ''აღშფოთებები'' რუსეთში დასავლეთის სისუსტედ აღიქვეს. ამიტომაც არის, რომ ახლა რუსეთი რიხით ლაპარაკობს...
- ასეთ ვითარებაში საქართველოს რა საფრთხე ემუქრება?
- ის, რომ შესაძლოა საქართველო დაიბომბოს, არასერიოზულად მიმაჩნია, რადგან სირიასთან არც სახმელეთო და არც საზღვაო კავშირი არ გვაქვს. ჩვენ შორის გადაჭიმულია უზარმაზარი სახელმწიფო თურქეთი. თუმცა თუ აშშ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას დაიწყებს, საქართველოს, როგორც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, რუსეთის ხისტი პოლიტიკა გაიზრდება. მაგალითად, ეს იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბრძოლო დანაყოფების რაოდენობის გაზრდა, ახალი ტექნიკის შემოტანა, საზღვრების დარღვევა... ანუ დაახლოებით განმეორდება ის, რაც ხდებოდა 2008 წლის გაზაფხულზე. დასავლეთმა და ნატოს წვერმა ქვეყნებმა დაუშვეს უდიდესი შეცდომა, როდესაც კოსოვოს დამოუკიდებლობა ცნეს. მაშინ საქართველოზე გამოლაშქრებით რუსეთმა დასავლეთზე იძია შური. სწორედ ეს იყო აგვისტოს ომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი...
- როგორ უნდა იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ სიტუაციის გართულების შემთხვევაში ზიანი თავიდან ავირიდოთ?
- იმედი მაქვს, სააკაშვილის ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელიც საჭირო იყო თუ არა, ყველგან ამბობდა, ჩვენც ჩავერევით და მხარს დავუჭერთ, ასეთი აქტიურობა არ იქნება და არც არის საჭირო. ნებისმიერ ასეთ ინიციატივას რუსეთის მხრიდან ზეწოლა მოჰყვება, რადგან აშშ-ზე გაბრაზებულ რუსეთს შეუძლია ჩვენზე იყაროს ჯავრი. სხვა საკითხია, იქნება თუ არა გაეროს ოფიციალური გადაწყვეტილება, რომ სირიის ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ძალისმიერი ქმედებები განხორციელდეს. სხვა შემთხვევაში, აშშ-ს ამის გაკეთება ან მარტო, ან რამდენიმე ქვეყანასთან ერთად მოუწევს. სულაც არ იქნება სასურველი, მათ კოალიცია ჩამოაყალიბონ და საქართველო მისი წევრი გახდეს.
ლალი პაპასკირი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















