- დიდუბეში, წერეთელზე დავიბადე და გავიზარდე. მერაბი ჩემზე ათი წლით დიდია. ჩვენ ერთი მამის შვილები ვართ. მამაჩემი, ნუგზარ ნინიძე, გემრიელი, მოქეიფე, იუმორით სავსე თბილისელი კაცი იყო. მერაბის დაბადების შემდეგ მამაჩემი და დედამისი, ქალბატონი მანანა ერთმანეთს დაშორდნენ. მამამ მეორე ოჯახი შექმნა დედასთან, ვიოლასთან. სხვა დედმამიშვილები არც მე და არც მერაბს არ გვყავს. 2003 წელს გარდაიცვალა მამა. მანამდე ყველაფერი გააკეთა, რომ ძმებს კარგი ურთიერთობა გვქონოდა. მერაბიც მოდიოდა ჩვენთან და მეც მივდიოდი მათთან სახლში.
- ერთმანეთი როგორ გაიცანით?
- მამამ მიმიყვანა მათთან სახლში. ათარბეგოვზე ცხოვრობდნენ. პირველ სკოლაში სწავლობდა მერაბი. პირველივე ნახვისთანავე მომეწონა, სიახლოვე ვიგრძენი მისგან. მერაბს დედის მხრიდან ბაბუა რეჟისორი ჰყავდა. ბავშვობა თეატრში, კულისებში გაატარა და იქიდან მოხვდა ამ გარემოში. შრომისმოყვარეა მერაბი, მე ნამდვილად არ მგავს.
- სამაგალითო იყო ალბათ უფროსი ძმა თქვენთვის.
- რა თქმა უნდა, მე რომ სკოლაში ვსწავლობდი, მერაბმა პოპულარობის პიკს მიაღწია. შეწუხებული ვიყავი გოგონებისგან, საკლასო ოთახის კარს მინგრევდნენ, მერაბი გაგვაცანიო. ვსარგებლობდი მისი სახელით, ვამაყობდი.
- მის სპექტაკლებზე დადიოდით, ალბათ...
- რა თქმა უნდა, არც ერთი მისი სპექტაკლი და პრემიერა არ გამომიტოვებია.
- მის მიერ განსახიერებული როლებიდან რომელს გამოარჩევთ?
- ჩემი ძმაა და ყველა მისი განსახიერებული როლი მომწონს. ''მონანიება'' ყველას ახსოვს და ის როლიც ყველას უყვარს. არც მე ვარ გამონაკლისი. ახალ ფილმებს რაც შეეხება, მომეწონა ''მოგზაურობა აფრიკაში'' , ბოლოს ''ვენეციელი ვაჭარი'' ვნახე ვაკის სარდაფში ჭოლას რეჟისორობით. მანამდე ნანახი მაქვს ''სამანიშვილის დედინაცვალი'' , ''ანა ფრანკის დღიურები'' . რომელი ერთი გავიხსენო...
- არასდროს გიფიქრიათ, მსახიობი გამხდარიყავით?
- არა, რადიკალურად სხვა ცხოვრებით ვცხოვრობ, სხვა ინტერესები მაქვს, სულ სხვა მასტი ვარ. ეკონომისტი ვარ, მაგრამ არასდროს მიმუშავია ამ პროფესიით. უდიპლომო სასიძო რომ არ ვყოფილიყავი, იმიტომ ჩავაბარე, თორემ ბიჭიკოს მუშაობა ვის გაუგია (იღიმება).
- ოჯახი გაქვთ?
- კლასელი შევირთე ცოლად. ერთი ქალიშვილი გვყავს, ნინი 11 წლის არის.
- მერაბს გოგო და ბიჭი ჰყავს, რამდენადაც ვიცი.
- ჰო, სიმართლე გითხრათ, მათი სახელებიც არ ვიცი. კარგა ხანია ურთიერთობა არ მქონია მერაბთან. ხუთი წელია არ მინახავს.
- რატომ, ხშირად ვერ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას თუ...
- ჩამოდის, როგორ არა. ასე მოხდა უბრალოდ.
- კონფლიქტი გაქვთ?
- არა, მე ძალიან უკონფლიქტო პიროვნება ვარ, არ მოსწონს ჩემი ცხოვრება, რომ არ ვმუშაობ... ძალიან პირადულ ამბებს მეკითხებით... თან მე იქით, ''კურორტზეც'' ვიყავი, დაჭერილი ვიყავი 2-ჯერ. სერიოზული საუბარი მერაბთან არ მქონია. ბოლოს რომ შევხვდი მითხრა, უკვე დიდი კაცი ხარ, რამხელა გაზრდილხარ, აღარ შეგშვენის ასეთი ცხოვრებაო.

- გიფიქრიათ იმაზე, რომ სხვა ცხოვრებით გეცხოვრათ. იქნებ, მერე მაინც აგეწყოთ ურთიერთობა ძმასთან...
- ყველა ადამიანი დაფიქრებულა იმაზე, რომ სხვაგვარად ეცხოვრა, სხვა პროფესია აერჩია, სხვა გზით ევლო. არც მე ვარ გამონაკლისი, მაგრამ...
- რამდენი ხანია, რაც ციხიდან გამოხვედით?
- 6-7 თვეა. წელიწად-ნახევარი ვიხდიდი სასჯელს.
- რა დააშავეთ?
- ცუდად მოვიქეცი, პატრული ბიძიები გავაბრაზე, ვიხულიგნე. წესრიგის დარღვევა ისჯება, პასუხი უნდა აგო, ასეა. ვნანობ, ბევრ რამეს ვნანობ.
- ლაშა, ურთიერთობის აღდგენა თუ უცდია მერაბს, როგორც უფროსს?
- კი, ერთხელ სპექტაკლზე დამპატიჟა ჩემს მეუღლესთან ერთად. მის მერე ისევ დავიკარგეთ. ჩემი ბრალია, რა, ვერავის დავადანაშაულებ. ის მანძილიც დიდ როლს თამაშობს ამ ურთიერთობის გაფუჭებაში, რომელიც ჩვენ ერთმანეთს გვაშორებს. ის ვენაში ცხოვრობს, მე - თბილისში. რთულია... თორემ მერაბს პატიება შეუძლია, თან რამეს ხომ არ ვუშავებ, ცუდი ვარ თუ კარგი, ეს ვარ. ერთი მახინჯი ყველა ოჯახშია. ალბათ ის მახინჯი მე ვარ, ხომ არ უნდა გამწიროს. მთელი ცხოვრება ძმის სითბო მაკლდა. 1991 წელს წავიდა მერაბი საქართველოდან.
- როგორ დაემშვიდობეთ ერთმანეთს?
- რუსთაველზე მიტინგზე ვიყავი. მერაბი ლევან აბაშიძესთან ერთად მოვიდა. მითხრა, წასვლას ვაპირებო. ახალგაზრდები ვიყავით, სისხლი გვიჩქეფდა. 9 აპრილის ღამეს მე და მამა ერთად ვიყავით, საკმაოდ გვიან წამოვედით, მაგრამ იმ ავბედით ამბავს ავცდით. დილით შევიტყვეთ იმ საშინელი ტრაგედიის შესახებ.
- დღეს რას ეტყვი მერაბს ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან?
- (ფიქრობს) მეუხერხულება ძალიან... მაგრამ სიამოვნებით აღვადგენდი ურთიერთობას მასთან. ერთმანეთის მეტი არავინ გვყავს, უნდა ვეცადოთ და საერთო ენა გამოვნახოთ. მერაბ, გამოჩნდი, ვიყოთ ერთად.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''