მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა, ქეთი ჩხეიძემ პროფესიული არჩევანი ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში გააკეთა. მის ცხოვრებაში იყო ათწლიანი შემოქმედებითი პაუზა. სცენისა და თავისი საქმისადმი შიმშილი რომ დაეწყო, სწორედ მაშინ, ვითარება მოულოდნელი შეხვედრის წყალობით შეიცვალა და მსახიობი იმ საქმეს დაუბრუნდა, რომელიც ძალიან უყვარს.
- წარმოშობით იმერელი, კახეთში გაზრდილი ხართ. ჩვენში ხშირად იციან ხოლმე თქმა: ეტყობა, რომ ამა თუ იმ კუთხის შვილიაო. თქვენ თუ ამოგიცნიათ ადამიანის წარმომავლობა ასე, ერთი შეხედვით ან თქვენთვის თუ უთქვამთ რამე მსგავსი?
- გენეტიკა და
- რა წამოიღეთ იმერეთიდან და კახეთიდან?
- საბავშვო ბაღში კახეთში დავდიოდი, მაგრამ სკოლაში რომ უნდა შევსულიყავი, იმ წელს თბილისში წამოვედით. კახეთში ხშირად, ყოველ შაბათ-კვირას ჩავდიოდით, რადგან იქ ბებია ცხოვრობდა - ის ექიმი იყო და სამშობიაროში მუშაობდა. სამწუხაროდ, ბაბუას მხოლოდ გადმოცემით ვიცნობ: სამხედრო გახლდათ და მამაჩემი პატარა იყო, როცა ის გარდაიცვალა. არ ვიცი, რამდენად "წამოვიღე" კახეთიდან ამ კუთხის წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელი პირდაპირობა და სამართლიანობა, მაგრამ მომწონს ეს თვისებები! მინდა, მეც ასეთი ვიყო (იღიმის).
- ექიმი ბებია და მამა არ გირჩევდნენ, რომ პროფესიული არჩევანი სამედიცინო კუთხით გაგეკეთებინათ?
- დიახ, მაგრამ ბავშვობიდანვე ორი რამ განსაკუთრებულად მიზიდავდა: თეატრი და მხატვრობა. ამიტომ, ჩაქნეული ჰქონდათ ხელი ჩემზე (იღიმის)... ბოლოს მსახიობობამ გადაწონა, ხატვა კი დარჩა იმ გატაცებად, რომელიც ძალიან მომწონდა და რისგანაც დიდ სიამოვნებას ვიღებდი. სხვათა შორის, თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის დროს ბევრს ვხატავდი. ზუსტად არ მახსოვს, სტუდენტობის ბოლო წელი იყო თუ სწავლა უკვე დამთავრებული მქონდა, მაგრამ რუსთაველის გამზირზე მდებარე გალერეა "მერანში", რეჟისორებისა და მსახიობების სერიოზული ნამუშევრების გვერდით, ჩემი ნახატებიც გამოიფინა. ჟანრი ლოლაშვილის, რობერტ სტურუას, მიშა თუმანიშვილისა და სხვა ხელოვანების ნამუშევრებს შორის, ჩემი სამი ნახატი რომ მოხვდა, ამით ძალიან ამაყი ვიყავი. ერთი პერიოდი ვფიქრობდი, რომ მხატვრობა შემესწავლა და ჩემი გატაცება მოყვარულის დონეზე არ დარჩენილიყო, მაგრამ პროფესიისა და როლების გამო, ეს ვეღარ შევძელი.
დღეს განწყობა თუ მაქვს, შეიძლება რამე დავხატო, მაგრამ რაც დრო გადის, ამის კეთება სულ უფრო მეტად მიჭირს. ვხვდები, რომ მარტო განწყობა და სურვილი არ არის მთავარი. ყველაფერს საფუძვლიანი ცოდნა სჭირდება.
- ალბათ, იყო სპექტაკლი, ფილმი, მსახიობი, რომელმაც გიბიძგათ მსახიობის პროფესიისკენ...
- რა თქმა უნდა, ასეთი არაერთი ფილმი და სპექტაკლი იყო. 7-8 წლის რომ ვიყავი, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მოპირდაპირე მხარეს ვცხოვრობდით და თეატრში თითქმის ყოველდღე თუ არა, ორ დღეში ერთხელ მაინც დავდიოდი. მოლარეს და კაპელდინერებს ჩემს დანახვაზე უკვე ეცინებოდათ. სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები", ბერტა ხაფავა დედაჩემს თამაშობს. პატარა რომ ვიყავი, ის თეატრში ნანა ხატისკაცის სპექტაკლში, მერი პოპინსს თამაშობდა. აღფრთოვანებული ვუყურებდი, როგორ დადიოდა გორგოლაჭებით სცენაზე. ცოტა რომ წამოვიზარდე, მარჯანიშვილის თეატრში წამიყვანეს. იქ ვასო გოძიაშვილს, მარინა თბილელს, ლენა ყიფშიძეს, ბიძაჩემ გოგი გელოვანსა და დაუვიწყარ სამსახიობო ანსამბლს ვუყურებდი. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, როცა ისინი საოცარ დიდოსტატობას აფრქვევდნენ.იხილეთ სრულად