21 აგვისტო, 2013
რა აჩუქეს დავით აქუბარდიას ნიკა გრიგოლიამ და დავით გოგიშვილმა
არ მიყვარს არალეგალური ხელოვნება. თან ჩემი მოღვაწეობისა და მოქმედების არეალი სოციალურს ვერ სცდება ''ვისაც გაინტერესებთ კოაბიტაციის სრული განმარტება, ნიმუშისთვის გთავაზობთ ფოტოს'' - ეს წარწერა იუმორისტმა დავით გოგიშვილმა იმ ფოტოს წაუმძღვარა, რომელიც ტელე-კომპანია ''ჯი-დი-ეს'' -ის საახალწლო კლიპის გადაღებაზე მაღალ გოგონასთან, ნინი გაფრინდაშვილთან გადაიღო. სახალისო ფოტოებს დათოს ''ფეისბუქზე'' მრავლად აღმოაჩენთ. ერთ-ერთი მათგანი დავით აქუბარდიას სტუდიაშია გადაღებული. სწორედ ეს ფოტო ამოვარჩიეთ დღეს სასაუბროდ და დათოს მისი ისტორიის მოყოლა ვთხოვეთ.

- დათო, ფოტოსესიასთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- ძალიან პროტოკოლური.
საგანგებოდ ვემზადები ხოლმე. თან თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მეტრი და 20 ვარ ნახტომში, დიდი ძალისხმევა მჭირდება, რომ ფოტოსესიით საგანგებოდ შევამკო ჩემი ფიზიკური სიდიადე პიარის ინგრედიენტების თანხლებით. ამას წინათ ''ინსტაგრამზე'' დავრეგისტრირდი და ჩემი საბრძოლო ნათლობა ''სვეტსკი'' სამეფოს ამ ჭეშმარიტების უმაღლეს ინსტანციაში საგანგებოდ აღვნიშნე.
- როგორ?
- ტუჩები ავტყორცნე უკანონო მიშენებასავით და მაქსიმალურად თანამედროვე ''სვეტსკობის'' დამცავი ჰოლოგრამის მაქსიმალურად მიახლოებული ვარიანტი დავდე. სათაურიც გავაკეთე, ნაკურთხი ''ინსტაგრამი'' მაქვს-მეთქი.
- თავად თუ იღებ ფოტოებს? პაპარაცული ფოტოები თუ გადაგიღია?
- მიყვარს კარგი ტელეფონი, კარგ ფოტოებს რომ იღებს. საერთოდ, სულ ისეთი ტელეფონები მქონია, ლამის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოება შეუძლია აივნიდან შეზლონგზე წამოწოლილს. პაპარაცობას რაც შეეხება, არ მიყვარს არალეგალური ხელოვნება. თან ჩემი მოღვაწეობისა და მოქმედების არეალი სოციალურს ვერ სცდება. ელიავას ბაზრობაზე ვინ უნდა გადაიღო? საჩხერის ქვიშა გექნება სულ კადრში.
Rating
- ამ ფოტოს ისტორია გვიამბე, დავით აქუბარდიასთან რომ ხარ გადაღებული, ნიკა გრიგოლიასთან ერთად...
- ადრე ნიკა ამბობდა, საინტერესო ადამიანი ჩანს დავით აქუბარდია, სიამოვნებით ვიძმაკაცებდი მასთანო. 5 მაისს მიგვიწვია ბატონმა დავითმა თავის გადაცემაში და ძალიან ბევრ საინტერესო თემას შევეხეთ. კადრს მიღმა დავითი აქტიური და უშუალოა. ნიკამ გადაცემაში წამყვანის პაროდია გააკეთა, ის გადაცემა გაახსენა დავითს, სადაც წამყვანი სტუმარს უხსნის, რა არის ჯაკუზი და თან ჯაკუზის ჩარჩოში ჩასმული ფოტო აჩუქა. ბატონმა დავითმა თანამშრომლობა შემოგვთავაზა, თუ ისურვებთ, რამე პროექტი გააკეთეთო.
- საინტერესო იქნება ციყვი ''კავკასიაზე'' . რა ტიპის პროექტს წაიყვანდი?
- ბატონ დავითთან ზოგჯერ ისეთი სტუმრები მიდიან, რომლებიც დღესაც თავიანთ ფიქრებში კომპარტიის მე-15 პლენუმზე არიან და გეგმებს უთანხმებენ ვასილ მჟავანაძეს. ბატონ დავითთან დუეტში ბევრ სასაცილო კითხვას დავუსვამდი ამ ადამიანებს. ასე მაგალითად (სრული სერიოზულობით), - გორში გადაწყდა კესარია აბრამიძის ძეგლის დადგმა და რა აზრის ბრძანდებით ამ ფაქტზე? დარწმუნებული ვარ, სრული სერიოზულობით მოეკიდებოდნენ ამ ამბავს.
- როგორ მიგიღოთ ბატონმა დავითმა, მის გადაცემებზე რას გვეტყვი?
- ჩემი აზრით, დავითი ქართული ტელესივრცის ლარი კინგი გახლავთ, ადამიანი, რომელსაც თავისი შემოქმედება ლარნახევარი უჯდება და სულ აქვს რეიტინგი. თბილად მიგვიღო. რომ მივედით, ვუთხარი, ქართული იუმორისტული სამყაროს მერაბ კოსტავა და ზვიად გამ-სახურდია გესტუმრათ-მეთქი (იცინის).
- დათო, შვებულებას სად ატარებ წელს?
- სოციალურ სამომხმარებლო კალათას რომ გადავხედე, დასვენების ბევრი ჟანრი და მიმართულება სეკვესტრში მოყვა, ამიტომ წელს მარხვის ფორმატში ვისვენებ.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS