- დედაჩემის, ნათელა ურუშაძის, მამა ამბერკი ბოლშევიკი, რევოლუციონერი იყო. მისი ოჯახი წარმოშობით ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურიდან იყო. ამბერკიმ ცოლად ბებიაჩემი ანიკო ჩიტაშვილი შეირთო. ქიზიყელ ბებიას სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული. მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო. მანამდე ბაბუას პირველი მეუღლე ჰყავდა, რომელიც გარდაიცვალა. მასთან ამბერკის ორი ქალიშვილი შეეძინა. ასე რომ, დედას ორი უფროსი ნახევარდა ჰყავდა. ბაბუა არ მახსოვს, რადგან ის 1937 წელს დახვრიტეს და ბებია გადაასახლეს. საერთოდ, ამბერკი ურუშაძის ოჯახი ძალიან ტრაგიკული იყო. უმ-ცროსი ძმა ამბერკი ბოლშევიკი იყო, ხოლო უფროსი გრიშა - მენშევიკი. გრიშა 1927 წელს დახვრიტეს, ხოლო 1937-ში - ამბერკი. მაშინ მათი მამა ცოცხალი იყო და იმ უბრალო გლეხმა კაცმა ორი შვილი პარტიულობის გამო დაკარგა. ბებიამ, როგორც ''სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრმა'' , 9 წელი გაატარა გადასახლებაში. მაშინ ნათელა 13 წლის იყო. 22 წლის ასაკში დაუბრუნდა დედა გადასახლებიდან. მშობლის არყოფნის დროს ნათელა ბებიასა და დეიდასთან იზრდებოდა. თუმცა მანამდე შეძლო და დედა მოინახულა. დედამ სხვადასხვა ინსტანციაში იარა, დედასთან გამგზავრების ნებართვა მოიპოვა და ომის პორიოდში მასთან ჩავიდა. მარტო გაემგზავრა და შემდეგ ამბობდა, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ ახალგაზრდობამ გააბედვინა.
დედამ ჯერ თბილისში თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა, სადაც დიმიტრი ალექსიძესა და გიორგი ტოვსტონოგოვთან სწავლობდა. შემდეგ მოსკოვში, ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე ისწავლა. იქ გამგზავრება მისმა პედაგოგმა გიორგი ტოვსტონოგოვმა ურჩია. მოსკოვში დედა აკაკი ხორავას სარეკო-მენდაციო წერილითა და ძალისხმევის შედეგად გაემართა. დედა ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის რექტორთან იმ წერილით მივიდა. თურმე, ის კაცი ძალიან აღელდა, რადგან იმ პერიოდში აკაკი ხორავას სახელი მთელ საბჭოთა კავშირში ქუხდა, მისი სამსახიობო შემოქმედება ზენიტში გახლდათ და მისგან წერილის მიღება მისთვის დიდი პატივი იყო. იმ დროს მოსკოვის იმ ინსტიტუტში ყველა ის ადამიანი ასწავლიდა, რომელთა წიგნებითაც დედა თბილისში ცოდნას იღრმავებდა. ლექტორები, სანამ დედას მიიღებდნენ, გაესაუბრნენ. პედაგოგებს ნათელასთვის უთხოვიათ ქართული თეატრის შესახებ მოეთხრო. ნათელა იხსენებდა, რომ ისინი ძალიან კეთილგანწყობილნი იყვნენ სრულიად უცხო ადამიანის მიმართ. საერთოდ ხომ ასეა, ადამიანი რაც უფრო დიდია, ის მით უფრო მოკრძალებული და უბრალოა, ამითი განისაზღვრება ადამიანების პიროვნული ღირებულებები და მისი ჭეშმარიტი ინტელიგენტობა. გასაუბრების შემდეგ დედა პირდაპირ მესამე კურსზე დასვეს. მას არაჩვეულებრივი ჯგუფი ჰყავდა, რომლებიც შემდეგში მისი თაობის საუკეთესო თეატრმცოდნეები გახდნენ. თბილისში დაბრუნებული დედა აკაკი ხორავამ, როგორც თეატრმცოდნე, თეატრალურ ინსტიტუტში პედაგოგად მიიღო.
- რაც შეეხება მამას?..
- ბაბუაჩემი ლადო გეგეჭკორი ქართული ფოლკლორის სპეციალისტი, თეორეტიკოსი და პოეტი იყო. ბებია, თამარ გელოვანი, რუსულ ენასა და ლიტერატურის პედაგოგი და თავის დროზე სკოლის დირექტორიც გახლდათ. როცა ისინი დაქორწინდნენ, რამდენიმე წელი ბაქოში ცხოვრობდნენ. იქ იმ პერიოდში საკმაოდ ძლიერი ქართული სათვისტომო ცხოვრობდა. ბაქოში მოყვარულთა თეატრიც არსებოდა, სადაც ბებია მსახიობობდა. სხვა მხრივ, გოგის ამ სფეროსთან დაახლოებული წინაპრები არ ჰყოლია. სანამ მამა თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარებდა, მანამდე იქ მისი უფროსი ძმა მერაბი სწავლობდა. სკოლის დასრულების შემდეგ გოგი მამამისმა ლადომ ძალიან ცნობილ მეტყველების პედაგოგ მალიკო მრევლიშვილთან გასასინჯად მიიყვანა. მას უთქვამს, რომ გოგი სისინა და შიშინა ბგერებს მკვეთრად წარმო-თქვამდა და ამის გამოსასწორებლად სავარჯიშოები დაუნიშნა. გოგიმ იმე63 ცადინა, გამოცდებზე გავიდა და ჩააბარა. ომის პერიოდში თეატრალურ ინსტიტუტში ცოტა ბიჭი სწავლობდა. მამა ჯარში არ გაიწვიეს იმ მიზეზით, რომ მას პლევრიტი ჰქონდა. დედა ფილარმონიასთან ყოფილ მე-18, ახლანდელ 51-ე საჯაროს სკოლაში სწავლობდა, ხოლო მამა სოლოლაკში, ახლანდელ 39-ე სკოლაში, კიროვის ქუჩაზე. ერთმანეთს თეატრალური ინსტიტუტიდან იცნობდნენ, ერთად თამაშობდნენ კიდეც სპექტაკლში, მაგრამ ოჯახი მოგვიანებით შექმნეს, მაშინ დედა უკვე დაბრუნებული იყო მოსკოვიდან.
- საინტერესოა, როგორ დაუახლოვდნენ ერთმანეთს...
- დედ-მამა 1953 წელს დაქორწინდა. მარტის დასაწყისში მოაწერეს ხელი. თეატრალური ინსტიტუტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მთავრობაში ანონიმური წერილი მიიტანა, სადაც წერდა, რომ ნათელა ურუშაძემ და გოგი გეგეჭკორმა ხელი მაშინ მოაწერეს, როცა მთელი საბჭოთა კავშირი დიდი სტალინის გარდაცვალებას გლოვობდაო. დედა თეატრალურის მაშინდელმა პრორექტორმა აკაკი ფაღავამ დაიბარა და მთავრობიდან გადმოგზავნილი წერილი აჩვენა. მან არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, რა პასუხი გაეცა. ნათელამ დაამშვიდა, შეგიძლიათ საპასუხო წერილი გაუგზავნოთ და ჰკითხოთ, რატომ იყო მმაჩის ბიურო ღია მაშინ, როცა სტალინი გარდაიცვალა, დაეხურათ და ხელმოწერას ვერ შევძლებდითო.
სიმართლე გითხრათ, სერიოზულად არც ერთს არ მოუყოლია მათი დაახლოების ამბავი, უფრო იუმორისტულად იცოდნენ გადმოცემა. მახსოვს, დედა რომ ჰყვებოდა, ერთხელ მეგობრებთან ერთად აგარაკზე წავედით. იმ დღეს გოგისთვის ვიღაც ახალგაზრდა ქალი უნდა გაეცნოთ. ბანქოს ვთამაშობდით, ყველანი კონცენტრირებული იყვნენ გოგისა და იმ ქალზე. საერთოდ, დედა ბანქოს კარგად ვერ თამაშობდა, მაგრამ იმ დღეს მოუგია. მერე ამბობდა, როგორც ჩანს, გოგიც ბანქოში მოვიგეო.

- ამ ამბის მამას ვერსია როგორი იყო?
- ის თითქმის არ ჰყვებოდა, უბრალოდ, ნათელას ამ მონათხრობზე ჩაიცინებდა ხოლმე. მყარი ოჯახი ჰქონდათ. მამა 2003 წლის მარტში გარდაიცვალა. პანაშვიდის დღეს მათი ქორწინებიდან 50 წელი შესრულდა.
- დედათქვენი სპექტაკლებზე რეცენზიებს წერდა. საინტერესოა, ამა თუ იმ დადგმაზე მეუღლეს მოსაზრებებს უზიარებდა თუ ის უკვე ნაბეჭდი სახით იგებდა მეუღლის აზრს?
- რა თქმა უნდა, თავის აზრს ეუბნებოდა. შინ ხშირად მახსოვს ამა თუ იმ სპექტაკლის განხილვა და სჯა-ბაასი. ზოგჯერ ძალიან კრიტიკულიც. ვფიქრობ, როცა გიყვარს ადამიანი, შესრულებულ როლსა და შემოქმედებასთან დაკავშირებით პრობლემებსა და ნაკლზე უნდა მიუთითო, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ტაქტით იყო ნათქვამი. ნათელამ იცოდა თეატრის რაობა, შინაგანი სტრუქტურა, ის წლების განმავლობაში მუშაობდა რუსთაველის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგედ. მაშინ არც შეიძლებოდა ამ თეატრის რეპერტუარი შეეფასებინა. ხუმრობდა ხოლმე, არ ვწერ რუსთავლის თეატრზე, სადაც გოგი მუშაობს და არც მარჯანიშვილის თეატრზე, რადგან გოგი იქ არ მუშაობსო (იღიმის). ჩვეულებრივ, პრემიერის წინ ან ახლად ჩავლილი პრემიერის დღეებში მსახიობს მხოლოდ ის უნდა უთხრა, რისი გამოსწორებაც მას შეუძლია. რასაც ვერ გამოასწორებს, იმაზე გაჩუმება სჯობს, რადგან შეიძლება ანერვიულდეს, აიჭრას და უარესი შედეგი მივიღოთ. ასე იქცეოდა ნათელაც... რაც შეეხება რეცენზიებს, დედა ერიდებოდა იმ სპექტაკლებზე წერას, რომელშიც მამა მონაწილეობ-და, რადგან ეს ცოტა არაეთიკური იყო და შეიძლება სუბიექტურობაში ჩაეთვალათ. აქედან გამომდინარე, თითქმის ვერ დაგისახელებთ დედაჩემის რეცენზიებს იმ სპექტაკლებზე, რომლებშიც მამა მონაწილეობდა.
- დედათქვენი თეატრის ისტორიას მასწავლიდა. სტუნდენტები მას ხუთი წლის განმავლობაში, კვირაში ერთხელ ვხვდებოდით. არ მახსოვს, ლაპარაკისას ხმისთვის აეწია, მაგრამ მის ლექციებზე ყოველთვის სრული სიმშვიდე იყო. საინტერესოა, როგორი იყო შვილებთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში?
- ასეთივე. მისგან ხმამაღალი სიტყვა თითქმის არ მახსოვს. დედა წელს, ანუ 2013 წლის თებერვალში, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. იქიდან 58 წელიწადი მე მას ვიცნობდი (იღიმის). ის ძალიან გაწონასწორებული ადამიანი იყო, მისი გურულობა მხოლოდ მის იუმორში გამოიხატებოდა. მისი მშობლების გურული და კახური ტემპერამენტი ერთმანეთს აწონასწორებდა. მას ძალიან ბევრის მოთმენა შეეძლო. მე და ჩემი ძმა ცუდად თუ მოვიქცეოდით, ზღვარს გადავიდოდით და უკიდურესობამდე მიგვყავდა, მხოლოდ მაშინ თუ გა-ბრაზდებოდა. ის გაბრაზება მტერს და ავს! მისი გულის მოლბობა ძალიან რთული იყო. მამაჩემს სრულიად საწინააღმდეგო ტემპერამენტი ჰქონდა, უცბად და ადვილად ფეთქდებოდა, თუმცა მალევე გადაუვლიდა ხოლმე. ყველა ნორმალურ ოჯახში მამები შაბათ-კვირას ისვენებენ, ჩვენს ოჯახში კი გოგი ორშაბათს, ანუ თეატრის დასვენების დროს იყო სახლში. მე და ჩემი სამწლინახევრით უმცროსი ძმა შევუჩნდებოდით ხოლმე, მამა, კინოში წავიდეთ, წავიდეთ. პირველი რეაქცია ყოველთვის იყო წამოყვირება: ოჰ, რა გამიჭირეთ საქმე, ძლივს ერთი დასვენების დღე მაქვს და მინდა შინ ვიყო, დამაცადეთო! ამ დროს დედა თვალით გვანიშნებდა, რომ მასთან არ გვეკამათა. მართლაც ვჩუმდებოდით და ზუსტად სამ წუთში გოგი გვეტყოდა: რომელ საათიან სეანსზე წავიდეთ?!

მამა სპექტაკლის წინა დღეს არავითარ შემთხვევაში არ სვამდა ალკოჰოლს. მამა ისე გარდაიცვალა, თავისი ოთახი არ ჰქონია. არ მახსოვს დღე, რომ სააბაზანოდან გოგის ხმა არ გამოსულიყო. ის მეტყველების სავარჯიშოებს წარმოთქვამდა. ასე იქცეოდა სიცოცხლის ბოლომდე. ზოგადად ეს მისი თაობის უმრავლესობისთვის დამახასიათებელი თვისება იყო.
ბებია ჩვენთან ცხოვრობდა და დედას, როცა ის მუშაობდა, სახლის საქმეში ეხმარებოდა. გოგის მასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. სიძე-სიდედრი, ჩვენგან რამე ''საიდუმლო'' რომ ჰქონდათ, ერთმანეთს სომხურად ელაპარაკებოდა. სომეხი არც ერთი არ ყოფილა, მაგრამ ბებია სოლოლაკში გაიზარდა, მამაჩემი ვერცხლის ქუჩაზე და მეზობლების წყალობით ეს ენა აითვისეს.
ბებიას გარდაცვალების შემდეგ საოჯახო საქმეს დედა აკეთებდა. მახსოვს, სადილს შემოდგამდა გაზქურაზე, გაიქცეოდა, რაღაცას დაწერდა და ისევ სამზარეულოში ბრუნდებოდა. ერთი ასეთი სასაცილო შემთხვევა მახსენდება: მაშინ იოსელიანის ქუჩაზე, კინემატოგრაფისტების სახლში ვცხოვრობდით. საღამო ხანს ტელევიზიაში ერთ-ერთი პირველი ბრაზილიური სერიალი ''მონა იზაურა'' გადიოდა. მონა ერქვა, მაგრამ დადიოდა გამოპრანჭული ''კრინოლინითა'' (კაბის ქვეშ ჩასაცმელი ქვედაბოლო) და გრძელი ხელთათმანით. ვახშმობის შემდეგ დედა სამზარეუ-ლოში ჭურჭელს რეცხავდა, საიდანაც კარგად ჩანდა ტელევიზორი. ჭურჭლის რეცხვა იზაურას ფონზე რამდენიმე საღამოს განმეორდა და ერთხელაც შემოგვესმა ხმა, როგორ ჩააგდო თეფში ნიჟარაში. მასთან შევცვივდით და გვეუბნება, ამიხსენით, რატომ არის ეს მონა და რატომ ვარ მე პროფესორი (იცინის)?!
ხშირად მეკითხებიან, რა იყო მათი ხანგრძლივი ოჯახური ცხოვრების საფუძველი და საიდუმლო. ვფიქრობ, ეს განსხვავებული ტემპერამენტის, ერთნაირი ზნეობრივი ღირებულებების, პრინციპებისა და ერთ პროფესიაში ყოფნა იყო.
დედას კარგად ესმოდა, როცა მამა სპექტაკლის გამოშვების ბოლო ეტაპზე იყო, მისთვის ხელი უნდა შეეწყო. ამ დროს არტისტი განსაკუთრებით მგრძნობიარეა. შესაბამისი პირობები უნდა შეუქმნა და არ გააღიზიანო, რომ სამუშაო ბოლომდე ჩაათავოს. დედაც, როცა რამე თემაზე ან წიგნებზე მუშაობდა, მამა ცდილობდა არ შეეწუხებინა. ჩემი აზრით, გოგი არღვევდა სტერეოტიპს, რომელიც საქართველოში მსახიობზეა შექმნილი. თითქოს მსახიობობა არის ბოჰემური ცხოვრება, გვიან დაძინება, შუადღისას გაღვიძება და ა.შ. მამა ადრე დგებოდა და საყიდლებზე დადიოდა. დედაჩემმა არ იცოდა სახლის ირგვლივ მაღაზიებში სად რა იყიდებოდა. მამა მოუსვენარი და წესრიგის მოყვარული ადამიანი იყო. არ მახსოვს შემთხვევა, რომ შინ მოსულიყო, პიჯაკი გაეხადა და სადმე დაეგდო. აუცილებლად უნდა შეეკიდებინა კარადაში, ყველა ნივთს თავის ადგილას მიიტანდა და მერე დაჯდებოდა დასასვენებლად. რა თქმა უნდა, ქეიფიც უყვარდა და დროსტარებაც, მაგრამ ყოფაში უაღრესად მოწესრიგებული იყო. ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც იტყოდა რომ გოგიმ სადმე დააგვიანა, პირიქით, ის ყველგან ადრე მიდიოდა. სიტყვის კაცი იყო. მის ამგვარ მოუსვენრობასა და პასუხისმგებლობით სავსე ხასიათს მეგობრები სულ აღნიშნავდნენ და მახსოვს, ერთხელ დედამ მათ ხუმრობით უთხრა, მე გეტყვით, ეგ როდის მოისვენებს, როცა ჩემი ორმოცი ექნება გადახდილიო (იღიმის).

- საინტერესოა, როგორ აფასებდა დედა მეუღლის კინოროლებს, ან თავად თეატრსა და კინოში განსახიერებული რომელი როლი მოსწონდა მეტად...
- დედის თაობისა და მასზე უმცროსები, როცა იგებდნენ, რომ მე გოგის შვილი ვიყავი, მაშინვე ნიკოლოზ ბარათაშვილს ახსენებდნენ. მათ ახალგაზრდობაში მამა ძალიან პოპულარული ამ რომანტიკული როლის შესრულებით გახდა. მე ეს სპექტაკლი არ მინახავს, მაგრამ ლეგენდასავით ჩამესმოდა. კოტე მახარაძემ მითხრა, სპექტაკლ ''ბედი მგოსნისას'' შემდეგ იმდენი ხალხი გროვდებოდა რუსთაველის თეატრის სამსახურებრივი შესასვლელის წინ, რომ ზოგჯერ მამას უკანა გასასვლელიდან აპარებდნენ. დედას მიაჩნდა, რომ პროფესიული თვალსაზრისით მამა უფრო ძლიერი იყო სახასიათო რეპერტუარში. მაგალითად როგორიც იყო მგელი სპექტაკლ ''ჭინჭრაქაში'' , ტიგრან გულოიანი ''საბრალდებო დასკვნაში'' , პლატონ სამანიშვილი ''სამანიშვილის დედინაცვალში'' და ა.შ. ''საბრალდებო დასკვნა'' თითქმის ათასამდე ითამაშეს. რამდენჯერმე შეიცვალა მსახიობები, მაგრამ მამა ყველა სპექტაკლში მონაწილეობდა.
მამას დრამატული რეპერტუარიც ჰქონდა. თავად გოგიც საკმაოდ კრიტიკულად უყურებდა თავის ამა თუ იმ როლს. არ უთქვამს, მაგრამ ვატყობდი, რომ მოსწონდა პლატონ სა-მანიშვილის, ტიგრან გულოიანისა და მგლის როლები. ''ჰამლეტში'' ჰამლეტი ითამაშა და ამბობდა, ჩავაფლავე ეს როლი, არ გამომივიდაო.
ასე რომ, ხიბლში ჩავარდნილი არც ერთი არ ყოფილა, ძალიან საღად უყურებდნენ თავიანთ და ერთმანეთის საქმიანობას. რაც შეეხება კინოროლებს, დედას და მეც ძალიან მოგვწონდა ფილმი ''არდადეგები'' , რომელშიც მამას კომიკური როლი ჰქონდა. მას ბევრი მღვდლის როლი აქვს შესრულებული - კინოშიც და ტელევიზიაშიც. ბაბუაჩემის მამა გიორგი, რომლის სახელიც მამაჩემს ერქვა, სასულიერო პირი გახლდათ. ის მარტვილის მონასტრის უკანასკნელი მღვდელმთავარი იყო. გიგა ლორთქიფანიძის ფილმში ''წიგნი ფიცისა'' მამამ ანტონ კათოლიკოსის როლი შეასრულა. გადაღებების ერთი ნაწილი პეტერბურგში მიმდინარეობდა. ერთხელაც კოსტუმმორგებული სამსახიობო შემადგენლობა და მათ შორის გოგი, მორიგი ეპიზოდის გადაღების შემდეგ ტაძრიდან რომ გამოდიოდნენ, მასთან ახალდაქორწინებული წყვილი მისულა და დალოცვა უთხოვია. მამამ უარი ვერ უთხრა და დალოცა (იღიმის).
90-იანი წლების ბოლოს რუსთაველის თეატრში დაიდგა სპექტაკლი ''მაკბეტი'' , რომელშიც მამა, გურამ საღარაძე და ჯემალ ღაღანიძე ალქაჯებს თამაშობდნენ. შექსპირის ჩანაფიქრის მიხედვით, გაუგებარი იყო, ეს ფანტასტიკური არსებები ქალები იყვნენ თუ კაცები. მაშინ სამივემ თავიანთი კოსტიუმების გასამდიდრებლად სახლიდან მეუღლეების სამკაულების მიტანა დაიწყო. მამაჩემმა სიდედრის ძველისძველი მელიის ბეწვი იპოვა, ე. წ. ''ჩერნაბურკა'' . თეატრში წაიღო და მერე დიდი ზეიმით ჰყვებოდა, ვერ მაჯობეს, ჩემნაირი ''ჩერნაბურკა'' არც ერთს არ ჰქონდაო.
მამას უყვარდა კინო, მაგრამ მისი თეატრალური შემოქმედება უფრო მდიდარია და მისთვისაც ცხოვრების ძირითადი საზრისი თეატრი იყო. მამა შვილებისა და ოჯახის მოყვარუ-ლი ადამიანი გახლდათ, მაგრამ როცა ვფიქრობ, რომელი უფრო უყვარდა, ჩვენ თუ თეატრი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მიჭირს.

- დედა მამის გარდაცვალების შემდეგ მასზე თუ საუბრობდა, ალბათ ნაკლებად...
- დიახ, ეს დედასთვის დიდი დარტყმა იყო. მამა 80 წლის ასაკში, 2003 წლის 11 მარტს გარდაიცვალა. მის გარეშე დედამ 9 წელი იცხოვრა და ეს, რა თქმა უნდა, მისთვის ადვილი არ იყო. არ ლაპარაკობდა, მაგრამ ვატყობდი, როგორ განიცდიდა უმისობას. როგორც ჩანს, ასეთი ტკბილი ოჯახიდან ერთ-ერთი მეუღლე იმ ქვეყნად რომ მიდის, შვილებსა და შვილიშვილებთან ურთიერთობა სრულ კომპენსაციას ვერ გიწევს. მით უმეტეს, როცა ხანში შესული ხარ.
- თქვენი მშობლები შვილების პროფესიულ არჩევანს როგორ შეხვდნენ, გირჩიეს რამე?
- არავითარი ჩარევა არ ყოფილა. ჩემი ძმა ბავშვობიდანვე ხატავდა, ნიკოლაძის სამხატვრო ტექნიკუმში სწავლობდა და შემდეგ სამხატვრო აკადემიაში, ხოლო მე ჯერ სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება მოვინდომე. დედა კარგად მიცნობდა და ეს არჩევანი რომ დაეწუნებინა, იცოდა, საპირისპირო რეაქცია მექნებოდა, ამიტომ გურული დიპლომატიით დამეთანხმა. უბრალოდ მითხრა, მინდა მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოხვდე, წელს ის ჯგუფს არ იყვანს, მოდი სხვაგან ჩააბარე და მერე გადმოიტანე საბუთები თეატრალურშიო. დავეთანხმე და უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. შემდეგ მომეცა საშუალება, რომ ბატონი მიშას ლექციებს დავსწრებოდი. ფსიქოლოგიას არ გავყოლილვარ, უბრალოდ, უნივერსიტეტი ისე დავამთავრე, თეატრალურ ინსტიტუტში საბუთები აღარ გადამიტანია. მოგვიანებით თეატრმცოდნე გავხდი და დისერტაციაც ამ სფეროში დავიცავი. ბატონი მიშას გაკვეთილებმა კარგად გამაცნო თეატრი ''შიგნიდან'' , რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა თეატრმცოდნისათვის.
- ცოლ-ქმარს ბევრი ფოტო ჰქონდათ ერთად გადაღებული? უყვარდათ მათი შეგროვება?
- ერთობლივი არცთუ ისე ბევრი ფოტოა, მაგრამ დედას თავად უყვარდა ფოტოების გადაღება. დედას ერთი ძველი ფოტოაპარატი ჰქონდა. მას გადაღებული აქვს (კლეოპატრა) სპექტაკლში ''ანტონიუსი და კლეოპატრა'' ვერიკო ანჯაფარიძის ყველა კადრი. გაკეთებული ჰქონდა ალბომი, სადაც იმ ფოტოებზე წაწერილი იყო ვერიკოს რეპლიკები. კადრების მიხედვით ისე არის აწყობილი, რომ ამ გზით შეიძლება სპექტაკლის მოქმედების ხაზის აღდგენა. ნათელას ზუსტად იმავე პრინციპით აქვს გადაღებული აკაკი ხორავას ''ოტელოც'' .
- მახსოვს დედათქვენის განუყრელი ბროში, მაქმანები, თითზე დაღესტნური ბეჭედი და ყოვეთვის მოვლილი, ღია ვარდისფერი ლაქით დაფარული ფრჩხილები...
- დიახ, მართალი ხართ, სწორად შენიშნეთ. ის ბეჭედი არავითარ ძვირფასეულობას არ წარმოადგენდა, უბრალოდ ძალიან უყვარდა. რაც შეეხება ფრჩხილებს, ყოველთვის მოვლილი ჰქონდა. ის ამაზე ყოველთვის ზრუნავდა. მან იცოდა, რომ სტუდენტი ვიზუალურ მხარეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამას მაშინ მივხვდი, როცა სტუდენტებთან თავად მომიწია ურთიერთობამ. სტუდენტი მარტო ლექციას არ ისმენს, ის მთლიანად აფასებს თავის პედაგოგს და ამიტომ, ყოველთვის ლაზათიანი და მოვლილი უნდა იყო.

- მამა ერთი მსახიობის თეატრ ''ვერიკოშიც'' თამაშობდა. მისი ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი მაქვს ნანახი...
- დიახ. მამამ სპექტაკლ ''მონატრებაში'' ერთი სეზონი ითამაშა. 2002 წლის ოქტომბერში ჩვენ უკვე ვიცოდით მამას მძიმე სენის - სიმსივნის შესახებ. მაშინ რუსთაველის თეატრში რემონტი იყო და ერთი მსახიობის თეატრში სპექტაკლი ''მონატრება'' მისი ბოლო სპექტაკლი აღმოჩნდა.
- დედამ ბოლოს რა წიგნი გამოსცა?
- მის ბოლო წიგნს ''თეატრმცოდნეობა: შესავალი'' ჰქვია. როცა გამოვიდა, კარგა ხნის დაწერილი ჰქოდნა. დედა ბოლო ორი წელი თითქმის არ მუშაობდა. იმიტომ არა, რომ არ შეეძლო, უბრალოდ აღარ უნდოდა. მთელი ცხოვრება აქტიური ქალი იყო და ბოლო ხანს დეპრესიული მდგომარეობა დაეწყო. ამის მიზეზი ის იყო, რომ საქმეს ძველებური ხარისხითა და ენერგიით ვეღარ აკეთებდა. ამან კი მისი სამყაროდან მოწყვეტა გამოიწვია...
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















