- პირველად ქვეყნის საზღვრები 14 წლისამ გადავკვეთე, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გავემგზავრე სასწავლებლად. არკანზასის შტატში გახლდით. ამერიკელების ოჯახში ვცხოვრობდი და სახელმწიფო სკოლაში დავდიოდი, აკლიმატიზაცია ძალიან მალე გავიარე და ხალხიც საკმაოდ
იყო ბევრი დეტალი - თავიდან ოჯახში რომ მეკითხებოდნენ, არ გშიაო, ქართულად ვმორცხვობდი და არ ვეუბნებოდი, კი-მეთქი, შესაბამისად, ერთი კვირა დიეტაზე ვიყავი (იცინის). საბოლოოდ მივეჩვიე პირველივე კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემას. პრინციპში ძალიან დადებით გარემოში მომიწია ყოფნამ. აფასებდნენ იმას, რომ მათი კულტურისა და ენის სასწავლად ვიყავი ჩასული. ეს ჩემთვის კულტურული შოკი იყო, თანაც, გარემო საქართველოში 2002-03 წლებში გახსოვთ, როგორი იყო. ბიჭები ისევ ქუჩაში იდგნენ. ამერიკაში კი გოგო-ბიჭები ძალიან თავისუფლად იქცეოდნენ.
ამერიკაში ყოფნის დროსაც ვიმოგზაურე ქვეყნის შიგნით, კოლორადოში გახლდით, ვაშინგტონში, სადაც ერთი კვირით ვიყავი, თეთრი სახლიც მოვინახულეთ და ბუშის გამოსვლასაც დავესწარით.
ამერიკამ ბევრი რამ მასწავლა, იქ ვეზიარე აფროკულტურას და შემიყვარდა. იქ გადავწყვიტე რეპერობა. ბუნებრივად მოხდა, რომ შავკანიანებთან უფრო ვმეგობრობდი, მაგრამ ეს მუსიკის სიყვარულით არ იყო განპირობებული. რატომღაც ისინი უფრო ჯიგრულად და ძმაკაცურად მიდგებოდნენ. იქაური თეთრები კი თითქოს თეთრად არ აღმიქვამდნენ, ალბათ, ჩემი წარმომავლობის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში რასიზმის პრობლემა უკვე მინიმუმამდეა დასული. მეძახდნენ ''თეთრ შოკოლადს~. იქ ყველას ასე ეძახიან, ვისაც უყვარს შავკანიანებთან მეგობრობა და მათი მუსიკა.
ამ ორი წლის შემდეგ სხვა ადამიანად ჩამოვედი საქართველოში, მაგრამ ქართული ტრადიციები მაინც შევინარჩუნე.
- რომ ჩამოხვედი, აქაურ სიტუაციასთან ადაპტირება გაგიჭირდა?
- ძალიან. არასდროს არ ვყოფილვარ კარგი მოსწავლე, როცა საქართველოში ვსწავლობდი. უნივერსიტეტს არ ვგულისხმობ. ახლახან დავამთავრე მაგისტრატურა ბიზნეს-ადმინისტრირების განხრით და შემიძლია ვთქვა, რომ კარგად ვსწავლობდი, მაგრამ სკოლის პერიოდში ნაკლებად. თუ არ ჩავთვლით ამერიკაში ყოფნის პერიოდს, სადაც მართლაც კარგი მოსწავლე ვიყავი. ყველამ იცის, რომ თუკი იქ არ ისწავლი, ნიშანს არავითარ შემთხვევაში არ დაგიწერენ. იქ სკოლა არასდროს გამიცდენია, მაქსიმუმ ორი დღე მქონოდა გაცდენილი, რაც ჩემთვის რეკორდი იყო. განათლების სისტემაც კარგად იყო მოწყობილი. შეიძლება, უფრო ცოტას სწავლობენ, ვიდრე ჩვენთან, მაგრამ უკეთესი მეთოდებით. საქართველოში რომ დავბრუნდი, ერთი წელი დამრჩა დასამთავრებელი ქართულ სკოლაში. თავიდან წიგნებით სიარული დავიწყე, მერე კი დავინახე, რომ არავინ დადიოდა ასე და არავინ არ ესწრებოდა გაკვეთილებს, მე კი გამორჩეულად ყოფნა არ მიყვარს (იღიმის). თბილისში რომ დავბრუნდი და სახლში ინტერნეტი არ დამხვდა, გავგიჟდი. მერე შევეჩვიე, რა თქმა უნდა. ამერიკაში სკოლის საფეხბურთო გუნდში რომ ვთამაშობდი, სკოლის გაზეთში იწერებოდა ჩვენზე, პოპულარული ხდებოდი იმ სიტუაციაში და საქართველოში დაბრუნებულს სამი თვის შემდეგ დეპრესია დამეწყო, თუმცა მალევე მოვერიე თავს და აქაც ჩემი პატარა ამერიკა შევიქმენი (იცინის).
- სხვა ქვეყნებში ალბათ ყოფილხარ, მაგრამ უკვე სამოგზაუროდ...
- ვყოფილვარ საფრანგეთში, იტალიაში, დანიაში, შვედეთში, ისრაელში. ისრაელზე რამდენიმე სიტყვას გეტყვი - ძალიან გამიხარდა იქ ყოფნა, რადგან ყველგან, სადაც შევედი, ქართველი დამხვდა, სულ ქართული ლაპარაკი მესმოდა, აფთიაქში შევედი და ქართველი ვნახე, სასტუმროში ქართველი გოგონა მუშაობდა (იღიმის). პარიზში რომ ჩავედი, ქალაქმა მომთხო-ვა, რომ შეყვარებული ვყოფილიყავი. ძალიან მომხიბლა გარემომ, ბანალური ნათქვამია, მაგრამ მართლა სიყვარულის ქალაქია. ასევე არის გლამურული ქალაქი. ძირითადად გოგონებს შავები ეცვათ, რამაც გამაკვირვა. ვიყავი თითქმის ყველა ღირსშესანიშნავ ადგილას, ეიფელის კოშკის ნახვა ალბათ ჩვეულებრივი მომენტია. იქ ყოფნისას კლიპიც გადავიღე. რა შეიძლება კიდევ ვთქვა პარიზზე - გოგონა რომ ფრანგულად ლაპარაკობს, გგონია, რომ უკვე გიყვარს (იცინის). იქ ათი დღე გავატარე. ეს ორი წლის წინ იყო. სხვათა შორის, ერთ საინტერესო ამბავს გავიხსენებ - ხურდა ფული ყოველი ფეხის ნაბიჯზე მჭირდებოდა, მაგალითად, მეტროში ჩასასვლელად, სადაც ავტომატები დგას და ვერავინ დაგიხურდავებს ფულს. ერთი ფრანგი გაჩერდა და მან მაჩუქა ორევროიანი, რომ ავტომატში ჩამეგდო. ასე რომ, ევროპაში ცივი ხალხიაო, არავინ თქვას. ყველგან არის ასეთიც და ისეთიც. ინგლისურად რომ ვეკითხებოდი, პასუხს მცემდნენ ფრანგულად, მაგრამ ისე თბილად, რომ თავს ვუქნევდი, გეგონება, ფრანგული ვიცოდი და ვაგრძელებდი გზას (იღიმის).
- იტალიაში რომელ ქალაქში იყავი?
- რომსა და ფლორენციაში. მამასთან ერთად გახლდით და ძალიან გავაბრაზე, რადგან ყოველდღე პიცასა და სპაგეტის ვითხოვდი. ქართველები მჭამელი ხალხი ვართ და ყველაზე მეტად ის მომწონდა, თითო კაცზე თითო პიცა რომ მოჰქონდათ. ჯერ ფლორენციაში ჩავედი, შემდეგ - რომში და ცოტა ვინანე, რომ ფლორენციაში უფრო მეტი დრო არ გავატარე. ფლორენცია არის ქალაქი-მუზეუმი, თანაც, ძალიან უყვართ ფეხბურთი, ''ფიორენტინას'' გულშემატკივრობენ და მე ხომ ყველაფერს ფეხბურთთან ვაკავშირებ (იღიმება). იტალიაში ძალიან კარგ სასტუმროში მომიწია ყოფნამ და შესაძლებელია, ამანაც მომაწონა ეს ქვეყანა. ფლორენციაში დილის ექვს საათზე ჩავედი, სასტუმროს ნომერში რომ შევედი, წამოვწექი, გვერდზე ანანასის წვენი მოვიდგი და ტელევიზიით უამრავი საფეხბურთო არხი ვნახე, ძალიან ბედნიერი ვიყავი. შემდეგ, როცა რომში გადავინაცვლე, იმხელა შთაბეჭდილება არ მქონია, თუმცა ვიყავი ვატიკანში და ძალიან მომეწონა, ასევე კოლიზეუმი. რომში საღამოს რომ გამოვედი, თითქოს არაფერი ხდებოდა, ღამის ცხოვრებას ვგულისხმობ. ასე რომ, ჩვენ რომ ვწუწუნებთ, თბილისში არაფერი ხდებაო, არც მასეა საქმე.
- ქვეყანაში რომ ჩადიხარ, ახალ კერძებს სინჯავ?
- ვცდილობ გავსინჯო ყველაფერი, მათ შორის, ღვინოებიც. დანიაში ვარ ნამყოფი და იქ ერთ-ერთ რესტორანში შამფურზე შემწვარი ცხვარი გავსინჯე. გოჭივით ჰქონდათ დაბრაწული. ცხვრის ხორცი ზოგადად არ მიყვარს, მაგრამ ერთ-ერთი უგემრიელესი კერძი იყო, რაც გამისინჯავს. რესტორანში იდო და თეფშით რომ მიხვიდოდი, ჩამოგიჭრიდნენ იმ ნაჭერს, რომელზეც მიანიშნებდი. რომ დავბრუნდი, სულ ამაზე ვყვებოდი და ჩემს ძმაკაცებს უკვირდათ, მაგრამ მერე ფოტო ვაჩვენე და მიხვდნენ, რამ გადამრია ასე (იცინის).
- დანიაში კიდევ რამ მოგხიბლა?
- მამაჩემი ეკონომისტია და ერთგვარი გიდობა გამიწია. დანიასა და შვედეთში მშპ ძალიან მაღალია და თანაც, მიიჩნევა, რომ აქ ხალხი ყველაზე ბედნიერია. განუსაზღვრავთ ბედნიერების კოეფიციენტი. ძალიან განსწავლულად მომაქვს ალბათ თავი, მაგრამ მამისგან გავიგე, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ტყვია საერთოდ არ გავარდნილა და ყველაფერი ძველი შემორჩენილია. მერე ვფიქრობდი, რომ ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ თავისი სახე მაქსიმალურად შეინარჩუნოს. ერთმა დანიელმა მითხრა, შეგვიძლია, ერთ დღეში ავაშენოთ ნიუ-იორკის მსგავსი ცათამბჯენები, მაგრამ არ გვინდაო. ყველა ქალაქს უნდა ჰქონდეს თავისი სახე. დანია ძალიან კონსერვატიული ქვეყანაა. ცენტრში ვცხოვრობდით და სულ მიკვირდა, მართლა ცენტრში ვართ-მეთქი? საღამოს ათ საათზე მომშივდა და ერთ სუპერმარკეტს ძლივს მივაკვლიე, რომელიც 24 საათი მუშაობდა. ყველაფერი ავტომატიზებულია. მატარებელში რომ ჩავსხედით, შვედეთში ისე გადავედით, რომ ბილეთი არავის შეუმოწმებია. ანუ იმის პრეცედენტს არ უშვებენ, რომ ვინმემ შეიძლება, უბილეთოდ იმგზავროს. არც ერთ ევროპულ ქალაქში არ მინახავს პოლიციის მანქანები, არც შენობები. იმას კი არ ვამბობ, რომ ეს კარგია, ფაქტზე ვყვები. ყოველ შემთხვევაში, ტურისტს ეს ყველაფერი თვალში არ ხვდება. რა თქმა უნდა, ამერიკაში ყველგან პატრულის მანქანებია, ისევე, როგორც საქართველოში. ისრაელშიც არ გხვდებოდა თვალში პოლიციის მანქანები, მაგრამ ძალიან მაგრები არიან, საჭიროების შემთხვევაში ხუთ წუთში ჩნდებიან შემთხვევის ადგილას. ის, რომ ჩვენ პოლიციური ქვეყანა ვართო, ამისი აფიშირება არ ხდება.
რაც შეეხება შვედეთს, ვერ ''ვიბლატავებ~, დედაქალაქში არ ვყოფილვარ, გახლდით საპორტო ქალაქ მალმოში. აქაც და დანიაშიც იმდენი ველოსიპედი ვნახე... ძალიან უყვართ. გოგონებს რაც შეეხება, ყველა ქერა და თეთრია. ძალიან მომწონდა, რომ კოლჰოტები ეცვათ, რაც ჩემი სისუსტეა, კოლჰოტიც და ''ჩულქებიც'' ქალს ძალიან უხდება.
ქალებზე ძალიან მაგარ რამეს მოვყვები. ერთ წელიწადს საფრანგეთშიც ვიყავი და იტალიაშიც, მხოლოდ სამ საათს მომიწია კიევში გადაჯდომამ. კიევში რომ გოგონები ვნახე იმ სამი საათის განმავლობაში, არსად სხვაგან არ მინახავს. რომ მეკითხებიან, კიევში ნამყოფი ხარო, ვპასუხობ, ჩათვალეთ, რომ კი-მეთქი (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტად შავთმიან ქალებს ვანიჭებ უპირატესობას, ძალიან მომეწონნენ უკრაინელი ქალები.
- საოცნებო ქვეყანა გაქვს?
- ბრაზილია ოთხი მიზეზის გამო - სამბა, ცეცხლოვანი ცეკვა, ქალები, ძალიან მაგარი ქალები ჰყავთ, ფეხბურთი უყვართ ძალიან, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავს და ყველასთან შედარებით, რელიგიურები არიან. ბებიაჩემს ვეუბნები ხოლმე, ბრაზილიურ სერიალებს მაინც უყურე-მეთქი. ბრაზილიური სერიალები, მგონია, რომ უფრო ''სვეტსკია~. კიდევ მინდა ია-მაიკაზე ჩასვლა და ასევე მაროკოში.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''




















