28 აგვისტო, 2013
რა ურჩია ბარაკ ობამამ ნუგზარ შარიას
ამერიკულ კინოხელოვნებაში ოფიციალურად შესული ვარ როგორც რეჟისორი. ცნობისათვის აქვე გეტყვით, რომ ბროდვეის თეატრში მუშაობის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ათ საუკეთესო რეჟისორთა სიაში ვარ დასახელებული ორ თვეზე მეტია, მსახიობი და რეჟისორი ნუგზარ შარია თბილისში იმყოფება. თან აქვს თავისი სცენარი ''წმინდა ნინო და ქეთევან დედოფალი'' . როგორც მან განაცხადა, მხატვრული ფილმის გადაღების იდეას მხარს პატრიარქი და საპატრიარქოს წარმომადგენლები უჭერენ. თავდაპირველად, ეს ორ წმინდანზე აგებული სცენარი სხვადასხვა მხატვრული ფილმის თემები მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი ერთიანდება და თუ
როგორ, თავად გვიყვება...

მანამდე კი შეგახსენებთ, რომ 1970 წელს ნუგზარ შარია ტურისტულ მოგზაურობაში გაემგზავრა კუბაზე, მაროკოსა და საფრანგეთში. პარიზში მან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს და მუშაობა დაიწყო რადიო ''თავისუფალი ევროპისა'' და ''თავისუფლების'' პარიზის განყოფილებაში. 1971 წელს გადასახლდა ნიუ-იორკში, სადაც მუშაობა განაგრძო აღნიშნულ რადიოებში, ასევე ''ამერიკის ხმაში'' და იმავდროულად ნიუ-იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში კითხულობდა ლექციებს კინორეჟისურაში.

ნუგზარ შარია რამდენიმე წელი გერმანიაშიც, ქალაქ მიუნხენში ცხოვრობდა, სადაც იმავე რადიოებში აგრძელებდა მუშაობას. საქართველოსა და გერმანიის სახალხო არტისტი, ორგანიზაცია ''კავკასიის ხალხების გაერთიანების'' საპატიო პრეზიდენტი პარალელურად ფილმებშიც მონაწილეობდა და წერდა სცენარებს, რის შესახებაც ინტერვიუში გვიამბო...

- უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგახსენოთ, რომ მე ის ადამიანი ვარ, რომელიც მიდის იქ, სადაც ელოდებიან. არასოდეს მივდივარ სადმე ჩემი ინიციატივით. 2006 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უწმინდესი და უნეტარესი, პატრიარქი ილია II ტელეფონით დამიკავშირდა გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში და აკურთხა ორი წმიდათაწმიდა თემა, როგორიც არის წმინდა ნინო და ქეთევან დედოფალი.
- როდის დაიწერა ეს სცენარი?
- სცენარებზე მუშაობა 2006 წელს დავიწყე და დაახლოებით ხუთი წელი მოვანდომე. საავტორო უფლებები დადასტურებულია შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკის მიერ. ეს არის ასპროცენტიანი გარანტია იმისა, რომ ჩემი ნებართვის გარეშე ამ თემას სხვა ადამიანი ხელს ვერ ახლებს.
2006 წლის შემდეგ რამდენჯერმე ჩამოვედი საქართველოში. მათ შორის პატრიარქის მოწვევით, რომლის დროსაც განხილული იყო სცენარები. ასევე ჩამოვედი მაშინ, როდესაც გარდაიცვალა დედაჩემი, ძმა და გარდაიცვალა ჩემი ქალიშვილი. რამდენჯერაც ამ ტრაგედიების გამო თბილისში ჩამოვდიოდი, იმ დროს მაინც მქონდა საშუალება, შევხვედროდი უწმინდესსა და უნეტარესს და სასულიერო პირებს. მათ არაერთხელ გადაიკითხეს და განიხილეს ცალკეული ეპიზოდები. ისინი უმაღლეს დონეზეა შემოწმებული, ვინაიდან ამ გრანდიოზული სცენარების გენერალური მმართველი უწმინდესი და უნეტარესია.
- ეს გასაგებია, მაგრამ გადაღებას სჭირდება ფინანსები, თან საკმაოდ დიდი თანხები. ვინ გიდგათ გვერდით?
- მე გახლავართ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, ჰოლივუდის პროფკავშირის წევრი, ამიტომ უფლება არ მაქვს, ნებისმიერი ჩემი სცენარი, რა თემაზეც უნდა იყოს ის დაწერილი, არ გავაცნო ჩემს წარმომადგენლობას ჰოლივუდში. ვინაიდან მათი შტატის წევრი ვარ და კინოხელოვნებაში ჰოლივუდი ჩემი ძირითადი საყრდენია, მაინცდამაინც არ ვჩქარობდი ამ სცენარების დაფინანსების საკითხის აღძვრას და ამას ორი მიზეზი ჰქონდა. პირველი ის იყო, რომ ეს გრანდიოზული კინოსცენარები დაფინანსებული უნდა იყოს საქართველოს მხრიდან. და თუ რატომ, ამის მიზეზსაც მოგახსენებთ: ჰოლივუდში არის ასეთი კანონი, რომელიც არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, მაგრამ სცენარის ავტორს, რომელიც მიჰყიდის თავის ნამუშევარს ამერიკის რომელიმე კინოსტუდიას, ჩამოერთმევა საავტორო უფლებები. მაგრამ ვინაიდან მე ასევე ვარ მსახიობი და ჰოლივუდის კადრი, გარანტირებული მექნება ფილმში ნებისმიერი როლის თამაში.
ამერიკულ კინოხელოვნებაში ოფიციალურად შესული ვარ როგორც რეჟისორი. ცნობისათვის აქვე გეტყვით, რომ ბროდვეის თეატრში მუშაობის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ათ საუკეთესო რეჟისორთა სიაში ვარ დასახელებული.
- ეს რომელ წლებში?
- 1972-1974 წლებში, ანუ მანამ, სანამ ევროპაში გადავსახლდებოდი. მაშინ მე ვმუშაობდი ბროდვეის თეატრში ისეთ დიდ რეჟისორთან, როგორიც არის მაიკ ნიკლსი, იგივე პეშკოვსკი... თემას გავაგრძელებ. მთავარი მიზეზი მინდა განვმარტო, რატომ არ მინდა ამ სცენარების მიყიდვა ჰოლივუდის რომელიმე სტუდიისთვის.
ვინაიდან ქართველი ერის წმიდათაწმიდა თემაა, ის ქართველმა ერმა უნდა დაძლიოს და ტექნიკურად უმაღლეს დონეზე უნდა იყოს გადაღებული. მე ამ თემას ფულის გამო არ გავყიდი, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია.
მე პირდაპირი კონტაქტი მაქვს ამერიკის დღევანდელ პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან და ვარ მისი ოფიციალური წარმომადგენელი, მე გავუგზავნე ჩემს პრეზიდენტს სცენარები და ისინი დღესდღეობით თეთრ სახლშია, პირადად ბარაკ ობამას საწერ მაგიდაზე დევს.
- და პასუხი არ მოსულა, გაეცნო თუ არა?
- როგორ არა, წაიკითხა და გაეცნო. ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც მაქვს. მას მიაჩნია, რომ მე თავად უნდა გადავწყვიტო, რომელმა მხარემ უნდა გადაიღოს ეს ფილმი.
- რა ეტაპზეა ახლა ეს საკითხი?
- ბედნიერი ვარ, რომ ქართული კინოხელოვნების მედროშემ, ბატონმა რევაზ ჩხეიძემ წაიკითხა ჩემი ნაწარმოები, სურვილი გამოთქვა და დამთანხმდა, რომ ის იყოს ამ გრანდიოზული კინოეპოპეის მთავარი კონსულტანტი, ხოლო მე - დამდგმელი რეჟისორი. ბატონი რეზოს მოსწავლე ვარ. მოსკოვში უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე რომ ვსწავლობდი, ჩემი სადიპლომო ფილმი მას წარვუდგინე და თუ შეიძლება ასე ითქვას, ბატონი რეზოს თაოსნობით გავხდი კინორეჟისორი. ჩემი ნამუშევრებიდან ერთ-ერთს შეგახსენებთ: 1971-1972 წლებში ჰოლივუდში გავაკეთე გრანდიოზული სცე-ნარი ''ჰაჯი მურატი'', რომელიც რუსული ლიტერატურის შედევრია. ჩემი მთავარი კონსულტანტი ლევ ტოლსტოის ქალიშვილი ალექსანდრა გახლდათ. ის 111 წლის იყო, თითქმის დაბრმავებული, მაგრამ მას ამ სცენარს უკითხავდა ბატონი თეიმურაზ ბაგრატიონი... მე მაშინ საბჭოთა კავშირის ''შავ სიაში'' ვიყავი, რადგან ტურისტული მოგზაურობიდან არ დავბრუნდი. ჰოლივუდში მიღებული სცენარი გადაგზავნეს მოსკოვში, სადაც მაშინდელმა კინემატოგრაფიის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა რომანოვმა თქვა, რომ ჩვენ ''ჰაჯი მურატის'' დადგმას სამშობლოს მოღალატე ნუგზარ შარიას არ ვანდობთ, მაგრამ სტუდიამ მაინც შეისყიდა ჩემგან სცენარი და ჩემი თანაავტორი ბენ პიკოკი გახლდათ...
დავუბრუნდეთ დღევანდელობას. რეზო ჩხეიძე მოსკოვიდან აგვისტოს ბოლოს ჩამობრძანდება და ჩვენ აღვძრავთ საკითხს ამ გრანდიოზული კინოეპოპეის დაფინანსების შესახებ. აჩქარება და გეგმის გარეშე მოქმედება დაუშვებელია. ფილმის მოქმედება ხდება კაპადოკიაში, ისრაელში და დიდი ნაწილი საქართველოში: ბოდბის ხევში, ფარავნის ტბაზე და ა.შ. მსახიობები ყოველ მიზეზ გარეშე უნდა იყვნენ ქართველები. შეიძლება ერთი მსახიობის მოწვევა უცხოეთიდან. სცენარი ინგლისურ და ქართულ ენებზეა დაწერილი. ფილმი გადაღებულ უნდა იქნას ინგლისურ ენაზე, რასაკვირველია, გახმოვანებული იქნება ქართულადაც, მაგრამ ინგლისური ენა აუცილებელია იმისათვის, რომ ფილმი ინგლისურენოვან ქვეყნებში და მსოფლიომ ნახოს. დანახარჯს ასმაგად აინაზღაურებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ფილმი არა კერძო პირებმა, არამედ სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს.
- დღემდე თუ გქონიათ საუბარი სახელმწიფოს რომელიმე წევრთან, კულტურის სამინისტროში, ან კინოცენტრთან?
- დაფინანსების შესახებ საუბარს მას შემდეგ დავიწყებთ, რაც ბატონი რეზო ჩხეიძე საქართველოში დაბრუნდება. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და ამ თემის მიფუჩეჩება ქართველი ერის წინაშე იქნება ბოროტმოქმედება. თან, ალბათ ერთადერთი რეჟისორი ვარ, ვინც აზრს ნებისმიერ ადამიანს ეკითხება და თუ რატომ, მოგვიანებით გეტყვით.
- ვთქვათ, სახელმწიფომ გამოყო თანხა, მაგრამ მხოლოდ ერთი თემისთვის, გადასაღებად რომელს აირჩევთ, წმინდა ნინოს თუ ქეთევან წამებულს?
- თქვენ ალბათ გაინტერესებთ, ეს ორი ეპოქა როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, ხომ?! საიდუმლოს გაგიმხელთ, ბატონმა რეზომ პირველად ეს მკითხა, კი მაგრამ, წმინდა ნინო IV საუკუნეში იყო და ქეთევანი - XVII-ში, ერთმანეთს როგორ დაუკავშირეო? ამ ისტორიებს ქრისტეს საფლავთან, კლდეში, ბერი ჰყვება.
- ვერ მივხვდი, ანუ ცალ-ცალკე ფილმებად არ მოიაზრება წმინდა ნინო და ქეთევან წამებული, თუ ეს ორი თემა ერთად იქნება შეკრული?!
- ორი ერთად შეკრულია, დიახ. ეს არის ქართველი ერის სახე მსოფლიოს წინაშე. ერის, რომელიც IV საუკუნეში გაქრისტიანდა და XVII საუკუნეში ქეთევან წამებულმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა მართლმადიდებლობას. კავშირი არ წყდება, ამ ამბავს ბერი მოგვიყვება, რომლის როლში ალბათ გადავიღებ მოძღვარს და არა მსახიობს. ჭიაურელისა და ტრაუბერგის მოწაფე ვიყავი. 56 რეჟისორთან ვარ ნამუშევარი და მათ შორის 10 მსოფლიო გენიოსად ითვლებოდა, აქედან ჯერ მარტო ორი - ოტო პრემინჯერი და მაიკლ ნიკლსი იყვნენ. დღეს 72 წლის კაცი ვარ და სწავლის პროცესი ჩემთვის არ თავდება. ზევით მოგახსენეთ, რომ ყველას აზრი მაინტერესებს და ამ თემას გავავრცობ. მინდა, უოლტ დისნეისთან შეხვედრაზეც გიამბოთ. იყოს ჩვენი ინტერვიუ სხვადასხვა კუთხით წარმართული.
მამა ადრე გარდამეცვალა, მაშინ 18 წლის ვიყავი და შეიძლება ითქვას, რომ სიკო დოლიძე ჩემი სულიერი მამა იყო. ხოლო მისი შვილი, თემური, სამწუხაროდ, დღეს ისიც აღარ არის ცოცხალი, ფაქტობრივად - ჩემი ალალი ძმა. ბატონი სიკო შორსმჭვრეტელი კაცი გახლდათ. ის ხედავდა და გრძნობდა, რომ საბჭოთა კავშირში ვერ დამაკავებდნენ. სწორედ ბატონმა სიკომ, 1964 წელს, როცა 23 წლის ვიყავი, ჰოლივუდში გამგზავნა. ეს მან განგებ გააკეთა, რომ ჩემი დიაპაზონი გაფართოებულიყო. წარმოუდგენელი რამ მოხდა. ჰოლივუდში რომ ჩავფრინდი, ნატალი ვუდი გავიცანი. ის უკრაინელი გახლდათ, გვარად ზახარეკო. მამამისი და მისი დები ჩემი ძალიან შორეული ნათესავის დიმონი ცხონდიას მეზობლები აღმოჩდნენ, რომელიც მაშინ სან-ფრანცისკოში ცხოვრობდა. ნატალი ვუდმა გამაცნო დიდი ამერიკელი რეჟისორი ფრენკ კაპრა. მანვე გამგზავნა უოლტ დისნეისთან, რომელთანაც ნატალი ვუდი გამომყვა. უოლტ დისნეიმ ისე შემომიბღვირა, ელდა მეცა. რა არის ეს, რომ საბჭოთა პრესაში ფაშისტად გამომიყვანეთო. მხედველობაში ჰქონდა ''ბემბი'' , რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საბჭოთა კინემატოგრაფიის კომიტეტმა ეკრანებიდან ჩამოხსნა, როგორც პროფაშისტური ფილმი. მე ჭიაურელისგან ვიცოდი და ვუთხარი, რომ როცა სტალინმა ''ბემბი'' ნახა, დაიბარა მაშინდელი რეჟისორები: ეიზენშტეინი, რომი, ჭიაურელი, პუდოვკინი, სხვები, ეს ფილმი აჩვენა და უთხრა, ნახეთ, ამერიკელები ''ფანერკებისგან'' რა ფილმებს დგამენ და თქვენ ''ცოცხალი'' ადამიანებისგან ასეთი ფილმის გადაღება არ შეგიძლიათო. თუმცა ფილმი მერე მაინც მოხსნეს ეკრანებიდან... შევეცადე ამეხსნა დისნეის თვის, რომ ეს იყო საბჭოთა ცენზურა, რომელიც უფრო მაღლა დგას, ვიდრე ალალი ფანტაზია და შემოქმედება. მალე მან პოზიცია შეიცვალა და ბოლოს ტიპური ამერიკული შეკითხვა დამისვა, კარგი, რა შემიძლია შენთვის გავაკეთო? ვთხოვე, რომ მსურდა მის რეპეტიციას დავსწრებოდი. სულ ეს არის?! მაშინ ხვალ 11 საათზე ამა და ამ სტუდიაში მოდიო. წასვლის წინ ვუთხარი, ჩვენი გენიალური მწერალი ვაჟა-ფშაველა ''შვლის ნუკრის ნაამბობის'' ავტორია, ხმა გავრცელდა, რომ თითქოს თქვენ ''ბემბი'' მის ნაწარმოებზე დაყრდნობით ააგეთ-მეთქი. არა, ეს არც მისი და არც ძმები გრიმების ზღაპარი არ არის, ეს ავსტრიელი სტუდენტის მოთხრობაა, რომელიც მან გვერდ-ნახევარზე დაწერაო.
- თუმცა დღემდე ბევრი ფიქრობს, რომ დისნეიმ ანიმაციური ფილმი ''ბემბი'' ვაჟას მიხედვით გადაიღო...
- არა, ავტორი ავსტრიელი სტუდენტი ყოფილა.
- ნეტა იმ სტუდენტმა სხვა კიდევ რამე დაწერა?
- არა, არაფერი. მოკლედ, მეორე დღეს დისნეიმ რეპეტიციაზე დამიბარა. ის მაშინ იღებდა ფილმს, ''ქალი - ეს ტვირთია'' , რაც ქართულ ენაზე უფრო ასე ჟღერს - ''ქალი სასიამოვნო ტვირთია'' . ეს ეპიზოდი აუცილებლად უნდა მოგიყვეთ: მაგიდასთან ისხდნენ მხატვრები. 101-ე იყო უოლტ დისნეი. განიხილავდნენ თემას, თუ ვის უნდა გაეხმოვანებინა ფილმში ძაღლის როლი. ერთ-ერთი ვერსია ფეგი ლი იყო. ამასთან დაკავშირებით ყველას აზრი მოისმინა და ჩაიწერა. ბოლოს დისნეიმ გადაწყვიტა, რომ ფეგი ლის უნდა ემღერა. ეს ეპიზოდი ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩა.
- თქვენც ასე იქნებით, როცა თქვენს ფილმზე დაიწყებთ მუშაობას, ეს გასაგებია და ამის თქმა გსურდათ, მაგრამ აპირებენ წმინდა ნინოს შესახებ ფილმის გადაღებას, ქართველი რეჟისორია, კერესელიძე, მთავარი როლის შემსრულებელიც უკვე ნაპოვნი ჰყავთ...
- დიახ, რეჟისორი ჩემი ბავშვობის მეგობრის შვილია. ეს თემა მე აბსოლუტურად არ მეხება, მაგრამ ვინაიდან ის ჩემი ბავშვობის მეგობრის შვილია, ვურჩევდი, გაითვალისწინოს გარემოება, რომ ძალიან დიდი უსიამოვნება შეხვდება. მეტს არაფერს ვიტყვი.
- თქვენც არ ფიქრობთ, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა თემა, რომელსაც ხელი მოჰკიდეთ? ქართველები ძალიან კრიტიკულად უდგებიან ამ საკითხს. თუნდაც ის გავიხსენოთ, რომ გოგონა, რომელიც წმინდა ნინოს როლზე შეარჩიეს, რბილად რომ ვთქვათ, ადამიანთა ნაწილმა მიწასთან გაასწორა...
- ოკ, მაგის პასუხს ამ წუთში მოგახსენებთ. წმინდა ნინოს როლი უნდა ითამაშოს 15 წლის ებრაელმა გოგონამ, რომელიც უნდა ლაპარაკობდეს იმ ენაზე, რომელზეც ქრისტე საუბრობდა და ის უნდა მოიძებნოს ისრაელში. ეს შეთანხმებულია პატრიარქთან.
- პატრიარქთან ქეთევანის როლის შემსრულებელიც შეთანხმებულია?
- პატრიარქმა მირჩია, რომ წმინდა ნინოს როლის შემსრულებელი უნდა ვეძებოთ სოფლებში და მან მხოლოდ ერთი როლი უნდა ითამაშოს. მაგრამ ქეთევანი ყოველ მიზეზ გარეშე აუცი-ლებლად მსახიობი უნდა იყოს. კონსულტაცია უნდა გაგვიწიოს მოძღვარმაც, რომელიც, ვთქვათ, ქეთევანის ლოცვის სცენის დროს კამერის გვერდით იდგება, რადგან შეცდომები დაუშვებელია. არ არის ეს პატარა სამუშაო, მაგრამ ერთი რამ უნდა მოგახსენოთ, რომ ჩემთვის, როგორც ნუგზარ შარიასთვის, ქართველი ადამიანისთვის, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, მაგრამ მისი გვერდის ავლა ბოროტმოქმედება იქნება. ამ დიდ სამუშაოს წლები შევალიე.
- ვიცი, რომ გაქვთ ანიმაციური ფილმების სცენარებიც: ''როგორ გაჩდნენ ბუები ქვეყანაზე'' და ''ამოდის ნათდება!''
- ეს სცენარები გავაკეთე ფლორიდის შტატში, სადაც ვცხოვრობ. ინგლისურად და ქართულადაა. მაშინ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ საქართველოში მომიწვია და ეს სცენარები მიღებულია საქართველოს კინოსტუდიის მიერ. მაგრამ სანამ თბილისში ჩამოვიტანდი, დისნეის სტუდიაში მივიტანე, რომელიც ჩემი სახლიდან დაახლოებით 50 კილომეტრშია. უოლტ დისნეი 1965 წელს გარდაიცვალა და მისი სტუდია მისმა ბიძაშვილმა როიმ გადაიბარა. მან მიმიღო და სცენარები რომ წაიკითხა, როი დისნეიმ მითხრა, ეს მსოფლიო ლიტერატურის შედევრია და ფულის გამო მისი გაფუჭება არ შეიძლება, გირჩევთ საქართველოში ჩაიტანოთ და იქ ინგლისურ ენაზე გადაიღონო. ეს სცენარები დისნეის სტუდიამაც მიიღო და საქართველოშიც კინოსტუდიაში მი-ღებულია, მაგრამ ვინაიდან შესაბამისი თანხა არ იყო, ფილმები დღემდე არ არის გადაღებული. იმედი მაქვს, ეს სცენარებიც განხორციელდება.
- ახლა სად ცხოვრობთ, როგორია თქვენი დღევანდელობა...
- ადრეულ პენსიაზე 1994 წელს გავედი. ბოლო 22 წლის განმავლობაში დასავლეთ გერმანიის ქალაქ მიუნხენში ვცხოვრობდი და ვიყავი რადიო ''თავისუფლებასა'' და ''თავისუფალი ევროპის'' აკრედიტირებული კორესპონდენტი თეთრ სახლში. ახლა ფლორიდაში ლამაზ ქალაქ სარასოტაში ვცხოვრობ. შეიძლება ითქვას, ტურისტებისგან დახურული ქალაქია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის, ყველა მანქანით გადაადგილდება. ფილმები, თეატრები და სცენარები და კიდევ ერთი ფურცელი ჩემს ცხოვრებაში არის ის პირველი ფირფიტა, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩაიწერა, რომელშიც გიტარის თანხლებით შესრულებული ათი სოლო სიმღერა შევიდა. 50 ფირფიტა რიჩარდ ნიქსონმა ბრეჟნევისთვის გადასაცემად წაიღო. მანამდე თეთრ სახლში დამიბარა და მითხრა, ახლა სიურპრიზი გელითო, მიუჯდა ფორტეპიანოს და დაიწყო დაკვრა. მერე თავისთან მიხმო და ოთხ ხელში ვუკრავდით მე და ნიქსონი (იღიმის)... მას შემდეგ 38 ფირფიტა გამოვეცი... დაბოლოს, შევეცდები მოკლედ გითხრათ, მე ვარ აკრედიტირებული კორესპონდენტი ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძის, ბილ კლინტონისა და ბარაკ ობამასი. და ვინაიდან მე ვარ თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, თბილისში რომ მოვდიოდი, ამერიკის დღევანდელ პრეზიდენტს ტელეფონით ვესაუბრე. არ მინდა დეტალებს ჩავუღრმავდე, მაგრამ ის დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. ჩავალ, ვნახავ, რა მდგომარეობაა და საქმის კურსში ჩაგაყენებთ-მეთქი. ეს არის ერთი მისია, რომლისთვისაც საქართველოში წამოვედი და მეორეა იმ გრანდიოზული კინოეპოპეის განხორციელება, რომელზეც უკვე გესაუბრეთ...

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ანი
გავიგუდე სიცილით.....
10:22 / 29-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
ამ ინტერვიუდან გამომდინარე ჰოლივუდი დაინგრეოდა შარია რომ არ გამოჩენილიყო,აი ამბიცია!სხვატაშორის ის დიდი რეჟისორი და მარტლაც სახელოვანი მაიკლ ნიკოლსია რუსი ებრაელების შტამომავალი.
18:56 / 28-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS