19 აპრილი, 2016
თამარ ივერი: "ბიჭმა ქუჩაც უნდა ნახოს, ცემაც უნდა გაიგოს, რა არის... მინდა კაცური იყოს, ვიდრე კარაქიან პურზე გაზრდილი მყავდეს"
ქართველ სოპრანოს თამარ ივერს ინტერვიუს ჩასაწერად სახლში ვესტუმრე. საუბრის თემა შვილები – უგო ავთანდილი და ნინა ლიზა გახლდნენ, რომლებიც იმ დროისთვის იტალიაში ბებიასთან იყვნენ და რამდენიმე დღით საქართველოში წამოსული დედის დაბრუნებას სულმოუთქმელად ელოდნენ.

- დედობა სასწაული გრძნობა და სასწაული სიხარულია, შვილებმა სულ სხვა განზომილებაში გადამიყვანეს. აქამდე ჩემს ცხოვრებაში იყო მხოლოდ სცენა, წარმატება, ტრიუმფი, რის შემდეგაც ძალიან ჩვეულებრივად ვბრუნდებოდი სახლში, ოთხ კედელში. ახლა კი ბავშვებმა სულ შეცვალეს სამყარო, ყველაფერი სხვაგვარადაა. უნდა ვთქვა, რომ შვილები ჩემთვის ძალიან
რთულ პერიოდში დაიბადნენ, სწორედ მაშინ იყო, ჩემს ფეისბუკ კედელზე გარკვეული პოსტის გამო პრობლემები რომ მქონდა, და ბავშვებმა გადამატანინეს. მახსოვს, ამ საკნდალის გამო მაშინ რამდენიმე კონტრაქტი დავკარგე, ზოგი მე თვითონ გავაუქმე, ზოგთან თანამშრომლობაზე უარის თქმა მირჩიეს, შედეგად ნახევარ წელზე მეტი სახლში ვიყავი. ხანდახან მგონია, რომ ეს ყველაფერი ღმერთმა განგებ დაუშვა ჩემზე, რომ შვილებთან უფრო მეტი დრო გამეტარებინა, რათა მეგრძნო, რამხელა ბედნიერებაა დედობა.

- ბავშვების სახელების ისტორია მინდა მომიყვეთ, ორ-ორი სახელი ჰქვიათ – უგო-ავთანდილი და ნინა-ლიზა...
- ავთანდილი მამაჩემის სახელია და ამიტომ დავარქვით, სხვათა შორის, სახითაც ჰგავს, მამაჩემის ქერა ვარიანტია. გოგონასთვის გვინდოდა, ლიზა დაგვერქმია, მაგრამ ტყუპი დაიბადა ზუსტად ნინოობას, პირველ ივნისს. რომ მითხრეს, ნინოობაა და აუცილებლად ნინო უნდა დაარქვაო, დავფიქრდი, ლიზი მაქვს გადაწყვეტილი და რა ვქნა-თქო, ბოლოს გადავწყვიტეთ, ორივე სახელი დაგვერქმია, ნინოც და ლიზაც, ასე რომ, გვყავს ნინა-ლიზა. მერე, რადგან ლიზიკოს დავარქვით ორი სახელი, ბიჭსაც მეორე სახელი შევურჩიეთ. რაულმა თქვა, იტალიური სახელი მინდა ერქვას ჩვენს ბიჭსო და მისი მეგობრის პატივსაცემად უგო დაარქვა. ბავშვს იქ უგოს ეძახიან და სახელი – ავთანდილი ცოტა დაიჩაგრა, უცხოელებს მაინც უჭირთ ამის გამოთქმა, საქართველოში რომ ჩამოვალთ, ძირითადად ავთანდილს დავუძახებთ, რომ მეტად გაუჯდეს ყურში ორივე სახელი.

- ორი შვილის ერთად გაზრდა მარტივი არაა, მითუმეტეს ამბობენ, რომ ტყუპს ჭამა, ძილი, გართობა - ყველაფერი ერთად უნდებაო...
- რთულია ორი შვილის ერთად გაზრდა, მით უმეტეს, რომ ძალიან ცელქები არიან. არ მომწონს, რომ ასეთი პატარები უკვე მიჩვეულები არიან კომპიუტერს, პლანშეტს. თუ პარალელურ რეჟიმში აიპედზე მულტფილმებს არ უყურებენ, ისე არც კი ჭამენ. თუ გინდა ცოტა ხანს დაამშვიდო, გააჩერო - უნდა ჩაურთო ვთქვათ, "მაშა და დათვი", თორემ ისე გაგიჭირდება. არ მინდა, ასე მიჯაჭვულები იყვნენ, მით უმეტეს, რომ გამოსხივება აქვს ამ ყველაფერს და უარყოფით გავლენასაც ახდენს, მაგრამ არ ხერხდება სხვანაირად... ჯერ ორი წლისანი არ არიან და უკვე მშვენივრად იციან, როგორ უნდა მოიხმარონ ესა თუ ის ნივთი, აიპედი, მობილური და ა.შ.

აუცილებლად მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო ჩემი დედამთილის მიმართ, რომელიც შვილების დაბადების წუთიდან გვერდში დამიდგა და იქიდან მოყოლებული დღემდე ძალიან მიმსუბუქებს საქმეს, იცის, რამდენად რთული პროფესია მაქვს და ყველანაირად მეხმარება ბავშვების გაზრდაში. სხვათა შორის, იყო მომენტი, როცა საქმიანი მოგზაურობის დროს, შემეძლო ერთ-ერთი შვილის წაყვანა, მაგრამ იმდენად არიან ერთმანეთზე მიჯაჭვულები, ვერ შევძელი დაცილება. ბავშვები ამ პერიოდში იტალიაში არიან. როცა ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა მაქვს, დედამთილს ვუტოვებ. ერთი ბავშვს "გაუმკლავდები", მაგრამ როცა კონტრაქტი გაქვს, საჭიროა იყო გამოძინებული, დილის ათ საათზე გიწევს რეპეტიციებზე მისვლა, შემდეგ - სპექტაკლი. წარმოუდგენელია, ეს ყველაფერი ორ ბავშვთან ერთად მოახერხო. ახლა ცოტა ხნით ვიყავი ჩამოსული და დავტოვე, მაგრამ ერთ-ორ თვეში ჩამოვიყვან თბილისში და უფრო მეტად აქეთ იქნებიან, იმიტომ, რომ ჩემი დედამთილი ამერიკაში გეგმავს წასვლას.

- როგორც მივხვდი, ბავშვებს თქვენ და თქვენი დედამთილი ზრდით ძიძის გარეშე...
- პრაქტიკულად ასეა, მაგრამ ჩემს დედამთილს ეხმარებიან იქ მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ქალები.

- უგო-ავთანდილი და ნინა-ლიზა ქართულად საუბრობენ?
- ჯერ ორი წლისანი არ არიან და გამართულად ვერ მეტყველებენ, თუმცა სიტყვებს ამბობენ ქართულად, რა თქმა უნდა. თავიანთი ენა აქვთ და გვახვედერებენ, რისი თქმა უნდათ.

- განიცდიან თქვენს არყოფნას?
- ალბათ გარკვეულწილად განიცდიან, მაგრამ იმდენად პატარები არიან ჯერ, რომ ბოლომდე ვერ აღიქვამენ. ერთის ისაა, რომ გატირება იციან, ამიტომ ვცდილობ, ისეთ დროს წავიდე, როცა სძინავთ. ჩემს არყოფნას მამა უმსუბუქებთ ძალიან, ბებო ზრდის და მის მიმართ ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვთ, საბოლოო ჯამში თბილ გარემოში არიან და ვერ ვიტყვი, რომ უჭირთ უჩემობა. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS