მისი და განო მელითაურის სიყვარულზე დღემდე ლეგენდები დადის. განოს ყველაზე მეტად დააკლდა კოტე. მაშინ და ვერც მის მერე ვერ გავბედე ამ ლამაზი, ჟღალთმიანი, ჭორფლიანი, პატარა, საყვარელი გოგოსთვის მეკითხა, როგორ ხარ…
ამ კითხვის დასმა დღესაც არ მგონია მართებული. უბრალოდ, შევეცადეთ ერთად გაგვეხსენებინა კოტე…
– რაც დრო გადის უფრო მირთულდება თვალი გავუსწორო რეალობას, რომელიც ჩემს ცხოვრებაში
– მაშინ ჟურნალისტებმა, ვერ გავბედეთ შენთან დარეკვა, თუ ძალიან მძიმე არ არის დღესაც ამის გახსენება, მომიყევი რა გადაიტანე იმ დღეებში…
– ახლახან შესრულა ერთი წელი იმ დღიდან. არც მინდა გავიხსენო. ყველაზე საშინელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. ცუდი სიზმარი ხომ დაგსიზმრებია, გაღვიძება რომ გინდა და ვერ იღვიძებ. ან იღვიძებ, მერე იძინებ და ისევ თავიდან გესიზმრება იგივე სიზმარი. გინდა დაიძახო და ვერ ყვირი. მახსოვს დღე, ამინდი, ფერი, სუნი, ადამიანები ვინც ჩემს გარშემო ტრიალებდა. ამ ერთი წლის განმავლობაში ყოველ წუთს, წამს ვახვევ და ვფიქრობ, სად დავუშვი შეცდომა, როგორ მივედი იმ წამამდე, როცა ეს მოხდა.
– საკუთარ თავს ადანაშაულებ?
– არ ვიცი ამას რა ჰქვია, ვფიქრობდი, რისი შეცვლა შემეძლო. მესიზმრება, რომ მივდივარ და ვეხვეწები, არ წავიდეს. მესიზმრება, რომ გულის ექიმთან მიმყავს, მივალთ ექიმთან და მეღვიძება. მესიზმრება, რომ ველაპარაკები. არა, ისეც ველაპარაკები, ხმამაღლა, გამოთქმით, დღესაც, ვიცი, რომ ესმის, უბრალოდ, ფიზიკურად არ არის აქ. გუშინ, ზუსტად 10 აპრილს, როცა ეს ამბავი მოხდა, მანქანაში ვიჯექი მეგობრებთან ერთად. ამინდი შეიცვალა უცებ. მეგობარს ვუთხარი, ასე მგონია, ის დღეა და ახლა ერთად უნდა დაგვემართოს მე და კოტეს ეს საშინელება-მეთქი. ამასაც მოერევიო, მეუბნებოდა თათია, ეს გასავლელიაო. კითხვა გამიჩნდა, როგორ გადაგვაქვს, ცხოველები ვართ? არის პერიოდი, როცა ყველა ემოცია ერთდროულად მოდის, როცა საერთოდ უემოციოდ ხარ. არის პერიოდი, როცა განიხილავ ყველა დეტალს, სად დაუშვი შეცდომა, როდის რა გამოგრჩა, გამოგეპარა და ეს მერე შიზოფრენიაში გადადის…
– კითხულობ მის სმს-ებს, ინახავ ჩათს სოციალურ ქსელში, წერილებს…?
– იმდენად დიდია მასალა, რომელიც მასთან მაკავშირებს… ჩვენი ერთად ყოფნა ერთი მომენტი იყო და თან მთელი ცხოვრება. ბავშვობიდან ვწერ და ახლა რომ ვაკვირდები, ვერდიქტები მაქვს საკუთარი თავისთვის გამოტანილი. ბევრი რამ მერე, ჩემს რეალურ ისტორიებს ემთხვევა ხოლმე. ერთი პატარა გაელვება იყო ჩემი პირადი ცხოვრება. ამიტომ, სულ ვეუბნები ჩემს შვილებს, ჩემს მეგობრებს, უნდა დაიჭირო წამი, ხელი უნდა ჩასჭიდო და არსად გაუშვა. სხვა დანარჩენი სისულელეა. სიყვარული, სიცოცხლე, ღმერთის საჩუქარია. უარი არ უნდა თქვა არასდროს.
– ვინ დაგეხმარა, ვინ დაგიდგა გვერდით, რომ ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად გადაგეტანა?
– ძალიან ბევრი იყო ასეთი. სრულიად უცხო ადამიანები მწერდნენ. დღესაც, აქ რომ მოვდიოდი, ერთმა გოგონამ რუსთავიდან დამირეკა გასამხნევებლად. ასე იყო მაშინაც, როცა კოტე ცოცხალი იყო. გვიხაროდა, რომ ადამიანებს მოსწონდათ ჩვენი ერთად ყოფნა და გვგულშემატკივრობდნენ… დიდხანს ვფიქრობდი, ეს მე რატომ უნდა დამმართნოდა-მეთქი. პროტესტი მქონდა ეკლესიურადაც ბევრი რამის მიმართ, ბრძოლა მქონდა საკუთარ თავთანაც. მერე მივხვდი, რომ ტყუილად არაფერი ხდება. არ მგონია, რომ ჩვენი ერთად ყოფნა აქ მთავრდება. ეს ერთი დიდი მთლიანობაა და ჩვენი ურთიერთობა ოდესმე სადმე მაინც გაგრძელდება.
– შენ და კოტეს სიკვდილზე გისაუბრიათ?
– ძალიან ხშირად. ბავშვურად, სულელურად განგვიხილავს, ვინ წავა პირველი, ზურგზე ამოღებული კაბა გეცმება ჩემს დაკრძალვაზეო, მეუბნებოდა, მე დაგინახავ და მომეწონებიო… წვრილმანებზე დაიკარგა დრო… მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თითქმის 24 სააათი ერთად ვიყავით, ყველა წამს ვნანობ, რომელიც მის გვერდით ვერ გავატარე.
– კოტე ყველა ინტერვიუში ამბობდა, რომ შენ გადაარჩინე, რომ სწორი გზა ანახე, სიცოცხლის ხალისი დაუბრუნე…
– თავის მხივ, მეც გადამარჩინა კოტემ. მეც არ მქონდა იოლი პერიოდი მაშინ.
– რას გულისხმობ?
– რა მნიშვნელობა აქვს. ამაზე ლაპარაკი არ მინდა. ჩვენ ერთმანეთს გავუცვალეთ ღირებულებები. არ მგონია, რომ კოტე მე გადავარჩინე, პირიქით, კოტემ გადამარჩინა მე. ჩვენ ერთმანეთით ვცხოვრობდით. ბავშვობიდან მწამდა ასეთი ურთიერთობის. ზედაპირული არაფერი მიყვარს. ჩემს მეგობრებს ჰყავდათ შეყვარებულები, ვიღაცები თეთრ კაბაზე, გათხოვებაზე ოცნებობდნენ. არასდროს მიფიქრია ასეთ რაღაცებზე. გათხოვებაზე არც ვფიქრობდი, მაგრამ მოხდა ისე, როგორც მოხდა. კოტე მეუბნებოდა, ჩემი მუზა ხარო. ზოგჯერ გვერდით ვეჯექით ერთანეთს და წერილობით ვსაუბრობდით. ფურცელზე ვუწერდით პასუხებს ერთმანეთს. თავის დაბადების დღეზე პირველი ლექსი დამიწერა. კარგად გამოუვიდა. მერე ეს ტრადიციად აქცია და ბოლო ოთხი წელი, ყოველ მის დაბადების დღეზე თითო ლექსს მიძღვნიდა. იხილეთ სრულად