- ქუთაისში დავიბადე და 12 წლამდე იქ გავიზარდე. ჩემი მშობლები სვანები გახლდნენ. ორივე კარგად მღეროდა. დედა, მზია მეშველიანი, სპორტსმენი იყო, ტანმოვარჯიშე, პედაგოგი. მამა, ბიჭიკო ონიანი - ინჟინერი... წარჩინებული და პოპულარული მოსწავლე ვიყავი სკოლაში. პირველი პატარა გახლდით საქართველოში, რომელიც 4 წლიდან სცენაზე იდგა. იმ პერიოდში, 70-იან წლებში, პატარა ბავშვები არ ცეკვავდნენ დიდ სცენაზე. პირველი ოქროს მედალი დიდმა ილიკო სუხიშვილმა სვანურ ცეკვაში გადმომცა ფილარმონიაში. ჩემი ქო-რეოგრაფი მყავდა, ინდივიდუალურ ცეკვებს ვცეკვავდი. ვიყავი ''გორდაში'' , ძმებ ლომთათიძეებთანაც პროფკავშირებში, ჭაბუკიანთანაც ვსწავლობდი.
- განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდებათ მშობლების მხრიდან?
- დედამ ბავშვობიდან პუნქტუალობას, წესრიგს მიმაჩვია. ჩემი პატარა ჩანთა მქონდა ყოველთვის ჩალაგებული, რომელშიც ეწყო საგარეო ტანისამოსი, სარეპეტიციო ფორმა, პირადი ნივთები. ეს სამოგზაურო ჩანთა იყო. 4 წლიდან, ფაქტობრივად, თვითმფრინავში ვცხოვრობ. მქონდა უამრავი გასტროლი. როცა დიდი ღონისძიება ტარდებოდა მოსკოვში, კრემლის სასახლეში, ქართულ დელეგაციასთან ერთად თითქმის ყოველთვის მეც მივდიოდი. პატარა კაცს მეძახდნენ. პატარა ვიყავი ფიზიკურად და შარვალ-კოსტიუმით დავდიოდი. ქუსლიან ფეხსაცმელს მაცმევდა დედაჩემი, ძალიან პატარაც რომ არ გამოვჩენილიყავი (იცინის).
- მშობლები ამაყობდნენ ალბათ თქვენით...
- არა მხოლოდ მშობლები, გვარიც. ვმღეროდი კიდეც, მოყვარულის დონეზე, სპორტი მიტაცებდა, თითქმის ყველა სახეობას ვფლობ, უბრალოდ, ცეკვის სიყვარული უფრო დიდი დო-ზით იყო ჩემში... მამა თავშეკავებული, უთქმელი კაცი იყო. ისე გავატარე ბავშვობა, მისი ხმამაღალი ლაპარაკი არ მახსოვს. ერთადერთხელ მახსოვს, სიგარეტზე გამომიჭირა, მხოლოდ მაშინ მეჩხუბა.
- როგორ გაიგო?
- ჩემი დის საშუალებით, სხვა ვინ გააკეთებდა, შინაურმა ჩამიშვა (იცინის). ერთი და მყავს და ერთი ძმა მყავდა, სამწუხაროდ, აღარ არის დღეს ცოცხალი. თანმიმდევრული ტრაგედია გვქონდა ოჯახში. ჯერ ძმა გარდამეცვალა, დედამ ვერ გადაიტანა და 8 თვეში ისიც წავიდა ამ ქვეყნიდან. ცოტა ხანში მამაც მომიკვდა. მე და ჩემი და დავრჩით. სამაგიეროდ, ძმისშვილები, დისშვილები და შვილები მყავს.
- სოციალური ფონი, ფინანსური მდგომარეობა როგორი იყო ოჯახში?
- დედაც მუშაობდა და მამაც. მოგვდიოდა ნობათი დედისა და მამის სოფლებიდან. დიდი ოჯახები ჰქონდათ ჩემს მშობლებს. მამა მეხუთე შვილი იყო, დედაჩემი - მეთერთმეტე. მამას უფროსი ძმა არის მოქანდაკე, ვახტანგ ონიანი. სულ საზღვარგარეთ იყო, მსოფლიო ტურს აწყობდა და ძალიან კარგი სათამაშოები ჩამოჰქონდა ჩემთვის იაპონიიდან, ამერიკიდან. ამ მხრივ განებივრებული ვიყავი.
- ყველა მამაკაცის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ის ქუჩაში გადის თავის დასამკვი-დრებლად. რა მოგცათ ქუჩამ გამოცდილების თვალსაზრისით?
- ეს პერიოდი იმ დროს დაემთხვა, როცა საქართველოში ყველაფერი ამოტრიალდა. 1989 წელს დავამთავრე ინსტიტუტი. 1988 წლის შიმშილობა, 1989 წლის 9 აპრილი, ყვველაფერი გამოვიარე. რუსთაველზე გავიზარდე, პიონერთა სასახლეში ვცეკვავდი... თავის გადარჩენის ინსტინქტი ქუჩამ შემძინა. სხვა ურთიერთობები იყო, სხვა ძმაკაცობა, სხვა მეგობრობა. ერთი შეცდომა და მკაცრად ისჯებოდი. ყველაზე მსუბუქი ფორმა ხელის გარტყმა იყო.
- მოგხვედრიათ?
- დასასჯელად არა, მაგრამ ჩხუბი ბევრჯერ მომსვლია, ალექსანდრეს ბაღი რინგად იყო ქცეული.
- გოგოს გამოც გიჩხუბიათ?
- იყო ესეც. თეატრალური ინსტიტუტის მოპირდაპირედ ''საბორჯომე'' იყო. ბორჯომის საყიდლად გადავედი, თეატრალურის სტუდენტი გახლდით მაშინ. ერთი პატარა გოგონა შე-მომხვდა აცრემლებული, ადრე ჩემთან ერთად ცეკვავდა, ჩანთა გამომძალა იმ ბიჭმაო, მითხრა. იქვე იდგა ის ბიჭიც, წამრთმევი გაიქცეოდა, ჰყვარებია ამ ბიჭს. ჩანთა დავაბრუნებინე. მაშინ მქონდა პატარა უსიამოვნება... სასიყვარულო ამბები მეც მქონდა, ძირითადად საგასტროლო, თუმცა სერიოზული არც ერთი არ გამოდგა. 27 წლის ასაკში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. 7-8 წელი შეყვარებულები ვიყავით. საქართველოდან ერთად წავედით გერმანიაში დასი. ჩემი მეუღლე, თინა ებიაშვილი, დღემდე ჩემი მენეჯერია, პროფესიით ფილოლოგი და ენათმეცნიერია. ჩვენი ბოლო პროდუქტი ლუკასია, ჩვენი შვილი, ბოლოსწი ნა - სპექტაკლი ''კარმენი'' . მეორე ბიჭი ჩემს მეუღლეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. 7 წლის იყო, ჩემთან რომ მოვიდა, ახლა 23 წლის არის.
- პროფესია როგორ აირჩიეთ?
- ამას წინათ სახლში პატარა ფურცელი ვიპოვე, მეორე კლასში ვიქნებოდი, რომ დავწერე, თუ მსახიობი გავხდები, ეროსი მანჯგალაძე იქნება ჩემი მაგალითი-მეთქი. ოჯახის მეგობარი იყო ეროსი და ძალიან მიყვარდა. ეროსი მანჯგალაძე ვერ გამოვედი (იცინის), ვერც ვერავინ გამოვა, მაგრამ თეატრალურზე ჩავაბარე პირველივე წელს. კინოსა და დრამის მსახიობი ვარ. მთლიანი კურსი მაქვს გავლილი პანტომიმის ჩათვლით. პარალელურად ვმუშაობდი პანტომიმის თეატრში.
- რატომ დატოვეთ საქართველო?
- არ დამიტოვებია, წელიწადში 3-4-ჯერ აქ ვარ. ყველა პოლიტიკურ გადატრიალებაზე აქ ვიყავი. ხან შეგნებულად, ხან შემთხვევით. არც ერთ მოძრაობასა და პარტიაში არ ვყოფილვარ, გვარი მიშლის ხელს (იცინის). საარბრიუკენში ვცხოვრობ უკვე დიდი ხანია. ძალიან მიყვარს საქართველო და როგორც კი თბილისში დაბრუნების სურვილი გამიჩნდება, იმ დღესვე მოვდივარ. ასე რომ, ნოსტალგია არ მქონია, არც იმ დროს, სინათლე რომ არ იყო ქვეყანაში. უშუქობაშიც ჩამოვდიოდი, ჩემს ოჯახს იმის შეგრძნება რომ არ ჰქონოდა, მე იქ კარგად ვიყავი და ისინი აქ უსინათლოდ. ამ მხრივ მათ პრობლემებს ვიზიარებდი. დღესაც ვინმემ რომ მითხრას, შენ გერმანიაში დარჩებიო, ძალიან გავბრაზდები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა, თუ დავრჩები, ჩემს სამშობლოში დავრჩები. საქმისთვის წავედი, თავიდან გასტროლები იყო, მერე სპექტაკლები, დადგმა, მონაწილეობა შოუებში... დღეს გერმანიაში მელოდრამის თეატრი მაქვს.
- პარალელურად მუშაობთ შოუებზე, ''ევროვიზიის'' ქართული ნომრების დადგმებს გიწუნებენ. როგორ ხვდებით კრიტიკას?
- კრიტიკა სასარგებლო რამ არის, უბრალოდ, კრიტიკაც არის და კრიტიკაც. ცუდი ისაა, რომ დღეს კრიტიკის ნაცვლად სალანძღავ სიტყვებს ვისმენთ. ვიღაცები ჩემ მაგივრად წერენ, ამბობენ. არადა, ლაპარაკი არ მეზარება. ასე რომ, რა ჰგონია ლაშა ონიანს ან რას ფიქრობს ლაშა ონიანი, მე უნდა მკითხონ.
- გეკითხებით, სად ხედავთ თქვენს შეცდომას ამ ორ ნომერში?
- ანრი კარგი მომღერალია, მაგრამ ბექვოკალისტებში სოლომომღერლების დაყენება უკვე შეცდომა იყო. ის, რომ ანრის ნომერს მესიჯი არ მიუვიდა, ჩემი ბრალი ნამდვილად არ ყოფილა.
- თავად მოგეწონათ ეს შოუ?
- ძალიან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო და ეფექტი ვერ მოახდინა.
- კერძოდ?
- დრო გვქონდა ცოტა, ვერ მოვემზადეთ. მთლიანობაში 5 რეპეტიცია გვქონდა სულ. მე რომ საქართველოში ჩამოვედი ნომერზე სამუშაოდ, სოლომომღერლებს გასვლითი კონცერტები ჰქონდათ რეგიონებში, როგორ ავუკრძალავდი მომღერალს კონცერტზე წასვლას, რეჟისორი კაცი ვარ, კარგად მესმის, რომ ისინი ამით შოულობენ ფულს.
- არც სალომე ჭაჭუას ეცალა? სალომე ბევრად უკეთ ცეკვავს, ვიდრე იქ გამოჩნდა...
- სალომეს ნომერს მე არ ვიწუნებ! თან მარტო დადგმა ხომ არ არის. იქ მხატვარი მუშაობს, დიზაინერი, ვიზაჟისტი. მე დღესაც მიდევს ჩანთაში ის ესკიზი, როგორ მინდოდა, ჩაეცვათ ბექვოკალისტებს. ანრიმ თქვა, რომ თვითონ აგებდა ამაზე პასუხს. აღარ შევეკამათე. თუმცა ვფიქრობ, რომ ქართველი მომღერლები არ არიან ისეთი გარეგნობის, ასე ჩაცმულები რომ იდგნენ სცენაზე... ნოდიკოსა და სოფოს ნომერზე ბევრად მცირე დრო და სუსტი ფინანსური მხარე მქონდა. მიუხედავად ამისა, ძალიან კომფორტულად ვიგრძენი მათთან თავი, დამყოლი ადამიანები არიან. რაც შეეხება იმ ცნობილ გადაწვენას სცენაზე, 3000-მა აკრედიტებულმა ჟურნალისტმა სიმპათიის პრიზი გადასცა სოფოსა და ნოდიკოს. და თუკი სადმე მათ შესახებ რამ დაიბეჭდა, ყველგან ეს ფოტო იყო გამოყენებული. რომ არ მოსწონებოდათ, არ დაბეჭდავდნენ.
- გერმანიას დავუბრუნდეთ, მათი ტრადიციებიდან რა იყო თქვენთვის უცნაური, რთულად ფეხასაწყობი?
- დროის სიზუსტე. მიუხედავად იმისა, რომ პუნქტუალური გახლავართ, ქართული პუნქტუალობა რადიკალურად განსხვავდება გერმანულისგან. თავიდან მართლა გამიჭირდა ფეხის აწყობა.
- ამბობენ, სვანები რთული ასატანები არიან ოჯახშიო, მართალია?
- ეს მეუღლეს უნდა ჰკითხოთ.
- აუცილებლად ვკითხავ, თუ ამის საშუალება მომეცემა, ახლა თქვენი პასუხი მაინტერესებს.
- ვარ კი სახლში? მკაცრი ვარ, მაგრამ ვერ დავმალავ. სახლში თითქმის ყველა მუსიკალური ინსტრუმენტი მაქვს. ისე მიყვარს ეს ინსტრუმენტები, როგორც საკუთარი თავი... ვერ ვიტან, როცა სტუმრები მოვლენ და მათი თანმხლები ბავშვები უდიერად ეპყრობიან ამ ინსტრუმენტებს. ძალიან ცუდ ხასიათზე მაყენებს. კიდევ მატყუარა, აფერისტი ადამიანები არ მიყვარს, ამის გამო ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგე. მე რა უნდა გამომეპაროს, 12 თაობა მსახიობები გავზარდე.
- რამდენი წლის ხართ?
- 47-ის. ჯანმრთელად ვცხოვრობ, სპორტულად. არ ვეკარები ნარკოტიკს, არ ვსვამ ალკოჰოლს, არ მიყვარს ცომეული.
- ჩვენი ინტერვიუს დასასრულ, შეცდომებზეც ვისაუბროთ...
- ერთ შეცდომას ვერ გეტყვით, ძალიან პირადულია და ამაზე საჯაროდ ლაპარაკს არ ვაპირებ... შეცდომა იყო ალბათ, რომ რამდენიმე ისეთ ადამიანს დავეხმარე, რომლებმაც ეს ბოროტად გამოიყენეს.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















