- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ხშირად ვისვენებდი
- ფოტოგრაფიით როდის დაინტერესდი?
- ბავშვობიდან ბევრი რაღაც მინდოდა, ნატურით შემოქმედი ადამიანი ვარ. ამის მიუხედავად, დიპლომატიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. პირველი ფოტოაპარატი მამამ მაჩუქა, ოღონდ ამას მთლად ფოტოაპარატს ვერ დავარქმევ. ეს იყო ორმეგაპიქსელიანი, 2005 წლისთვის ძალიან კარგი მობილური ტელეფონი. შემდეგ მქონდა სამოყვარულო ფოტოაპარატი, მალე ისევ ვიყიდე ფოტოაპარატი, მაგრამ ლინზა გამიფუჭდა. არ მიმართლებდა... წლების განმავლობაში სხვებისგან ვთხოულობდი ფოტოაპარატს და ისე ვიღებდი სურათებს. ასე გაგრძელდა 2012 წლამდე. ერთ-ერთ პაბში ბენდთან ერთად მუშაობა დავიწყე და შემოსავალი გამიჩნდა. რამდენიმე მუსიკალურ პროექტშიც მიმიღია მონაწილეობა. ბევრ რამეზე ვარ მოდებული. ახლა მინდა, რომ სარეჟისოროზე ჩავაბარო.
- ფოტოაპარატი საკუთარი ხელფასით შეიძინე?
- დიახ, გავრისკე და უკანასკნელად უკვე ბანკიდან ავიღე სესხი, რასაც ხელფასით დღემდე ვფარავ. როდესაც პროფესიონალური ფოტოაპარატი შევიძინე, პირველ გადაღებაზე გოგონა წავიყვანე და საინტერესო ფოტოსესია ჩავატარეთ. სახლში აღფრთოვანებული დავბრუნდი, ყველა პირობა მქონდა იმისთვის, რომ რაღაც გრანდიოზული გამეკეთებინა. კომპიუტერში რომ გადავიტანე, მომეწონა, კარგი ხარისხის ფოტოები იყო, მაგრამ რასაც ველოდი, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდებოდა, ასე არ იყო. თითქმის ვერ დავინახე სხვაობა გარდა ხარისხისა, მაშინ დავრწმუნდი ერთ რამეში, რომ არავითარი ტექნიკა, მხოლოდ ტვინი იღებს.

- ცნობილი ადამიანებიდან ბევრი მოხვედრილა შენს ფოტოობიექტივში...
- მაგ მხრივ გამიმართლა, ბედნიერი ადამიანი ვარ. უარს თითქმის არავინ მეუბნება. ვისაც მინდოდა, ვუღებდი. კახი კავსაძეს, ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, კარგად ვიცნობდი, მაგრამ მაინც მამას ვთხოვე შუამავლობა, მომერიდა. კახი კავსაძე და ჯემალ ღაღანიძე უდიდესი პროფესიონალები არიან, მაგრამ მერჩივნა, სცენის ნაცვლად სახლში გადამეღო, მაინტერესებდა, როგორები არიან შინ. კარგად მახსენდება ანი იმედაშვილის გადაღება, გვანცა ჯაფარიძის, რომელსაც `საქართველოს ვარსკვლავმა~ დიდი პოპულარობა მოუტანა.

- პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრები თუ გადაგიღია?
- არა, დიდი ხანია, რაც ბიძინა და ეკა არ მინახავს, მათ თავიანთი საქმე აქვთ. კარგია, მიხედონ ქვეყანას (იცინის). ბავშვობაში მე, გვანცა, უტა და ბერა ერთად ვთამაშობდით, მაგრამ დიდი ხანია, ისინიც არ მინახავს. ვიცი, რომ დაკავებული არიან და არ ვაწუხებ. თუ მოხდება ისე, რომ სადმე ჩვენი გზები გადაიკვეთება, რატომაც არა. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ `ჯიდიესის~ მუსიკალურ პროექტში მივიღე მონაწილეობა და ჩემი დაწერილი ერთ-ერთი სიმღერა სტუდიურად ჩამიწერეს, სატელევიზიო კლიპი გადამიღეს და ტელევიზიით ტრიალებდა. ძალიან მადლობელი ვარ ამ პროექტისთვის. ბერასთან შესახვედრად ზედმეტად არ მიაქტიურია.
- შენი სოფელი თუ გადაგიღია?
- უფრო ადრე, როდესაც ფოტოებს მობილურით ვიღებდი. რაც ახალი აპარატი მაქვს, ვეღარ მოვახერხე გადაღება. თან მინდა, ტექნიკურად გამართული იყოს ყველაფერი. ამ ზაფხულს რომ ჩავალ, აუცილებლად გადავიღებ, ისე, როგორც ეკუთვნის. სხვათა შორის, `ფეისბუქზე~ ჩემი სოფლის გვერდი მაქვს გაკეთებული. ეს ჯერ კიდევ მაშინ გავაკეთე, სანამ ბიძინა პოლიტიკაში წავიდოდა. გული მწყდება ერთ რამეზე, ჭორვილა მხოლოდ აშენებულ სახლებთან ასოცირდება და ამ დროს, ბევრი ვერავინ გაიხსენებს ისეთ ქართველს, რომელმაც მილიარდი იშოვა და თავის სოფელში დაბრუნდა საცხოვრებლად. ეს ამ სოფლის დამსახურებაცაა. რაღაც არის იქ ისეთი, რაც სასწაულად გიზიდავს და ადამიანად გაყალიბებს. მე თუ ჩემ თავს კარგ პიროვნებას ვუწოდებ, ეს ჭორვილას დამსახურებაა. საბედნიეროდ, იქ შიმშილის პრობლემა არ არის. ბიძინას, რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს. რომელ რაიონში გინახავთ უფასო საავადმყოფო.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“




















