06 აგვისტო, 2013
როდის კითხულობდა წიგნებს ჭრაქის შუქზე და რატომ დადიოდა სკოლაში ცხენით თამაზ ტყემალაძე
ზაზა დარასელი ტელევიზიის ახალგაზრდული პროგრამების მთავარი რედაქტორი გახდა, მე - ლიტერატურული განყოფილების გამგე. ლიტერატურისა და ხელოვნების მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი რომ გავხდი, ეს ძალიან დიდი თანამდებობა იყო ფილოლოგსა და ''საზოგადოებრივი მაუწყებლის'' გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე თამაზ ტყემალაძეს წიგნებსა და ლიტერატურაზე სასაუბროდ ტელევიზიის შენობაში ვეწვიეთ. პროფესიიდან და მისი ახალი თანამდებობიდან გამომდინარე, საუბრის ბოლოს ქართული ტელევიზიის დღევანდელობასაც შევეხეთ.

- დედაჩემი მაღალი დონის ფილოლოგი გახლდათ. ალბათ დიდი მეცნიერებისთვის იყო დაბადებული, მაგრამ ომის დროს დაამთავრა უნივერსიტეტი და ბიძამისმა ლაგოდეხის განაპირა
სოფელ ლელიანში ''დამალა'' . დედა მასწავლებლობდა და სოფელ ანანაურში ცხოვრობდა. სწორედ იქ გაიცნო ომიდან დაბრუნებული მამა და ისინი შეუღლდნენ. შინ კარგი ბიბლიოთეკა გვქონდა. მთელი სოფელი ჩვენი ბიბლიოთეკით სარგებლობდა. საერთოდ, ჩვენი თაობა წიგნებთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. ფაქტობრივად, VIII კლასში ქართულ ენაზე გამოცემული ყველა წიგნი უკვე წაკითხული მქონდა. რატომღაც გვიმალავდნენ ისეთ წიგნებს, როგორიც იყო ''ტრისტანი და იზოლდა'' , ''ნანა'' , ''იზა'' . მამაჩემი დიდებული მონადირე იყო და ყოველთვის ჰქონდა ფარნები. მათი დახმარებით წიგნებს საბნის ქვეშ ვკითხულობდი.
ჩვენი საკარმიდამო ნაკვეთის უკან ოთხწლედი იყო, რომელსაც ''ბურდების სკოლას'' ეძახდნენ. იმერულად ბურდები ეკალნარს ნიშნავს. პატარა იმერულ სახლს მერცხლის ბუდესავით ჰქონდა მიდგმული სამასწავლებლო. პირველი ჩანთა ბებიაჩემმა შემიკერა. დიდი ზომის, გათვალისწინებული იყო სკოლაში პურისა და ყველის წასაღებად. ჩვენ დროს სამელნეებს ვატარებდით, რადგან მაშინ ''პასტები'' არ გვქონდა. VIII კლაში ვსწავლობდი, როცა ის გამოიგონეს. ჩვენს რაიონსა და სოფელში ელექტროენერგიაც მაშინ შემოვიდა.
- ანუ ჭრაქის შუქზე კითხვა არ იყო თქვენთვის უცხო...
- დიახ, ასეა. მე და ჩემს უფროს ძმას ერთ პატარა ოთახში გვეძინა. დენს ისე შევხაროდით, შუაღამისას ნათურას ვინმე თუ ჩააქრობდა, მაშინვე გვეღვიძებოდა. ძილის დროსაც გვინდოდა სინათლე ანთებული ყოფილიყო.
წიგნებთან დაკავშირებულ თემაზე სულ ერთი ჩემი მეზობელი მახსენდება. სერაპიონ სხირტლაძე სოფლის განათლებული კაცი იყო. ბევრს კითხულობდა, მას ჩვენგან მიჰქონდა წიგნები. მუშაობის დროს ორ სიმღერას მღეროდა, რომელიც მთელ სოფელს ესმოდა. ესენი იყო სიმონ გუგუნავას პოემა ''თამარიანი'' და შოთა რუსთაველის ''ვეფხისტყაოსანი'' . როგორც ჩანს, ზეპირად იცოდა ორივე.
ჩემს ოჯახს ცხენი ყოველთვის ჰყავდა. ცხენით სკოლაშიც დავდიოდი. დილის 5 საათზე მოვახტებოდი და საბალახოდ გამყავდა. რომ არ გაქცეულიყო, ფეხზე მოვიბამდი, ნაბადში გახვეულს მეძინა. 8 საათისათვის ვიღვიძებდი და სკოლაში მსუყე ბალახით გამაძღარი ცხენით მივდიოდი...
საოჯახო ბიბლიოთეკისთვის წინებს დედ-მამა იძენდა. მამაჩემი წიგნებს ძირითადად ომზე, ნადირობისა და თევზაობის თემაზე კითხულობდა. მან საკონცენტრაციო ბანაკში მძიმე დღეები გამოიარა. ომს ჩემი ორი ბიძა, მამის ძმები შეეწირნენ, მაგრამ მანამდე ოჯახში სამივეზე გარდაცვალების ცნობა მიიღეს. ბაბუაჩემი უძლიერესი, გრდემლივით კაცი იყო. იმ ცნობის მიღების შემდეგ, სახლიდან გამოიტანა დოქით ღვინო, კაკლის ხის ქვეშ სკამი დაიდგა და დაჯდა. ბებია ჰყვებოდა, რომ თურმე ბაბუა არაფერს ჭამდა, ვერავინ ეკარებოდა, დღე და ღამე, წვიმასა და ქარში, ასე უჭმელ-უსმელმა ერთი თვე გაძლო და ისე მოკვდა, იმ ადგილიდან არ ამდგარა. ასეთი საშინელი სიკვდილის შესახებ, არც მერე მსმენია რამე და არც სადმე წამიკითხავს. ბაბუა რომ დაკრძალეს, ორი კვირის შემდეგ სოფელში ჩემი პატარა ბიძა ავტომატის ჯერით შუაზე გადაჭრილი ჩამოიყვანეს. ცოცხალ-მკვდარი იყო და თავის ეზოში დალია სული.
ჩემს სოფელს თავზე კავკასიონი ''ადგას'' , მამა ხშირად დადიოდა სანადიროდ. მეც VII კლასიდან ვნადირობდი. ვნანობ იმ რამდენიმე გასროლილ ტყვიას, რომელიც მაშინ მე ძალიან მახარებდა.
- რა მოინადირეთ?
- ტახი, დათვიც მყავს მოკლული, მაგრამ გახსენებაც არ მინდა...
- ისევ წიგნების თემას მივუბრუნდები. წლების განმავლობაში საყვარელ ავტორთა სია იცვლება. ბავშვობიდან დღემდე, უცვლელად რომელიმე ხომ არ გამოგყვათ?
- ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ალექსანდრე ყაზბეგმა. საერთოდ, კარგად ვიცოდი ქართული ლიტერატურის ისტორია. მაშინ ჩვენთვის ერთადერთი გასართობი კითხვა იყო, სკოლის პერიოდიდანვე ვწერდი ლექსებს. ჩვენს სკოლაში იმართებოდა ლიტერატურული სასამართლოები, რომლის აქტიური მონაწილე ვიყავი. გვყავდა მოსამართლე, ბრალმდებელი, ვექილი. ასეთი სასამართლოების გამართვა ილიას და აკაკის დროს დაიწყო საქართველოში. აკაკი თავად იყო თავისი ნაწარმოებების გმირების ბრალმდებელი. ჩვენთან იდგმებოდა სპექტაკლებიც. მახსოვს, ლელიანში ახალი დარბაზი რომ გაკეთდა, გოგოლის ''ახალი წლის ღამე'' დავდგით, სადაც მე მჭედელი ვაკულას როლს ვასრულებდი.
დედისა და პედაგოგების გარდა, გამიმართლა იმაშიც, რომ თამაზ ჩხენკელი ჩემი უფროსი მეგობარი იყო. ის თბილისში ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა და მამიდაშვილებმა სახელი თამაზი, მის გამო დამარქვეს. უნი ვერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე დავუმეგობრდი ვახუშტი კოტეტიშვილს, იურა ჯაფარიძეს, რეზო სირაძეს, ზაალ ჟვანიას, თემურ მაღლაფერიძეს, ლევან მენაბდეს, ელიზბარ ჯაველიძეს... სტუდენტი ვიყავი, მაგრამ მათი საუბრები, ღირსეული პურობა, მთა-ბარში და ძეგლებზე სიარული იყო ჩემთვის მეორე უნივერსიტეტი. როგორც ჩანს, მეც მათთვის კარგი პარტნიორი და ლიტერატორი ვიყავი, თორემ ვხვდები, რომ თავის გვერდით არ გამაჩერებდნენ.
- თქვენი აზრით, კომპიუტერიზაციაა იმის მიზეზი, რომ დღესდღეობით წიგნის კითხვისადმი ინტერესი განელდა?
- კომპიუტერი რამდენიმე წელია გააქტიურდა, მანამდე იყო ტელევიზორი, თუმცა, ვინც წიგნებთან თავიდანვე იყო დაკავშირებული, მას ვერაფერი შეუცვლის. წიგნს მაგიური ძალა აქვს და ადამიანისთვის ძალიან ახლობელია. ზოგჯერ სამ წიგნს ერთად, მონაცვლეობით ვკითხულობდი. არაჩვეულებრივი გრძნობაა, როცა რაღაც საქმეს აკეთებ, მერე შინ ბრუნდები და იქ წიგნი ''გელოდება'' . დღესაც რამდენიმე წიგნს ერთდროულად ვკითხულობ, მაგრამ მხატვრულ ნაწარმოებებს უკვე ნაკლებად.
- წიგნის ჩუქების ტრადიციაც უფრო მეტად იყო ჩვენში, ვიდრე ახლა.
- კი, მაგრამ მე დღესაც ბევრ წიგნს მჩუქნიან და მეც მიყვარს წიგნის ვინმესთვის ჩუქება. ახლახან ტარიელ ჭანტურიამ თავისი ახალი წიგნი მაჩუქა. პატარ-პატარა გესლიანი ჩანაწერებია, როგორიც მას სჩვევია. ასე წააწერა: ''ჩემს საყვარელ თამაზს, ჩემს ძმას, ვჩუქნი ამ წიგნს ერთგვარი შიშით'' . სიტყვა ''შიში'' ჩემთვის ერთგვარი კომპლიმენტია. ტარიელის სუსხიანი სტრიქონები არაერთხელ მომხვედრია და საკმაოდ უსამართლოდაც, აქვს მას ეს თვისება (იღიმის). ისე, მსგავსი წიგნიერი და ნაკითხი პოეტი დღეს საქართველოში არ მეგულება.
- რაც შეეხება ტელევიზიას, ბევრი უჩივის იმ ფაქტს, რომ ქართულ ტელესივრცეს შემეც-ნებითი გადაცემები აკლია. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე?
- სწორედ იმ ადამიანს ეკითხები, ვისაც ამ თემაზე აზრი მოეკითხება. თავდაპირველად მუშაობა რადიოში დავიწყე, სადაც რადიოს ლიტერატურულ გადაცემათა რედაქტორი ვიყავი. ზაზა დარასელი, ნანა ტალახაძე, მაია წერეთელი და მე ერთ ოთახში ვისხედით. შემდეგ მე და ზაზა დარასელი ტელევიზიაში გადმოვედით. მაშინ ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქცია ჩამოყალიბდა. იქ ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის გამგედ გადამიყვანეს, ხოლო ზაზა - ლიტერატურული განყოფილების გამგედ. ვახუშტი კოტეტიშვილის ცნობილი გამოსვლები სულ ჩემი და ჩემი მეგობრების მომზადებული იყო. შემდეგ ზაზა დარასელი ტელევიზიის ახალგაზრდული პროგრამების მთავარი რედაქტორი გახდა, მე - ლიტერატურული განყოფილების გამგე. ლიტერატურისა და ხელოვნების მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი რომ გავხდი, ეს ძალიან დიდი თანამდებობა იყო. მოგვიანებით შემომიერთეს ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქციაც. ფაქტობრივად, ტელევიზიის ჰუმანიტარული მიმართულების ერთი მესამედის შეფი ვიყავი. კვირაში დაახლოებით 15 გადაცემა იყო: ფოლკლორული, ლიტერატურული, თეატრალური... კეთდებოდა ლიტერატურული გადაცემები. ახლა რომ გადავხედოთ ჟურნალ-გაზეთებს, არსად არაფერი წერია ლიტერატურაზე. ლიტერატურაში ქართული სული დევს. ისინი, ვინც ხელისუფლების სათავეში იყო, ქართულ სულსა და ტრადიციებს ებრძოდნენ. ამ გზით უნდა გამქრალიყო ქართველი კაცი თავისი მენტალიტეტითა და შინაგანი სამყაროთი. ისინი ამას ნამდვილაც გააკეთებდნენ, ბევრიც არაფერი უკლდა.
- ხელისუფლება შეიცვალა, ცოტა ხნის წინ ''საზოგადოებრივი მაუწყებლის'' დირექტორის გიორგი ბარათაშვილის პირველი მოადგილე გახდით, ახალი პროექტიების განხორციელებას არ გეგმავთ?
- გიორგი ბარათაშვილი ალღოიანი კაცია. მას ჩემი პროექტები შევთავაზე და მიიღო. ეს არის სამი გადაცემა და სამივეს მე ვუხელმძღვანელებ, თუმცა რომლის ავტორი და წამყვანი ვიქნები, ჯერ არ გადამიწყვეტია. ბევრი სამუშაოა. ერთ გადაცემას ჰქვია ''ძველი, ახალი, უახ-ლესი'' . გადაცემა ქართულ მწერლობაზეა, დარღვეული იქნება ქრონოლოგია და პირველი გადაცემა მომზადდება ნიკოლოზ ბარათაშვილზე. კვირაში ერთი, 60-წუთიანი გადაცემა გავა და მიეძღვნება ერთ ავტორს... მეორე გადაცემას ლიტერატურასთან მცირე კონტაქტი აქვს. მისი სათაურია ''ლიხს იქით და ლიხს აქეთ'' - ეს მურმან ლებანიძის ლექსის მიხედვით, სადაც წერდა ''ლიხს იქით და ლიხს აქეთ, საქართველო გვიყვარდეს'' . ამ ბოლო 15 წელიწადმა საქართველო მთლიანად დაანაწევრა და დაანაკუწა. აღმოსავლეთი დასავლეთს აღარ იცნობს და პირიქით. რაც სჭირდებოდა ჩვენს მტერს, სწორედ ის მოხდა - გათიშულები ვართ. ქართველ ერს სიმხნევე ესაჭიროება და ყველას უნდა შევახსენოთ ჩვენი სიმდიდრე. კვირაში ერთი გადაცემა მიეძღვნება: ჩოხატაურს, მეორე - ახმეტას, მესამე - ახალქალაქს, მეოთხე - ლაგოდეხს და ა.შ. ნაჩვენები იქნება სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, სკოლა, ისტორიული წარსული, იმ რეგიონში მცხოვრები მომღერალი ოჯახები, ახალგაზრდები. ოთხი შემოქმედებითი გაერთიანება იმუშავებს, მათ ვუხელმძღვანელებ, მაგრამ თითოეული შემოქმედებითი ჯგუფის ნიჭიერებასა და მონდომებაზეა დამოკიდებული, როგორი გამოვა ეს გადაცემები.
- და მესამე?..
- მესამე გადაცემა ის არის, რომლის განხორციელებაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მინდოდა და შეიძლება ახლა ჩაჯდეს ეთერში. ეს 90-წუთიანი პროექტია, ჯერ 4-5 სათაურს შორის არჩევანი არ გამიკეთებია, მაგრამ გადაცემა იქნება დედაქალაქზე, ჩემს თბილისზე. პირველი მუდმივი სიუჟეტი იქნება 7-წუთიანი მოთხრობა თბილისზე და შემდეგ უკვე სხვადასხვა თემა გაიშლება. საერთოდ, ჩვენი დედაქალაქი ძალიან საინტერესო, ამოუწურავი სკივრია. ამ გადაცემების ჯგუფების დაკომპლექტება აგვისტოში დაიწყება. გადაცემა თბილისზე სექტემბრიდან გავა ეთერში და ორიოდე თვეში დანარჩენი ორიც მომზადდება. დარწმუნებული ვარ, ეს გადაცემები სულ სხვა ელფერს მისცემს ტელევიზიას.

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მაია ციეგლერი
ჩემი და ჩემი თაობის, ჩემი სკოლის და ჩემი კლასის და არამარტო ჩემი კლასის უსაყვარლესი პედაგოგი და ადამიანი! კითხეთ მას, რა წიგნები წაიკითხოთ, წაიკითხეთ ის წიგნები და გარწმუნებთ, ანგელოზს რომ პერგამენტი ეჭირა, ის ანგელოზი შეგეხებათ ფრთებით! უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით ვენიდან, თქვენი მაია, თამაზ მასწ.
00:26 / 07-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS