- როგორც იცით, არსებობს 4 ძირითადი სტიქია - წყალი, ჰაერი, მიწა და ცეცხლი. ყველა ამ სტიქიას თავის სულები ჰყავს. მაგალითად კლასიკურ ოკულტიზმში წყლის სულებს ჰქვიათ უნდინები, ცეცხლის სულებს სალამანდრები, ჰაერის - ილფები, ხოლო მიწის სულებს - გნომები. თუ ადამიანი დაბადებულია მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ (კურო, ქალწული, თხის რქა), მათთან ყველაზე კარგად კონტაქტში შევლენ გნომები, მაგრამ ადამიანი ამას უნდა ერიდოს და ყველანაირად უნდა ეცადოს მათგან თავის დაღწევას. ყველა მაგიურ ლიტერატურაში აღწერილია რიტუალი, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს ამ ფანტომების უკან გასაგზავნად. შეიძლება ადამიანმა ისინი თავისდაუნებურადაც მოიხმოს, ასე რომ, არავის ვურჩევ მაგიური ლიტერატურასთან შეხებას.
ერთ-ერთ ოკულტურ წიგნში ასეთი რამ მაქვს წაკითხული: ამერიკელმა ქალბატონმა, რომელიც მაგიით დაინტერესდა, შეიძინა წიგნი, პარკში სკამზე ჩამოჯდა და წიგნში ერთ-ერთი შელოცვა ჩურჩულით ჩაიკითხა. როგორც კი კითხვა დაასრულა, იგრძნო რომ მის გვერდით ვიღაც ჩამოჯდა. თუმცა რეალურად ეს ქალბატონი უხილავ არსებას ვერ ხედავდა. იმ დღის შემდეგ ქალი წლების განმავლობაში ფსიქიკური აშლილობით იტანჯებოდა. მას მუდმივად ვიღაც ეჩვენებოდა, დაძინების ეშინოდა, რადგან სიზმარში უცნაურ არსებას ხედავდა, რომელიც მას ახრჩობდა. ამ ფაქტის გამოკვლევაში ექსტრასენსები ჩაერივნენ. მათ ქალს ჰკითხეს, ოდესმე ოკულტიზმით ხომ არ დაინტერესებულხართო. მან უპასუხა, რომ მხოლოდ ერთხელ ჰქონდა რაღაც შელოცვა წაკითხული და მეტი არაფერი. წიგნის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ შელოცვა ეხებოდა სულის გამოძახებას. ამ ქალბატონმა სული გაუცნობიერებლად გამოიძახა. სული ელოდა, რომ რაღაც დავალებას მიიღებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. სწორედ ამიტომ დარჩა დედამიწაზე. სულს თავის სამყოფელში დაბრუნება სურდა, მაგრამ საამისოდ შესაბამისი შელოცვა უნდა წაკითხულიყო. სულიც იტანჯებოდა და ეს ქალბატონიც. 5 წლის შემდეგ ექსტრასენსებმა ჩაატარეს გამოლოცვა და სული უკან გაიხმეს. ქალბატონი გამოჯანმრთელდა და ამ თემაზე წიგნებიც კი დაწერა. ეს ამბავი იმიტომ გიამბეთ, რომ ნათლად გამოჩნდეს, რატომ არ შეიძლება მაგიური ლიტერატურის კითხვა. თუნდაც ადგილ-ადგილ და ზერელედ. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ დღესდღეობით საკმაოდ მაღალი ხარისხის მაგიური წიგნები იბეჭდება.
- ასეთი წიგნები საქართველოშიც შემოდის?
- დიახ, რუსეთიდან შემოდის. მე მინახავს ტიბეტური მკვდრების წიგნი, სადაც მაგიური რიტუალებია აღწერილი, მაგრამ ის ტიბეტელი ლამებისთვისაა განკუთვნილი. ჩვეულებრივი ადამიანისათვის ეს ცეცხლთან თამაშია. იყიდება ასევე ეგვიპტელი მკვდრების წიგნი, თუმცა ის სხვადასხვა ინტერპრეტაციით იბეჭდება და იმდენად სერიოზული არ არის, მაგრამ მინახავს გრიმუარები, რომელსაც შავი მაგები იყენებენ.
- ეს ე.წ. შავი წიგნები თბილისში გინახავთ?
- კი, გრიმუარები იყიდებოდა, საკმაოდ ძვირი ღირდა და მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე იყო დაბეჭდილი. თავდაპირველად მეგონა, რომ იქ ერთგვარი ხუმრობით, ზერელედ იქნებოდა აღწერილი სხვადასხვა მაგიური რიტუალი, მაგრამ არა, ეს წიგნი იმ ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი, ვინც მაგიას მისდევს. მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ ეს არის ძალიან სახიფათო გზა და არავის ვურჩევ ამ წიგნებით დაინტერესებას. ერთი წლის წინ რუსეთში ცნობილი მაგი იური ლონგო გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი აორტის გახეთქვა გახდა. მის ბოლო ინტერვიუებს რომ გავეცანი, მათში აშკარად ჩანდა, რომ ლონგოს სურდა ამ საქმიანობას ჩამოშორებოდა. ეკლესიაშიც მივიდა, მღვდელთან მოინანია, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ყველაფერი, რასაც ლონგო აკეთებდა, მისი სასიცოცხლო ენერგიის ხარჯზე ხდებოდა და ბოლოს ამ ყველაფერს ასეთი ტრაგიკული შედეგი მოჰყვა. მაგიით დაკავებული ადამიანი შეუფასებელ სასიცოცხლო ენერგიას გასცემს, რასაც საბოლოოდ სიკვდილამდე მიჰყავს. ასეთი ზეგავლენისგან ყველანაირად დაცულები არიან ეკლესიის მსახურები, რადგან თვითონ ეკლესიაში არის სუფთა ენერგეტიკა. უკანასკნელი გამოკვლევებით დადგენილია, რომ ლოცვა უჯრედის ენერგეტიკას წმენს. ლოცვა ისეთ ვიბრაციებს იწვევს, რაც ხელს უწყობს უჯრედის გაჯანსაღებას. შელოცვებს არავითარი კავშირი არ აქვთ საეკლესიო ლოცვებთან, პირიქით, შელოცვები დემონურ ძალებთან არიან ახლოს, მაგრამ შელოცვებიც უჯრედის დონეზე მოქმედებენ და დიდ საფრთხეს უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობას.
- ბატონო დავით, ჩვენმა საუბარმა ჯოან როულინგის საბავშვო ბესტსელერი „ჰარი პოტერი“ გამახსენა, თავის მანდრაგორას ფესვებით, ცოცხითა და სხვა ატრიბუტიკით...
- თქვენ საეჭვოდ არ გეჩვენებათ, რომ XXI საუკუნეში, როდესაც ტექნიკა ფანტასტიკურ დონეზეა განვითარებული, რაღაც ზღაპარმა მის ავტორს ასეთი წარმატება მოუტანა?! უამრავი გაცილებით უფრო საინტერესო შინაარსის ზღაპარი დაწერილა, მაგრამ ჯოან როულინგს წიგნში გამოყენებული აქვს მაგიური მეთოდები, რომ ეს წიგნი პოპულარული გამხდარიყო. თავად ეს ქალბატონი რომ ძალიან კარგად იცნობს მაგიას, ეს სტრიქონებს შორისაც მშვენივრად ჩანს. თქვენ მანდრაგორა ახსენეთ, ნებისმიერ ოკულტურ წიგნში განმარტებულია, ეს არის შხამიანი მცენარე, რომელსაც შავი მაგიის რიტუალების დროს იყენებენ. წიგნებში ნახსენებია მაგიური ჯოხი, ცოცხი, ფრენა და სხვადასხვა ატრიბუტიკა, ეს ქალბატონი ამ ყველაფრის ერთგვარად შენიღბვას ცდილობს, მაგრამ ეს მაინც აშკარაა. „ჰარი პოტერი“ ერთი ჩვეულებრივი, აბსურდული ზღაპარია, მაგიური ელემენტებით სავსე ნაწარმოები, რაშიც ავტორის წარმატების საიდუმლო დევს. ვნახოთ, რას გაიღებს ეს ქალბატონი სანაცვლოდ. მას შემდეგ, რაც მან ამხელა წარმატებას მიაღწია, აშკარაა, რომ სანაცვლოდ რაღაცას მოსთხოვენ, ანუ ეს ყველაფერი დროებითია. ადრე თუ გვიან ჯოან როულინგს ყველაფრის გადახდა მოუწევს.
ანა კალანდაძე