- ბატონო ზურაბ, იმ გამოცდილებით დავიწყოთ, რომელიც მიიღეთ ოჯახისგან, მშობლებისგან და იმ გარემოდან, რომელშიც
- ჩემი ბავშვობა მთლიანად დაემთხვა ე.წ. ''საბჭოთა უძრაობის'' პერიოდს - გასული საუკუნის 70-იან და 80-იანი წლების პირველ ნახევარს. საბჭოთა იმპერია გარეგნულად ძლიერი ჩანდა, მაგრამ აშკარად იგრძნობოდა ტოტალიტარული სისტემის სიყალბე და ფასადურობა. ჩვენი ოჯახი ტიპური საშუალო ინტელიგენციის წრეს მიეკუთვნებოდა. დედაც და მამაც პროფესიით ეკონომისტები იყვნენ. დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ, მქონდა ყველაფერი, რაც აუცილებელია - კარგი ოჯახური და სოციალური გარემო, კარგი პედაგოგები, რომლებსაც დღესაც მადლიერებით ვიხსენებ. სკოლაში კარგად ვსწავლობდი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გატარებული წლები კი ყველაზე მნიშვნელოვანი და კარგი გასახსენებელია. წარსული სენტიმენტებისა და გაზვიადების გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ ის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც იმ პერიოდში მათემატიკის ფაკულტეტზე მასწავლიდნენ, საუკეთესო პიროვნებები და მეცნიერები იყვნენ.
- დედმამიშვილები თუ გყავთ?
- მყავს უფროსი ძმა - თემური. მისი მოსაზრებები და შეფასებები ჩემთვის დღემდე ძალიან მნიშვნელოვანია.
- ვის ჰგავხართ ხასიათით, მშობლების რა ხასიათის თვისება გაქვთ?
- ყველა თაობის მშობელს უყვარს ხუმრობა, რომ შვილი კარგში მე მგავს და ცუდში - მეორე მშობელსო. ასე რომ, თუკი ხასიათის რამე დადებითი თვისება მაქვს, ორივე მშობლის დამსახურებაა!
- განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდებათ მშობლებისგან? რომელი უფრო მკაცრი იყო?
- მშობლები თავისუფლების მაღალ ხარისხს მაძლევდნენ, ჩემს სურვილებსა და განწყობას მაქსიმალურად ითვალისწინებდნენ, რისთვისაც მე დღემდე მათი მადლიერი ვარ. მეც, ჩემი მხრივ, ყოველთვის ვცდილობდი მათი ეს ნდობა გამემართლებინა. ორივეს ძალიან უყვარდა სკოლაში მოსვლა ფრიადოსანი მოსწავლის მშობლის სტატუსით და მასწავლებლებისაგან ჩემი დადებითი შეფასებების ამაყად მოსმენა.
- როგორი იყო სოციალური ფონი, ფინანსური მდგომარეობა თქვენს ბავშვობაში, გაჭირვება თუ გინახავთ?
- ბევრს ალბათ ახსოვს საბჭოთა პერიოდის ცნობილი კომედია ''ბრილიანტის ხელი'' , სადაც ერთ-ერთ გმირს ხელფასით ცხოვრება კოშმარად ესიზმრება. ჩემი მშობლების შემოსავლებიც ტიპური საბჭოთა ინტელიგენციის წარმომადგენლის ხელფასი იყო - 150-170 მანეთი, რაც მაშინდელი საზომებითაც კი საარსებო მინიმუმის ფარგლებში გახლდათ. ასე რომ, ხელმოკლეობა ჩემთვის მხოლოდ სატელევიზიო ან ლიტერატურული სიუჟეტი არ არის.
- სოფელი გაქვთ ალბათ, მიწაზე თუ გიმუშავიათ, რამდენად იცნობთ სოფლის ცხოვრებას?
- საკმაოდ კარგად ვიცნობ სოფლის ცხოვრებას ქალაქში დაბადებული და გაზრდილი ადამინის კვალობაზე. ხშირად მიწევს სოფელში ყოფნა, განსაკუთრებით არდადეგების პერიოდში, როდესაც პაპას ვსტუმრობთ ხოლმე ვეჯინში, კახეთში.
- პროფესია როგორ აირჩიეთ?
- სწავლა ყოველთვის მიყვარდა და დღემდე ვცდილობ მუდმივად სწავლისა და პროფესიული განვითარების რეჟიმში ვიცხოვრო. ''სწავლა სიბერემდე'' , ანუ პროფესიული განგრძობითი სწავლება პროფესიონალიზმის მთავარი ღერძია. სკოლის პერიოდში მათემატიკა ძალიან მი ყვარდა და ამასთან მათემატიკოსობა ტოტალიტარულ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად იდეოლოგიზებული პროფესია იყო, რომელიც იმ დროში მეტ-ნაკლებად ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას იძლეოდა. პარალელურად, განვითარებულ ქვეყნებში ძალას იკრებდა საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ გამოყენებითი მათემატიკის ნაწილად განიხილებოდა, მაგრამ როდესაც 1992 წელს უნივერსტეტი დავამთავრე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ კარგი უნარ-ჩვევები მქონდა პროგრამირებაში, იმ სამოქალაქო და აფხაზეთის ომის ქაოსში ჩემი პროფესია, პრაქტიკულად, უსარგებლო აღმოჩნდა. მიწევდა წიგნებისა და ჟურნალების დაკაბადონება, რაზეც მცირე მოთხოვნა იყო, თანდათან გადავერთე მცირე მეწარმეობაზე, სადაც უკვე ფინანსურ საკითხებსა და ბუღალტერიაზე მომიწია კონცენტრაცია, ხოლო როდესაც 1995 წელს დამოუკიდებელი აუდიტორის საქმიანობის შესახებ მიიღეს კანონი, გავიარე სერტიფიცირება და ჩემი შემდგომი საქმიანობა 2010 წლის იანვრამდე, ანუ ''ცესკოს'' თავმჯდომარეობამდე, აუდიტთან იყო დაკავშირებული.
- ყველა მამაკაცის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა ის ქუჩაში გადის თავის დასამკვიდრებლად. რა მოგცათ ქუჩამ გამოცდილების თვალსაზრისით?
- არ ვფიქრობ, რომ ქუჩა საუკეთესო ადგილია თავის დასამკვიდრებლად, თუმცა უბნისა და სამეზობლოს ურთიერთობების ტრადიცია ჩვენნაირ ქვეყანაში სოციალური კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ელემენტია.
- გოგონას გამო თუ გიჩხუბიათ?
- არა და საერთოდ ცხვორებაში იშვიათად მიჩხუბია. სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემდეგ კი საერთოდაც, და იმედი მაქვს, არც მომიწევს.
- სასიყვარულო გამოცდილებაზეც გვიამბეთ... ის ერთი და მთავარი როგორ მოვიდა, თქვენი მეუღლე და ოჯახი რომ ჰქვია?
- მეუღლე უნივივერსიტეტში გავიცანი, თუმცა გაცნობიდან დაქორწინებამდე ექვსმა წელმა გაიარა. ოქტომბერში ქორწინებიდან 16 წელი გვისრულდება.
- გაგვაცანით ოჯახი...
- ჩემი მეუღლეა მაია იმედაშვილი. გვყავს ოთხი შვილი - 8-დან 15 წლამდე ასაკის. გენდერული ბალანსიც დაცულია - ორი გოგონა, ორიც ბიჭი! და რაც მთავარია, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი!
- ალბათ ცოტა დრო გრჩებათ მათთვის, მეუღლე ხომ არ გსაყვედურობთ?
- ცხოვრება თავისთავად ძალიან მოკლე რამ არის, ამიტომ ადამიანმა ყველაფერი უნდა მოასწროს, მეგობრებსა და ახლობლებთან ურთიერთობაც, პიროვნული რეალიზაციაც და თვითგანვითარებაც, თუმცა ოჯახი უდავოდ უმთავრესია, ამიტომ ვცდილობ, მათ ყველაზე მეტი დრო დავუთმო და მოვეფერო.
- პირველი ხელფასი, პირველი სამსახური... რა იყიდეთ პირველი ჯამაგირით, თუ გახსოვთ?
- უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩემი პირველი ოფიციალური სამსახური იყო ძეგლისმცველობა დავით-გარეჯში. ეროვნული მოძრაობის პერიოდში, სტუდენტობისას, იმდენ დროს ვატარებდი ამ მონასტერში, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ შემომთავაზეს, მაინც სულ აქ საქმიანობ და ხელფასი მაინც აიღეო. თუმცა ჩემთვის ეს პირველი შემოსავალი არ ყოფილა. სტუდენტობისას სკოლის მოსწავლეებს ვამზადებდი მათემატიკაში, მოგვიანებით სახატავი ტილოების დამამზადებელი მცირე სახელოსნო მოვაწყვე სახლში და რამდენიმე წელიწადი შეკვეთებს ვიღებდი. ასე რომ, სტუდენტობიდან უკვე ''თვითდაფინანსებაზე'' ვიყავი.
- პოლიტიკასთან შეხება რომ მოგიწევდათ, ამაზე თუ გიფიქრიათ, თუნდაც სტუდენტობისას?
- უნივერსიტეტში 1985-1992 წლებში ვსწავლობდი, ანუ ''პერესტროიკისა'' და ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდში. ჩემი თაობა დინამიკური, ეპოქალური მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა და საკმაოდ ბუნებრივად მეც პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ვიყავი ჩართული.
- დასასრულ, შეცდომებზეც გკითხავთ. ჩვენ ყველას ჩვენი წილი შეცდომები გვაქვს დაშვებული, მაგრამ ერთი და მთავარი, რომელიც ყველაზე ხშირად გახსენდებათ, ნანობთ... რას შეცვლიდით, დრო უკან რომ დაბრუნებულიყო?
- მიმაჩნია, რომ ყველა განსაცდელი უფლის ნებით ხდება. შეცდომებსაც იმიტომ ვუშვებთ, რომ ადამიანი დაფიქრდეს და ძალისხმევა მიმართოს მის გამოსასწორებლად. ამგვარი შეცდომები ადამიანს ყოველდღიურად მოსდის, ამიტომაც ეს არის მუდმივი ჭიდილი საკუთარ თავსა და მანკიერებებთან. ბიოგრაფიული კუთხით, უკან დაბრუნებისას, ალბათ უცხოეთის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას შევეცდებოდი და სულ ეს იქნებოდა - მეტს არაფერს შევცვლიდი. ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრება მაინც მშვენიერია!
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















