ვენახში ფუსფუსს ადრიანად იწყებს. უვლის, სხლავს, რწყავს და ვენახში იქამდე რჩება, სანამ მზე კარგად არ დააჭერს. და ასე დაუსრულებლად. ვაჩეიშვილების სახლი ნაცნობ-მეგობრების თავშეყრის საყვარელი ადგილია. ვენახის მოვლაში შვილებიც
"როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, მაშინვე აქეთ მოვიჩქარი. დროის დიდ ნაწილს აქ ვატარებ. როცა ბაგრატის ტაძარზე ვმუშაობდით, ყოველდღე გორიდან ქუთაისში დავდიოდი. დილის 5 საათზე ვდგებოდი, 7 საათამდე ვენახს ვუვლიდი, შემდეგ ქუთაისში მივდიოდი, საღამოს კვლავ ატენში ვბრუნდებოდი. აქ პასიური ვერ იქნები. შეიძლება ადამიანმა იფიქროს, ბუნებაში განმარტოვდა და ისვენებსო. ასე არ არის. ბევრი საქმეა. დილაადრიან აქ სიმშვიდეა, ცა ისეთი ლურჯი და კამკამაა, ნიავი უბერავს. ვენახში მივდივარ და მორწყვას ვიწყებ. საოცარია ბუნებასთან ურთიერთობა, თითქოს ადამიანებს ესაუბრები. მცენარე თვითონ გეუბნება, განიშნებს, როდის რა სჭირდება. აქ ყოფნა და ფუსფუსი ჩემთვის დიდი სიამოვნებაა.
- როგორც საუბრის დასაწყისში მითხარით, ატენში ორი რამ არის მთავარი - სიძველეები და ატენური ღვინო. პრაქტიკულად, ორივე გაქვთ. როგორ დაიწყო ვაზთან თქვენი ურთიერთობა?
- გამიმართლა და 50 წლის ვენახი შევიძინე, კარგად მოვლილი და წელგამაგრებული. ვენახი სახლთან ახლოს გვაქვს. სხვათა შორის, ჩვენს სახლამდე სამანქანო გზა არ მიდის, ბილიკი მიემართება, ტვირთს ურიკით დავატარებთ. სახლიც ასე ავაშენეთ. როგორც ძველ დროს, მასალას ურიკებით დავატარებდით. ატენში ორი ჯიში ხარობს - ჩინური და გორული მწვანე. წელს, ორი მივიწყებული ჯიში - ბუდეშური (თეთრი ღვინო) და დანახარული (შავი ღვინო) ჩავყარეთ. ორივე ქართლური ჯიშია. მათგან საუკეთესო, ხარისხიანი ღვინო დგება. უძველესი ჯიშები საგურამოს კოლექციებში აქვთ და იქ მომცეს.

- როცა ვენახის მოვლას შეუდექით, საიმისო ცოდნა და გამოცდილება გქონდათ?
- არა, როცა ეს საქმე დავიწყე, გამოცდილება არ მქონდა. ყველაფერი დროსთან ერთად მოვიდა. რაც მთავარია, ჩემი ახლობლები გვერდში მიდგანან და გამოცდილებას მიზიარებენ. როგორც გითხარით, 50 წლის, მოვლილი ვენახი შევიძინე. პარალელურად, ახალი ვენახი ჩავყარეთ, რომელიც უკვე წამოიზარდა და მსხმოიარეა. სანამ ამ საქმეს დავიწყებდი, გეგმებს ასე ვალაგებდი - აი, ორშაბათიდან, ან შაბათიდან, ახლა სხვა ციკლში ვარ გადართული და ვამბობ, შემოდგომიდან, გაზაფხულიდან, აი ზამთარში კი... - ანუ გლობალურ, ბუნების ციკლში ჩავერთე. ჩემი აზრით, ეს საქმე რომ აკეთო, აუცილებელია ბუნების სიყვარული. ნარგავები ბავშვებივითაა, ყოველ წუთს ყურადღება სჭირდება. თავიდან, როცა დარგავ, ვერც ხვდები, რომ გაიზრდება. მექანიკურად რწყავ, უვლი. მერე ხვდები, რომ იზრდება. დიდი გასაჭირი გამოიარა, როცა არ რწყავდი, გაუძლო და დაგელოდა. ყველა ნარგავი ინდივიდუალურია. აქ ჰექტრობით ვენახი არავის გვაქვს. ამიტომ, ჩემი ვენახის ლამის თითოეულ ძირს ვიცნობ. ბუნების სიყვარული რომ არა, ეს საქმე ჩემთვის უინტერესო იქნებოდა. მხოლოდ ბიზნესის სახით ამ საქმის წამოწყება, ჩემთვის წარმოუდგენელია. ჩემი გზა სხვანაირად წავიდა, მე ისტორიულ სივრცეში ვარ, ჩემი წინაპრების ნასახლარში. აქ ბუნებისა და ადამიანის საუკუნოვანი ურთიერთობაა. ატენის სიონის გამოსახულებები, ვაზი, რომელიც ჩემს ვენახში იზრდება ჩემი ცხოვრების წესია, თუნდაც შემოსავალი არ ჰქონდეს. ჯერჯერობით, მთელი ოჯახი მხოლოდ ვხარჯავთ. თუმცა, ბიზნესიც უნდა იყოს, რადგან არ შეიძლება, ადამიანი უკუგების გარეშე ხარჯავდეს.
- თქვენს მარანზე ლეგენდები დადის...
- მარანი ატენური კირისგან ავაშენე. ადგილობრივი მოსახლეობა ჩივის, რომ ცემენტით აშენებული მარანი ცუდია, ღვინო მალე ფუჭდებაო. ვინაიდან ცემენტით ნაგები შენობა ძალიან ხურდება ან პირიქით, ცივდება. ტემპერატურის ცვალებადობაზე სუფთა ღვინო რეაგირებს და ფუჭდება. კირით აშენებულ შენობაში კი სტაბილური ტემპერატურაა. ზამთარში თბილია, ზაფხულში - გრილი. როცა იატაკის დაგებაზე მიდგა საქმე, ადგილობრივი თიხა დავაგეთ. როგორც "მაგდანას ლურჯაში", ბანზე რომ ცეკვავენ, ჩვენც ისე ვირბინეთ და კარგად დავტკეპნეთ. ზემოდან კი ქართული აგური დავაგეთ. როცა ქვევრის ჩაყრამდე მივალთ, თიხას და აგურს ადვილად ამოვყრით. ვინაიდან, ქვევრებს დიდი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, ამ საქმეს ნელ-ნელა ვეპარები.

- ღვინოს თანამედროვე ტექნოლოგიებით ამზადებთ თუ მამაპაპური წესით?
- ყურძენს საწნახელში ვწურავთ. ლეჩხუმში, სოფელ ღვარდში ხის საწნახელი გვაჩუქეს და იქიდან ჩამოვაჩაქჩაქეთ. საწნახელში ტრადიციული, ქართული წესით დაწურულ ღვინოს მინის ჭურჭლებში ვასხამთ და ვინახავთ. შემდეგ კი ბოთლებში გადაგვაქვს.
- ტყე ახლოს გაქვთ, გარეული ცხოველებიც ხომ არ გსტუმრობენ? ვენახს ისინიც ერჩიან?
- ზაფხულობით, ივნისში დათვები გვსტუმრობენ. წელს ორჯერ გვყავდნენ და ჩვენი ბალი სიამოვნებით მიირთვეს. დათვი ხეს ჩურჩხელასავით ახვევს, ხოლო ნაყოფს ისე ჭამს, რომ კურკები კენწეროზე რჩება. როგორც იტყვიან, სხიპავს. საბედნიეროდ, დათვი ყურძენს არ ერჩის...
კიდევ მეტ საინტერესო ამბავს ნიკა ვაჩეიშვილის მევენახეობაზე, რეპორტაჟს ნიკუშა შენგელაიას სახლიდან, სადაც სოფიკოსეული ანტიკვარული ნივთები დაგხვდებათ, ბევრ საინტერესო ინტერვიუს, რჩევებს სახლის მოვლაზე, რემონტისა და მშენებლობის, ბინის ინტერიერის, სახლის გაწყობისა და გაფორმების, ეზო-კარის მოვლის თუ აგარაკის მოწყობის ამოიკითხავთ უკვე ბევრისთვის საყვარელ ჟურნალ "შინის" ახალ, საშემოდგომო ნომერში, რომელსაც საჩუქრებიც ახლავს: ვაშლის საჭრელი, ჩანთის საკიდი და დეკორატიული სტიკერები ბავშვის ოთახისთვის. ეს ნომერი შემოდგომასავით ფერადი და დახუნძლულია.
ყველაფერია, რაც ყველას სახლში იგრძნობა ხოლმე წლის ამ დროს, სოფლად თუ ქალაქად. წაიკითხავთ საინტერესო ვენახსა და რთველზე, ღვინოსა და ჩურჩხელაზე, იმაზე, თუ როგორ უნდა განაახლოთ ძველი ნივთები, უნიკალური სასმისების შემგროვებელზე მცხეთიდან, საუკეთესო მეფუტკრეებზე ყვარლიდან, ბორჯომში - ნაძვის მტვრის შემგროვებლებზე, ულამაზეს სვანეთშიც ჩავიდა "შინ" და ძველი მონადირეების სახლებში შეიჭყიტა, მათ ყოველდღიურ ცხოვრებას გადაავლო თვალი...

იმოგზაურეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში "შინთან" ერთად და იქაური მასპინძლების "შინაური" გარემოს სურნელსა და ხიბლს შეიგრძნობთ.