09 აგვისტო, 2013
როგორ გახდა ამერიკაში მცხოვრები თემურ ცაგურიასთვის ''ფეისბუქი'' საკონცერტო დარბაზი
ის ადგილი განთქმული იყო კრიმინალებითა და ქურდული სამყაროს წარმომადგენლებით. თვე ისე არ გავიდოდა, იმ პარკში ვინმე რომ არ მოეკლათ. სკამის თავზე ჩამოსხდებოდნენ ხოლმე და გამვლელ-გამომვლელს ათვალიერებდნენ არაერთი წელია, რაც მომღერალი და ჟურნალისტი თემურ ცაგურია ამერიკაში ცხოვრობს. მან ათი წელი გაატარა ''რეროში'' , თუმცა მანამდე იყო უნივერსიტეტის თვითშემოქმედება და პირველი აპლოდისმენტები...
ის კვლავ აქტიურ კონტაქტს ინარჩუნებს საქართველოში მცხოვრებ მსმენელთან, ოღონდ ამჯერად ინტერნეტის საშუალებით. ყოველდღიური მიმოწერა აქვს ქართველ მეგობრებთან, თავის გვერდზე ძველ და ახალ სიმღერებსაც აქვეყნებს, მოსაზრებებს
გამოთქვამს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ა.შ. ბატონ თემურს ''სკაიპის'' მეშვეობით გავესაუბრეთ და მისი დღევანდელობით დავინტერესდით...

- თბილისში დავიბადე. ცოტა ხანში დედაჩემი სამუშაოდ ქობულეთში გადაიყვანეს, სადაც მეოთხე სამმართველოს სანატორიუმის დირექტორად დანიშნეს. ზღვის ნაპირზე გავიზარდე და იქ მანამ დავყავით, სანამ რვა წელი შემისრულდებოდა. სამი და მყავდა, რომელთაგან დღეს ცოცხალი არც ერთი აღარ არის...
ზღვა ძალიან მიყვარს. ქობულეთში ვისწავლე ცურვა და ბავშვობაში გატარებული ის დღეები კარგად მახსენდება. დილის ექვს საათზე ვიღვიძებდი, მარტო დავბორიალებდი ფიჭვნარში და სულ ასე ფეხით მაქვს შემოვლილი მთელი ქობულეთი. ბუნება ძალიან მიყვარს. ახალგაზრდობაში ასეთი ჰობიც მქონდა: დაახლოებით საღამოს 11 საათზე ზღვაში თვალდახუჭული შევცურავდი ხოლმე და მხოლოდ მაშინ ვაღებდი თვალებს, როცა მზის სხივს ვიგრძნობდი. ხან ზღვაში ნაპირიდან შორს აღმოვჩნდებოდი, ხან შორს ნაპირის გასწვრივ, ხან კი წრეს დავარტყამდი და ისევ იმ ადგილზე ვიყავი, სადაც ცურვას ვიწყებდი. ერთხელ, თვალები რომ გავახილე, თეთრი ნისლის გარდა ვერაფერი დავინახე. მზის ორიენტაციით გავაგრძელე ცურვა და დაახლოებით 2 საათის შემდეგ ნისლი გაიფანტა და გაგრის მთები გამოჩნდა... მას შემდეგ ეს ჰობი ცოტა შევცვალე - თვალახელილი ვცურავდი.
პირველი კლასი ქობულეთში დავხურე და მეორე კლასში სწავლა უკვე თბილისის 42-ე საშუალო სკოლაში განვაგრძე. მეგრულ კულტურასთან დაახლოების მიზნით, მამას გადაწყვე-ტილებით, ერთხანს ზუგდიდშიც ვცხოვრობდით. იქ მამას სახლი გვქონდა, თუმცა იქ მხოლოდ ნახევარი წელი გავჩერდით. ზაფხულობით, არდადეგებზე კი ხშირად ჩავდიოდით ზუგდიდში.
- ოჯახში ვინმე მღეროდა?
- ეს ყველაფერი დედაჩემის მადლია. მას ძალიან ტკბილი ხმა ჰქონდა და გიტარაზეც უკრავდა. საოცარი იუმორის ქალი იყო. ორი წელი კონსერვატორიაში სწავლობდა, მაგრამ მამაჩემის გადაწყვეტილებით მიატოვა. მოგეხსენებათ, მაშინ როგორი განწყობა იყო არტისტების მიმართ. მეუღლის ხათრის გამო დედამ სამედიცინო განათლება მიიღო და ექიმი გახდა. მე და დედა ყოველთვის ერთად ვმღეროდით. ჩემი მეგობრები მოჯადოებული იყვნენ ჩვენი დუეტით.
- თქვენ პროფესიული არჩევანი უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე შეაჩერეთ...
- დიახ. მათემატიკა მიყვარდა და უნივერსიტეტში სწავლა ჯერ მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე დავიწყე, შემდეგ ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადავინაცვლე. მომღერალი ვიყავი და ჯობდა, ამ კუთხით მესწავლა. მთელი ჩემი მომავალი ცხოვრების გზა განვჭვრიტე და არჩევანი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე შევაჩერე. მაშინ ის ახალგახსნილი და ძალიან მოდური იყო.
- ლექსებსაც წერდით....
- დიახ, ლექსებს ბავშვობიდან ვწერდი. სამწუხაროდ, სკოლისდროინდელი ლექსები არ შემომრჩა. პირველი ჩემი სიმღერა იყო ''ჩიტუნები'' და საერთოდ, არც ის და არც სხვა ბავშვობის სიმღერები არ მაქვს - დაიკარგა. მაშინ ტექნიკურად ძალიან რთული იყო ჩაწერა. ამ საქმეს სულ მომავლისთვის ვდებდი და ისე მოხდა, რომ გეგმა სისრულეში ვერ მოვიყვანე... დღეს ჩემს რეპერტუარში არსებული სიმღერები 1967 და შემდეგ წლებშია დაწერილი. მაგალითად ''მუხამბაზი'' , რომელიც ნიკო ფიროსმანაშვილს მივუძღვენი. იმავე პერიოდში ერთი გერმანული სიმღერაც დავწერე, რომელსაც ''გერმანული ტვისტი'' ერქვა. გერმანული ენა ვიცოდი, სკოლაშიც ვსწავლობდი, შემდეგ უნივერსიტეტში გაძლიერებულ ჯგუფში ჩამრიცხეს. ეს სიმღერა მაშინდელ ახალგაზრდებში ძალიან პოპულარული იყო. ''გერმანულ ტვისტს'' სტუდენტობისას უნივერსიტეტის ბენდში რომ ვასრულებდი, არ დაიჯერებთ და სცენა სულ სავსე იყო ყვავილებით. ის ჩემი ყველაზე დიდი წარმატების პერიოდი იყო.
- შემდეგ ათი წელი გაატარეთ ''რეროში'' ...
- უნივერსიტეტი დამთავრებული არ მქონდა, როცა ''რეროში'' სიმღერა დავიწყე. ცოტას თუ შეეძლო იქ მოხვედრა და საბედნიეროდ, გამიმართლა. წლების განმავლობაში ის ყველაზე პოპულარული საესტრადო კოლექტივი იყო მთელ სსრკ-ში. იმ დროს საესტრადო ხელოვნება ძალიან შეზღუდული იყო და ერთეულებს შეეძლოთ საზღვარგარეთ გასვლა. ყველა ქალაქში ''რეროს'' კონცერტები ანშლაგებით ტარდებოდა და ასეთი შემოსავალი არც ერთ სხვა კოლექტივს არ ჰქონია. ერთხელ მოსკოვში, დარბაზში, სადაც 15000 მაყურებელი ეტევა, 21 კონცერტი ჩავატარეთ. 300000 მაყურებელი დაგვესწრო. ''რეროს'' მთავარი დირიჟორი და კომპოზიტორი კონსტანტინ პევზნერი ჩემი საესტრადო ხელოვნების მთავარი მასწავლებელი იყო. დიპლომი რომ დავიცავი, საქართველოს რადიოში უმცროს რედაქტორად დავიწყე მუშაობა. იმ დროს, კულტურის სამინისტროს თხოვნით, მონაწილეობა მივიღე კონკურსში ''ოქროს ქარვა'' . იურმალამდე ეს სიმღერის კონკურსი ლიეპაეში იმართებოდა. 1968 წელს იქ გრან-პრი მოვიპოვე. რაიმონდ პაულსმა ხეზე ამოჭრილი მომღერლის გამოსახულება და მასზე მიკრული დიდი ქარვის ქვები გადმომცა. კულისებში ვიღაც ფულიანები ამედევნენ, დიდი ქარვა იქვე 800 მანეთად გავყიდე და ის თანხა რესტორანში დავამღერე. პატარა ქარვა და პრიზი კი ჩემთვის დავიტოვე. საქართველოში გახარებული გამოვფრინდი. სამსახურში, ანუ საქართველოს რადიოში რომ მივედი, განცხადებების დაფაზე ჩემი გვარი ამოვიკითხე: ''თემურ ცაგურიას გამოეცხადოს საყვედური პირად საქმეში შეტანით... ტყუილისთვის'' გამახსენდა, რომ ლიტვაში გაფრენის წინ თავმოყვარეობის გამო იქნებ, ვერ გავიმარჯვო და შევრცხვე-მეთქი, რადიოს ხელმძღვანელობასთან ავადმყოფობა მივიმიზეზე. საყვედური 6 თვის შემდეგ მომიხსნეს, მაგრამ კონკურსებში მონაწილეობის სურვილი სამუდამოდ მომისპეს.
- ბატონო თემურ, რამდენი წელია, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებით?
- 1991 წლიდან. 1993 წელს კი ოჯახიც წავიყვანე.
- ოჯახიც რომ გაგვაცნოთ...
- ვერა ჩემი მეორე მეუღლეა. პირველი საქართველოში ცხოვრობს. ჩემთან ერთად აქ იმყოფებოდა ჩემი პირველი ქალიშვილი მარინა, მაგრამ მან საქართველოში ცხოვრება გადაწყვიტა და დაბრუნდა. ახლა ის ფოთში მეუღლსთან, ბენო ოჩიგავასთან ერთად ორ შვილს - სანდროსა და სალომეს ზრდის. აქ მყავს ჩემი ვაჟიშვილი, ვიქტორი და ქალიშვილი, მარიამი. ვაჟიშვილი დაცვის სამსახურში მუშაობს, რომელიც კამერების დამონტაჟებით არის დაკავებული. ის ამ კომპანიის მენეჯერია. ხოლო გოგონა ნიუ-იორკში მარტო ცხოვრობს. მან ერთ-ერთი ძალიან პრესტიჟული კოლეჯი დაამთავრა. მახსოვს, როგორ გაუხარდა, როცა იქ მიიღეს. ახლა მარიამი ხატავს და სურათებს ყიდის. ამის გარდა, მან თმის ოსტატების სკოლის კურსიც გაიარა და კვირაში სამი დღე სტილისტად მუშაობს.
Rating
- ამ წლების განმავლობაში თბილისში რამდენჯერ ხართ ნამყოფი?
- საქართველოში სამჯერ ვიყავი, ბოლოს ექვსი წლის წინ. შემოდგომაზე კიდევ ვაპირებ ჩამოსვლას, შვილიშვილების ნახვა მინდა. სანდრომ მკითხა, ჩემს დაბადების დღეზე არ ჩამოხვალო?! ასეთი შეკითხვის შემდეგ, შეიძლება, მასთან არ ჩავიდე და არ ვნახო (იღიმის)?!
- რამდენი წლის ხდება?
- 9 წლის არის. ამ ხნის განმავლობაში სულ ველოდებოდი, იქნებ, ვინმე გამოჩენილიყო ისეთი, ვინც საქართველოში კონცერტზე მიმიწვევდა, მაგრამ, როგორც ჩანს, წლები გავიდა და ჩემი რეიტინგი დაეცა. თქვენ იცით რა არის რეიტინგი, რადგან ''რეიტინგისთვის'' ამზადებთ სტატიებს...
- ამერიკაში ჩასვლის პირველი წლები მინდა გაიხსენოთ. სად ცხოვრობდით და როგორ გაგქონდათ თავი?
- ამერიკაში მომღერალმა ზურიკო ცისკარიძემ ჩამომიყვანა. აქ ჩამოსული თავიდან ლალი ბეელი- შიუკაშვილის სახლში ერთი თვე ვცხოვრობდით. მე და ზურიკო ერთად ვმღეროდით ვირჯინიაში, რესტორან ''რუსულ გვირგვინში'' . ამის შემდეგ ვიქირავე ერთოთახიანი ბინა ჩვენი სამუშაო ადგილის გვერდით, მაგრამ ორ კვირაში რესტორანი დაიხურა და უსახლკაროდ დავრჩი. რუსულ ეკლესიაში ერთ-ერთი რუსული მაღაზია მიმასწავლეს, სადაც მისმა რუსმა მე-პატრონემ მიშა ვასილევსკიმ შემიკედლა. იმ პატარა სავაჭრო ცენტრის გარეთ, ქუჩაში ათიოდე მაგიდა იდგა. იქ უამრავი ხალხი იკრიბებოდა და ვმღეროდი. ერთხელ ხეზე ბულბული ჩამოჯდა და ჩემთან ერთად დაიწყო გალობა. ზუსტად ჩემს ტონალობაში ორი საათის განმავლობაში მღეროდა. ასე განმეორდა მეორე დღეს და ერთი კვირის განმავლობაში. დრო გავიდა და ვაშინგტონის მუსიკალურ რესტორან ''მოცარტში'' დავიწყე მუშაობა. 3 წლის შემდეგ მიშა ვასილევსკიმ მთხოვა, ერთ-ერთ ფესტივალზე მემღერა, რომელიც კვირა დღეს იმართებოდა. ხათრი არ გავუტეხე და წავედი. დავიწყე თუ არა სიმღერა, ჩემი ბულბული მოფრინდა. სიმღერა ვინ მაცადა, უნდა გენახათ, ფრინველი როგორ გალობდა! მერე არ ვიცი, ხალხი მე მიკრავდა ტაშს თუ იმ ბულბულს...
ბევრი საავტორი სიმღერა მაქვს. რამდენიმე თვეა ზოგიერთი მათგანი გამოვაქვეყნე ''იუთუბზე'' და ''ფეისბუქზე'' . ჩემი სიცოცხლის უმეტესი დრო ახალი სიმღერების შექმნაში მიდის. ეს ისე მიყვარს, რომ ხანდახან ყველაფერი მავიწყდება. მავიწყდება, რომ ემიგრაციაში ვარ, მავიწყდება, რომ პურის ფულიც უნდა ვიშოვო ხანდახან... სამაგიეროდ, გამოჩნდა უზარმაზარი საკონცერტო დარბაზი - ''იუთუბი'' და ''ფეისბუქი'' . მიხარია, რომ ისევ ქართველები მისმენენ. ისევ საქართველოში ვგრძნობ თავს. ''სკაიპმა'' ხომ ძალიან გამახარა. ამერიკის ცენტრალურმა პრესამ, როგორებიც არის ''ვაშინგტონ პოსტი'' , ''ვაშინგტონ თაიმსი'' , ''სითიფეიფერი'' და სხვამ საშემსრულებლო ხელოვნება შემიქო, მაგრამ ყველაზე დიდი ჯილდო, რომელიც ცხოვრებაში მერგო, ეს ბულბულის სიყვარულია...
- ახლაც მღერით?
- დიახ, ''მოცარტში'' . გარდა ამისა, მქონდა კონცერტები სხვადასხვა კულტურულ სახლსა და დაწესებულებებში. სხვადასხვა ორგანიზაცია მიწვევდა.
- ამერიკაში რომ გაემგზავრეთ, ინგლისური ენა იცოდით?
- არა. მხოლოდ გერმანული ენა ვიცოდი. ენის ბარიერი ძალიან რთულად გადასალახი აღმოჩნდა და ამის გამო არაერთი კურიოზი შემემთხვა. ფურცელზე ჩამოწერილი მქონდა იმ ავტობუსის ნომრები, რომლებიც ახალ ჩასულს, ჩემს ერთოთახიან დაქირავებულ ბინამდე მიმიყვანდა. მაშინ S და C-ს შორის განსხვავებას ვერ ვპოულობდი. გაჩერებაზე ვიდექი და ავტობუს S2-ის მაგივრად ავედი C2-ში. მივემგზავრები და ქუჩებს ვერ ვცნობ. დაარტყა ერთი წრე, წავიდა მეორეზე. ამ დროს მძღოლი მომიბრუნდა და მითხრა, ჩამოდი ან ფული გადაიხა-დეო. ერთ ადგილას ბენზინგასამართ სადგურთან ჩამოვედი, მეგობარს დავურეკე და ძლივს ავუხსენი სად ვიყავი. მანქანით მომაკითხა და წამიყვანა. ოთხი საათი დავკარგე იმ ავტობუსით მგზავრობისას. ენის არცოდნასთან დაკავშირებული მეორე შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა უკვე ქალაქის ცენტრში ვცხოვრობდი. ვაშინგტონში არის ქუჩები, სადაც მცხოვრებთა 90% შავკანიანია. იმ დროს პატარა იტალიურ რესტორანში ვმღეროდი. სახლიდან რესტორნამდე მცირე მანძილს, ჩემი გიტარით ხელში, ფეხით ვფარავდი. უნდა გადამეკვეთა პარკი, რომელშიც შავკანიანები იკრიბებოდნენ. ის ადგილი განთქმული იყო კრიმინალებითა და ქურდული სამყაროს წარმომადგენლებით. თვე ისე არ გავიდოდა, იმ პარკში ვინმე რომ არ მოეკლათ. სკამის თავზე ჩამოსხდებოდნენ ხოლმე და გამვლელ-გამომვლელს ათვალიერებდნენ. რამდენჯერმე რაღაც სიტყვა მომაძახეს, რომლის მნიშვნელობა არ ვიცოდი და შემდეგ მეგობარს ვკითხე. ალბათ ხვდებით, რაც იყო (იღიმის). მეგობარს ვთხოვე, ჩემთვის რამე მწარე სიტყვა ესწავლებინა და მანაც თხოვნა შემისრულა. ერთ დღესაც მივდივარ და ბაღში სკამზე სამი ბიჭი ზის. ვიფიქრე, სამს როგორღაც გავუძლებ, ბავშვობაში სამზე მეტთანაც მიჩხუბია-მეთქი. მივუახლოვდი, მრისხანე სახით შევყურებ და ვეუბნები, ''მატა მოტორ'' . დავამიწყდა, მოტჰერფუცკერ რომ უნდა მეთქვა. ''მატა მოტორ'' რაღაც რეკლამის გავლენით ვუთხარი და მათ რეაქციას დაველოდე (იცინის). გაკვირვებულები მიყურებდნენ, აჰა, შეგეშინდათ, აი, თქვენ-მეთქი, - გავიფიქრე და გზა დინჯად და ამაყად გავაგრძელე. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ უცებ გამახსენდა, რომ სხვა სიტყვა უნდა მეთქვა და ხარხარი ამიტყდა. ბიჭებს რომ გავხედე, თვალები კიდევ უფრო გაფართოებული ჰქონდათ, რა უნდა ამ კაცს, რა აცინებსო?! მახსოვს, ერთმა საფეთქელთან მიიდო თითი და დაატრიალა, ეს კაცი არ არის კარგადო. აი, ეს იყო ჩემი პირველი ''ჩხუბი'' ამერიკაში. კიდევ კარგი, ეს ამბავი ასე დასრულდა, თორემ რაღაც შარში გავეხვეოდი.
- ბატონო თემურ, ჟურნალისტი ბრძანდებით და ამ პროფესიით მუშაობა ამერიკაში რომელიმე ბეჭდურ მედიაში ხომ არ გიცდიათ?
- არა, მართალია, ენა ავითვისე, მაგრამ ინგლისურად კარგად ვერ ვწერ. სხვათა შორის, ჩემი ლექსები ვთარგმნე, ნაწილიც მეგობარმა მითარგმნა ინგლისურად. ჩემს სიმღერებს ინგლისურად ვმღეროდი, სანამ არ მაგრძნობინეს, რომ ჯობდა, ისინი ქართულად მემღერა. ერთი-ორჯერ ინგლისურად რომ ვმღეროდი, მოვიდნენ და მითხრეს, რა კარგი სიმღერებია და რა ენაზე მღერითო (იცინის).
- დღეს როგორია თქვენი ერთი დღე, მღერით სადმე?
- ოც წელზე მეტია, რაც ვაშინგტონის ცენტრში ერთსა და იმავე მუსიკალურ რესტორან ''მოცარტში'' ვმღერი. საკმაოდ ცნობილი რესტორანია, სადაც არა მხოლოდ საესტრადო მომღერლები, არამედ ოპერის ვარსკვლავებიც მღერიან. კვირაში ორი დღე მეთმობა. დიდი ხანია, რაც ამის რეკლამას ''ვაშინგტონ პოსტი'' ეწევა და ის დღეებია მითითებული, როცა ვმღერი. რეპერტუარში უმეტესად ჩემი სიმღერები მაქვს. ეს არა მხოლოდ ჩემი არჩევანია, არამედ მსმენელს მოსწონს. ბოლო დროს უფრო მეტად ჩემ მიერ შექმნილ მელოდიებს ვუკრავ გიტარაზე, ვიდრე ვმღერი.
- თქენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმღერა ''მწყემსურს'' თუ ასრულებთ?
- ''მწყემსურს'' და ჩემს ძველ სიმღერებს ყველა გამოსვლაზე ვასრულებ. მზია დიაკვნიშვილის ეს სიმღერა ჩემი საქართველოში ცხოვრების ყველაზე წარმატებულ პერიოდს უკავშირდება.
- თქვენს ლექსზეა, ხომ?
- დიახ. მე ხშირად ვუწერდი ლექსებს სხვადასხვა კომპოზიტორს მათ მუსიკაზე.
- ხშირად ხვდებით ''მოცარტში'' ქართველებს?
- სამწუხაროდ, მათ ხშირად არ შევხვედრივარ. სხვებთან შედარებით, საკმაოდ ძვირიანი რესტორანია. თუმცა, მოდიან საელჩოს წარმომადგენლები, ჟურნალისტები, მაგრამ მათი რიცხვი არცთუ ისე დიდია.
Rating
- ყველაზე მეტად საქართველოში რა გენატრებათ?
- ყველაფერი მენატრება, თქვენც მენატრებით (იღიმის). ყველაფერი მენატრება, რაც ქართულია. ამას წინათ ჩემმა ერთმა მეგობარმა, რომელიც ჩემსავით ემიგრანტია და ლონდონში ცხოვრობს, ''ფეისბუქით'' მომწერა, კარგია, რომ საზღვარგარეთ ცხოვრებას შეეჩვიე, მე ძალიან მიჭირსო. პასუხი უნდა გამეცა და არ დამცალდა, მივწერ და თქვენც იმავეს გეტყვით, რომ ჩვენ ყველა ემიგრანტს ერთი დარდი და განწყობა გვაქვს სამშობლოსადმი, უბრალოდ, ამას ყველა სხვადასხვაგვარად ვამჟღავნებთ. თორემ ვერ დავიჯერებ, რომ არსებობს ისეთი ემიგრანტი, რომელსაც სამშობლო არ ენატრება. ასეთი რამ ვერ წარმომიდგენია...

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ტკბილი მოგონება
ბატონო თემურ, ბავშვობაში თითქმის ყველა თქვენი სიმღერა ზეპირად ვიცოდით, თუმცა სმენაზე ცოტა ვერ ვიყავით საჭირო დონეზე. გმადლობთ სასიამოვნო მოგონებებისათვი.
20:03 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მიმი
ბატონო ტემურ,თქვენს სიმყერებს დიდი სიამოვნებით ვსწავლობ და ვმგერი. დიდი მადლობა ,რომ არსებობთ.გაიხარეთ.
02:14 / 14-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ძალიან გამეხარდა თქვენი გამოჩენა...მახსოვს თქვენი სიმღერა მეუღლესთან ერთად -ეს ჩემი სტუდენტობის წლებია,გაიხარეთ და სიკეთით დაგვიბრუნდით ...
20:16 / 11-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ინგა
ბატონო თემურ ძალიან გვიყვარხართ, გვახსოვხართ და გვენატრებით. დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ.
15:15 / 10-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თემურ ცაგურია
უღრმესი მადლობა სითბოსთვის ...
00:37 / 10-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS