- კეიტის მშობიარობის თარიღი დაახლოებით ვიცოდი და გამგზავრება დავამთხვიე. მისი უდიდებულესობა ამ დღეს ძალიან ელოდა, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა კიდეც, კეიტმა დააჩქაროს მშობიარობა, რადგან მალე არდადეგები მეწყებაო. დედოფალი ტრადიციულად არდადეგებს შოტლანდიაში ატარებს. რასაკვირველია, მისთვის და საერთოდ, ქვეყნის ისტორიაში, ბრიტანეთის მომავალი მეფის დაბადება ღირსშესანიშნავი და იშვიათი მოვლენაა. მონარქი ელისაბედ II სამ თაობას მოესწრო - პრინცი ჩარლზი, რომელიც დაბერდა და არ ეღირსა ტახტი, შემდეგია პრინცი უილიამი და მესამე ახალშობილი, პრინცი ჯორჯი კემბრიჯისა. ბავშვის სახელზე ბევრი იმსჯელეს. იცით, რომ სამი-ოთხი ძირითადი სახელი უნდა იყოს. მას ჯორჯ ალექსანდრ ლუისი დაარქვეს. კეიტი და უილიამი ლონდონის ცენტრში, კენსინგტონის სასახლეში ცხოვრობენ. ეს აპარტამენტები ეკუთვნოდა დედოფლის ერთადერთ დას, პრინცესა მარგარეტს. იქვე ცხოვრობდნენ პრინცი ჩარლზი და დაიანაც. მის ეზოში გაიზარდა უილიამი. როგორც ვიცი, 24 ოთახია და მისი სარესტავრაციო სამუშაოები მილიონზე მეტი დაჯდა. ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ ისინი ბუკინგემის სასახლეში იცხოვრებდნენ, მაგრამ ეს სისულელეა. იქ მხოლოდ დედოფალი ელისაბედ II ცხოვრობს და ეს მისი ოფიციალური რეზიდენციაა. მის შვილებს იქვე აქვთ პატარ-პატარა აპარტამენტები. ის არა მხოლოდ საცხოვრებელი, არამედ დედოფლის ერთგვარი ოფისია, სადაც იმართება სახელმწიფო ბანკეტები, იღებენ სტუმრებს და ა.შ.
დედოფლის მამას ჯორჯი ერქვა, ანუ გიორგი, რაც ბერძნული წარმომავლობის სახელია. როცა დედოფალი კეიტს ეწვია და პატარა მოინახულა, თქვა, რომ ის ძალიან კარგი და ლამაზია. დათანხმდა, რომ მისი პირველი სახელი ჯორჯი ყოფილიყო და ბავშვი ისტორიაში შევა, როგორც ჯორჯ VII... მეორე სახელი ალექსანდრი, როგორც ჩანს, ძალიან უყვარს კეიტს, ხოლო მესამე ლუისი, ლუის მადენბერგის გამო უწოდეს. ის ძალიან ცნობილი პიროვნება გახლდათ. პრინც ფილიპის ბიძა იყო და პრაქტიკულად მან გაზარდა ჩარლზი. მოკლედ, ასე აეწყო ეს სამი სახელი ერთმანეთს.
- მშობიარობის დროს თქვენ საავადმყოფოსთან ხომ არ ყოფილხართ?
- კეიტი საავადმყოფოში რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანეს. 22- ში იმშობიარა, მაგრამ მანამდე ერთი თვით ადრე მთელი მსოფლიო პრესა უკვე იქ იყო. სენსაციების მოყვარული ჟურნალისტები ჩასაფრებულები იყვნენ, ვინ უფრო კარგ სურათს გადაიღებდა, რას დაარქმევდნენ, ვინ დაიკავებდა პირველად ბავშვს, ვინ გამოიყვანდა საავადმყოფოს კარიდან, ელოდნენ, რას იტყოდნენ მშობლები...
მშობიარობას პრინცი უილიამი ესწრებოდა. ახლა ის სამხედრო სამსახურშია, მაგრამ იმ დროისთვის გაათავისუფლეს (იღიმის). კეიტი საავადმყოფოში რამდენიმე დღით არ დაუტოვებიათ, მეორე დღესვე გაწერეს და ბავშვი მაშინვე პრესას აჩვენეს. საავადმყოფოს კარისგან მოშორებით ვიდექი და ეს ყველაფერი შორიდან დავინახე. კიდევ ერთი მთავარი მოვლენა დაფის გამოტანა იყო, სადაც ბავშვის შესახებ ექიმების დასკვნა ეწერა. ეს იმავე საღამოს მოხდა, ამ ამბავს არ დავსწრებივარ, დაფა მხოლოდ მეორე დღეს ვნახე. სასახლის ჭიშკართან დაახლოებით 500-კაციან რიგში დგომამ მომიწია დაფის გადასაღებად. 2 საათზე დანიშნული იყო ზარბაზნების სროლა. ვარჩიე, ამ დროს მწვანე პარკში ვყოფილიყავი. იმავე საღამოს ლონდონის სატელევიზიო ანძაზე დაიწერა - ''ბიჭია!..''
პირველად საავადმყოფოში ბავშვი კეიტის მშობლებმა, მიდლტონებმა მოინახულეს. შემდეგ მივიდნენ ჩარლზი და კამილა პარკერი. ჩარლზი 64 წლის ასაკში გახდა ნანატრი ბაბუა. ბრიტანეთის ისტორიაში ის ყველაზე ასაკოვანი პრინცია, ნოემბერში 65 წლის ხდება და დღემდე ტახტის მემკვიდრეა, ანუ ტახტს ელოდება. სხვათა შორის, კამილას კარგი ურთიერთობა აქვს კეიტთან. ცოტა გულდასაწყვეტია, რომ კამილა ფიგურირებს დედის როლში და ცოცხალი აღარ არის უელსის პრინცესა დაიანა...
- საჩუქარიც გექნებოდათ პატარა პრინცისთვის...
- დედამისს და მამამისს გავუგზავნე დივიდი, გიდი საქართველოს შესახებ. რასაკვირველია, მისალოცებიც გავუგზავნე მათ, მივულოცე დედოფალსა და პრინც ჩარლზსაც.
- ბავშვის ბიძა სად იყო და რა რეაქცია ჰქონდა?
- ბიძამისმა, პრინცმა ჰარიმ თქვა, ნეტავ, ჩემსავით წითელი თმა არ ჰქონდესო (იღიმის). მას ოფიციალურად ჰენრი ჰქვია, მაგრამ შინაურულად ჰარისაც ეძახიან. ამჟამად ახალშობილი და მისი მშობლები კენსინგტონის სასახლეში იმყოფებიან. მინდა გითხრათ, რომ დედოფლის მეუღლე, პრინცი ფილიპი, ოპერაციის შემდეგ ჯერ კიდევ არ არის ფორმაში. ოპერაცია თვე-ნახევრის წინ გაიკეთა. დედოფალი ბავშვთან მარტო მივიდა. სასახლეში ჩემი ნაცნობები ზედმეტი ზარებით არ შევაწუხე და პრინცი ფილიპის მდგომარეობა არ მომიკითხავს. ერთი პერიოდი ჭორებიც გამოვიდა, რომ ფილიპი გარდაიცვალა და ჯერ არ სურთ, ეს ამბავი გაამჟღავნონ, არ უნდათ, ისტორიულ მოვლენას ჩრდილი მიადგესო, თუმცა, არა მგონია. ასეთი რამ გამორიცხულია.
- მაგრამ ფაქტია, რომ ეს ჭორი იყო?
- არა, ჯერ ფაქტი არ არის, რადგან ის დღემდე არ გამოჩენილა (ინტერვიუ ჩაწერილია 30 ივლისს, - ავტ). გამომგზავრებამდე ჩემმა ახლობელმა სასახლეში მითხრა, რომ დედოფალი შოტლანდიაში არდადეგების პირველ ნახევარში მეუღლის გარეშე იქნება. მეორე ნახევარში კი ალბათ ფილიპი შეუერთდებაო. ღიმილით ვკითხე, ხომ მშვიდობაა-მეთქი? და მასაც გაეღიმა. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად არის.
- ბატონო გია, ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობდნენ საქართველოში მონარქიული მმართველობის აღდგენაზე. ამასთან დაკავშირებით როგორია თქვენი აზრი?
- თუ სამიათასწლიან ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ხალხსა და მონარქიას შორის ცუდი ურთიერთობა არასოდეს ყოფილა. საქართველოში მონარქი ყოველთვის თავის ხალხთან იყო, ჭირსა თუ ლხინში. ამას ადასტურებს ისტორიული ფაქტები. ხომ გახსოვთ, თამარი ფეხშიშველი მიუძღვებოდა თავის ლაშქარსო და სხვა არაერთი მაგალითია.
- კი, ეს ისტორია და წარსული ვიცით, მაგრამ XXI საუკუნეში მონარქი...
- და XXI საუკუნემ რა დააშავა?! ველურები გავხდით და მონარქია უნდა გვეზიზღებოდეს?! ჩვენ ისტორიაში 200-წლიანი ჩავარდნა გვქონდა, მაგრამ ეს ქართველი კაცის გადაწყვეტილებით არ მომხდარა. რომანოვების ხელისუფლება ხელოვნურად მოგვახვიეს თავზე. მონარქია საქართველოში ძალდატანებით გაუქმდა, თორემ საამისოდ ჩვენ ხელში ხმალი ან ფიშტო არ აგვიღია; ბაგრატიონებისთვის არ გვითქვამს, წადითო. ვფიქრობ, მონარქია უნდა აღდგეს. ეს დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებთანაც. როცა შენი ერთი მილიონი მოქალაქე სხვა ქვეყანაში მოსამსახურედ და შავ სამუშაოზე გყავს გაგზავნილი, ბუნებრივია, ასეთი ძვირად ღირებული ინსტიტუტის შემოღება ცოტა უხერხულია. თუმცა, ისიც უნდა გითხრათ, რომ ახლა პრეზიდენტის ინსტიტუტი საქართველოში მონარქზე ნაკლები არ ჯდება. მონარქის ინსტიტუტისთვის ინგლისში 35-36 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოიყოფა, მაგრამ რომ გამოთვალეს, ეს წელიწადში ერთ კაცზე დაახლოებით 75 პენსია, ანუ ერთი გირვანქაც კი არ ჯდება, უბრალოდ თანხა ერთად ''შეკრული'' ჟღერს.
- ერთი სიტყვით, ქართველ მონარქს მიესალმებით...
- დიახ, რატომ არ უნდა იყოს საქართველოში მეფე?! სხვა საქმეა, მონარქად ვის მოვიყვანთ და ის როგორი იქნება, მაგრამ საქართველოში მონარქიის ინსტიტუტის აღდგენა მგონია, ქვეყანას დაალაგებს. პატრიარქი საქართველოში მონარქიის აღდგენოს მომხრეა. რა თქმა უნდა, ეს რეფერენდუმის შედეგად უნდა გადაწყდეს და თუ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ამ იდეას მხარს დაუჭერს, მონარქია აღდგება. თუმცა, მანამდე ხალხთან ბევრი სამუშაოა. საზოგადოების დიდი ნაწილი არ იცნობს მონარქის ინსტიტუტს. ბევრს ჰგონია, რომ ის არის მულტფილმებში დახატული მეფის მსგავსი, რომელიც ბევრს ჭამს შენს ხარჯზე. ასე არ არის, თუმცა, ასეც რომ იყოს, რატომ არ უნდა შევინახოთ ერთი ოჯახი და ისეთი ხელისუფალი, რომელიც მოიტანს სტაბილურობას და ქვეყანას გააერთიანებს. ერთი ლარის გადახდა ნორმალური, ცივილიზებული ქვეყნისთვის არაფერია, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, საზოგადოება ამისთვის მზად არ არის და ამ კუთხით სერიოზული მუშაობაა საჭირო. გადაცემებისა თუ გაზეთების საშუალებით კონსტიტუციურ მონარქიაზე თემები უნდა მომზადდეს, რომ ნელ-ნელა ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი შემზადდეს.
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''