„ვახუშტი ამას არ იმსახურებდა“
- ყოველდღიური ცხოვრება აქტიურობასა და წვრილმანი პრობლემების მოგვარებას ითხოვს. ცხოვრება ადამიანს აძლიერებს. არ მიყვარს, როდესაც ადამიანი გასაცოდავდება. უნიათობა სიბრალულს კი არა, სიბრაზეს უფრო იწვევს ჩემში. თუ ცოცხალი ხარ, არ უნდა დანებდე, ყველანაირ განსაცდელს უნდა გაუძლო. მეც ვცდილობ, ჩემს მოვალეობას არ გავექცე, რომელიც დამეკისრა.
- ვიცი, რომ პოეზიასაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში...
- დიახ, ბავშვობიდან მიყვარს პოეზია. ახლაც ლექსებით ვიმშვიდებ თავს და მუდმივად ვადევნებ თვალყურს იმ სიახლეებს, რაც ამ სფეროში ხდება... პოეზიის საღამოებსაც ვესწრები. რაც უნდა ცოტა დრო მქონდეს, საქმეს გადავდებ და ჩქარი ნაბიჯით წავალ. ახლა ბევრი იწერება, რაღაცები კარგია, რაღაცები ძალიან კარგია და რაღაცები უბრალოდ იწერება. ზოგს უბრალოდ „ხოცვა ნადირთა მცირეთა“ შეუძლია, როგორც ვახუშტი იტყოდა, მაგას „არ ვჭამ“ ... ძალიან მომწონს გიორგი არაბული. მისი ლექსები ზეპირად ვიცი. ამ ახალგაზრდა ბიჭს ძალიან ღრმად აქვს დანახული ცხოვრება, პოეზიის თემატიკა. ზოგჯერ რაღაც საკითხს ისე ხედავს, როგორც დაბრძენებული, გამოცდილი ადამიანი. მთელი ფილოსოფია აქვს ჩაქსოვილი, გაოცებული ვკითხულობ ხოლმე... მე და ჩემი მეგობარი ლალი მახარაშვილი ხშირად ვსაუბრობთ მასზე. ამას წინათ მისი წიგნი მომიტანა ლალიმ. სამზარეულოში მიდევს, ყოველდღე ვკითხულობ და ახალ-ახალს ვპოულობ. ძალიან მინდა ასეთი მუხტი შეინარჩუნოს, მე მისი თაყვანისმცემელი ვარ... საქართველო მართლაც პოეტებისა და სახელოვანი ადამიანების ქვეყანაა და მიხარია, რომ ასეთი ხალასი ნიჭი მოდის. მე ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ და ამით ვცხოვრობ.
- 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის გამო ვახუშტი კოტეტიშვილი ისეთი პატივით ვერ დაკრძალეს, როგორსაც იმსახურებდა... გული არ გწყდებათ ამაზე?
- დიახ, იმ უთანასწორო ომმა მართლაც დაჩრდილა ვახუშტის სიკვდილი. ძალიან მწყდება გული, მაგრამ ესეც მისი მძიმე ბედი იყო, არადა, ძალიან მძიმეა ასეთი ხვედრი იმ ადამიანისთვის, რომელმაც ცხოვრება თავის ხალხსა და ქვეყანას მიუძღვნა. მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი, რადგან მაშინ ასზე მეტი ქართველი მეომარი და უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ახლაც მრცხვენია იმაზე ლაპარაკი, ვახუშტის სათანადო პატივი რატომ არ მიაგეთ-მეთქი. რუსული ჯარი თბილისში შემოსვლას ლამობდა და რა დროს ამაზე ლაპარაკი იყო... სანამ დაკრძალავდნენ, წინა ღამეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თბილისში უნდა შემოსულიყო რუსების ჯარი. მაშინ ვახუშტი ქაშუეთის ეკლესიაში ესვენა და მღვდელმა კარი დაგვაკეტინა, შეიძლება აქაც შემოვიდნენო... მაშინ ვთქვი, სახლში წავასვენოთ ცხედარი და ეზოში დავკრძალოთ, აქ მაინც მეყოლება და მის საფლავს მაინც მივხედავ-მეთქი. ეს სიტყვები ემოციურობაში ჩამომართვეს, მაგრამ მართლა ასე ვფიქრობდი...
- შემდეგ, როდესაც სიტუაცია ჩაწყნარდა, არ შემოუთავაზებიათ, მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაგემართათ? ან თქვენი მხრიდან თუ იყო ასეთი ინიციატივა?..
- იცით, ის ხელისუფლება ვახუშტის მიმართ მაინცდამაინც კეთილგანწყობილი არ იყო, რადგან მათთვის ტაშისდამკვრელ პერსონად არ მიიჩნეოდა. არადა, ვახუშტი ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი მომხრე და აქტიური მონაწილე გახლდათ. ამიტომაც თავს უფლებას აძლევდა, მათთვის შენიშვნებიც მიეცა. ერთი სიტყვით, ცოტა ნაწყენიც იყვნენ მასზე და ამიტომაც ჩაატარეს მისი გარდაცვალების ამბავი ასე გულგრილად. 4 აგვისტოს მისი დაბადების დღე იყო, 7 აგვისტო - გარდაცვალების, მაგრამ ამ წლებმა ისე ჩაიარა, არც არავის გახსენებია. ვახუშტი ამას არ იმსახურებდა. მისი მეგობრები მირეკავენ ხოლმე... ცალ-ცალკე ყველას ჰქონდა სურვილი, საღამო გაგვეკეთებინა, მაგრამ მათ ხელში არ არის ის შესაძლებლობები, რისი სურვილიც გააჩნიათ. მე და პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ამირან ჯამაგიძე ვაპირებთ შემოდგომაზე ვახუშტის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოს გამართვას. ამჯერად არ არის პოლიტიკური ხელისშემშლელი ფონი და იმედია, გამოგვივა...
- თემატურად მივადექით პოლიტიკას, ცვლილებებს თუ გრძნობთ?
- ვგრძნობ, რომ ხალხი იმედგაცრუებულია. ამ ორად გაყოფილ საზოგადოებაში ისეთი ხმაური იყო, რომ ახლა ამის შემჩნევა ძნელი არ არის. ჩემ გარშემო, საახლობლოს ვგულისხმობ, განსაკუთრებული ცვლილებები არ შეიმჩნევა, თუმცა აშკარად იგრძნობა, რომ ხელისუფლების პირველ პირებში გავლენის სფეროების გადანაწილება მიმდინარეობს. ქვედა ეშელონებში კი უბრალოდ გვარები შეიცვალა, სიტუაცია იგივე დარჩა. არ მომწონს ის ადამიანები, რომლებიც ზნეობაზე გადაბიჯებით იქმნიან კარიერას, ასე ნაშოვნი არც სამსახური მინდა და არც თანამდებობა. ვერ დავიჯერებ, რომ ასე მოსული ადამიანები საზოგადოებას წაადგებიან. ცხრაჯერ პარტიაშეცვლილი კაცი თუ ქალი მორალთანაც მწყრალად არის და სინდისთანაც. ასეთები მრავლად არიან ახალ ხელისუფლებაში და უკვე დაუპირისპირდნენ ან განუდგნენ ახალ ლიდერსაც, რომელმაც თავის დროზე შეარჩია. თავს იმართლებენ, პოლიტიკაში ასეთი რამ ჩვეულებრივიაო, სინამდვილეში ეს მათ ბუნებაში ზის. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მეიმედება...
- მაგალითად?
- გიორგი მარგველაშვილი... ძალიან მინდა, ეს ნიჭიერი და განათლებული ადამიანი პრეზიდენტი გახდეს. სუფთა წარსული აქვს და მჯერა, რომ სინდისს არ უღალატებს. კარიერის გამო არასდროს უთამაშია და ეს ბევრს ნიშნავს.
- მისი მეტოქეები ამბობენ, რომ სუსტი პოლიტიკოსია და პრეზიდენტისთვის საჭირო თვისებები არ აქვს...
- კარგია, რომ ამას მეტოქეები ამბობენ და არა მეგობრები. მისი მეტოქეები ავტორიტეტებად არ მიმაჩნია. ბევრისგან განსხვავებით, გიორგი არც კორუფციაშია მხილებული და არც წინ და უკან სიარულში, პოლიტიკური პარტიების წარამარა გამოცვლას ვგულისხმობ. ყველაფერს არ ეპოტინებოდა... ახლა ვიღაცები გამოდიან და ისეთი ნეტარი სახეებით გვიმტკიცებენ, რა სიკეთეებს ჩაიდენენ, თუ ხმას მივცემთ, თითქოს მათ მეგობრებს მე ვურტყამდი თავში ჯოხებს. როდესაც ადამიანმა მეგობრის გატანა არ იცის, ვერც პოლიტიკაში ივარგებს.
- „ნაციონალები“ ამბობენ, რომ თავიანთი შეცდომები გააანალიზეს და თუ მათ ავირჩევთ, ბევრად უკეთესი მმართველები იქნებიან...
- შეიძლება... მე მიხეილ სააკაშვილში ძალიან ძლიერ ლიდერს ვხედავდი, მას ლიდერის ისეთი დიდი თვისებები აქვს, დასანანია, რომ ჩვენ მას ვეღარ გამოვიყენებთ. გული მწყდება მის მიერ დაშვებულ შეცდომებზე, მან დიდ, ლამის ფრენასთან მიახლოებულ ნახტომებში ბევრი პატარ-პატარა შეცდომა დაუშვა. მეტი გულისხმიერება რომ გამოეჩინა, დროულად რომ დაინტერესებულიყო, რა დღეში იყო საზოგადოება, რა ხდებოდა სინამდვილეში სოფლის მეურნეობაში, ასე არ დაასრულებდა.
- მიგაჩნიათ, რომ მან არ იცოდა იმის შესახებ, რაც ხდებოდა?
- დიახ, არ მინდა მჯეროდეს, რომ იცოდა... ხსნიდა შადრევნებს, კლინიკებს, Aდადიოდა ფასადებშეღებილ ქუჩებში, მაგრამ იმის მიღმა რა ხდებოდა, არ აინტერესებდა. ძნელია 35 წლის კაცი პრეზიდენტი გახდეს, მსოფლიო მასზე ლაპარაკობდეს, მას კი თავში არ აუვარდეს და ყველაფერი აკონტროლოს... ისე, ხალხი მაშინ იმაზეც წუხდა, გარედან კი შეგვიღებეს სახლები, მაგრამ შიგნითაც გვინდა რემონტი და რატომ არ გვიკეთებენო. რამდენიმეს ვუთხარი კიდეც, ხალხო, თუ გახსოვთ, ადრე არც შიგნიდან ვარგოდა და არც გარედან-მეთქი....
- ასეთი მოლოდინი ზოგს ბიძინა ივანიშვილის მიმართაც ჰქონდა...
- დიახ, ზოგს ისიც ეგონა, რომ ხაჭაპურებსაც გაუგზავნიდა... ასეთი გრანდიოზული მოლოდინი ჰქონდათ 2003 წელსაც და იმ ფონზე ყველაფერი ცოტა მოეჩვენათ. „ნაციონალები“ ფანტასტიურ სახელმწიფოს ვერ შექმნიდნენ, რადგან ცარიელი სახელმწიფო ბიუჯეტი ჩაიბარეს. ამბობენ, ამ მთავრობამ ყველაფერი შეჭამაო, რა დახვდათ, რომ შეეჭამათ?.. მეც მიშას თაობას ვეკუთვნი და მაშინ იგივე განწყობა მქონდა იმ კორუმპირებული ადამიანების, გატაცებების, კრიმინალის, სიბნელის, უშუქობის, პურის რიგების მიმართ... სტუდენტი ვიყავი მაშინ და ვმდგარვარ იმ რიგებში. შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს წაართვესო, რომ გაჰკიოდნენ, მათ ჩვენს ხარჯზე ჰქონდათ ამდენი ფული... რიყეზე სამარცხვინო პატარა დუქნები რომ იყო, არ უნდა აეღოთ? ასეთი რამდენი ჩამოვთვალო?.. ის ხალხი ჩასვეს ციხეში, მაგრამ „ნაციონალების“ დანაშაული ის არის, რომ მათი შეცდომების გამო შევარდნაძის მაღალჩინოსნები შემდგომ რევანშისტულ ძალად იქცნენ და ხალხი აიყოლიეს. ამას ადამიანის უფლებების შელახვაც მოჰყვა, თორემ, ოპოზიციაში ყოფნისას რომ გაჰკიოდნენ ვიღაცები, ხალხნო, საწვავის ფასიდან 1 ლარს „ნაციონალები“ იდებენ ჯიბეშიო, რატომ არ „ამოუღეს“ ?.. ახლა მორცხვად რომ აცხადებენ, გადავთვალეთ და თურმე მეტის დაკლება არ შეიძლებაო, ხომ ნათელია, რომ გავლენის სფეროებისთვის ბრძოლაა გაჩაღებული...
- მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად ინტელიგენციის მიმართ ნათქვამი სიტყვა „ჩარეცხილები“ მიიჩნევა...
- პრეზიდენტს „ჩარეცხილები“ ინტელიგენციისთვის არ უწოდებია. ეს სიტყვა იმ კრიმინალებისა და ე.წ. ავტორიტეტების მიმართ გამოიყენა, რომლებიც მას ქურდული პოზიციებიდან ესაუბრებოდნენ... შემდეგ ერთმა ახალგაზრდა მსახიობმა შეუტია, რომელიც ისევ ამ მენტალობის გავლენით ელაპარაკებოდა. მაშინ ამ ახალგაზრდას მისი კოლეგები გამოექომაგნენ, რომელთაც შემდეგ საზოგადოება აამხედრეს. გაბრაზებული ადამიანების პოვნა არ გაუჭირდებოდათ, რადგან იმ პერიოდში ბევრს ჩამოართვეს ქონება... უკმაყოფილების რაოდენობამ იმატა, რადგან არც ხელფასები იზრდებოდა და როგორც უკვე ვთქვი, ადამიანთა უფლებები ილახებოდა. სწორედ მაშინ თქვა მიშამ, მათ არ აჰყვეთ, ისინი ჩასარეცხები არიანო... ისე კი, ინტელიგენტები, რომლებიც მაშინ გამოვიდნენ, ჩემს ბავშვობაში კომუნისტებს ემსახურებოდნენ, მუდმივად მაღალი თანამდებობები ჰქონდათ და მათივე დაწესებულ ჯილდოებს ერთმანეთში არიგებდნენ. უამრავი პრივილეგიით სარგებლობდნენ. ვინც ვერ მოერგო კომუნისტებს, მათ შორიდან უყურებდა. ეს ხელუხლებელი კერპები იგულისხმა მიშამ და ამიტომაც შეიძულეს. ვითომ სულიერების დიდ დამცველებად მოგვევლინენ... იცით, პრეზიდენტისგან ლექსების ზეპირად ცოდნა სულაც არ მჭირდება, მერჩივნა სწორად აეწყო ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, სასამართლო სისტემა...
- მაშინ სიტყვით გამოსვლისას ლექსები არ უნდა მოიშველიო, ქალბატონო მზეო...
- კი, ბატონო, კარგია, თუ ყველა სფეროში, მათ შორის ლიტერატურასა და პოეზიაშიც უზადოდ განათლებული ხარ, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ინგლისში ზეპირად იციან ჯონ მილტონის პასაჟები?.. ჩემთვის მთავარია, პრეზიდენტმა სახელმწიფოს მართვა იცოდეს, თორემ პოეზიის ცოდნას არ ვთხოვ.
ლალი პაპასკირი
ჟურნალი „რეიტინგი“




















