02 ოქტომბერი, 2015
„ბარაბაშკები“ - გამძვინვარებული სულები თუ უწყინარი არსებები?! - რატომ არ უნდა შეხვიდეთ კონტაქტში სახლში მოხეტიალე მოჩვენებებთან
როგორც სპეციალისტები აცხადებენ, „ბარაბაშკამ“ მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება თქვენს ოჯახში დაიდოს ბინა. მაშინ, როცა მაგები მათ სპეციალურად მოგიგზავნიან, ან როცა ოჯახის ერთ-ერთ წევრი ძლიერ ექსტრასენსორულ თვისებებს ფლობს. ის სწორედ ამ ადამიანის ენერგეტიკის ხარჯზე ავლენს თავს და საცხოვრებელი სახლის შეცვლის შემთხვევაშიც, ყველაფერი უცვლელი დარჩება. ამ არსებებთან ნებისმიერი სახის კონტაქტი ადამიანებისთვის სახიფათოა, რადგან გარკვეული დროის განმავლობაში ის სანაცვლოდ აუცილებლად რამეს მოგთხოვთ. ამ დროს ყველაზე კარგი გამოსავალია, ეკლესიას მიმართოთ და მღვდელს სახლი იმდენჯერ აკურთხებინოთ, რამდენჯერაც ეს საჭირო გახდება.

დავით ბუტიკაშვილი (ასტროლოგი და პარაფსიქოლოგი):

- ტერმინი „ბარაბაშკა“ ძირითადად სლავურ მითოლოგიაში გვხვდება, მაგრამ თვითონ მოვლენა სხვადასხვა წყაროში მოიხსენიება როგორც პოლტერგეისტი. „ბარაბაშკა“ ეს არის სული, ასტრალური არსება, რომელიც თქვენს სახლში ბინადრობს. ზოგჯერ მას მიაწერენ ოჯახს მფარველობას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ის მფარველობის მაგივრად ოჯახს პირიქით რევს. ოჯახების უმრავლესობას ჰქონია შემთხვევა, როცა სახლში ისმის კაკუნი, იმტვრევა ჭურჭელი, სინათლე ქრება ან ინთება. ხშირად ადამიანს კარგად ახსოვს, რომ რაღაც ნივთი, მაგალითად გასაღები მაგიდაზე დადო, მაგრამ იქ ვერ პოულობს, გასაღები სულ სხვა ადგილას ხვდება. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ თქვენს სახლში პოლტერგეისტი ბუდობს. პოლტერგეისტის გამოსააშკარავებელი პირველი სიმპტომი სიმყუდროვის შეგრძნების დაკარგვაა. პრესაშიც და ინტერნეტშიც ამ მოვლენასთან დაკავშირებული უამრავი ფაქტია აღწერილი. მაგალითად 1988 წელს, რუსეთსა ერთ-ერთ ოჯახში დაიწყო უჩვეულო მოვლენები: იმტვრეოდა ჭურჭელი, დილით ტანსაცმელი დახეული ხვდებოდათ... იმავე წლის 13 ნოემბერს ამ ოჯახში ხანძარი გაჩნდა. სახლში მხოლოდ 12 წლის ბავშვი იმყოფებოდა, რომელიც მეზობლებმა კარის შემტვრევის შემდეგ უგონო მდგომარეობაში იპოვეს. როცა ის გონზე მოვიდა, შეშინებული ამტკიცებდა, რომ სახლს ცეცხლი ვიღაცამ სპეციალურად წაუკიდა. მეხანძრეებმა დაადგინეს, რომ ხანძრის გაჩენის კერა ჩაკეტილ კარადაში იყო, სადაც ლოგიკურად ცეცხლის გაჩენა არ უნდა მომხდარიყო... მართლმადიდებელი ეკლესია „ბარაბაშკებს“ უარყოფს, მაგრამ პოლტერგეისტის ფაქტს აღიარებს. ზუსტი თარგმანის მიხედვით, პოლტერგეისტი გამძვინვარებული სულების ამბოხია.

- მაინც რა განსხვავებაა ამ ორ მოვლენას შორის?
- განსხვავება მხოლოდ სახელწოდებაშია. ეზოთერიკაში მას პოლტერგეისტი ჰქვია, რუსები კი მას „ბარაბაშკას“ ეძახიან. ზოგიერთ პარაფსიქოლოგს მიაჩნია, რომ პოლტერგეისტი შესაძლებელია მოგზავნილი იყოს „გარედან“, ანუ შავ მაგიაში არის მეთოდიკა, როდესაც მაგს შეუძლია შექმნას რაღაც ფანტომი პოლტერგეისტის სახით და ის თავის მტერთან „გაგზავნოს“. შავი მაგები ამისთვის გარდაცვლილი ადამიანის „მოხეტიალე“ სულებსაც იყენებენ. „ბარაბაშკებთან“ კონტაქტი ადამიანისთვის სახიფათოა, რადგან ის აუცილებლად მოითხოვს თქვენგან სანაცვლოდ რამეს, ხშირ შემთხვევაში კი ეს ჯანმრთელობა იქნება. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ამბავს გიამბობთ: ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი საკუთარ სახლში აწყობდა სემინარებს, რომელზე დასწრებაც თავისუფალი იყო. სემინარები ანომალური მოვლენების კვლევასა და პარაფსიქოლოგიურ შესაძლებლობებს უკავშირდებოდა. ეს ქალი თავად ავლენდა პარაფსიქოლოგიურ შესაძლებლობებს და რაღაც არსებებთან კავშირში შედიოდა. მოულოდნელად ქალი ავად გახდა, ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და პაციენტი მალევე გარდაიცვალა. მსგავსი შემთხვევა ფიზიკოს ქალბატონსაც დაემართა. ის ამტკიცებდა, რომ კონტაქტს ამყარებდა სხვა სამყაროს არსებებთან, რომლებიც მომავლის წინასწარმეტყველებაში ეხმარებოდნენ. (მაგალითად, მან იწინასწარმეტყველა, რომ 1991 წელს რუსეთში 18-19 აგვისტოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდებოდა). ამგვარმა კონტაქტებმა ქალი საბოლოოდ დააინვალიდა.

- ბატონო დავით, ზოგიერთ ოჯახში „ბარაბაშკას“ სუფრას უწყობენ, კამფეტებითა და სხვა ტკბილეულით „უმასპინძლდებიან“...
- მე ასეთ ოჯახებს ვურჩევდი, „ბარაბაშკასთან“ ამგვარ ქმედებას მოერიდონ, რადგან ესეც კონტაქტის დამყარების ერთგვარი საშუალებაა. თუ ეს მოვლენა აუტანელ ხასიათს შეიძენს, ამ ადგილის ენერგეტიკა უნდა გაიწმინდოს. ეს კი აუცილებლად უნდა გააკეთოს სპეციალისტმა. არ ვიცი, არიან თუ არა ასეთი ადამიანები საქართველოში, ალბათ იქნებიან. ის უნდა იყოს ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს მაგიას, რადგან ეს სულები დემონური ხასიათის მატარებლები არიან. ხშირ შემთხვევაში, სადაც მსგავსი პოლტერგეისტული გამოვლინებები ხდება, რომელიმე ოჯახის წევრს აქვს ძლიერი ექსტრასენსორული თვისებები. რომ არა ადამიანის ეს თვისება, ის თავს ვერ გამოავლენს, რადგან ის ყოველთვის ითხოვს ადამიანურ ენერგეტიკას.

- როგორ უნდა დადგინდეს ოჯახის რომელი წევრის მეშვეობით ხდება პოლტერგეისტის გამოვლინება?
- უბრალოდ იკითხონ, ყველაზე მეტად ოჯახის რომელი წევრი განიცდის არაბუნებრივ სიცივეს, ანუ ასეთ ადამიანებს ნორმალურ ტემპერატურის პირობებში არანორმალური სიცივის შეგრძნება ეუფლებათ. ასევე ხდება სპირიტული სეანსების დროსაც, როცა ადამიანის ორგანიზმიდან ენერგია გადის. ამ სეანსის დროს, სულები კონტაქტზე იმ ადამიანების ენერგიის ხარჯზე გამოდიან, ვინც ამ სეანს ატარებს. აქვე მინდა გავავრცო ეს თემა. ალბათ ყველას სმენია სპირიტული სეანსების შესახებ, და მე კი ჩემი თვალით მინახავს ამ სეანსების „შედეგები“. მაშინ საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი და ჩემმა მეგობრებმა აღდგომამდე წითელ პარასკევს გადაწყვიტეს სპირიტული სეანსის მოწყობა.

- მათ შორის თქვენც იყავით?
- არა, მაგრამ ეს ამბავი მათგან ვიცი. სულები მაშინვე გამოსულან კონტაქტზე. ჩემი ახლობლები თურმე შამპანურს სვამდნენ და სულებსაც შესთავაზეს. შამპანურს ჭიქებში ასხამდნენ, სადღეგრძელოს ამბობდნენ, ჭიქა კი იქცეოდა და სითხე მაგიდაზე იღვრებოდა. ეს ნიშნავდა, რომ სულმა დალია. ზოგი სადღეგრძელო სულებმაც თქვეს.

- ?!
- როგორც ჩანს, სულები შეზარხოშდნენ და ჩემს მეგობრებს უთხრეს, მოდით, დაგენახებითო. ამ სიტყვების გაგონებისას ოთახი თითქმის დაიცალა, მხოლოდ 3 ყველაზე ძლიერი ადამიანი დარჩა. ცოტა ხანში ფანჯრის ფარდა გამოიწია, თანდათან ადამიანის ფორმა მიიღო და ის სილუეტი ცოტა ხანში გაქრა. ამ ამბის მერე მეგობრები თავ-თავიანთ სახლებში წავიდნენ, სახლში მხოლოდ მასპინძელი დარჩა. ის მეორე დღეს შიშჩამდგარი თვალებით მიყვებოდა, რომ მთელი ღამე ტელევიზორს რაღაც მწვანე ფანტომთან ერთად უყურებდა, რომელიც გვერდით ეჯდა. მათ უსაუბრიათ კიდეც და რაც კი სულმა იწინასწარმეტყველა, ყველაფერი ახდა. იმ ამბის შემდეგ, თითოეულ მათგანს, ვინც იმ სპირიტულ სეანს ესწრებოდა, თავს რაღაც გადახდა.

- უფრო კონკრეტულად?..
- ყველა ცოცხალი გადარჩა, მაგრამ ყველას მოუხდა კრიზისული, სტრესული პერიოდის გავლა. მართალია, რაც სულებმა უწინასწარმეტყველეს, შემდეგში ყველაფერი ახდა, მაგრამ ეს ჩემი მეგობრების ჯანმრთელობის ხარჯზე მოხდა...

ანა კალანდაძე
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
პს
მეც მყავს მარა ეგეტი ბოროტი არ არის, დამავოი მგონი სხვაა, დავგოგლე, აი ეგ მყავს მაგარი ცუღლუტი ვინმეა! ზრვის მარილი მიყარეტ ოტახის კუტხეებში, 10 დრეში ცვალეტ, ასევე ტავტან და ფეხებატნ საწოლის ქვეშ დაიდგიტ წრალი და ეგ მარილი, ესეც ცვალეტ, არანაირი სული და მაიმუნობა არ მოგეკატებატ მარილი უზველესი დროიდან იხმარება ამეებისტვის
14:16 / 03-10-2015
გამოხმაურება / 0 /
დამავოი
ვაიი მყავს მე ეგ სახლში და როგორც იყო მოვატვინიერე, სიცოცხლეს მიმწარებდა სანამ არ ავუღე ალღო ამ მაიმუნს
14:06 / 03-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS