- მსახიობის პროფესია ბავშვობიდან მომწონდა. 15 წლით უფროსი ძმა მყავს. ფიზკულტურის ინსტიტუტი აქვს დამთავრებული - ჭადრაკის განხრით. მას
- ალბათ, თქვენში რაღაც მონაცემებს ხედავდა...
- ალბათ. ყოველთვის ბუთხუზა ბავშვი ვიყავი და სულ ყურადღების ცენტრში ვექცეოდი. სხვათა შორის, ჯერ ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, დავამთავრე და შემდეგ თეა-ტრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ჯერ კოტე სურმავას ჯგუფში მოვხვდი, შემდეგ ჩვენ დათო დოიაშვილმა აგვიყვანა.
- მისაღებზე რა ეტიუდების შესრულებამ მოგიწიათ, თუ გახსოვთ?
- რა თქმა უნდა. ჯერ საფრთხობელა განვასახიერე, რომელსაც თხა უყვარდა, ხოლო შემდეგ ჩაიდანი, რომელშიც წყალი დუღდება, გადადუღდება და ბოლოს სკდება.
- ჯგუფში ვინ გყავდათ, ვინც დღესაც დარჩა თქვენს პროფესიაში...
- რამდენიმეს დაგისახელებთ: გოგა ჩხეიძე, მარიო ჩიმაროს რომ ახმოვანებს. ჩვენ ერთად ვითამაშეთ ''ცხელ ძაღლშიც'' . ჩვენს ჯგუფში იყო დათო ბეშიტაიშვილი, რომელიც ''ჩემი ცოლის დაქალებში'' თამაშობს. ასევე ლელა მეტრეველი, რომელმაც ახლახან ფილმში ''გაიღიმე'' ითამაშა.
- არც ერთი თეატრის შტატში არ ხართ, სპექტაკლებში სათამაშოდ გიწვევენ ხოლმე...
- სამწუხაროდ, ასეა. ყოველთვის მიწვევენ ხოლმე.
- თქვენი აზრით, ასე რატომ ხდება?
- არ ვიცი, ვერ ვისწავლე და არ ვიცი რა გზით უნდა მოვხვდე თეატრში. ვინც მიცნობს და ვისაც სცენაზე ვუნახავვარ, ალბათ ისინი მიწვევენ.
- თეატრალურის შემდეგ პირველად სად და რომელმა რეჟისორმა მიგიწვიათ სპექტაკლზე?
- დათო საყვარელიძემ. ის მაშინ სამეფო უბნის თეატრში ორ სპექტაკლს დგამდა. შემდეგ თეატრალურ სარდაფში მიმიწვიეს. სამი წლის წინ თუმანიშვილის თეატრში ვიმუშავე, როცა ამირან ამირანაშვილი ''ჰამლეტს'' დგამდა - პოლონიუსი ვითამაშე. შემდეგ რუსთაველის თეატრის სპექტაკლში ''ჭეშმარიტება და უფლისწული'' , ბოლოს ახლახან თუმანიშვილის თეატრში, სადაც ბატონმა გოგა პიპინაშვილმა ''დრაკონი'' დადგა.
- ტექსტებს მარტივად იმახსოვრებთ?
- სულ მეშინია, არ დამავიწყდეს. მთელი ცხოვრება მგონია, რომ დამავიწყდება. მაგრამ მე არა, ხანდახან პარტნიორს ავიწყდება რეპლიკა და მისი სიტყვები მე მახსოვს. ტექსტების თემას ძალიან განვიცდი. თუნდაც ''დრაკონის'' პრემიერიდან ბოლო სპექტაკლამდე სულ ვკანკალებდი. ყველაზე მაგარი ის იყო, როცა სპექტაკლები დამთავრდა, თავი იმაში დავიჭირე, რომ ტექსტს კვლავ ვიმეორებდი. ამ წამს ტექსტი არ ვიცი, მაგრამ საკმარისია, თეატრში მივიდე და გონებაში მაშინვე ''აღდგება'' .
- მსახიობების უმრავლესობა ამბობს, ემოციური ადამიანები ვართ, ყველაფერი გულთან მიგვაქვსო. არ შეიძლება, სხვა პროფესიის ადამიანსაც ახასიათებდეს იგივე, როგორ ფიქრობთ?
- ალბათ, ემოციური თუ არ ხარ, მსახიობი ვერ იქნები. ყველაფერი უნდა გაღელვებდეს, თუნდაც ახლა მელიები რომ დარბიან ვოლიერში, ან მათთან ის კაცი რომ დგას - არ მომწონს, ''შორტიკი'' რომ აცვია. შეიძლება, ვიღაცისთვის ეს არაფერია, მაგრამ...
- ანუ არ გიყვართ, როცა ადამიანები მოკლე შარვლით დადიან ქუჩაში?
- არა, როგორ არ მიყვარს, მაგრამ ამ კაცს არ უხდება.
- მე კი ზოგადად მივიჩნევ, რომ ქალაქში ''შორტით'' არ უნდა იარო...
- მეც ზუსტად მაგის თქმა მინდოდა.
- რაც შეეხება ფილმებს... ვინ მიგიწვიათ პირველად?
- თემურ ბაბლუანმა ''უძინართა მზეში'' . სამწუხაროდ, ჩემი ეპიზოდები ამოიჭრა და კადრს მიღმა დავრჩი. მერე მერაბ კოკოჩაშვილმა ''ნუცას სკოლაზე'' დამიძახა. იმ დროს მეოთხე კურსზე ვიყავი და გადაღებები ხუთ-ექვს წელს გაგრძელდა. რამდენიმე ფილმში კიდევ მივიღე მონაწილეობა და შემდეგ იყო სერიალი ''ცხელი ძაღლი'' , სადაც სულ შემთხევით მოხვდი.
- ''შემთხვევით'' , როგორ?
- თეატრში არსად დაკავებული არ ვიყავი. მაშინ არეული დროც იყო, ვქეიფობდი, იმ დროს ბევრს ვსვამდი და დროს მეგობრებთან ვატარებდი. მეგობრებმა დამირეკეს, კრიმინალურ დეტექტივს იღებენ და კასტინგზე წადიო. მივედი და არ დამხვდნენ.
- დააგვიანეთ, წასულები დაგხვდნენ თუ?
- შაბათ-კვირა დაემთხვა. მე მაშინ დრო არეული მქონდა... თან
მეგობარი მახლდა და მან მთხოვა, მეორედ კიდევ მივსულიყავით. ორშაბათს მე წამოგიყვანო. არ მივყვებოდი, თავი დამანებე-მეთქი, მაგრამ მან ძალით წამიყვანა. ფოტო რომ გადამიღეს, თმა და წვერი მოშვებული მქონდა. ვფიქრობდი, რამე კრიმინალურ სერიალს თუ იღებენ, ერთ ბანდიტს როგორ არ მათამაშებენ-მეთქი, მაგრამ ორი კვირის შემდეგ სერიალიდან რომ დამირეკეს და მაცნობეს, პოლიციელის როლზე ვიყავი დამტკიცებული, გამიკვირდა. პოლიციელის თამაში არ მინდოდა, მითხრეს, შენი გმირი მთელ სერიალს გაჰყვებაო და წავედი. თავიდან ორ-ორ სიტყვას ვამბობდი, მერე არ ვიცი, ალბათ მოეწონათ, ნელ-ნელა მომიმატეს ტექსტიც და დროც გამიხანგრძლივეს.
- ეს სერიალი პირველივე სეზონიდან პოპულარული იყო. ქუჩაში ხალხმა პირველად ამ სერიალიდან გიცნოთ?
- დიახ, ''ცხელმა ძაღლმა'' დიდი როლი ითამაშა. ასევე რეკლამამ, რომელიც პატიმრის წამებას უკავშირდებოდა. მაგრამ სერიალი მაინც სულ სხვაა, მისი პერსონაჟები ხალხისთვის ოჯახის წევრებივით ხდებიან.
- გვარი გქონდათ დასამახსოვრებელი...
- ჰო, ქათამაძე. როგორც ვიცი, ეს გვარი ''ვერის უბნის მელოდიებიდან'' არის აღებული.
- ზაზა ურუშაძე როგორი რეჟისორია?
- ზაზა ყველაზე მაგარია რეჟისორია. ჩემთან სულ ისეთი დამოკიდებულება ჰქონდა, რომ მძაბავდა. მითხრა, როცა შენ გაგანერვიულებ, რაც მინდა, იმას ვიღებო. ერთხელ ვუთხარი, აღარ შემიძლია, სანამ ეს სერიალი დამთავრდება, შეიძლება, ინფარქტი დამემართოს-მეთქი.
- რას ითხოვდა თქვენგან?
- რამე დავალებას რომ მომცემდა, არ არის სწორი, არ ვარგა, არ მომწონსო - მეტყოდა და რამდენიმე დუბლს ვიღებდით. ერთხელ ვუთხარი, აბა, როგორ გავაკეთო, ამიხსენი, შენ მაჩვენე-მეთქი. კამერასთან მე დავდექი, თვითონ შემოვიდა ოთახში, გაშალა ხელები და მიხსნიდა როგორ უნდა მემოქმედა. არ ვარგა, თავიდან-მეთქი, ვუთხარი. გავაგიჟე კაცი, ახლა მანდ არ მომიყვანოო (იღიმის). ძალიან მიყვარს ზაზა, კარგი კაცია.
- გარშემო თუ გყავთ პერსონაჟთა პროტოტიპები, რომლებიც იდენტურად გადაგაქვთ როლზე?
- არა, ეს არ შეიძლება. ვიღაცის თამაში არა მგონია, კარგი იყოს. ჩვენს ქვეყანაში ბევრი დამახასიათებელი ტიპია. მათი თამაში შარჟს დაემსგავსება.
- მითხარით, რომ სვამდით, არ გქონდათ თეატრში როლები. შეიძლება ითქვას, რომ ''ცხელმა ძაღლმა'' ამ მდგომარეობიდან გამოგიყვანათ?
- კი. სერიალის დროს გაჩნდა სამსახური, ფული, გინდა, არ გინდა - მოწესრიგებული უნდა იყო. მერე გამოფხიზლდები და ხედავ, რომ თურმე რაღაც სხვაც ხდება შენ გარშემო. თუმცა, პოპულარობის მოსვლის შემდეგ მაინც ხშირად მესმოდა - ''წამოდი რა, დავლიოთ, წამოდი''. აღარ მინდა ეს დალევა, დამღალა-მეთქი, ვეუბნებოდი.
- ახლა აღარ სვამთ?
- აღარ (იღიმის).
- გიფიქრიათ, რომელია როლი, რომელსაც არასოდეს ითამაშებთ...
- კი, მაგრამ ვითამაშე. ეს ისევ ზაზასთან იყო, ''სამ სახლში'' . მერე ვიფიქრე, რომ თუ მსახიობი ხარ, უნდა ითამაშო-მეთქი და...
- დავაკონკრეტოთ ვისი როლი იყო, ზოგი ვერ მიხვდება...
- გეის როლი.
- მე მიყვარს ეს ფილმი...
- ჰო, ბევრს მოსწონს. ვიღაცები რომ მოდიოდნენ და მილოცავდნენ, აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი, მაგრამ როცა პროფესია გაქვს ასეთი, შეიძლება, ერთ დღეს მეფის თამაშმა მოგიწიოს და მეორე დღეს - გეის.
- ბატონი ჟანრი ლოლაშვილის სექსუალურ პარტნიორს თამაშობდით...
- ჰოო (იღიმის).
- შემოთავაზება რომ მიიღეთ, დაგჭირდათ დრო გადაწყვეტილების მისაღებად?
- ვფიქრობდი იმაზე, როგორ მიიღებდა ამას საზოგადოება, მაყურებელი.

- ამ როლის შესრულების შემდეგ მოისმინეთ თუ არა ისეთი ფრაზა, რომელმაც გული გატკინათ?
- არა, არანაირი. ფილმის სანახავად რომ წავედი, მეგობრებთან ერთად ვიყავი. თავიდან მეგობრები დამცინოდნენ, მაგრამ შემდეგ აღარავის უთქვამს რამე. მაყურებელს უარყოფითი რეაქცია არ ჰქონია.
- რეჟისორს თქვენი სცენა არ აქვს გამაღიზიანებლად გაკეთებული და ალბათ ამიტომ...
- დიახ, ვიცოდი ვისთან ვთამაშობდი და რა ხალხთან. ზაზა კარგად იღებს.
- შეგიძლიათ, სამი სიტყვით თავი დაახასიათოთ?
- ვერ გეტყვით, სხვამ თქვას.
- მაშინ ის მითხარით, რასაც მეგობრები ამბობენ თქვენზე...
- გააჩნია მეგობრების კატეგორიას. ვიღაცები ამბობენ, რომ ძალიან ცუდი ენა მაქვს, ბევრი ამბობს, რომ ძალიან კეთილი ვარ.
- ''ცუდი ენა'' ხუმრობის თვალსაზრისით?
- დიახ, თორემ ბილწი ენა კი არა. მესამე ალბათ ის, რომ ყველა აღნიშნავს, გავხდი (იღიმის).
- წონაში დიეტით დაიკელით?
- დიახ. და თან აღარ ვსვამ.
- დაბოლოს, რომ არა მსახიობი, ვინ იქნებოდით?
- ვერ გეტყვით, არ ვიცი. მიყვარს ჩემი პროფესია...
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















