02 მაისი, 2016
როგორ გადაარჩინა ძაღლმა სიკვდილს ზურა ყიფშიძის ოჯახი - „მეუღლე ლამის, ლომმა შემიჭამა“
მსახიობი ზურა ყიფშიძე ძაღლის ყოლაზე თურმე, ბავშვობაშიც ოცნებობდა, მაგრამ მაშინ ოჯახის წევრებმა სურვილი არ შეუსრულეს.
მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და ბატონმა ზურამაც სურვილი არაერთხელ აისრულა - მას არაერთი ძაღლი ჰყავდა და თითოეულს დიდი სიყვარულით იხსენებს. ახლა მსახიობს კანე კორსოს ჯიშის შავი ძაღლი, ბაგირა ჰყავს, რომელსაც პატრონი ძალიან უყვარს და სახლში მის დაბრუნებას მუდამ მოუთმენლად ელის.

- მახსოვს, ქალაქგარეთ აპირებდით დასახლებას...
- ეს ახლაც ძალიან მინდა. ამას წინათ ჩემი დეიდების ბინა გავყიდე და ბირთვისში სახლი
ავიშენე. მართალია, მის გარემონტებას ბევრი ფული სჭირდება, მაგრამ მე მაინც მიხარია, რომ სახლის აშენება შევძელი. ყველა ნორმალური ადამიანი, ვისაც თავისი საქმის კეთება სურს, ქალაქიდან თავის გარიდებას ცდილობს, ჩვენთან კი პირიქით ხდება - ყველა დედაქალაქისკენ გამორბის. ერთი სული მაქვს, ის სახლი მოვაწესრიგო და აქედან გავიქცე. შეიძლება, ცხენები ვერ ვიყოლიო, მაგრამ ჩემს ძაღლს მაინც მოვუვლი ნორმალურად. სხვათა შორის, ახლა პირველად მყავს დედალი ძაღლი... ერთი პერიოდი შინ გერმანული ნაგაზი - მაქსი მყავდა. ფილმში `ვან გოგის ყური~ ერთად გადაგვიღეს. ადრე ბუნკერების სიახლოვეს ვირთხების საწამლავს ყრიდნენ; როგორც ჩანს, მაქსმა ალოკა და მოკვდა. მაშინ ქალაქში არ ვიყავი და სულ მგონია, თბილისში რომ ვყოფილიყავი, მაქსი არ მოკვდებოდა.

- ცხოველები ბავშვობაშიც გიყვარდათ?
- კი, ძალიან მიყვარდა, მაგრამ მათი ყოლის უფლებას არ მაძლევდნენ. დეიდები ბინაში სისუფთავეს იცავდნენ და აბა, ბაცილებიან ძაღლს შინ ვინ მიმაყვანინებდა?!. უფლის წყალობით, ახლა ისეთი ოჯახი მაქვს, რომ რამდენ ძაღლსაც მინდა, იმდენს ვიყოლიებ. ერთი ახლა დაანახვა ჩემი სახლი დეიდებს... გუშინ ღამით საწოლიდან ცოტა ხნით ავდექი. დასაწოლად რომ დავბრუნდი, დავინახე, ბაგირა ჩემს ლოგინში იწვა, თან ისე, რომ ადგილი ჩემთვისაც ჰქონდა დატოვებული (იღიმის).

ცხოველები ჩემს მეუღლესაც ძალიან უყვარს. ბავშვობაში თურმე, თავისი ნაგაზი სკოლაში აცილებდა და ეზოში ელოდებოდა; ბოლო გაკვეთილის დასრულების მანიშნებელი ზარი რომ დაირეკებოდა, საკლასო ოთახის კარს თათით აღებდა, ჩემი ცოლის ჩანთას პირით იღებდა და ბავშვი შინ მიჰყავდა. თუ ზარის დარეკვის შემდეგ მასწავლებელი ბავშვებს კლასში შეაყოვნებდა, შანსი არ იყო, ძაღლი პატრონს იქ აღარ გააჩერებდა: მან იცოდა, რომ წასვლის დრო იყო! ვფიქრობ, ბავშვები ცხოველებთან ერთად უნდა იზრდებოდნენ. არ მაქვს საშუალება, თორემ კიდევ ერთ ძაღლს დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი.

- როგორც ვიცი, ცხენებიც ძალიან გიყვართ...
- კი. ცხენი ულამაზესი და უჭკვიანესი ცხოველია. ბავშვობაში ცხენოსნობაზე დავდიოდი და ჩემს პირველ ფილმში - `მაცი ხვიტია~ სწორედ ცხოველებისადმი სიყვარულის წყალობით ამოვყავი თავი: ფილმის გადამღები ჯგუფი იპოდრომზე მოვიდა. ისინი პატარა ტანის ცხენოსან ბიჭს ეძებდნენ და მე შემარჩიეს. არც უკითხავთ, ვინ ვიყავი, ვისი შვილი...

ცხოველებზე გამახსენდა, ჩემი ცოლის ბიძაშვილს სახლში ლომი ჰყავდა და იმ ლომმა ლამის, მეუღლე შემიჭამა... კიდევ, იყო ერთი ასეთი უცნაური კაცი - მერაბ თურმანიძე, რომელსაც სახლში დედალი ლომი - ინგა ჰყავდა. ვიდრე პატარა იყო, როგორც ცუგას, ისე ეთამაშებოდნენ,
მაგრამ როცა გაიზარდა, ლამის ადამიანები შეჭამა...

- ბატონო ზურა, როგორც ვიცი, ერთხელ ძაღლმა სიკვდილსაც გადაგარჩინათ...
- მყავს ბავშვობის მეგობარი დიმა გედევანიშვილი, რომელიც ფილმში - `როცა აყვავდა ნუში~ თამაშობს. მის ბინაში, სოლოლაკში ცოლ-შვილთან ერთად ვცხოვრობდი და ჩვენს ძაღლს პატარა სახლი აივანზე მოვუწყვეთ. ერთ საღამოს შუქი ჩაქრა, დენის გამათბობელი კი ჩართული დაგვრჩა. როგორც ჩანს, ღამით ფეხი წავკარი და წავაქციე, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. შუაღამისას, როცა ყველას გვეძინა, შუქი მოვიდა და სახლში მხუთავი კვამლი დატრიალდა... ეს იგრძნო ძაღლმა და აივნის კარს მანამდე ურტყა თათი, ვიდრე კარი არ შემოანგრია; ოთახში შემოვარდა, ყველა გაგვაღვიძა და სიკვდილს გადაგვარჩინა. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS