სოფო გელოვანი შვილებთან ერთად წყნეთში ისვენებს, თან ახლავს ბებიაც, რომლის შესახებაც ასეთი რამ გვითხრა: "იმდენ რამეს ვსწავლობ მისგან თუნდაც ბავშვის აღზრდის საკითხში, რომ ეს დასვენება კარგი გაკვეთილიცაა ჩემთვის". ჩვენი სასაუბრო თემა ოჯახური ტრადიციები გახლდათ.
- ტრადიულ ოჯახში ვარ გაზრდილი და ჩემთვის ტრადიციები ბევრს ნიშნავს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი დამახინჯებულია და არ მომწონს, მეტიც, ხანდახან მგონია, რომ ტრადიციაც არაა, უბრალოდ ჩვენ აღვიქვამთ ასე. თუმცა არის ისეთები, რომელთაც დღემდე ვინარჩუნებ.
- ზედმეტად თრობა, რაც ქართველ კაცს არ შეშვენის, ქეიფის ღრეობაში გადასვლა ტრადიცია ნამდვილად არაა. ვაგრძელებ და ვინარჩუნებ სუფრის ოჯახში გაშლის ტრადიციას, სტუმართმოყვარეობა, სტუმრიანობა ჩვენს ოჯახში მისასალმებელი ტრადიცია.
- რაც შეეხება ოჯახის შემქნის თემას, ნიშნობა, ხელის მოწერა, ქორწილი, მოგწონს ეს თანმიმდევრობა და ზოგადად ეს ტრადიცია?
- შეიძლება ეს ყველაფერი 20-30 წლის წინათ ხდებოდა, თუმცა დღემდე გრძელდება და ამას თავისი ხიბლი ნამდვილად აქვს... მომწონს ხელის თხოვნაც, ჯვრისწერაც, ქორწილიც, ვფიქრობ, ეს ძალიან ლამაზი ტრადიციაა.
- თუმცა, ჩვენს რეალობაში მკვიდრდება ქორწინებამდე თანაცხოვრება, რასთან დაკავშირებითაც აზრი ორად იყოფა...
- ზოგადად, ძალიან რთულია თქმა, რა არის კარგი და ცუდი. არსებობენ წყვილები, რომლებიც დაოჯახებამდე ცხოვრობდნენ ერთად, მაგრამ დაქორწინების შემდეგ მათი ოჯახი მყარი მაინც არ არის. ასევე არიან ისეთებიც, ვისაც არ უცხოვრიათ წინასწარ ერთად, მაგრამ დაოჯახების შემდეგ მყარად აგრძელებენ თანაცხოვრებას. ეს ისეთი თემაა, ვერ გაიგებ, რა არის კარგი და რა - ცუდი, თითოს გამართლებაზეცაა. ამ შემთხვევაში ტრადიციული ვიქნები და ვიტყვი, პირადად მე, მომწონს, როცა ოჯახი წესებისა და ტრადიციების დაცვით იქმნება.
- ოჯახურ თანაცხოვრებას თან ახლავს რთული პერიოდი, რომელის გადალახვა გამოცდილებაა და რიგ შემთხვევებში აძლიერებს კიდეც ოჯახს... ათწლიანი თანაცოვრება გაკავშირებს მეუღლესთან, რა რჩევას მისცემ ამ კუთხით წყვილებს?
- ზოგადად, ყველა წყვილის ურთიერთობა ინდივიდუალური და ერთმანეთისგან განსხვავებულია, ყველას თავისებური ხედვა აქვს და თავისებურად მართავს ოჯახს. ერთად ცხოვრების პირველ წლებში უცნაური შეგრძნება გაქვს, აცნობიერებ, რომ ცხოვრობ სხვა ადამიანთან ერთად, თითქოს თავის დამკვიდრების პროცესში ხარ, წყვილებს რომ ვაკვირდები ვხვდები, ამ დროს თითქოს ერთმანეთთან რაღაცის დამტკიცებას ცდილობენ. გაივლის ეს პერიოდი და სხვა ეტაპზე გადადიხარ. რჩევის მიცემა ძნელია, მაგრამ ზოგადად, ვფიქრობ, რომ ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანია დათმობა და ერთიმეორის აზრის გათვალისწინება.
იხილეთ გაგრძელება