12 აგვისტო, 2013
რეზო კლდიაშვილს სტუდენტებთან საკუთარი ''თეატრი'' აქვს
თენგიზ აბულაძე ჩვენი მეზობელი იყო, ეზოში ხშირად ვხვდებოდით, ვსაუბრობდით სტუმრად მისული ჯერ საოჯახო ბიბლიოთეკით დავინტერესდი. ქიმიის პროფესორსა და დრამატურგ რეზო კლდიაშვილს მდიდარი ბიბლიოთეკა აქვს. პროფესიიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში ძირითადად სამეცნიერო ნაშრომებს ეცნობა, ხოლო პიესების წერამ მეორე პლანზე გადაინაცვლა. მისი პირველი მოთხრობები პირველად ჟურნალ ''ცისკარში'' დაიბეჭდა, რასაც მაშინდელ რედაქტორ მორის ფოცხიშვილს უმადლის. ამ ეტაპზე ახალ პიესას წერს, რომლის დადგმას თავადვე გეგმავს...
ახლახან დოდო ალექსიძის ქალიშვილმა ნინამ მამაზე წიგნი გამოსცა და საბერძ-ნეთიდან გამომიგზავნა წარწერით

- საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა
გვაქვს. ჩემი მეუღლის ბებია მალიკო მრევლიშვილი გახლდათ, თეატრალური ინსტიტუტის ქართული სასცენო მეტყველების ერთ-ერთი დამაარსებელი, ხოლო ბაბუა - რუსთაველის თეატრის დირექტორი. ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში ჩამოსული სტუმრები მიჰყავდათ მცხეთაში, სვეტიცხოველს, ჯვარს აჩვენებდნენ და საღამოს რუსთაველის თეატრში ეპატიჟებოდნენ. შესაბამისად ამ ოჯახში ხშირად ხვდებოდნენ იმ პერიოდის ცნობილი მსახიობები, რეჟისორები, მწერლები და ა.შ. მაგალითად, ერთხელ სტუმრად ყოფილან ალექსეი ტოლსტოი და მისი მეუღლე. წიგნებს ჩემი მეუღლის ოჯახის წევრებიც ყიდულობდნენ და ჩვენც, მაგრამ ახლა, სიმართლე რომ გითხრათ, ვცდილობ, ნაკლებად შევიძინო რამე, რადგან აღარ ვიცი, ამდენი წიგნი სად განვათავსო. დღეს ძირითადად შვილიშვილისთვის ვყიდულობ წიგნებს, ჩემთვის - პროფესიულ ლიტერატურას, ნაწილსაც ინტერნეტიდან ''ვქაჩავ'' . იმავდროულად ძალიან ბევრი ნაჩუქარი წიგნი გვაქვს და მათ დღესაც ვიღებ.
- რომელთაგან უამრავი უშუალოდ ავტორის მიერ იქნება მოძღვნილი...
- დიახ, ბევრია ასეთი. მოდი, რამდენიმეზე შევჩერდები. ჩვენი მეზობელი გახლდათ ნოდარ ანდღულაძე. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და მისგან საჩუქრად რამდენიმე წიგნიც მაქვს. ჩემი სიდედრი და ნოდარი ტოლები იყვნენ. მოგვიანებით ჩემმა შვილმა გიორგუნამ ერთ-ერთ წიგნზე აღმოაჩინა წარწერა, რომელიც, როგორც ჩანს, ბავშვობაში ნოდარს ჩემი სიდედრისთვის დაბადების დღეზე უჩუქებია. იქ თბილი და მოკრძალებული სიტყვები ეწერა და აქედან გამომდინარე შეიძლებოდა გეფიქრა, რომ მეზობლებს შორის ბავშვური მოწონება იყო. მთელი ახალგაზრდობა დოდო ალექსიძის ოჯახში გავატარე. ბატონ დოდოსთან საოცარი საზოგადოება იკრიბებოდა და საღამოობით ჩაის სვამდნენ. გაიღებოდა კარი და შემოვიდოდნენ რისმაგ გორდეზიანი, გასტონ ბუაჩიძე, პიკო ნიჟარაძე და ციცინო ციციშვილი... არ ვიცი, რომელი ერთი დავასახელო. ჩვენ, მისი ქალიშვილის ნინას მეგობრები, იმ საზოგადოებაში ვიყავით გარეული და შესანიშნავ ამბებს ვისმენდით. ახლახან დოდო ალექსიძის ქალიშვილმა ნინამ მამაზე წიგნი გამოსცა და საბერძნეთიდან გამომიგზავნა წარწერით: ''ძვირფას ირინას და რეზოს ჩვენი ახალგაზრდობის დაუვიწყარი და უბედნიერესი ოქროს ხანის გასახსენებლად. დიდი სიყვარულით მუდამ თქვენი ნინა ალექსიძე'' .
მედეა კუჭუხიძე შესანიშნავ წერილებს წერდა და არ აქვეყნებდა. სულ ვკითხულობდი და შევუჩნდი, აუცილებლად გამოეცა. თუ დღეს არსებობს მედეა კუჭუხიძის შესანიშნავი წიგნი ''ლოდი, რომელიც შეურაცხყვეს მშენებელთა'' , ამაში დიდი წვლილი მეც მიმიძღვის. მედეამ წარწერა გააკეთა: ''ამ წიგნის სულის ჩამდგმელს, რეზო კლდიაშვილს, მადლიერებითა და სიყვა-რულით, მედეა კუჭუხიძე'' . აქვე მაქვს სიმონ ჩიქოვანის ნაჩუქარი წიგნები, ასევე სერგო კლდიაშვილის ნაჩუქარი წიგნი წარწერით - ''ჩემს რეზუნას დიდი სიყვარულით'' . ირაკლი აბაშიძის წიგნი, რომელიც მისმა შვილებმა ვახტანგმა, ირინამ და ზურამ გვაჩუქეს. ასევე ნათელა ურუშაძის წიგნი ''მიხეილ თუმანიშვილი ფიქრობს '' . ჩემი ქალიშვილი რომ გათხოვდა, ნათელამ ქორწილში წიგნი აჩუქა: ''ჩემო ანუკა და ჩემო არჩილ, მიხარია, რომ თქვენი ბედნიერი ერთად ცხოვრების პირველ დღეს ვესწრები. მჯერა, რომ ეს ცხოვრება მშვენიერი ინტერესებით იქნება აღსავსე. გახსოვდეთ, რომ მშვენიერი ინტერესები დიდი ძალაა. ნათელა ურუშაძე, 19 სექტემბერი, 2004 წელი'' . აქვე დევს შესანიშნავი მუსიკათმცოდნის ნანა ქავთარაძის წიგნი წარწერით: ''ირინას და რეზოს, ქართული ინტელიგენციის რჩეულ წარმომადგენლებს, ჩემი მოკრძალებული ნაშრომი. პატივისცემით, სიყვარულით, მოკრძალებითა და მადლიერების გრძნობით'' . მინდა გითხრათ, რომ ნანა ქავთარაძემ ორი ისეთი რეცენზია დაწერა ჩემს პიესაზე, რომ თავის დროზე სოფიკო ჭიაურელი და მე საღამოს აივანზე ვისხედით და ის რეცენზია ორჯერ წავიკითხეთ. თენგიზ აბულაძე ჩვენი მეზობელი იყო, ეზოში ხშირად ვხვდებოდით, ვსაუბრობდით. მცირე ხნის წინ ნანა ჯანელიძემ მაჩუქა წიგნი უცნაური წარწერით: ''ჩემს ლევ ტოლსტოის ნატაშასაგან'' (იღიმის).
- ცოტა ხნით წარსულში დავბრუნდეთ და თქვენი პირველი, დამოუკიდებლად წაკითხული წიგნები გავიხსენოთ...
- სკოლაში კარგი ქართულის მასწავლებელი გვყავდა და მისი რჩევით ბევრს ვკითხულობდი. შინ კი ბაბუას სულ წიგნი ეკავა ხელში. ის ძალიან განათლებული კაცი იყო. მაშინ ქუთაისში ვცხოვრობდით და აკაკი ვასაძე მოხიბლული იყო მისი პიროვნებით. საღამოობით ჩაიზე ბაბუასთან მოდიოდა, ისხდნენ და საუბრობდნენ. ბაბუა მირჩევდა წასაკითხად ლიტერატურას. პირველად ძალიან ბევრ ზღაპარს მაკითხებდა, რაც ფანტაზიის განვითარებას უწყობს ხელს. მას ევროპული განათლება ჰქონდა მიღებული და ბევრი სხვადასხვა ქვეყნის ზღაპარს მიყვებოდა. რაც შეეხება ცალკეულ ავტორებს, როგორც მახსოვს, ალექსანდრე ყაზბეგით დავიწყე, შემდეგ ვაჟა-ფშაველა შემოვიდა, მოგვიანებით - დავით კლდიაშვილი...
- პერსონაჟი, რომელიც მსოფლიო ლიტერატურიდან გამორჩეულად გიყვართ...
- არ ვიცი, ასეთი ბევრია. მაგრამ ახლა ერთს დაგისახელებთ. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ეს არის დარისპანი. დავით კლდიაშვილის დარისპანის ტრაგედია სულ მაწუხებს. ბოლო წლებში ის ხშირად მახსენდება. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი რამ მაქვს წაკითხული, ეს გმირი მაინც გამორჩეულია ჩემთვის. წარმოიდგინეთ, დარისპანი გამოდის სახლიდან, გამოჰყავს კაროჟნა, შინ კიდევ ტოვებს გასათხოვარ ქალიშვილებს, მიდის მტვრიან ორღობეებში და ფიქრობს, როგორ გაათხოვოს კაროჟნა, რომ სახლიდან ერთი მჭამელი მოიშოროს. საოცარი მწერალია დავით კლდიაშვილი. კი, სკოლაში მასწავლიდნენ მის ნაწარმოებებს, მაგრამ მე ის 35 წლის ასაკში ხელახლა წავიკითხე. აგარაკზე ვიყავი და დავიწყე კლდიაშვილის შესწავლა. მაშინ დავიწყე დრამატურგიაზე ფიქრი და შეიძლება ითქვას, ამისკენ მისმა შემოქმედებამ მიბიძგა.
- პატარა შვილიშვილი გყავთ. ყველა ჩივის, რომ კომპიუტერმა ბავშვები წიგნს მოსწყვიტა. თქვენი აზრით, რა შეიძლება მათ წავაკითხოთ, რომ წიგნს დავაახლოოთ?
- დიახ, ჩვენ ეს პრობლემა გვაქვს. ჩვენს სახლში სულ ისმის, ქეთი, აღარ გინდა კომპიუტერი, გამორთე!..
- მარტო თქვენ არ გაქვთ ეს პრობლემა...
- ჰო, მაგრამ სანამ თქვენ მოხვიდოდით, ორი ქართული ზღაპარი წავიკითხეთ. ჩვენთან კიდევ სხვა თემაა პრობლემური. ქეთი 7 წელი საქართველოში არ ცხოვრობდა. ის ჩინურსა და ინგლისურ ენას ფლობს. როცა მეგობრები ურეკავენ, ხან ჩინურად ელაპარაკება და ხან ინგლისურ ენაზე. ჩვენი პრობლემა ქართული ენაა. ახლა მასთან მასწავლებელი დადის და ენაში ამეცადინებს. სკოლაში აქ უნდა იაროს და ამიტომ ქართული კარგად უნდა ვისწავლოთ. ქეთი უკვე კარგად კითხულობს ქართულად, მაგრამ ბევრი ცალკეული სიტყვის ახსნა მიწევს. ჩემი შვილიშვილი ქართულად ლაპარაკობს, ესმის და ნელ-ნელა კითხვაც ვისწავლეთ, მაგრამ კარგად მესმის იმ ბავშვების, რომლებიც საქართველოდან აყრილი არიან და საზღვარგარეთ ცხოვრობენ. გული მტკივა, ამ გზით ბევრ ქართველ ადამიანს ვკარგავთ.
- ბოლო წლებში ალბათ უფრო მეტად პროფესიულ ლიტერატურას კითხულობთ...
- სიმართლე გითხრათ, ბოლო პერიოდში ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ასეა. მხატვრულ ლიტერატურას არ ვეცნობი, უფრო მეტად - პროფესიულს და იმავდროულად - სამეცნიერო და ფსიქოლოგიური ჟანრისას. ახლახან წავიკითხე ფსიქოლოგ რუსუდან მირცხულავას ''ფსიქოლოგიური დრამიდან ფსიქოდრამამდე'' . რამდენიმე დღის წინ ჩემს მეგობარ ია ჟვანიასთან ვიყავი, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი მაღალი რანგის მეცნიერი ქალია. ნანოტექნოლოგიები მაინტერესებს და ამ თემაზე ვისაუბრეთ. მინდა, სტუდენტებთან ლექციები ნანოტექნოლოგიის საკითხებზე წარვმართო და ამას დიდი მუშაობა ესაჭიროება. ერთად გვინდა, ისეთი სახელმძღვანელი გავაკეთოთ, რომ სტუდენტებს მივაწოდოთ. მოდუნების უფლება არ მაქვს. ხანდახან მეკითხებიან, რატომ არ ვწერ ახალ პიესებს, მაგრამ ახალ პიესას ''თავისუფალი ტვინი'' სჭირდება. ახლა მინდა, ჩემი ერთი დაწყებული პიესა-კომედია ზღვაზე წავიღო და ალბათ წერას იქ დავასრულებ. კომედიას ჯერჯერობით ''იმერული რეკვიემი'' ჰქვია. ძალიან დიდი ბოდიში რეჟისორებთან, მაგრამ მინდა, ეს პიესა თავად დავდგა. ვფიქრობ, რომ დადგა ჩემს ცხოვრებაში ეს დრო და ასეთი გადაწყვეტილება მივიღე.
- წერთ და ალბათ იმაზეც ფიქრობთ, ვინ განასახიერებს ამა თუ იმ პერსონაჟს...
- დიახ, ყველაფერზე ნაფიქრი მაქვს და ფაქტობრივად ვიცი მათი ვინაობა, მათთვის ვწერ.
- შეიძლება ითქვას, რომელი თეატრის დასია?
- ჯერ არ მინდა თქმა, მაგრამ ერთ-ერთ თეატრს მივუკაკუნებ (იღიმის). შეიძლება, ეს პიესა არ დავდგა თეატრში, მაგრამ იყოს რომელიმე საინტერესო სივრცე, ვნახოთ.
- თბილისში?
- დიახ, თბილისში მინდა. დროის დეფიციტი მაქვს, თორემ სიამოვნებით წავიდოდი სხვა ქალაქში ამ კომედიის დასადგმელად. საერთოდ, ძალიან გატაცებული ვარ სტუდენტებთან მუშაობით, მათთან ჩემი თეატრი მაქვს. ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამედიცინო აკადემიაში ვკითხულობ და სტუდენტებს მოვამზადებინე სემინარი თემაზე ''წყალი და მისი ხასიათი'' . სხვადასხვა ქალაქიდან, რაიონიდან და სოფლიდან არიან და შემდეგ თითოეულმა იმ სკოლაში გააკეთა სემინარი, რომელიც დაამთავრა. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ენერგეტიკის ფაკულტეტზეც ვკითხულობ ლექციებს და იქაურ სტუდენტებთანაც ეკოლოგიურ პრობლემებზე ძალიან საინტერესო ლექციები გვქონდა. დარწმუნებული ვარ, ეკოლოგიური სემინარების - ''დედამიწა ჩვენი საერთო სახლია'' მოსმენის შემდეგ, ჩემი სტუდენტი არასოდეს იკადრებს ხის მოჭრას. ახლა პირველ სექტემბერს ველოდები, რომ მათ ახალი თემა შევთავაზო და ეს იქნება რადიაცია. აქვე მინდა, ყველას გასაგონად ვთქვა, რომ ძალიან კარგი სტუდენტობაა მოსული. ვგრძნობ, რომ მაშინვე იწყებენ მიცემული დავალების შესრულებას. ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, მაგრამ ბევრი ჩემი სტუდენტი მეამაყება.
- ბატონო რეზო, ბოლოს ვინ რა წიგნი გაჩუქათ და თქვენ რა გააჩუქეთ?
- ჩემი ბუკლეტი გამოვიდა და ის დავარიგე. შემდგენელი თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილია და ეს წიგნი მომწონს. ხოლო მე ნანა ქავთარაძემ მაჩუქა თავისი წიგნი, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია.

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS