- წინა საუკუნეში გავჩნდი, მხატვრების ოჯახში, 1971 წლის 6 თებერვალს. დედ-მამა- გიული დეკანოზიშვილი და გიმერი დარჩია მხატვარ-მოქანდაკეები იყვნენ, ერთ კურსზე სწავლობდნენ. მამა, სამწუხაროდ, გარდაცვლილია. სამი და ვართ. ერთ-ერთი, ნანა აბულაძე გობელინის სპეციალისტი გახლავთ. მეორე, ქეთევანი- მხატვარი. ბაბუა, ნიკოლოზ დეკანოზიშვილი- თეატრის მხატვარ-დეკორატორი, ბიძა- იაგო დეკანოზიშვილიც მხატვარია, ტიხრულ მინანქარზე მუშაობს. მე არ მოვინდომე მშიერი მხატვარი ვყოფილიყავი და მთელი ცხოვრება მშიერი მოცეკვავე ვარ (იღიმის).
- მკაცრად გზრდიდნენ?
- აშკარად. დაბადების დღეებზე, პიონერთა ბანაკებში, მეგობრებთან ღამით დარჩენაზე ვერც ვიოცნებებდი. აქცენტი ჰქონდათ სწავლაზე, მაქსიმალურად უნდა მემეცადინა. ყველგან მშობლებს მივყავდი და მოვყავდი. ვინმე რომ მირეკავდა, ვიძაბებოდი იმით, რომ უნდა ამეხსნა მშობლებისთვის, ვის ველაპარაკებოდი, ვეუბნებოდი, თეა სახლში არ არის-მეთქი და ყურმილს ვკიდებდი. სკოლის ფორმის გარდა, ერთი-ორი ხელი გამოსასვლელი ტანსაცმელი მქონდა და ისიც ზედმეტი იყო, ასე თვლიდა დედა, სკოლას რომ დაამთავრებ, მერე რით გაგაკვირვოო, ამბობდა. აი ასე, ზედმეტი ფუფუნების გარეშე, სიმკაცრეში გაგვზარდეს სამივე და, ერთმანეთის გამონაცვალ ტანსაცმელში. ამის მიუხედავად, არ გვაკლდა დასვენება- რიგა, პალანგა, პიარნო, იურმალა, მოვლილი გვაქვს ყველაფერი. უბრალოდ, მშობლებს ეშინოდათ, თავში არ აგვვარდნოდა.
- გაამართლა ასეთმა აღზრდამ?
- მთლად ასეთი მიდგომაც არ ვარგა. ადამიანმა საკუთარი თავის ფასი უნდა იცოდეს. მე ახლახან მივხვდი, რომ თურმე ლამაზი ვყოფილვარ ბავშვობაში, რომ თურმე არც ისე უნიჭო ვყოფილვარ.
- გაპროტესტება არ გიცდია?
- ბუნებით პროტესტანტი არ ვარ. თან ზუსტად ვიცოდი, ჩემს მშობლებთან არანაირ პროტესტს არ ჰქონდა აზრი. ძალიან ადრე გავთხოვდი ამ ყველაფრის გამო, 19 წლის. ალბათ ეს იყო ჩემი პროტესტი. გავექეცი ოჯახს და საკუთარ თავს, თუმცა საკუთარ თავს ვერსად გაექცევი. რეჟიმს გავექეცი. თუ არ ვმეცადინეობდი, რაღაც უნდა მეკეთებინა. უსაქმოდ სახლში არ უნდა ვყოფილიყავი. ვქსოვდით, ვკერავდით, ვქარგავდით, ვრეცხავდით, სახლს ვალაგებდით. ხელსაქმე მშობლებმა გვასწავლეს. დედა განსაკუთრებით ნიჭიერია ამ მხრივ. შპალერის გაკვრა და რემონტიც კი შეეძლო. მამა ამბობდა, ხელოვანი ვარ და ყოფით საქმეებში ვერ დავიხარჯებიო. მერვე კლასიდან სამედიცინო ტექნიკუმში ჩავაბარე. წითელ დიპლომზე დავამთავრე და ერთი გამოცდით შემეძლო სამედიცინო ინსტიტუტში ჩამებარებინა. მაინტერესებდა ეს სფერო, მაგრამ 15 წლის ასაკში ნინო რამიშვილმა სუხიშვილების აკადემიურ ანსამბლში რომ მიმიღო, მივხვდი, რომ ცეკვა და კარგი ექიმობა ერთად არ გამოვიდოდა. ერთადერთი ქალი იყო, ლატავრა ფოჩიანი, რომელმაც ეს შეძლო, მაგრამ ის ლეგენდა გახლდათ და ვერავინ შევედრებით. დიდ მოცეკვავეებთან ერთად მომიწია ცეკვამ, ეს იმდენად მომეწონა, დავთმე სამედიცინო ინსტიტუტი და თეატრალურში კინომცოდნეობაზე ჩავაბარე.
- მშიერი მხატვრები ახსენე ინტერვიუს დასაწყისში. როგორ ცხოვრობდით, გაჭირვება გინახავს?
- ხან იმდენი ფული გვქონდა, სად წაგვეღო არ ვიცოდით, ხან კი პურის ფული გვენატრებოდა. მხატვრები ასე ცხოვრობდნენ. შეიძლებოდა ისეთი პროექტი გაეკეთებინა და გაეტანა მამას, რომ კარგი ფული ეშოვა. მაშინ პატარა მაფიაც იყო ხელოვნებაში, კავშირები, ჩაწყობა გჭირდებოდა, შენი პროექტი რომ გაგეტანა. მამას რომ ვკითხე ერთხელ, ყველა გამოფენებს აწყობს და შენ რატომ არაფერს აკეთებ-მეთქი, მიპასუხა, წადი ნებისმიერ სასაფლაოზე, გადახედე, ეგ არის ჩემი გამოფენაო. ოჯახის რჩენის მიზნით, სხვა გამოსავალი რომ არ ჰქონდა, ამზადებდა მიცვალებულების პორტრეტებს, ქანდაკებებს, ბარელიეფებს, გორელიეფებს და ლენინის თავებს. ბევრი შეკვეთა ჰქონდა ამ უკანასკნელზე. სულ ამბობდა მამა, რომ ოჯახი და ხელოვნება ერთად არ გამოდის, თუ ხელოვანი ხარ, ფულის გამო არ უნდა აკეთო ის საქმე, რომელიც არ გსიამოვნებს, თუმცა იმავეს აკეთებდა თვითონ, რომ შვილებს გვესწავლა, ათასგვარ წრეზე გვევლო.
- ამ გადასახედიდან როგორ ფიქრობ, ადრეულ ასაკში გათხოვება არ იყო შეცდომა?
- არ ვნანობ, რადგან ძალიან გამიმართლა მეუღლის მხრივ. ძალიან ლმობიერი, რბილი და კარგი ადამიანი შემხვდა. თუმცა ძალიან იშვიათია, ასეთ ასაკში შექმნილმა ოჯახმა ამდენ წელს გაუძლოს. 19 წლის ასაკში, ჯერ თვითონაც არ იცი რა გინდა, დგამ ნაბიჯს და ბოლომდე ენდობი უფალს, გაგიმართლებს თუ არა. ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ ცოლი უკან რჩება, ქმარი იზრდება, ან პირიქით, ანუ პარალელურ რეჟიმში ვერ ვითარდებიან. ხშირად ვნება სიყვარული ჰგონიათ.
- თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?
- ვნებით დაიწყო, რომელიც ბევრი შრომის, განცდის, ტანჯვის, წვა ლების, ჭექა-ქუხილის, სეტყვის შემდეგ მეგობრულ სიყვარულად გარდაიქმნა.
- ჭექა-ქუხილიც იყო?
- აბა რა, ქუხილიც, სეტყვაც და ვულკანური ამოფრქვევებიც.
- როგორ გაიცანით ერთმანეთი, არსად არ მიშვებდნენ მშობლებიო, მითხარი.
- ერთად ვცეკვავდით. ექვსთვიან მოგზაურობაში ანსამბლის სხვა წევრებთან ერთად ამოვყავით თავი უცხო ქვეყანაში. იქ დავახლოვდით. ასეთი წესიერი, მოწესრიგებული ადამიანი იშვიათად მინახავს. კონცერტის შემდეგ ყველა რომ კლუბებში გავრბოდით და გართობას ვლამობდით, ის სასტუმროში რჩებოდა, წიგნებს კითხულობდა, ღილს აკერებდა ახალუხზე. ასეთმა არაორდინარულობამ შოკში ჩამაგდო. მივხვდი, ძალიან კარგი მამა და ოჯახის კაცი იქნებოდა და არც შევმცდარვარ.
- რამდენი ხანი იცეკვეთ ერთად?
- ხუთი წელი. მერე წელი ასტკივდა, მიხვდა, ვეღარ გააგრძელებდა ცეკვას და დატოვა ანსამბლი.
- ალბათ გაუჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება...
- დიახ, მე დავრჩი და ის წამოვიდა. სიყვარული თავგანწირვაა. მან ჩემი მოვალეობები საკუთარ თავზე აიღო, რომ არ დავჩაგრულიყავი და გამიშვა საცეკვაოდ. ეს არის სიყვარული და მადლობა ღმერთს, რომ ეს დავაფასე.
- გუჯასაც შენსავით უყვარდა ცეკვა?
- ცეკვა ან ძალიან გიყვარს, ან არ გიყვარს. ჩემსავით და სხვასავით არ არსებობს. თუ ადამიანი ცეკვავს, ის უკვე ავადმყოფია, დამოკიდებულია ამაზე. ყოველგვარი ხუმრობის გარეშე ვამბობ, უარესი დამოკიდებულება აქვს, ვიდრე თამბაქოს, სასმელს, ნარკოტიკს. ცეკვის დროს ბედნიერების ჰორმონი გამოიყოფა. წარმოიდგინეთ, რამხელა თავგანწირვაა ბედნიერების ჰორმონის მოკლება. თავიდან მითხრა, თავი დაანებე ცეკვასო. 20 წლის ვიყავი მაშინ, ვუთხარი, შენ უფრო ადვილად დაგანებებ თავს, ვიდრე ცეკვას-მეთქი. ძალიან გულწრფელი ვიყავი. მთავარი მიზეზი, რისთვისაც მოცეკვავეზე გავთხოვდი, იყო ის, რომ გამიგებდა. ამიტომაც ვიყავი ასეთი რადიკალური. მიხვდა, რომ ბრძოლას არ ჰქონდა აზრი და თავი დამანება. მართლა მოვკვდებოდი, არ ვიტყუებოდი.
- პირველი ხელფასიც ალბათ ანსამბლში აიღე...
- სამ კატეგორიად იყოფოდა ჩვენი ხელფასები, დამსახურებების მიხედვით. ხელფასის ცხრილს რომ მივუახლოვდი, მეორე გრაფაში დავიწყე საკუთარი გვარის ძებნა, მესამეც გადავათვალიერე. არსად არ ვიყავი. მივედი და ბატონ თენგიზს ვეუბნები, არ ვარ ხელფასების ცხრილში და ეტყობა, გამორჩათ-მეთქი. პირველ გრაფაში ნახეო, მითხრა. რომ ვნახე, რა გვარების გვერდით ეწერა ჩემი გვარ-სახელი, შოკი მივიღე. დიდი სხვაობა კი არ იყო ხელფასებს შორის, მაგრამ ეს იმხელა დაფასება იყო ჩემთვის, რომ მე, ეს ლაწირაკი, ღვაწლმოსილ მოცეკვავეებთან ერთად ვეწერე, ვერ აღგიწერთ.
- თუ გახსოვს, რა შეიძინე პირველი ხელფასით?
- ვიდეოკამერა, რომ გადამეღო ყველა მოგზაურობა. გადავიღე კიდეც, მაგრამ არასდროს ჩამირთავს და არ მინახავს. ნამდვილი `ხამი~ ვიყავი, ყველაფერს ვიღებდი. წარმოიდგინეთ, ბნელი, ცივი საქართველოდან ჰონკონგში, ავსტრალიაში ან ტოკიოში რომ ჩაფრინდები და ყველაფერი ანათებს, ასე გგონია, იქ სხვა საუკუნეა.
- თეა, შენი მშობლების აღზრდის მეთოდებმა თუ იქონია გავლენა შენზე? მკაცრი დედა ხარ?
- რა თქმა უნდა. როგორც გაგზარდეს, ისე ზრდი შენც, იმიტომ რომ სხვანაირად არ იცი, თუმცა ვცდილობ, მეტი თავისუფლება მივცე, ვეჭიდავები საკუთარ თავს, ვცდილობ, არ ჩავერიო პირადში. მე სახლიდან გასვლაზე ვერ ვიოცნებებდი, ჩემმა უფროსმა შვილმა იცის, რომ გავა, მაგრამ რეგლამენტი მაქვს დაწესებული. უნდა ვიცოდე, სად არის და როდის მოვა.
- როგორც ყველა ადამიანს, ალბათ შენც დაგიშვია შეცდომები...
- შეცდომები ცოდვებია. არ არსებობს შეცდომა, რომელიც ცოდვად არ ითვლება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორად აღიზარდე მენტალურად, შინაარსობრივად. ჩვენს დროს რწმენა არც ისე ფეხმოკიდებული იყო. მამას ყოველთვის სწამდა უფლის, თუმცა ამას თავს არ გვახვევდა. სამაგიეროდ, დავყავდით დავითგარეჯობაზე, კვირაობით მცხეთაში, მაგრამ მთავარ კითხვაზე პასუხი ჩემი მშობლებისგან ვერ მივიღე. ერთხელ, დილის შვიდ საათზე, როცა გარეთ ყინვა, ქარიშხალი და წარღვნა იყო, დედამ გამაღვიძა, ადექი, სკოლაში უნდა წახვიდეო. 11 წლის ვიყავი მაშინ. მცივა, საბნიდან ფეხის გამოყოფაც არ მინდა. დედაჩემს ვეკითხები, რატომ უნდა ავდგე, რატომ უნდა ჩავიცვა, რატომ უნდა წავიდე ამ ყინვაში სკოლაში, რატომ უნდა ვიმეცადინო, რატომ უნდა გავიზარდო, რატომ უნდა დავბერდე ტანჯვაში, თუ მაინც უნდა მოვკვდე-მეთქი? ასეა საჭიროო,- მიპასუხა. მაშინ რომ ეთქვა დედაჩემს, ეს ცხოვრება გამოცდაა, თუ ამ გამოცდას ხუთიანზე ჩააბარებ, თუ იქნები კეთილი, მშვიდი, სათნო, მაშინ სასუფეველს მოიპოვებო, აუცილებლად სხვანაირად ვიცხოვრებდი. მერე და მერე ეს ყველაფერი თვითონ კი გავიგე, მაგრამ ბევრი შეცდომა დავუშვი მანამდე, ენერგია ტყუილად დავხარჯე. რაც სიყვარული მეგონა, ის სიყვარული არ აღმოჩნდა, რაც სიკეთე მეგონა, სულაც არ ყოფილა სიკეთე. ბევრი დრო დავკარგე უღმერთოდ. შეცდომები როგორ არ მქონია, ჩემი ცხოვრების გარკვეულ ეტაპებს მთლიანად ამოვიღებდი და გადავყრიდი, მაგრამ დღეს რომ მე ამ შეგნებამდე მივედი, სწორედ იმ შეცდომების დამსახურებაა. ღვთის წყალობით, ერთ მშვენიერ დღეს აზრზე მოვედი, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ვერ გადავრჩენილიყავი და იმ სიბნელეში დავრჩენილიყავი? მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გარშემო ყოველთვის უამრავი ხალხი, ბევრი სინათლე, ბევრი სიყვარული და ბევრი ბედნიერება იყო, მაინც სულ მარტოობის შეგრძნება მტანჯავდა, სიყვარულის შიმშილი. შვილები მყავდა და ამ ბედნიერებას ვერ ვგრძნობდი. უღმერთობის ბრალი იყო ეს ყველაფერი. სანამ ღმერთს არ შეიყვარებ, საკუთარ თავსაც ვერ შეიყვარებ.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''