- ბავშვობიდან თეატრალურ ინსტიტუტში ჩასაბარებლად ვემზადებოდი და ამაში დედა ხელს ყოველთვის მიწყობდა. ძალიან ადრე დავოჯახდი, ორსულად ვიყავი და მაინც ბეჯითად ვსწავლობდი. მისაღებ გამოცდაზე უკვე ბავშვი მყავდა, მაგრამ ეს ამბავი დავმალე, რადგან არ უყვარდათ გათხოვილი და ბავშვიანი გოგონების მიღება. დედა სულ გვერდში მედგა, გამოცდებზე დამყვებოდა. არ ვნერვიულობდი, რადგან ვიცოდი, რომ ჩავაბარებდი. ერთხელ ქუჩაში რუსიკო ფარემოზაშვილი შემხვდა, რომელსაც მანამდე მისაღებ გამოცდებზე ვყავდი ნანახი. ბავშვით ვიყავი და რომ დამინახა, მითხრა, რომ მცოდნოდა შვილი გყავს, აუცილებლად ჩაგჭრიდიო (იღიმის). ახლა ჩემი შვილი, ირაკლი დადუნაშვილი, 20 წლის არის. ჯერ ბიზნეს-ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა და ახლა სამართალმცოდნეობაზე გადაინაცვლა.
- მეუღლე გყავთ?
- დიახ, მეორე მეუღლე მყავს, გია ჯანაშვილი. ის პროფესიით იურისტია. ძალიან კარგად ვეგუებით ერთმანეთს (იღიმის). მგონია, რომ კარგია, როცა მეუღლეები განსხვავებული პროფესიის არიან.
- სპექტაკლებზე დადის?
- არა.
- მსახიობმა მაია ხორნაულმა მითხრა, ჩემი მეუღლე სპექტაკლებზე იმიტომ არ დადის, ამბობს, სცენაზე რომ დაგინახავ, ვინერვიულებო...
- დიახ, მართალია, გიაც ასე ამბობს, ვინერვიულებო.
- რეჟისორი, რომელთანაც მუშაობა თქვენთვის კომფორტულია...
- ასეთი დოია, რომელთანაც მუშაობა სულ მენატრება. კინორეჟისორებიდან კი რუსუდან ჭყონიას დავასახელებ. ვიცი, რომ ის ახალი ფილმის გადაღებას აპირებს და დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი მასთან.
- ფილმს „გაიღიმეთ“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც მაყურებელთა შორის, ისე პრიზების რაოდენობით. როგორ მოხვდით ფილმში და როგორ მიდიოდა გადაღებები?
- კინოსტუდიაში გავლილი კასტინგის შედეგად მოვხვდი. როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ როლზე დამამტკიცეს, ძალიან გამიხარდა. სამი თვე არ მიძინია, რადგან ფილმს სულ ღამით ვიღებდით, თუმცა ძალიან სასიამოვნო პროცესი გამოდგა. პირველად ფილმი დახურულ ჩვენებაზე ვნახე და ისე ვნერვიულობდი, დარბაზიდან რომ გამოვედი, თითქმის არაფერი მახსოვდა. დღემდე ფილმი ხუთჯერ ვნახე და შემდეგ აღვიქვი. ვფიქრობ, კარგი ფილმი გამოვიდა.
- ფილმში ქალბატონები საცურაო კოსტიუმებით ჩანდით და დღემდე ეს თემა ქართველების ნაწილში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. თქვენთვის ეს დისკომფორტი იყო?
- ნამდვილად არა, არანაირი. თან, კასტინგზევე რეჟისორისგან ვიცოდით, რომ იყო ეპიზოდი, სადაც საცურაო კოსტიუმით უნდა გამოვჩენილიყავით.
- პრესაშიც დაიბეჭდა სტატიები, რომლებიც დაახლოებით ასე იყო დასათაურებული: „მომავალი პირველი ლედი საცურაო კოსტიუმში“ . იცნობდით მაკა ჩიჩუას?
- არა, მსახიობებს შორის ვიცნობდი მხოლოდ ია სუხიტაშვილს, თამუნა ბუხნიკაშვილსა და ფიქრია მიქაბაძეს. საერთოდ, ამ ფილმზე მუშაობის დროს დიდი გამოცდილება მივიღე. იქ დედაჩემის როლს ია ნინიძე თამაშობს. მთელი გადამღები ჯგუფი მოსკოვიდან მის ჩამოსვლას დიდი ამბით ელოდა. გაცვივდნენ, დახვდნენ აეროპორტში, მოიყვანეს... ისე მეშინოდა მასთან შეხვედრის, ვერ აგიწერთ. მასთან გასაცნობად ოთახში საოცრად დაძაბული შევედი, მაგრამ ისე თბილად შემხვდა, დღემდე ერთმანეთს ისე ველაპარაკებით, როგორც ნამდვილი დედა-შვილი. ია ნინიძე ძალიან საყვარელი ქალია (იღიმის).
- დაბოლოს, ლელა, დაასახელეთ პერსონაჟი, რომელიც სულ გინდოდათ, რომ სცენაზე გაგესახიერებინათ?
- სულ მინდოდა მეთამაშა „ჰამლეტში“ ოფელიას როლი და „თოჯინების სახლში“ ნორა. ეს ორი როლი ყოველთვის ძალიან მომწონდა.
ანა კალანდაძე
ჟურნალი „რეიტინგი“




















